სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველო-თურქეთის საზღვრის სექტორები მოინახულა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველო-თურქეთის საზღვრის სექტორები მოინახულა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების და ჩაბარებული წლიური ანგარიშის შემდეგ, მწვანე საზღვარს ეწვია. ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე სექტორებს ,,კირნათი“ და ,,სარფი“-ს ესტუმრა. მესაზღვრეებთან ერთად დღის განმავლობაში პატრულირებდა და პირადად გაეცნო სასაზღვრო განწესის სამუშაო რეჟიმს. სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციამ 10 ახალი ევროპული სტანდარტის სექტორი გახსნა. ზურაბ გამეზარდაშვილი პირადად მიიღებს მონაწილეობას 2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გაწერაში. „ახალი ინფრასტრტუქტურა გავლენას მხოლოდ რიგითი მესაზღვრის საყოფაცხოვრებო პირობებზე არ ახდენს. სახელმწიფო საზღვარი ქყვეყნის სახეა, კარგად დაცული საზღვარი - ძლიერი სახელმწიფოს გარანტი, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერი მომავლის საწინდარია.“- განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.

მან ასევე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველო (ბათუმი) მოინახულა. მცურავი საშუალებების სამსახურის მორიგედ განსაზღვრული კატარღის ზღვაში გასვლას და პატრულირების პროცესს დაესწრო. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ასევე მცურავი საშუალების ბაზირების პუნქტი მოინახულა და ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ბათუმის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის“, ფარგლებში ხორციელდება. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ახალი ბაზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. აღნიშნული ბაზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.