ვისაც მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედია (1990) ახსოვს, არ გაუკვირდება, რომ საბაგიროების დამონტაჟება მეტად სარისკო საქმეა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს. 1990 წლის 1-ელ ივნისს მომხდარი ტრაგედიის დროს, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო ხაზზე საწევი ბაგირი გაწყდა და ორი გონდოლა დაგორდა, რამაც 20 ადამიანი, მათ შორის, ახალციხიდან ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვები შეიწირა, ხოლო 15 მგზავრი დაშავდა. ორ ნაწილად გახლეჩილი გონდოლიდან ადამიანები 20 მეტრის სიმაღლიდან ცვიოდნენ ექვსართულიანი შენობის სახურავსა და მის ეზოში.
ტრაგედიის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე დღით ადრე სტანდარტული საბჭოთა ოვალური გონდოლები, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე, უფრო დიდი ფინური გონდოლებით შეცვალეს, რომლის ვაგონების ზომა და ტევადობა მათ წინამორბედებს აღემატებოდა.
ამჯერად თბილისის მერია რუსთაველის საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს. დავით ნარმანია განმარტავს, რომ რეალურად განიხილება ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტით, გათვალისწინებულია ვარდების მოედნიდან ამჟამად მშენებარე სადგურის პროექტი და მეორე ვარიანტით –ძველი საბაგირო სადგურის რეაბილიტაცია. ხოლო თვის ბოლომდე გაირკვევა, რომელი ვარიანტი იქნება უმჯობესი.
„ტფილისის ჰამქრის“ გამგეობის წევრი, არქიტექტორი ცირა ელისაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „რედისონის“ მოპირდაპირე მხარეს ახალი საბაგირო სადგურის აშენებას რამდენიმე მიზეზის გამო ეწინააღმდეგება. როგორც წესი, ამ ტიპის სადგურები უნდა აშენდეს ქალაქთან ზურგით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრიდან არ უნდა იყოს გადაჭიმული საბაგირო სადგური. ამ თვალსაზრისით, ძველი საბაგირო სწორედ ასე იყო განაშენიანებული და ის იდგა ისეთ ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის უკან, რომ სწორედ ზურგით იყო ქალაქთან მიმართებით.
გარდა ამისა, პირველი საყრდენი სვეტი, რომელიც იდგმება რუსთაველისა და გრიბოედოვის კვეთაზე, სრულიად შეუფერებელია იმ ადგილისთვის და ეს გამოიწვევს ტრანსპორტის ნაკადის კიდევ უფრო დავიწროვებას. ამასთან, რუსთაველის 48 ნომერში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც ასეთი „ხედი“ ეშლება ფანჯრიდან და, შესაბამისად, აღმართული სვეტისა და ხმაურის გამო, მათი ქონების საბაზრო ფასი ბინის გაყიდვისას შემცირდება. ის, რომ საბაგიროს ხაზი გადადის უფრო მეტ დასახლებულ პუნქტზე, ვიდრე ძველი საბაგირო გადადიოდა, მეტ ადამიანს შეუქმნის დისკომფორტს ამ ტერიტორიაზე. ამიტომ ახალი საბაგიროს აშენება აზრს კარგავს.
„ყოფილი ხელისუფლების დროს დამტკიცებული პროექტი არქიტექტურული სამსახურის საბჭოზე არ გასულა, არ იყო გამჭვირვალობის პროცესი დაცული და „რედისონის“ წინ საბაგირო სადგურის მშენებლობის პროექტი ტვირთად გადაეცა ახალ ხელისუფლებას. დღევანდელ სიტუაციაში „რედისონის“ წინ საბაგიროსთვის კონკურსს არ გამოვაცხადებდი, რადგან რა ფორმაც უნდა მივცეთ საბაგიროს, თავად საბაგიროს ადგილი მიუღებელია. გასაგებია, რომ ახალი საბაგიროსთვის უკვე ნაყიდია ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ვერ მიესადაგება ძველ საბაგიროს, მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ფული გადახდილია და 7 მილიონით უფრო ძვირი ჯდება ძველი სადგურის გამართვა, ვიდრე ახლის გაკეთება. ამიტომ, ან უნდა აღდგეს ძველი საბაგირო სადგური (მიუხედავად სიძვირისა), ან საერთოდ არ გაკეთდეს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი და განმარტავს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, დიდი კაბინები ვიყიდოთ და ვთქვათ, რომ დიდი კაბინა ვერ ერგება ძველს და ამიტომ ახალი საბაგირო უნდა აშენდეს. თუკი მიზნად გვაქვს ძველის აღდგენა, მაშინ ყველა ტექნიკური მხარე უნდა მოერგოს უკვე არსებულ ძველ საბაგირო სადგურს და იმ სვეტებს, რომლებიც იქ დგას.