„მივალ რუსთაველზე და არ მივცემ მაგათ საშუალებას, ასე თავხედურად გაიარონ“

„მივალ რუსთაველზე და არ მივცემ მაგათ საშუალებას, ასე თავხედურად გაიარონ“

სანამ ნაციონალები ბჭობენ, რომ, თურმე, საქართველო იყიდება და ევროატლანტიკური კურსის იგნორირებასთან ერთად, სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ვხდებით რუსულ ეკონომიკაზე, სანამ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ორჯერ შეიცვალოს და ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯი 15 ნოემბრის პროტესტია, მანამდე ცნობილი ხდება, რომ 15 ნოემბერს სხვა ადამიანებსაც ექნებათ გასაპროტესტებელი. ოღონდ ეს პროტესტი ნაციონალების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას მხოლოდ იმიტომ გეგმავს, რომ „ამ დამნაშავე ადამიანებს თვალებში ჩახედოს“. ამასთან, იგი აანონსებს, რომ, თუ აქციაზე ერთი ადამიანის სისხლი მაინც დაიღვრება, ქვეყნიდან ვერცერთი ნაციონალი ვერ გაასწრებს.

For.ge-სთან საუბარში ემზარ ქვარიანი აცხადებს, რომ, მართლია, ხელისუფლებაში აღარ არის დამნაშავე კრიმინალური დაჯგუფება, ნაციონალების სახით, მაგრამ მათ არანაირი უფლება არ აქვთ, დადგნენ იქ, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში 9 აპრილს ხალხი დაიღუპა, სადაც 2008 წელს სამაჩაბლოში ხალხი ჩახოცეს, ქართველები მიატოვეს და შემდეგ რუსთაველზე კონცერტები გამართეს, სადაც 26 მაისს სისხლი დაღვარეს და მეორე დღეს ამ სისხლზე იზეიმეს.

„მათ არანაირი უფლება არ აქვთ, გაიარონ რუსთაველის გამზირის წმინდა მიწაზე და თავხედურად ქართველ ხალხს დასცინონ. ამიტომ, მივალ იქ და აუცილებლად ყველას ჩავხედავ თვალებში. ჩემი მხრიდან იქ რაიმე სახის პროვოკაცია გამორიცხულია, მაგრამ მათ აუცილებლად ვეტყვი, რომ ისინი არიან კრიმინალები. 26 მაისს მათ რუსთაველზე პირდაპირ ჩამცხრილეს მანქანაში, 52 საბრძოლო ტყვია მესროლეს და ეს ადამიანები დღემდე დაუსჯელები არიან, ისევ თანამდებობებზე სხედან. სასწაულებრივი იყო ჩემი გადარჩენა, საამისო დოკუმენტებიც მაქვს, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების აღიარებითი ჩვენებები, სადაც თვითონვე წერენ, მიზანმიმართულად როგორ მესროდნენ, რადგან შეფიცულების ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი“, - იხსენებს ემზარ ქვარიანი და იმასაც დასძენს, რომ პროკურატურას მის საქმესთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია, იგი მხოლოდ დაკითხეს, სხვა დაზარალებულ შვიდ ადამიანთან ერთად და რატომღაც არ დაუკითხავთ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც მას ესროლეს - „არცერთ მათგანზე არ აღძრულა საქმე და სარჩელი შემოდებულია თაროზე“.

დღეს ემზარ ქვარიანი ფიქრობს, რომ ნაციონალებს ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი, როგორმე ქაოსითა და არეულობით მოვიდნენ ხელისუფლებაში ისევე, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა და დარწმუნებულია, რომ ნაციონალები თავადვე მოაწყობენ პროვოკაციებს 15 ნოემბერს. შეფიცულთა ერთ-ერთი ლიდერი იმაშიც დარწმუნებულია, მის განზრახვას რომ გაიგებენ სხვა შეფიცულები, ისინიც მის პროტესტს შეუერთდებიან.

„ამჯერად პასუხისმგებლობას ინდივიდუალურად ვიღებ ჩემს თავზე. არ ვიცი, ვინ შემომიერთდება. მივალ რუსთაველზე და არ მივცემ მაგათ საშუალებას, ასე თავხედურად გაიარონ“.

შეფიცულთა ყოფილი ლიდერი, მსახიობი გია ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 15 ნოემბრის აქციაზე მისვლას არ გეგმავს და ემზარ ქვარიანს თუ სხვებსაც მოუწოდებს, უნებურად ხელი არ შეუწყონ მარგინალურ ნაცმოძრაობას.

„ამისთვის აწყობენ აქციას, რომ ემზარისნაირი ვაჟკაცი ადამიანები, რომლებმაც მათი მხრიდან განიცადეს დევნა, გარეთ გამოიყვანონ. ისინი პროვოკაციებს ამზადებენ, რომ გამწარებული ხალხი მიუვარდეს და მერე თქვან, 7 ნოემბერი და 26 მაისი ხომ მოვაწყეთ, მაგრამ, აი, თქვენც იმავეს აკეთებთო. ეს მზაკვრული გეგმაა, ამიტომ ხელისუფლებას ამ რეჟიმისთვის სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა და გამოეაშკარავებინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები, რომლებსაც ნაციონალები ფლობენ. ტელევიზიაში რომ გადის რეკლამა- „არასამთავრობოთა კოალიცია“, რატომ „არასამთავრობოთა კოალიცია“? და არა - პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა?“ ბანდიტების დაფინანსების კერები უნდა აღიკვეთოს. მსოფლიოში როცა იგებენ, რომ საიდანღაც ფინანსდება რომელიმე მაფიოზური ჯგუფი, ხომ უკეტავენ დაფინანსების წყაროს? როგორ შეიძლება, ნაციონალები გაუთავებლად არიგებდნენ ამხელა ფულს არასამთავრობოებზე? თქვენ გგონიათ, თავისი სურვილით გამოიყვანენ ხალხს? ზოგი დაშანტაჟებული ჰყავთ, დანარჩენებს ფულს დაურიგებენ. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარ დედასაც გაწირავს 50 ლარის გულისთვის. ეს იგივეა, ციხიდან რომ გამოვუშვათ ჩიკატილო და ბავშვთა თემაზე ჩავატარებინოთ ღონისძება. ამიტომაა საჭირო რეჟიმის გასამართლება“, - აცხადებს გია ბურჯანაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ ნაციონალებზე მეტად ამჟამინდელ ხელისუფლებასთან აქვს კითხვები, რომელიც ნაციონალ კრიმინალებს უბრალო ხალხის გაგიჟების უფლებას აძლევს და მორალურადაც აჩაგვრინებს ადამიანებს. ამიტომ სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცათ ნაციონალებისთვის, ხალხმა ყველაფერი იცის, მთავარია, შეფასება მიეცეს დამნაშავე ჯგუფის ცხრაწლიან მოღვაწეობას, რასაც ეს ხელისუფლება რატომღაც აჭიანურებს.

„ნაციონალები და მორალი ერთად შეიძლება?! მათთან მორალზე საუბარი ცოტა სხვა რამეა. ამ ადამიანებს არც მორალი აქვთ, არც ნამუსი, არც ქართველობა, მე მგონი, ეგენი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მერე 23 ნოემბერს დააანონსონ აქცია ე.წ. რევოლუციასთან დაკავშირებით. ისინი პროვოკაციისთვის ატარებენ აქციას, თორემ მაგათ რომ აფხაზეთი და ცხინვალი აინტერესებდეთ, კი არ ჩააბარებდნენ ახალგორს და კოდორს. ახლა უნდათ, ქვეყანა არიონ, რადგან მეტი არაფერი იციან“.