პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია, რადგან ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მამუკა ჩხაიძე ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა. 7 ნოემბერს კი ჩვენება უკვე სასამართლოზე მისცა, მასთან ერთად დაიკითხენ ექსპეტრები: ძიძავა და ხარძეიშვილი. როგორც დაკავებული ექსპეტრის ლევან ჩაჩუას ადვოკატი, ზურაბ ტაბიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მათ ამომწურავი ჩვენება მისცეს პროკურატურას და დამატებით მათი დაკითხვა არ იგეგმებოდა.
„ლიბერალის“ ინფორმაციით, მეგობრების თქმით, ჩხაიძე დაკითხვიდან სახლში დაბრუნდა, მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს, სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ. მამუკა ჩხაიძის ოჯახი მისი და და ძმიშვილები არიან, ძმა და მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, დაოჯახებული არ ყოფილა.
ბიძის სანახავად პირველი სწორედ ძმიშვილი მივიდა, რომელმაც სახლთან გაჩერებული მანქანა, ხოლო სახლში - ანთებული შუქი და ჩართული ტელევიზორი შენიშნა, კარი კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მან სამაშველო სამსახური გამოიძახა, მაშველებმა კარი შეამტვრიეს და მამუკა ჩხაიძე გარდაცვლილი, იატაკზე იპოვეს. გარდაცვლილის ძმიშვილი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ბიძის ბუნებრივ სიკვდილში ეჭვი არ ეპარება და ოჯახს ექსპერტიზის ჩატარება არ სურს.
ჩხაიძე არაა პირველი ექსპეტრი, ვინც ჟვანიას საქმეზე გარდაცვლილი იპოვეს. ყოფილი პრემიერის გარდაცვალებიდან ზუსტად სამ თვეში ყვარელში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს, ლევან სამხარაული იმ გამათბობლის ექსპერტიზას ესწრებოდა, რომლიდანაც, გამოძიების მიხედვით, გაზმა გაჟონა. სამხარაულის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამავე საქმეში მონაწილეობდა ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული. ჩაჩუას ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მამუკა ჩხაიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას საქმეზე პროკურატურის მოწმე იყო. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩხაიძე პროკურატურის მოწმე იყო, მან გაამყარა ბრალდებული ჩაჩუას პოზიცია.
„ბატონმა მამუკამ ჩვენება მისცა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში. ის იყო იმ დასკვნის თანაავტორი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მომზადდა. თქვა, რომ ჟვანიას ცხედარს გარეგნულად არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. რაც შეეხება, მიკროსკოპულ დათვალიერებას, თქვა, რომ იყო რაღაც ჩაქცევა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ჩაქცევა უკავშირდებოდა გაზით გარდაცვალებას, რომლის დროსაც, დამახასიათებელია მსგავსი ჩაქცევები. მან აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა ექსპერტიზის დასკვნას. ამით მან გაამყარა ლევან ჩაჩუას პოზიციები“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.
ჩაჩუას კიდევ ერთი ადვოკატის ზურაბ ტაბიძის განცხადებით, მამუკა ჩხაიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად განაცხადა, რომ მან აიღო ანალიზები ზურაბ ჟვანიას როგორც შინაგანი ორგანებიდან, ისე თავის ტვინიდან.
„მან ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს - „მაკროსკოპულად ზურაბ ჟვანიას რაიმე დაზიანების ზემოქმედების კვალი არ ემჩნეოდა. რაც შეეხება თავის ტვინის მიკროსკოპულ დათვალიერებას, განაცხადა, რომ მიკროსკოპულად სისხლჩაქცევის დეტალები აღინიშნებოდა, რომელიც შესაძლებელია მოწამვლითაც განხორციელებულიყო“ - ეს არის მისი ჩვენება.
მე ძალაიან კარგად ვიცი ის მოქმედება, რაც ბატონმა მამუკამ განახორციელა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს, მან ყველა ნაწილაკები კოხტად აიღო და სამ-სამ ეგზემპლარად ჩაალაგა საცავებში. რაც შეეხება ზეწოლას, ის არ საუბრობდა ამის შესახებ და ბუნებრივა, მე არ ვიცი იყო თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ტაბიძემ.
ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი, რამე კავშირი დაინახოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასა და მამუკა ჩხაიძის გარდაცვალების საქმეში.
„რამდენადაც ვიცი, გამოძებისთვის ჩვენება ჰქონდა მიცემული. ამ საქმეში არის ძალიან ბევრი ნიუანსი, ძალიან ბევრი ადამიანია დაკითხული, ამიტომ, ამა თუ იმ პიროვნების ჩვენების დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერანაირად ვერ ვისაუბრებ“, - ამბობს გოგლა ჟვანია.