თბილისის 800–მილიონიან ბიუჯეტში ოპოზიციას პრიორიტეტები არ მოსწონს

თბილისის 800–მილიონიან ბიუჯეტში ოპოზიციას პრიორიტეტები არ მოსწონს

თბილისის მთავრობა 2015 წელს 800 მილიონამდე ლარს დახარჯავს. დედაქალაქის საკრებულოში მერიის მიერ შეტანილ ბიუჯეტის პროექტს 20 ნოემბრიდან ფრაქციებსა და კომისიებში განიხილავენ. თუმცა ბიუჯეტის პრიორიტეტებზე უკვე მრავლად აქვთ შენიშვნები ოპოზიციონერ დეპუტატებს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო–საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია კი პრიორიტეტებზე საუბრობს და განმარტავს, რომ პროექტის მიხედვით ბიუჯეტის ასიგნებებმა 799 მლნ 700 ათასი ლარი შეადგინა, რაც თბილისის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ბიუჯეტში არის დაახლოებით ცხრა მთავარი პრიორიტეტი. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომელიც მთლიანობაში 1 მლნ 200 ათასით იზრდება. ხოლო ცალკე ჯანდაცვის მუხლი წინა წელთან შედარებით 7 მლნ–ით იზრდება. განათლების მიმართულება, რომელშიც საბავშვო ბაღების დაფინანსების მუხლს უჭირავს დიდი ადგილი, 10 მლნ ლარით იზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იზრდება 8 მლნ ლარით, ეკოლოგიური მდგომარეობა და გამწვანების მიმართულება, რომელიც მერიისთვის მომავალი წლის ერთ–ერთი პრიორიტეტია, 6 მლნ ლარით იზრდება. იზრდება კულტურული ღონისძიებები და კულტურული მიმართულების დაფინანსება. ეს არ არის იმ სახის კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც წინა ხელისუფლებისგან ვართ ნაჩვევი, არამედ ეს არის ადგილობრივი მუზეუმების და სხვა კულტურული დაწესებულებების დაფინანსება და ამ სფეროს დაფინანსება ორი მლნ ლარით იზრდება“, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

ქონების მართვისა და საბიუჯეტო–საფინანსო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში თბილისის ბიუჯეტს დამატებული აქვს 21 ახალი პროგრამა, რომელთა მოცულობა 22 მლნ ლარს შეადგენს. 

ახალ პროგრამებს შორისაა ლეიკემიითა და ონკო–ჰემატოლოგიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა, C ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის პრაქტიკის განსაზღვრა, სოციალურად დაუცველი უსინათლო პირების დახმარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეაბილიტაცია, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების გაცემა, თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისათვის საზაფხულო, კულტურულ–გამაჯანსაღებელი ბანაკების მოწყობა - საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი შვილები ზაფხულში სადმე გაუშვან დასასვენებლად და ამ ხარჯს ქალაქის მერია საკუთარ თავზე იღებს. 

2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არ მოსწონს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სოსო მანჯავიძეს. დეპუტატი for.ge–სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სოციალური საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ბიუჯეტი ამგვარ სოციალურ ტვირთს ვერ გაუძლებს და ამიტომ არის საჭირო პრიორიტეტი იყოს საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჯერ ის იყო სასაცილო, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით 2014 წლის ბიუჯეტში 9 მილიონი იყო ჩადებული, ახლა კი ეს რიცხვი 1,8 მილიონამდე შეამცირეს. კომიკური სიტუაციაა - აღარ გვინდა მეწარმეობა? აღარ გვინდა მცირე ბიზნესი? მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მუნიციპალიტეტი ცდილობს, მცირე მეწარმეობას შეუწყოს ხელი. ჩვენ ვიმყოფებით მდგომარეობაში, როცა მცირე მეწარმეობა საერთოდ განადგირებულია ქვეყანაში. ბიზნესის წამოწყებას თუ ხელი არ შეუწყო ადგილობრივმა მთავრობა, რის ხარჯზე განვითარდება ეს სფერო? განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში 60-70% მცირე მეწარმეობას უჭირავს, სწორედ, ეს მიმართულებაა ქვეყანაში დასაქმებისა და განვითარების უმთავრესი წყარო“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

დეპუატატი ასევე უკმაყოფილოა პენსიის 10 ლარით ზრდის საკითხით. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა პროდუქტზე ფასები და ქალაქში ცხოვრება მცირეშმოსავლიანი და პენსიაზე მყოფი ადამიანებისთვის გაცილებით მძიმე გახდა.

„ასეთ პირობებში პენსიის 10 ლარით ზრდის გადაწყვეტილებას ცოტა იუმორის ელფერი დაჰკრავს“,– აცხადებს სოსო მანჯავიძე. მას შენიშვნები აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც.

