გასულ წელს სომხეთში ვიზიტით მყოფმა ყოფილმა პრემიერმა -ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სადაო სომხური ეკლესიების რესტავრაციის ინიციატივა გამოთქვა. მან განმარტა, რომ საკუთარი ფონდის მეშვეობით რესტავრაციასა და კონსერვაციას ჩაუტარებს როგორც ქართულ, ისე სომხურ სადავო ეკლესიებს ამ დავის გადაწყვეტამდე, პარალელურად კი, ორმხრივი კომისია შეიქმნება, რომლითაც ამ ეკლესიების საკითხი გადაწყდება.
არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებისამებრ, ნორაშენის და სურბნშანის რესტავრაციას უკვე იწყებენ და გათხრები უკვე მიმდინარეობს, თუმცა მათ რესტავრაციამდე აუცილებელია, რათა აღდგეს ქართული ძეგლები ერევანში, ხოლო თბილისში მდებარე ე.წ. სომხური ძეგლების რეალური წარმომავლობა გაირკვეს.
„ამთავითვე ვიტყვი, საქართველოში არსებული ხუთი ეკლესია, რომლის გადაცემასაც მოითხოვს სომხური მხარე, სომხური წარმომავლობის არ არის. მაგალითად, ასეთია თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ჯვარის მამის ტაძართან მდებარე წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია, ე.წ. „სურბნშანის ეკლესია“, რომლის აშენების თარიღიც დადგენილი არ არის. პლატონ იოსელიანი, ზაქარია ჭიჭინაძე, დავით კარიჭაშვილი, მოსე ჯანაშვილი და სომეხი მკვლევარი გიუტ აღაიანცი მას წარმომავლობით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიად თვლიდნენ. ეს ქართული ეკლესია მე-17 საუკუნეში სომხების ხელში აღმოჩნდა და 1703 წელს კაპიტალური რეკონსტრუქციის შედეგად სომხურ ეკლესიად გადაუკეთებიათ. თუმცა ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი სამოელ კარაპეტიანი ამ აზრს არ იზიარებს და „ახალი ცნობების“ საფუძველზე ცდილობს, ეს ეკლესია ოდითგან სომხურად გამოცხადოს“, - აცხადებს ბონდო არველაძე.
რაც შეეხება ქვემო კალაში მდებარე ნორაშენის ეკლესიის სამშენებლო ქტიტორულ წარწერებს, მეცნიერის თქმით, ისინი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ სომეხი ბერის მიერ გადმოწერილი „წარწერები“, რაც გასაგებ მიზეზთა გამო, სანდო არ არის. არმენოლოგი აცხადებს, რომ მან უშუალოდ ნახა ნაზარალიხანის -ერეკლე პირველის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯვარის მამის ეკლესიის გარშემო სომხები დასახლდნენ. მან სომხები სხვა უბანში გადაასახლა. თუმცა ამ დოკუმენტში სულ რაღაც ათიოდე მეტრში მდებარე ნორაშენის შესახებ არაფერია ნათქვამი, რაც მეცნიერის აზრით, საგულისხმო ფაქტია, რომ ნორაშენი არ არის მათი ცალსახა ისტორიული კუთვნილება. აგრეთვე, საარქივო მასალით ირკვევა, რომ ნორაშენი მართლმადიდებელი თუმანიშვილების საკუთრება ყოფილა, ერეკლე მეფემ აჩუქა მათ ეს ეკლესია. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ სომეხი მოგზაური - მინას მედიჩი (მინას ბჟიშკიანი) თბილისის სომხური ეკლესიების აღწერისას (მან 1824-30 წლებში იმოგზაურა თბილისში) ნორაშენს არ ახსენებს. ასე რომ, მეცნიერის დასკვნით, ნორაშენის გადაცემა არ შეიძლება მისი არქეოლოგიური და დამატებითი საისტორიო წყაროების მოძიების გარეშე.
