ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში. ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.
განაჩენის შემდეგ ემზარ კვიციანის მომხრეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი დღეს და ხვალ გმირთა მოედანზე აღმართულ გმირთა მემორიალთან მჯდომარე აქციას გამართავენ და ემზარ კვიციანისთვის სასჯელის შეცვლას მოითხოვენ.
მანამდე კი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება კვიციანის ახლობლებმა თბილისში გაპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამ საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი აცხადებს, რომ 32 დეპუტატი ემზარს თავდებში ჩაუდგა და, თუ მათი ხელმოწერა არაფერს ნიშნავს, მაშინ დეპუტატები ტყუილად ყოფილან და პროტესტის ნიშნად თავადვე უნდა დატოვონ პარლამენტი.
ემზარ კვიციანის მეორე და ლალი კვიციანი კი თავის ძმას ამ ხელისუფლების პირველ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. იგი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს და აინტერესებს, პოლიტპატიმრების სიიდან რატომ ამოიღეს მისი ძმა.
ამის პასუხად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამნისტირებულთა დამატებით სიაში ემზარ კვიციანი მოხვდა, თებერვალში მათ 31 კაცის საქმე გადაუგზავნეს პროკურატურას, მათ შორის, ემზარ კვიციანის საქმეც, სადაც მიუთითეს, რომ ამ საქმეში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, პროცესუალური დარღვევები და საჭირო იყო ამ ფაქტების გადამოწმება სამართლიანი სასამართლოს უფლების მეშვეობით. თუმცა პროკურატურამ საპარლამენტო კომისიის არგუმენტები საკმარისად არ მიიჩნია.
დღეს ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ყურადღებით გადაამოწმებს კვიციანის საქმეში არსებულ ფაქტებს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გულმოკლულია ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდ ანსიანიც. „ვგრძნობ ტყუილად შევეწირეთ კოდორის ხეობას, ემზარმა შესწირა მთელი თავისი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა ამ ხეობას. ეგონა, დაუფასდებოდა, ამ იმედით ჩამოვიდა საქართველოში“.
ემზარ კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილება სამარცხვინოა და მან დღეს „გააპრავა“ სააკაშვილის ხელისუფლება. თვით ნაციონალებმაც კი იმ დროს ვერ გაასამართლეს ემზარ კვიციანი, სამაგიეროდ, ამ ხელისუფლებამ შეძლო მათი გულის მოგება და ის ადამიანები, ვინც კოდორი დაკარგა, დღეს თავისუფლები არიან, ხოლო ვინც სახელმწიფოს ეს ხეობა 15 წელი შეუნარჩუნა, გასამართლდა. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„ეს არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება. ემზარ კვიციანმა ახსნა თავისი სიმართლე. აჩვენეს 2006 წელს გადაღებული კადრები, სადაც კვიციანი აცხადებდა, თუ ჯარით შემოვა ხელისუფლება, კოდორის ხეობა დაიკარგება. ეს ყველაფერი 2008 წელს ასრულდა. ემზარ კვიციანი პროკურორების - თენგიზ ხარებავასა და თენგიზ ჭითაშვილის აცილებას ითხოვდა. ეს ადამიანები იყვნენ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების პროკურორ-შემსრულებლები. ისინი სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ასრულებდნენ ნაციონალების დაკვეთას. მოსამართლე შოთა ბიჭიამ არც შვილის ფასი იცის, არც ოჯახის, გამოუცდელი მოსამართლეა, რომელსაც მისცეს საქმე და რაც უთხრა პროკურატურამ, ერთი წერტილ-მძიმე არ დააკლო. 25-ში როდესაც კოდორში შევიდნენ, მოხდა სროლა, დაიჭრა ორი ადამიანი, მაგრამ ჩხალთაში როცა ავიდნენ 26-ში, იქ უკვე ემზარ კვიციანი აღარ იმყოფებოდა, ვერტმფრენებიდან ჭურვის აფეთქების შედეგად ქალი დაიღუპა. მართალია, არავითარი წინააღმდეგობა არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ ქალი დაიღუპა, ემზარს მესამე ნაწილად წაუყენეს ბრალად და ათი წლით გაუზარდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს აბსურდია, იქ კიდევ ვიღაცა რომ მოეკლათ, ვერტმფრენებიდან ბომბები ჩამოეყარათ, სოფელი გაეწყვიტათ, ემზარს უნდა ეგო ამაზე პასუხი?! არადა, ძიებაში ორი მფრინავის ჩვენებაა, რომ მათთვის დაბლიდან არავის უსვრია და ეს შემთხვევით მოხდა, რომ ის ქალბატონი დაიღუპა ვიღაცის ვერტმფრენიდან სროლისას“,-აღნიშნა რევაზ კახნიაურმა.
მანვე განმარტა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ემზარი ცოცხალი ვერ გავიდეს საპყრობილიდან. რევაზ კახნიაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემალი აწუხებს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ სამი თვის განმავლობაში ნევროპათოლოგი არ შესულა მასთან. მეტიც, საკანში მარტოა გამოკეტილი და პრესის თუ ტელევიზიის ნახვა არ შეუძლია. ერთადერთი, ადვოკატს ხვდება და მისგან იგებს, ქვეყანაში რა ხდება. ეს მაშინ, როცა ადამიანებს, რომლებიც ორ-ორ გვამს უკვეთავდნენ, 4 და 5 წელი მისცეს.
ადვოკატი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ სულ ახლახანს, 18 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, კოდორის ხეობა ნაციონალებმა გაყიდეს და ჩააბარეს. ამჟამად ადვოკატს პრემიერ-მინისტრისგან აინტერესებს, მისი ნათქვამია მართალი თუ მისი მოსამართლეების?
„ემზარ კვიციანი მებრძოლი კაცია და სწამს, უფალი არ გაწირავს, თუმცა ხალხმა გაწირა. ეს ხელისუფლება მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევს. იმის თქმა, რომ თურმე ხდება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალდებას შორის, ფარსია. იგივე გრძელდება, რაც წინა ხელისუფლების დროს. რასაც უნდა, იმას აკეთებენ, არ ისმენენ არავითარ არგუმენტებს და სამართლებრივად არასწორად აკვალიფიცირებენ დანაშაულს. სტრასბურგის სასამართლო ემზარ კვიციანს გაამართლებს, მაგრამ იქამდე წლები გვჭირდება“,- აღნიშნა ადვოკატმა.