ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა დასახლებულ პუნქტთან ახლოს ქვეითი პატრულირების დროს მძლავრი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს.
ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა უსაფრთხოების კონტროლი რამდენიმე კვირის წინ გადაიბარეს. ქართველი სამხედროების ამოცანას საავიაციო ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს. მისიის წარმატებით შესრულებისთვის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცები დღისა და ღამის პატრულირებას ყოველდღიურად ახორციელებენ. პატრულირების დროს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, საეჭვო ობიექტების გამოვლენა, მათზე დაკვირვება და ბატალიონის შტაბისთვის მიღებული ინფორმაციის გადაცემა ხდება. ქართველი ჯარისკაცები პატრულირებას ამერიკელ სამხედროებთან ერთად კომბინირებულად აწარმოებენ და დიდ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიას დასკვნით ფაზაზე ასრულებს. ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა.