რამდენი მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსგან „დელტაკომმა“ მომსახურებისთვის

რამდენი მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსგან „დელტაკომმა“ მომსახურებისთვის

თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები პარლამენტშია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვების შესახებ მასალები გადაუგზავნა. პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთარსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირას მიმართა. გენერალური აუდიტორის განცხადებით, შემოწმების შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია რიგ შესყიდვებთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი, რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.

მთავარი პროკურატურა დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობს. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი ნდობის ჯგუფი სხდომას 19 ნოემბერს გამართავს. განხილული იქნება თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები.

გარდა ამისა, განხილვის საგანი იქნება თავდაცვის სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფს არ აქვს ის მანდატი, რომელიც უზრუნველყოფს საკითხების გამოძიებას. იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ თავდაცვის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეული ეთიკური წინააღმდეგობრივი საკითხებია ნდობის ჯგუფთან და მის ხელმძღვანელობასთან.

„კანონის შესაბამისად, შესყიდვების განხორციელებამდე ინფორმაცია მიდიოდა ნდობის ჯგუფში, იგივე კაბელების საქმეზე, რომელზეც დღეს საუბრობს პროკურატურა.  დარღვევების შესახებ სანამ პროკურატურა გაიგებდა, წესით, შეეძლო გაეგო ნდობის ჯგუფს. ასე რომ, იყო თუ არა კაბელებთან დაკავშირებით რაიმე დარღვევები, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანომ, ეს გახლავთ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციებიც აქვს და საიდუმლო მასალებზეც მიუწვდება ხელი. არ მაქვს მოლოდინი, რომ ნდობის ჯგუფის შედეგიანობა ამ ე.წ. გამოძიებებთან დაკავშირებით ეფექტური იქნება. ნდობის ჯგუფი რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

„სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტი, დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე და დაცვის მხარისთვის საქმის მასალების ხელუწვდომლობა, იმ მოტივით, რომ საქმეს „საიდუმლო“ გრიფის კვალიფიკაცია მიენიჭა, პარალელურად კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გააქტიურება, აჩენს კითხვებს, არის თუ არა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული. საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ირწმუნება, რომ კორუფციული სქემის გარშემო მოპოვებული მტკიცებულებები სამ ტომს შეადგენს და ამ დოკუმენტებით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი დასტურდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 მილიონ 500 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, იგი სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღებს მხოლოდ 2 მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების მოძრავ ქონებას. ძირითადი ქონება, მაგისტრალი, კი სრულად დარჩება კომპანია „სილქნეტს“.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინიტროსა და „სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიება, კომპანია „დელტაკომის“ განცხადების საფუძველზე 2014 წლის ივნისში დაიწყო, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, რაც თავდაცვის უწყებამ და „სილქნეტმა“ ხელშეკრულება გააფორმეს. რატომ მიმართა პროკურატურას 6 თვის დაგვიანებით, ამაზე „დელტაკომის“ ხელმძღვანელი პაატა ქიქოძე ამბობს, რომ როგორც კი მოხსნიან საიდუმლო გრიფს, მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს დეტალებზე.

რამდენიმე მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით, პროკურატურასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს კომპანია „დელტაკომს“, რომელიც 2013 წლის აგვისტოში გამოცხადებული ტედერში მონაწილეობდა. კონკრეტულად რა კითხვები აქვთ კომპანიაში ამის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ პროკურატურას სარჩელით მიმართეს. საგამოძიებო უწყებაში კომპანიის თანამშრომლებიც დაკითხეს.

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, ის რაც თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტის“ მეშვეობით გაიყვანა, კომპანია „დელტაკომმა“ უფასოდ გაუყვანა შსს-ს. for.ge-ს ინფორმაციით,  „დელტაკომი“ იყო თავდაცვის სამინისტროს ტენდერის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც მომსახურებისთვის 10 მილიონი მოითხოვა, „სილქნეტმა“ კი მომსახურებისთვის 6,5 მილიონი ლარი. ამავე წყაროს ინფორმაციით, საქმეს გრიფს არ ხსნიან ორი ფაქტორის გამო - გამოაშკარავდება თუ რა თანხიან მომსახურებას სთავაზობდნენ ტენდერის სხვა მონაწილეები და ასევე ისიც, თუ რისთვის იყო განკუთვნილი ის 4 მილიონი, რასაც პროკურატურა გაფლანგვას ეძახის. საქმეზე გრიფის მოხსნის შემთხვევაში ბრალდების მხარე იძულებული გახდება ხუთივე დაკავებული მაღალჩინოსანი პატიმრობიდან გაანთავისუფლოს.

ის ფაქტი, რომ „დელტაკომმა“ აღნიშნული მომსახურება შსს-ს უფასოდ გაუწია, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „მოამბესთან“ ინტერვიუში დაადასტურა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიამ მინისტრობის დროს შეცდომა დაუშვა და იჩქარა. ივანიშვილისთვის გაუგებარია, თუ რაში სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტის მაგისტრალი. მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ მოხდა ტენდერის დასრულებისთანავე სრული თანხის გადარიცხვა კომპანია „სილქნეტის“ ანგარიშზე.

„არ ვიცი, რატომ მოხდა თანხების ასე სწრაფად გადარიცხვა მაშინ, როდესაც ბატიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში „დელტაკომისგან“ აღნიშნული მომსახურება უფასოდ მიიღო“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მოუწოდებს ყველას, რომ ამ თემას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ. მისი თქმით, ნიშნადობლივია ისიც, რომ მთავრობა არ ჩქარობს საქმეზე გრიფის მოხსნას.

„ე.ი. ეს ნიშნავს, რომ რეალურად, მთლად ისე არაა საქმე, რომ უპირობო კანონდარღვევა და ქვეყნისთვის საზიანო რაღაცა იკვეთებოდეს. სხვა შემთხვევაში, მოკლე შინაარსი მაინც გასაჯაროვდებოდა. ვფიქრობ, სამომავლოდ, იმ ადამიანების, რომლებიც ამ საქმის გამო დღეს გისოსებს მიღმა არიან, რეაბილიტაციის საკითხი დადგება“, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე განცხადებით, სამხედრო ინფრასტრუტქურა სისტემურად დასავლურ სტანდარტებზეა გადაყვანილი.

„დასვლური სტანდარტი ნიშნავს, რომ ამ ტიპის ინფრასტუქტურები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, როგორც გარე შეღწევისგან, ასევე სხვადასხვა სახის მანიპულირებისგან. შეაბამისად, არ მგონია, რომ ეს ტენდერი ისე წარმართულიყო, როგორც მინიმუმ, ეს სტანდარტები თავდაცვის სამინისტროს არა თუ ხელმძღვანელობას, არამედ ქვედა რგოლს ასე ხელაღებით მოესროლა გვერდზე და მხოლოდ საბჭოთადროინდელი მიდგომით დაეგეგმა ეს ყველაფერი, თითქოსდა სატელეფონო კაბელი გაჰყავდათ.

კავშირგაბმულობა, რომელიც გადამწყვეტია უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ მგონია არ ყოფილიყო დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში დაგეგმილი. არ მგონია, რომ შემთხვევითი ყოფილიყო საწყის ეტაპზე აშშ-ის განცხადება, რომელიც ეხებოდა თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობას, ამას კი, შემდგომ მოჰყვა აშშ-ის ელჩის ვიზიტი პრემიერთან“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.