ბონდო არველაძის მტკიცებით, თბილისის მოღნის სურბ გევორქის ეკლესიის ადგილას, რომელიც ამჟამად დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ ნაშთი, მეფე დავით მერვის (1293-1313) დროს აგებული ქართული ეკლესია იყო.
მეცნიერი აცხადებს, რომ თბილისის ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია დედაეკლესიის საკუთრებაა, თუმცა ჩვენი მეზობლები ამ ეკლესიასაც გვედავებიან. ესაა ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ტრადიციულად მას ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი და ყოველგვარ სერიოზულ ნიადაგსაა მოკლებული ერევნელი მეცნიერის - პარუირ მურადიანის და სხვათა მცდელობა, სომხური ზეპირსიტყვიერების საფუძველზე ეს ეკლესია სომხურად გამოაცხადონ.
რაც შეეხება ქართულ ეკლესიებს სომხეთში, მათ შესახებ არმენოლოგი აცხადებს, რომ ლორე-ტაშირი უძველესი ქართული მიწა იყო და ქართველ მეფეთა ძალაუფლება აქ საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. ამას მოწმობს ქართულ-სომხური და უცხოური წყაროები. თუმცა 1922 წელს, როცა საზღვრების გამიჯვნის საკითხი განიხილებოდა, სტალინმა ლორე სომხეთს გადასცა. შესაბამისად, ქართული ტაძრებიც სომხური გავლენის ქვეშ მოექცა.
ასეთია ახტალის ქართული ტაძარი, რომელიც ლორეს მიწაზე მე-13 საუკუნეში აშენდა. სომეხი ისტორიკოსის კირაკოზ განძაკელის ცნობით, ახტალის მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი ააშენა ზაქარია მხარგრძელის ძმამ-ივანე ათაბაგმა, რომელიც მის მიერვე აშენებულ პღნძაჰანქის (ახტალის სომხური სახელი) ეკლესიის კართან დაასაფლავეს. იგი იყო სომეხი და მოექცა ქართულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. შესაბამისად, ახტალის ტაძარი ქართველთა საკულტო ძეგლია. აქ არის ქართული ეპიგრაფიკა, საფლავების ეპიტაფიები, ქართული წარწერები, აქ გამოსახულნი არიან წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ილარიონ ქართველი, ეფრემ და გიორგი მთაწმინდელები, აქვეა თამარ მეფის, მისი მეუღლისა და შვილის-ლაშა- გიორგის გამოსახულებები. ვახუშტის ცნობით, გვიან საუკუნეებში ახტალის სამიტროპოლიტოც არსებობდა. არის სხვა ცნობაც, 1770 წლის ერთ ხელნაწერში, დმანისის, წალკის, ბოლნისის, მანგლისის გვერდით ნახსენებია ახტალის ქართული სამიტროპოლიტო. ნიშანდობლივია, რომ აქ ერთ-ერთ ქვაჯვარზე არის ქართული წარწერა- „იორდანესა შეუნდოს ღმერთმან, რომელმა ესე უხმარი ადგილი სახმარ-ყო“. ანისის ქართული ეკლესიის შემდეგ ახტალის მონასტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალკედონური ცენტრი იყო.
პროფესორი აცხადებს, რომ ლორე-ტაშირში, სოფელ მეღრაძორის ახლოს მდებარეობს თეჟარიუიქი, რომელსაც ადგილობრივები გიურჯიქილისას, ანუ ქართველთა ეკლესიას უწოდებენ. ეს ეკლესია აღწერილი აქვს ლალაიანს, სუმბათიანს და სხვებს. ეკლესია ქართულია, აქ არსებული ქართული წარწერები საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ კიდევ არაერთი ქართული ეკლესია იყო აშენებული სომხეთში.
