მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. საუბარია მისი პრეზიდენტობის პერიოდში ნაცემი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეზე. თუ აქამდე ექსპრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედავებოდა, ამჯერად, ექსპერტიზის ახალ პასუხზე დაყრდნობით ბრალის ფორმულირება შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა: დანაშაულის ორგანიზება, რომელსაც სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მოჰყვა.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეიმუშავა. ამის შემდეგ თავად დაზარალებულმა ალტერნატიული ექსპერტიზა ლიტვაში დაუკვეთა, მოგვიანებით კი, ლიტველმა და ქართველმა ექსპერტებმა საექსპერტო კვლევა ერთობლივად შეიმუშავეს. ამჯერად, პროკურატურის ბრალდება, სწორედ, ამ კომისიის ექსპერტიზას დაეყრდნო.
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ პროკურატურის განცხადებაზე პოზიციის გამოთქმა for.ge-მ მის ადვოკატს ოთარ კახიძეს სთხოვა.
„საქმის მასალებს არ ვიცნობ და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ადვოკატმა.
დაზარალებული დეპუტატი ვალერი გელაშვილი კი, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება, ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურა სწორი მიმართულებით მიდის და სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმება ლიტვის ექსპერტიზამ განსაზღვრა.
„პირველი ექსპერტიზა, რომელიც სამხარაულმა დადო, ნაკლებად მძიმე იყო. რადგან სამხარაულის ექსპერტიზას არ ვენდობოდი, აგვისტოში ჩავატარე ექსპერტიზა ლიტვაში. თავის დროზე, მკურნალობა, სწორედ, იქ ჩავიტარე და ამიტომ საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმადაც ეს იყო სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაზიანება, იქიდან ჩამოვიტანე,“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილი.
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი პროკურატურის დღევანდელ პოზიციას ადეკვატურს უწოდებს და სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელის.
„ადეკვატურია პროკურატურის პოზიცია და განცხადება, ველოდებოდი კიდეც ამას. ბრალდებას მე ოფიციალური წერილითაც მივწერე და გამოვაქვეყნე კიდეც. არ შეიძლებოდა, ნაკლებად მძიმე დაზიანებად მიეჩნიათ სხეულის დაზიანების ის ხარისხი, რაც მე მომაყენეს. სააკაშვილს თუ არ ჩამოიყვანენ, მის ადვოკატებს პასუხის გაცემა სასამართლოზე მაინც მოუწევთ. ჩემთვის მთავარია, გამოძიება და სასამართლო წარიმართოს სწორად, სააკაშვილს კი მთელი ცხოვრება მოუწევს ამ სასჯელით სიარული. თუ დღესვე არ დააკავებენ, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის“, - განმარტავს ვალერი გელაშვილი.
ვიდრე აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები წარიმართება და ადვოკატები საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ, სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს მათი თანაგუნდელები პოლიტიკური თვალსაზრისით აფასებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი გიორგი თევდორაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი პროკურატურა ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრების ხელში პოლიტიკური იარაღია.
„საკითხი ეხება ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლების ბრალის დამძიმებას და, რა თქმა უნდა, მაქვს სუბიექტური პოზიცია, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ, რომ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს საკუთარი ობიექტური დასკვნა უკვე აქვს გამოტანილი ამ საკითხზეც და მოქმედი პროკურატურის რაობაზეც. დღევანდელი პროკურატურა არის, ნაკლებად ეფექტური, მაგრამ მაინც იარაღი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში, მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების თვალსაზრისით“,- აცხადებს გიორგი თევდორაძე და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას მათი პარტიის მიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციასაც უკავშირებს.
„მოახლოებული 15 ნოემბერი იმდენად აშინებს და თავზარს სცემს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ისინი, პრაქტიკულად, ყოველგვარ რეალობასა და ადეკვატურობას მოწყვეტილ ნაბიჯებს დგამენ. ეს ნაბიჯიც ერთგვარი აგონიური გაბრძოლებაა, რომელსაც არანაირი აზრი და რეზულტატი არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით არის ძებნილი და არა ქვეყნის გარეთ. ყველამ კარგად იცის, რომ მანამ იქნება ის ძებნილი, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არსებობს. ასე რომ, როგორ დამძიმდება სააკაშვილის ბრალი, რამდენი თვე, დღე და საათი დაემატება სასჯელის სახით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი.
For.ge-ს კითხვაზე, გამორიცხულია, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაში მიხეილ სააკაშვილის წვლილი ყოფილიყო? - თევდორაძე ასე პასუხობს:
„იმ პირობებში, როდესაც 22 ათასი ადამიანისთვის ხელფასის დარიგების გამო არის დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ვაშლის დანით გათლის გამო არის დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რა სამართლაზე და სამართლიანობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ჩემთის ყოვლად გაუგებარია. დღეს საქართველოში ზეიმობს შერჩევითი სამართალი - ვალერი გელაშვილის, პეტრე პეტრიაშვილის საქმეები და კასრებში აღმოჩენილი კასეტები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ყურით მოთრეული არგუმენტაცია იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი დრომოჭმული, ყოველგვარ არგუმენტაციასა და შინაარსს მოკლებული პოლიტიკა აწარმოოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.
საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი კიდევ სამ ყოფილ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს დაუმძიმდა. გამოძიება ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს დეპუტატზე ყაჩაღური თავდასხმის გარდა, მისი კუთვნილი ძვირადღირებული ნივთებისა და ფულის მითვისებასაც ედავება.
კერძოდ, საუბარია ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლ იარაღზე, 10 000 აშშ დოლარსა და 50 000 ლარის ღირებულების ბეჭედზე.
ყველაფერი კი გაზეთ „რეზონანსში“ 2005 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებული ინტერვიუდან დაიწყო, რომელშიც ვალერი გელაშვილი მოქმედ პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზეც ისაუბრა.
„აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე, იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება, თავდაპირველად, 2005 წლის 14 ივლისს დაიწყო. თუმცა, ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის პერიოდში საქმე არ გახსნილა. საქმის გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს განახლდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულ პირებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.