„სამარცხვინოა პროკურატურის განცხადება, ეს არის სირცხვილი, მარაზმში არიან“

„სამარცხვინოა პროკურატურის განცხადება, ეს არის სირცხვილი, მარაზმში არიან“

საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი ითვალისწინებს სრული მოცულობით საქმის გადაცემას დაცვის მხარისათვის. იგივე მუხლი ამბობს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. მოქმედი სს პროცესით ასევე განსაზღვრულია ის შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარეს ევალება და ეკისრება საქმის მასალების გაუხმაურებლობა. ასეთ შემთხვევაში კი, დაცვის მხარე ხელს აწერს გამომძიებელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ დაცვის მხარე არ გაახმაუარებს საიდუმლო საქმის მასალებს. ეს პრინციპი ქართულ სინამდვილეში ჯერჯერობით, არც ერთ ადვოკატს არ დაურღვევია.

თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე, ის შემთხვევაა, სადაც ბრალდების მხარის მიერ თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი დარღვეულია. დარღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დღიდან დღემდე დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე. ბრალდების მხარე უარს ეუბნება საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე. დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების მოთხოვნას, რომ მიეცეთ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, პროკურატურა საგანგებო ბრიფინგებით ეხმაურება.

მორიგი საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში 18:00 საათზე გაიმართა, სადაც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რადგან მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით. კაცაიტაძე განმარტვას, რომ მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნებათ სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს და გააკეთონ ამონაწერები 24 საათიან შეუზღუდავ რეჟიმში.

ერთადერთი მათი შეზღუდვა იქნება ის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან კაციტაძის განცხადებით, აღნიშნული კანონით იკრძალება. სახელმწიფო ბრალდებამ, დაცვის მხარე და პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი პროკურატურის საქმიანობის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

კაციტაძის განცხადებით, 29 და 30 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულს და მათ ადვოკატებს დროებითი მოთავსების იზოლატორში წარედგინათ საქმის მასალები. ვინაიდან არცერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება და შესაბამისად, არ ჰქონდათ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის სათანადო პირობები (იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული, სათანადოდ დაცული იზოლირებული სადგომი, დოკუმენტების შესანახად სეიფი ან/და რკინის კარადა), ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საიდუმლო მასალების გადაცემა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი კაციტაძე ამბობს:

„ცალსახაა, რომ ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რამეთუ მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით. მსგავსი ქმედებებით ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ უფლებადარღვეულებად, რაც, როგორც ჩანს, არის მათი არჩეული ტაქტიკა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ, პირველ რიგში, აზიანებს ბრალდებულის ინტერესებს, ვინაიდან ადვოკატები არ ზრუნავენ ბრალდებულების რეალურ დაცვაზე, რის გამოც ისინი მოკლებულები არიან საკუთარი დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას“, - განმარტავს კოკა კაციტაძე.

ამასთან, კაციტაძე ირწმუნება, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილს გაეგზავნა წერილი, რომ მიემართა შსს-ს კონტრდაზვევრის დეპარტამენტისთვის, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შემჭიდროებულ ვადაში უზრუნველყოფდა ადვოკატებისათვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების უფლებას. მისივე განცხადებით, ეს შეთავაზება ადვოკატებმა რეაგირების გარეშე დატოვეს. პროკურორმა კაციტაძემ ჟურნალისტებს ის ოთახი დაათვალიერებინა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტების გაცნობას სთავაზობენ. 

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შეხედო, დაიმახსოვრო და განახორციელო დაცვა. როგორც სამუშია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პროკურატურის მიზანია, დაცვამ არ ჩაატაროს გამოძიება, მათ შორის არ დანიშნოს ექსპერტიზები. მისივე განცხადებით, პროკურატურის არც ერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„ჩვენ ვითხოვთ საქმის მასალების გადამოცემას, რისი სრული უფლება გვაქვს. შევახსენებ ბატონ პროკურორს, რომ სს-ს კანონის 83-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ბრალდების მხარს, რომ გადმოგვცენ მასალები, რასაც არ აკეთებს პროკურატურა. არ აკეთებს იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატებმა არ ჩავატაროთ საქმეზე გამოძიება, ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები.

თუ ექსპერტიზას არ დავნიშნავთ, საქმეზე გამოძიებას არ ჩავატარებთ, მოწმეებს ვერ გამოვკითხავთ და საქმის მასალები არ გვექნება, დაკავებულების უფლებებს ვერ დავიცავთ, ეს კარგად იცის პროკურატურამ და შესაბამისად მოქმედებენ. პროკურატურა ვერ დაგვიწესებს სამართლებრივ სვლას. ამ ყველაფერს არეგულირებს სს საპროცესო კოდექსი“, - ამბობს სამუშია.

მისივე თქმით, ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან არ გადიან. ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე ვერ საუბრობს, რომელი მუხლის შესაბამისად არ აძლევს დაცვის მხარეს საქმის მასალებს.

„ამაზე ვერ ლაპარაკობენ და საუბრობენ რაღაც სეიფებზე და გისოსებზე. სამარცხვინოა პროკურატურის განცხადება, ეს არის სირცხვილი, მარაზმში არიან. მათ სურთ „გავუპრავოთ“ საქმე და ვუთხრათ, რომ კმაყოფილები ვართ და საქმის მასალებს ვიცნობთ, რაც გამორიცხულია. პროკურატურას და სახელმწიფო უწყებებს არ სურთ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოება უმალვე დარწმუნდება ამ ხალხის უდანაშაულობაში და პროკურატურის მიერ ჩადენილ სიბინძურეში.

აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქმეზე ფორმალურად გრიფი „საიდუმლო“ არ მოიხსნას. ფორმალურად იმიტომ, რომ ბრალდებულების დაკავების პირველივე დღიდან პროკურატურიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ვისაც კი არ ეზარებოდა, ამ საქმის შიგთავსი გაასაჯაროვა. იქ მეტი საიდუმლოება არ არის დატოვებული“, - აცხადებს ლევან სამუშია.

ამასთან, დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმეში პროკურატურამ სახაზინო ადვოკატები ჩართონ, რისი მცდელობა გასულ კვირას ჰქონდა ბრალდების მხარეს.

„სამართლებრივად ეს გამორიცხულია, მაგრამ პროკურატურის განცხადებას რომ მოვუსმინე, უკვე არაფერს გამოვრიცხავ. პირდაპირ ეთერში, ლამის, ბრალი წაგვიყენა დაცვის მხარეს იმიტომ, რომ ვითხოვთ კანონის აღსრულებას. ბუნებრივია ვერ შევუქმნით პროკურატურას იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებს“, - აცხადებს ლევან სამუშია.