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საბაგიროს გაკეთება ნაციონალების თვითმიზანი არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი იმის გამო მივიდნენ, რომ ძველი სადგურის შენობაში ტექნიკურად, თეორიულადაც კი, 99 %-ით გამორიცხული იყო ამ პროექტის განხორციელება. საქმე ისაა, რომ ძველი საბაგირო ორ ვაგონს ემსახურებოდა, ანუ ერთი ვაგონი ადიოდა ზემოთ, მეორე ჩამოდიოდა და ეს ვაგონები წინ და უკან ვერტიკალურად მოძრაობდნენ. მათი გამტარუნარიანობაც მცირე იყო. ახალი სისტემის შემთხვევაში კი, ამ ორის ნაცვლად 21 ვაგონს წრეზე უნდა ემოძრავა, ვაგონი უნდა შესულიყო სადგურში, დატრიალებულიყო და გასულიყო. ეს კი ერთი მიმართულებით (ანუ მთაწმინდის პარკიდან ზემოთ და ქვემოთ) მხოლოდ ერთ საათში 1200 მგზავრს გადაიყვანდა.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდის საბაგიროს ძველი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე განსაკუთრებული ჩარევა კანონით შეუძლებელი და დაუშვებელია. არადა, ამ 21 ვაგონის წრიული მოძრაობა შენობის სერიოზული რეკონსტრუირების გარეშე შეუძლებელი იყო და, აპრიორი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის ცვლილებას გამოიწვევდა. თავის დროზე, როცა საბაგირო ჩატყდა, ბაგირის დამჭერი საპირწონე რამდენიმე ტონიანიანი ბეტონის ლოდი ჩავარდა ამ შენობის საძირკველში, რამაც გამოიწვია შენობის ავარიულობა და ეს ლოდი იქიდან გამოსატანია. გამოდის, ეს შენობა მთლიანად უნდა დაიშალოს და მის ადგილას ახალი აშენდეს. შემდეგი პრობლემა ისაა, რომ მთაწმინდის პარკში საბაგიროს ასვლას, მინიმუმ, სამი შუალედური ანძა სჭირდება, თავისი ბურჯით, კომუნისტების დროსაც ასე იყო, რაც ხვდება საცხოვრებელი სახლების ეზოებში. კომუნისტების შემდგომ იქ აშენდა ახალი სახლები, ზოგ სახლზე მიშენება განხორციელდა და სამშენებლო ტექნიკის მიდგომა შეუძლებელია. გამოდის, უნდა ვიმუშავოთ ხელით და ვერტმფრენის გამოყენებით, მაგრამ ამას სჭირდება არსებული ბურჯების მოხსნა, რაც მნიშვნელოვანი ვიბრაციაა არსებული სახლებისთვის. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლები უნდა დავანგრიოთ. ეს იყო საკმარისზე მეტი მიზეზი, გვეფიქრა ალტერნატიულ ტრასაზე რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც ტერიტორიული მდებარეობით ძალიან შორს არ არის. ახალი პროექტით, არცერთი ანძის მდებარეობა არ ხვდება საცხოვრებელი სახლების ეზოში. ამაზე არსებობს ავსტრიული კომპანიის მოსაზრება, რომელიც მუშაობს ამ საბაგიროზე“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
იგი, აქვე, არ გამორიცხავს, რომ ნარმანიას იქითკენ მიჰყავდეს საქმე, საერთოდ უარი თქვან საბაგიროზე. ამის მიზეზად ირაკლი აბესაძე ნაციონალების დროს ჩაფიქრებული წარმატებული პროექტების იგნორირებას ასახელებს. ეს კი ცუდი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ხვდება მთაწმინდის პარკში, რადგან ბევრად მოსახერხებელია მეტროსადგურთან ახლოს არსებული საბაგირო, რომელსაც ხუთ წუთში აჰყავს მგზავრი მთაწმინდის პარკში. თანაც, ეს რესპუბლიკის მოედნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
გარდა ამისა, ირაკლი აბესაძე ამ პროექტის მთავარ მოწინააღმდეგესაც ასახელებს. ეს არის თავად „რედისონის“ მენეჯმენტი, რომელმაც თავდაპირველად გამოთქვა თანხმობა და მათ გადასცა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი, ახლა კი რატომღაც ეს პროექტი დაიწუნა. აბესაძის აზრით, „რედისონის“ ადმინისტრაცია თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც საბაგიროთი ისარგებლებენ, ნაკლები შემოსავლის მქონენი არიან და სასტუმროს წინ მათი ყოფნა არასასურველია.
„თუ ამ პრინციპს გავყვებით, საბაგირო საერთოდ არ გაკეთდება. კი ბატონო, ბევრი სხვა პროექტიც არ კეთდება და ეს ქვეყანა აგრძელებს არსებობას. მოგვეცემა საშუალება და ჩვენ ისევ განვახორციელებთ ამ პროექტს“.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ძველი საბაგირო სადგურის რეკონსტრუქცია აჯობებს, რადგან მხოლოდ საბაგიროს სჭირდება გამართვა.
„რატომ იგონებენ ახალ ველოსიპედს ვარდების მოედნიდან? ძალიან ბევრი ფული აქვს ქვეყანას? ესთეტიკურადაც არ იქნება კარგი, რომ საბაგირომ გადაკვეთოს ყოფილი რესპუბლიკის მოედანი“, - აცხადებს გოგი ხოშტარია ჩვენთან საუბარში.