858 ჯარისკაცის მოწამვლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის სამინისტროს ექვსი ბრალდებული თანამშრომელი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. დღევანდელ პროცესზე, პროკურატურა ბრალდებულების: თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, მასთან ერთად ბრალდებული ოთარ ჯეჯეიას, მიხეილ ბასტაევის, თორნიკე ხუბუას, ლაშა გელოვანის და აკაკი გიორგაძის მიმართ 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გამონაკლისი იყო თორნიკე ხუბუა, რომლის შემთხვევაში მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის შეფარდება ითხოვა.
ბრალდებულებმა, გირაოს თანხების დასახელების შემდეგ, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფდნენ, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა.
როგორც საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ტყეშელაშვილის განცხადებით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას ბრალდებულებისთვის იმ მოტივით ითხოვდა, რომ მათი უმრავლესობა ამ დრომდე მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არსებობს მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია, სპეციფიკურია და აქიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ყველა მოწმის დაკითხვა. საქმის ძირითადი მოწმეები დაკითხულები არიან. მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით ვიყავით შემოსული, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეში გირაო არ იყო საჭირო, რასაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირიდან თავს დამნაშავედ არც ერთი არ ცნობს. მათი განცხადებით, არ აპირებენ მოწმეებზე ზემოქმედებას, მტკიცებულებების განადგურებას, ან გამოძიებისგან მიმალვას. ექვსივე ბრალდებული აღნიშნავს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედეა ბეთაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ იყო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ბრალდება რაც მე წამიყენეს 4 ნოემბერს. არ ვიზიარებ პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე ჩემი მხრიდან. არ ვაპირებ მტკიცებულებების განადგურებას, იმიტომ, რომ აღნიშნული საქმის მასალები ჩემთვის სასარგებლოა.
საქმის მასალებში, სადაც წერია, რომ 94 ჯარისკაცის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, არ არის განმარტებული, რა წერია სამედიცინო დასკვნებში. დასკვნებში მითითებულია, რომ სამი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამხედრო პირები ჰოსპიტალიდან გამოწერეს, დასკვნაში ექიმებმა მიუთითეს, რომ ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან.
გუშინ მქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან, შემდეგ ვინახულე გორის ჰოსპიტალში ჩვენი დაჭრილები და ამპუტირებულები. მე ვარ აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შვილი, პირადად ვარ დაინტერესებული, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო“, - განაცხადა მედეა ბეთაშვილმა.
რა მოტივით აქვს ბრალი წარდგენილი არ იცის მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ოთარ ჯეჯეიამ რომლის განცხადებით, ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ბრალდების მხარემ მას დააკისრა, კანონით სხვებს ეხება.
„კერძოდ, სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური 2006 წლიდან აღარ არსებობს და არსებობს სახელმძღვანელო, სადაც ჩაწერილია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი ეხება ექიმსა და მთავარ ექიმს. თუმცა, ვერც ექიმი და ვერც მთავარი ექიმი ნაწლავის ჩხირის არსებობას საკვებში ვერ დაადგენდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხოლოდ გემოვნების შემოწმება ეხებათ“, - განაცხადა ოთარ ჯეჯეიამ.
რაც შეეხება 12 ჯარისკაცის მე-4 ქვეითი ბრიგადიდან ჰოსპიტალში გადაყვანას, ჯეჯეიას განცხადებით, რეალურად მივიდა სამხედრო პოლიცია და კიდევ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, 12 კაცი ჩასვეს და წაიყვანეს ჰოსპიტალში. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთს არაფერი სჭირდა, გარდა ორისა, რომელთაც ჭიები აღმოაჩნდათ.