„სიურპრიზი“ ვლადისლავ არძინბას

„სიურპრიზი“ ვლადისლავ არძინბას

წინა კვირას ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ბატონი თენგიზ პაჭკორიას ერთი მოგონება შემოგთავაზეთ. ალბათ მკითხველს ახსოვს რომ სოხუმელი ჟურნალისტი თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაგვთანხმდა.

ბატონმა თენგიზმა სიტყვა შეასრულა და რამდენიმე დღის წინ ორი ახალი საინტერესო ისტორია გამოგვიგზავნა.

სიურპრიზი“ ვლადისლავ არძინბას

1992 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბული პოლიტიკური ვითარება სუფევდა.

აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ რადიკალური განცხადებებით ხშირად გამოდიოდა და საქართველოს მთავრობასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

არძინბას პრეს-კონფერენციების ჩატარება არ უყვარდა და უპირატესობას კონკრეტულ ჟურნალისტებთან ინდივიდუალურ ინტერვიუებს ანიჭებდა.

სოხუმში რამდენიმე ქართველი და აფხაზი ჟურნალისტი ავიყოლიე და 1992 წლის გაზაფხულზე, არძინბას თანაშემწეს სპეციალური თხოვნით მივმართეთ რომ ავტონომიური რესპუბლიკის პირველ პირს თვეში ერთხელ პრეს-კონფერენცია ჩაეტარებინა და ჟურნალისტების კითხვებისთვის ეპასუხა.

და აი, 1992 წელს, გაზაფხულის მიწურულს ვლადისლავ არძინბამ დიდი პრეს-კონფერენცია გამართა. ამ ღონისძიებას ქართველ ჟურნალისტებზე მეტი (ქართველებიდან აკრედიტაცია ყველას არ ჰქონდა გავლილი) აფხაზური მას-მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პრეს-კონფერენციის წამყვანმა (არძინბას ერთ-ერთმა თანაშემწემ) განაცხადა რომ თითო რედაქციას ერთი შეკითხვის დასმის უფლება გააჩნდა. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა რომ დარბაზში ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა და რომელიმე მათგანი არ დაჩაგრულიყო. რეალურად ამისი მიზანი სხვა იყო - რადგან დარბაზში აფხაზი ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, წამყვანს სურდა რომ უპირატესობა თავისიანებისთვის მიეცა.

პირველი შეკითხვის უფლება აფხაზური ტელევიზიის კორესპონდენტს მისცეს. შემდეგ ჩემმა ჯერმაც მოაღწია. მე განვაცხადე რომ ერთდროულად სამი კითხვა მქონდა მომზადებული - ერთი პირადად ჩემგან და ორი მომდევნო შეკითხვაც, რომელიც კოლეგებმა თბილისიდან და მოსკოვიდან გამომიგზავნეს. დავასახელე თბილისელი ჟურნალისტი მიხეილ ელიგულაშვილი (ის ბოლო ოცი წელია ისრაელში ცხოვრობს) და მოსკოველი ალექსანდრე ანინი (იმ დროს „ნეზავისიმაია გაზეტას“ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი).

მოგახსენებთ, რომ ამ პრეს-კონფერენციისთვის წინასწარ მოვემზადე - ელიგულაშვილთან და ანინთან სატელეფონო საუბარი წინა საღამოს მქონდა. ვუთხარი რომ იგეგმებოდა არძინბას პრეს-კონფერენცია და ვკითხე მასთან რაიმე შეკითხვები თუ გააჩნდათ.

ორივემ თავისი აზრები გამიზიარა. გამაცნეს ის საკითხებიც, რისი კომენტირებაც არძინბასგან სურდათ. ეს თემები მომავალ პრეს-კონფერენციაზე სრულყოფილად გამოვიყენე.

იმ პრეს-კონფერენციაზე ჩემი ზემოთაღნიშნული განცხადების შემდეგ წამყვანი თავდაპირველად დადუმდა, მცირე პაუზის შემდეგ კი არძინბას მიაჩერდა. ამის პარალელურად დარბაზში სიცილმა და ხმაურმა დაისადგურა.

დაახლოებით 30-40 წამიანი პაუზის შემდეგ არძინბამ შემდეგი განაცხადა:

„Хитрите Вы, Тенгиз, однако. На первый раз разрешаем задать три вопроса-один ваш и два от коллег, но в следующий раз - такой возможности не будет"...

პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ არძინბამ დარბაზში შემდეგი კითხვა დამისვა

„Элигулашвили  и Анин на самом деле вас просили задать мне вопросы или Вы решили так нас обвести?".

რასაკვირველია ჩემმა პასუხმა არ დააყოვნა:

„В отличие от некоторых политиков я никогда не вру"..

ვლადისლავ არძინბა არ „დაბნეულა“:

„Тогда Вы никогда не станете депутатом"

მის ამ რეპლიკას შემდეგნაირად ვუპასუხე: „А с чего Вы взяли, что я хочу стать депутатом, мне это сто лет не нужно".

მინდა გითხრათ რომ შემდეგ პრეს-კონფერენციას გაცილებით მეტი ქართველი ჟურნალისტი დაესწრო. სოხუმში მოღვაწე ქართული მას-მედიის წარმომადგენლებმა კოლეგიალური მობილიზაცია მოვახდინეთ და რაოდენობითა დაკითხვების აქტუალობით ვლადისლავ არძინბას არაფერი არ დავაკელით.

სამწუხაროდ სიტუაციის შემდგომი განვითარება და დაძაბვა ქართველ ჟურნალისტებზე და დეპუტატებზე დამოკიდებული არ გახლდათ - ეს უფრო გლობალურ მოვლენებზე, კერძოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული.

შევარდნაძე, პელე და მარადონა

ალბათ გახსოვთ, 2000-2001 წლებში, „ფიფა“-ს ინიციატივით მსოფლიოს მე-20-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად სპეციალური გამოკითხვა ტარდებოდა.

ამ ინტერაქტივში სპორტსმენები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ამასთან დაკავშირებით ნება მომეცით ერთი საინტერესო ისტორია გავიხსენო.

იმ პერიოდში ერთ-ერთმა უცხოურმა საინფორმაციო სააგენტომ თხოვნით მომმართა. ამ მოგონების ავტორს საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძესთვის ერთი „აპოლიტიკური“ შეკითხვა უნდა დაესვა. რაში მდგომარეობდა ეს „კითხვა“ ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

2002 წლის დასაწყისში, ედუარდ შევარდნაძის  ორშაბათის ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე სიტყვა ვითხოვე და ქვეყნის პირველ პირს შემდეგი კითხვით მივმართე: „ბატონო პრეზიდენტო, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი ბრძანდებით. თქვენი აზრით ვინ იყო მსოფლიოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი - პელე, მარადონა, კრუიფი, დი სტეფანო, ბეკენბაუერი თუ ვინმე სხვა? ოღონდ როგორც თქვენ ტრადიციულად გჩვევიათ, არ მიპასუხოთ რომ ჩემს მიერ დასახელებული მოთამაშეებიდან ყველა განსაკუთრებით გამოირჩეოდა. თუ შეიძლება კონკრეტული პასუხი გამეცით“.

შევარდნაძის პასუხი შემდეგი გახლდათ: „რასაკვირველია, პელე გახლდათ და არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“. მცირე პაუზის შემდეგ კი დაამატა: „ოღონდ გთხოვთ ჩემი მოსაზრება  მარადონას არ გააგებინოთ“.

დარბაზში სიცილი და ხმაური ატყდა. მოგახსენებთ  რომ იმ პრეს-კონფერენციას დაახლოებით 50 ჟურნალისტი ესწრებოდა, მათ შორის არაერთი უცხოელიც.

პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ უცხოელი კოლეგები მომიახლოვდნენ და გაკვირვებულებმა შემდეგი კითხვა დამისვეს: - „კი, მაგრამ, შევარდნაძემაც იცის რომ მარადონასა და პელეს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობს და დიეგოს პელეს მუდმივი პირველობა შურს?“.

რასაკვირველია კოლეგების ამ კითხვას შესაბამისი პასუხი გავეცი - „შევარდნაძე ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან ბრძანდება. ის ფეხბურთში ჩინებულად გათვითცნობიერებულია. მან ყველაფერი იცის გარდა იმისა, თუ როგორ გააერთიანოს საქართველო და როგორ დაიბრუნოს სოხუმი და გაგრა“.

კოლეგებმა გაიღიმეს და მითხრეს რომ შევარდნაძის პასუხს პელე-მარადონაზე, ასევე ჩემს სიტყვებს საქართველოს პირველ პირზე თავიანთ სააგენტოებსა და მას-მედიის საშუალებებს აუცილებლად გადასცემდნენ“.