შემდეგი ეკლესიაა- ჰნევანქი, ანუ ქართულად ძელი ჭეშმარიტისა. ვახუშტი მის შესახებ წერს, „კვალად დასავლით ამისა არს მონასტერ ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, უპყრათ სომეხთვე“, ანუ სომხებს უპყრიათ. გიორგი ჩუბინაშვილი მას მე-8-9 საუკუნეების ძეგლად მიიჩნევდა.
მე-12-13 საუკუნეების ეკლესია ქობაირი-მისი ფუძე ქართულია (ნიშნავს ქვაბს), რომელსაც ერთვის სომხური აირი (აირიც ნიშნავს ქვაბს) ანუ ქვაბთა ქვაბი. ნიკო მარი ქობ-ს ქართულიდან სომხურში შესულ სიტყვად მიიჩნევს, რომელიც სომხური ქალკედონური წრეების მეშვეობით მოხვდა სომხეთში.
შაჰნაზირის და მის მიდამოებში დაცულია რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა, ქანდაკება-ჩუქურთმა ქვაზე, რომელიც სომეხ კათოლიკეებს ჩაუტანებიათ ეკლესიების კედლებში. აქ შემორჩენილია ცხრასტრიქონიანი ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. ეს ქტიტორული წარწერა დათარიღებულია 1135 წლით. თუმცა, ბონდო არველაძის თქმით, მეცნიერმა მურადიანმა სათუოდ გახადა ძმებ ძნელაის-ძენის ქართველობა.
„ლორე-ტაშირის ქართული ეკლესიები ქართველი თავადების- მელიქიშვილების და ორბელიანთა კუთვნილ მამულებზეა აშენებული და არქიტექტურული თვალსაზრისით, ქართული ხუროთმოძღვრების საკულტო ძეგლებია. რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ფრესკულ მხატვრობაზე, მათზე გამოსახულ ქართველ წმინდანებზე. საერთოდ, ფრესკა სომხურ ეკლესიებში არ აქვთ. რატომღაც მეცნიერმა სამველ კარაპეტიანმა საქართველოში 653 სომხური ეკლესია „აღმოაჩინა“. ქართული ეკლესიების 80% სომხურად გამოაცხადა და ახლა ლორეს ქართულ ეკლესიას გვედავება. რას ვიზამთ, ქაღალდი ყველაფერს იტანს. კარაპეტიანს ამის მორალური უფლება არ აქვს, მან ქართველ ერს ცივილიზაციის დამანგრეველი ერი, ანუ ბარბაროსები უწოდა. საქართველოს პატრიარქიც აუგად მოიხსენია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის განხორციელებამდე უნდა აღდგეს ქართული ძეგლები ერევანში. კერძოდ, ერევანში იყო ლაშა-გიორგის დროინდელი მე-13 საუკუნის ქართული ეკლესია, უნდა მოიძებნოს მისი ადგილი და აღდგეს ეს ეკლესია. გარდა ამისა, ერევანში იყო ადგილი, რომელსაც „ვრაც დურს“- ქართველთა კარს უწოდებდნენ. მოინახოს ეს ადგილიც და აღიმართოს მემორიალი. მათი ნაშთებიც აღარ არის. ამასთან, თავის დროზე, როცა ქართლ-კახეთის მოხარკეს -ერევნის სახანოს შემოესია აზატ-ხანი და მას დაეპატრონა, ერეკლე მეორემ დაამარაცხა და განდევნა აზატ-ხანი ერევნიდან. ამ ადგილას, სადაც ერეკლემ გაანადგურა აზატ-ხანი და მისი ურდოები, ეწოდება ერეკლეს თაფა. თაფა თურქული სიტყვაა და მაღლობს ნიშნავს. ამის შესახებ გრიგოლ ორბელიანიც წერს პოემა „სადღეგრძელოს“ ერთ კომენტარში. ვფიქრობ, ერეკლეს თაფაზე უნდა აღიმართოს მემორიალი ამ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად“, - აღნიშნა ბონდო არველაძემ.