„მუდმივად ვართ ცუდად გაკეთებული საქმეების შეკეთება-გადაკეთების პროცესში და ამას ხელს უწყობს უაზრო კანონი - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. იგი ძირითადი მიზეზიც კია იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს კანონი სასწრაფოდ არის გადასახედი. არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი საკრებულოში და ახლა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა საჭირო“,– აცხადებს მანჯავიძე და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მასში მის მიერ დასახელებული პრიორიტეტები იქნება ასახული.

ბიუჯეტის პროექტს, დიდი ალბათობით არ დაუჭერენ მხარს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრებიც. ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა მიიჩნევს, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს საერთო არაფერი აქვს „ქართული ოცნების“ და პირადად თბილისის მერის დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებებთან.

„ბიუჯეტი მხოლოდ 2,8%-ით არის გაზრდილი და ის პირველად არ გაზრდილა, წინა წლებშიც იზრდებოდა. ჩვენ პრობლემურად მიგვაჩინია ის პრიორიტეტები, რაც მერიის პროექტშია წარმოდგენილი. ეს ბიუჯეტი არ არის მოსახლეობისთვის, ეს ბიუჯეტი კომფორტულია მხოლოდ მერიის მაღალჩინოსნებისთვის. მერიის ადმინისტრაციის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ თვეში თითოეული მოხელე იღებს დაახლოებით 5500 ლარს, კარგად მოგეხსენებათ, რიგითი თანამშრომელს ამ თანხას არ მისცემენ, შესაბამისად, უკვე გაზრდილია და გარწმუნებთ, 10 ათას ლარამდეც ავა მაღალჩინოსნების ხელფასი. დიდი თანხები მოხმარდება მათ კომფორტს - ბიზნესკლასის თვითმფრინავის ბილეთებს“,– აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ვეკუა.

ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თბილისის მთავრობამ მეტროსადგურის მშენებლობის, გზებზე საცობების პრობლემისა და „ სი-ტი პარკის“ საკითხებიც დაივიწყა, მიწისქვეშა გადასასვლელების საკითხი კი მათ არც „ეხებათ“.

„როგორც ჩანს, მიწისქვეშა გადასასვლელები მხოლოდ რიგითი თბილისელების პრობლემაა, რადგან მაღალჩინოსნები ნამდვილად არ ჩადიან მიწის ქვემოთ. მიწისქვეშა გადასასვლელების საკითხზე მხოლოდ 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი - იმდენივე, რაც მხატვრული მინათების ახალი წერტილების მოწყობაზე. პრობლემურ საკითხებად რჩება ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასები, მათი ორ ცვლაზე გადასვლა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. გვპირდებოდა ნარმანია, რომ გამოჰყოფდა 100 მილიონ ლარს, მაგრამ ეს არ ჩანს ბიუჯეტში“,– აცხადებს ზაზა ვეკუა.

მისივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს გამგეობების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რადგან ერთსა და იმავე სამუშაოებში რადიკალურად განსხვავებული ხარჯები აქვთ წარმოდგენილი.

„ნარმანიამ განაცხადა, სჯობს, კარგად გაეცნონ ბიუჯეტსო. მე კი ვურჩევ, სჯობს, გაეცნოს თავის წინასაარჩევნო პროგრამას, მერე ბიუჯეტს და მერე ილაპარაკოს“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების კრიტიკა კი კომუნალური ვაუჩერების საკითხსაც ეხება. საკრებულოს წევრის თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, 2015 წელს თბილისის მთავრობა კომუნალურ ვაუჩერებს ანახევრებს და 20 ლარის ნაცვლად თბილისელებს 10 ლარს ჩაურიცხავს.

„70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 0000-ზე მეტია (ასეთი თბილისში 56 656 ოჯახია ანუ 180 109 ადამიანი) ან საერთოდ არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა.
აღნიშნული აბსოლუტურად გაუაზრებელი, მავნებლური დამოკიდებულებაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რაც განსაკუთრებით მიუღებელია დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე“,– აცხადებს შოშიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების განცხადებას უკვე გამოეხმაურა თბილისის მერია. ნარმანიას უწყებაში განმარტავენ, რომ დღეს კომუნალური ვაუჩერების სახით დახმარებას თბილისში ყველა ოჯახი იღებს და 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაშიც ასე გაგრძელდება. 2015 წლის ბოლოსთვის კი სპეციალური პროგრამის მეშვეობით გამოვლინდებიან ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება და კომუნალური ვაუჩერებიც კვლავ გადაეცემათ.

„2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და, მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება“, - აცხადებენ მერიაში.

თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა მომავალ ორშაბათს დაიდება და ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნდება. მერიიდან კი ბიუჯეტის ახალი პროექტი, საკრებულოდან გადაგზავნილი შენიშვნების გათვალისწინებით, დეკემბრის დასაწყისში შევა საკრებულოში.