თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 მაღალჩინოსნის საქმის განხილვას, თბილისის საქალაქო სასამართლო 11 დეკემბერს იწყებს. სს საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს სრული მოცულობით საქმის გადაცემას დაცვის მხარისათვის. ამავე მუხლის მიხედვით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. სს პროცესით ასევე განსაზღვრულია ის შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარეს ევალება და ეკისრება საქმის მასალების გაუხმაურებლობა. ასეთ შემთხვევაში, დაცვის მხარე ხელს აწერს გამომძიებელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე - ადვოკატი გაახმაურებს საიდუმლო საქმის მასალებს, მას ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი დარღვეულია. დარღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და გაგრძელების დროს, მხარეთა დაკავების შემდეგ, ფაქტობრივად, დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე და ბრალდების მხარე უარს ეუბნება მას საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე. დაცვის მხარემ ამ დრომდე ვერ შეძლო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავისი პოზიციის ჩამოყალიბება, ეს მაშინ, როდესაც პროკურატურას მიუწვდებოდა ხელი ყველაფერ ამაზე და მხარეები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში.
გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან მიმართებაში მოქმედებს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. როგორც დაკავებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან და მათი სურვილია მოიხსნას საიდუმლო გრიფი აღნიშნული მასალებიდან.
for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
დაცვის მხარემ თუ შეძლო 11 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის სრულფასოვნად მომზადება, თუ გაეცნით საქმეში არსბეულ მტკიცებულებებს?
- წერილობით მივმართე გამომძიებელს, რომ გადმომცეს ასლები, მაგრამ ამ დრომდე ასლები არ მიმიღია. დაცვის მხარე არ ვიცნობ საქმის მასალებს და ეს ვითარება გრძელდება 28 ოქტომრიდან, რაც არის სსკ-ს 83-ე მუხლის დარღვევა და ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს პროკურატურა, იქნება დაუშვებლად ცნობილი.
რატომ არ გაძლევთ პროკურატურამ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას?
- ისინი აპელირებენ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონზე, მაგრამ ეს არ ეხება ადვოკატის და პროკურორის ურთიერთობას.
როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყენა პროკურატურამ ამ კონკრეტულ საქმეზე ასეთი ფორმულირება, რომელსაც არ ცნობს სსკ, რომ დაცვის მხარეს არ მიეცეს საქმის მასალების გაცნობა? მსგავი პრეცედენტი მოხდა ყოფილი ხელისუფლების დროს „რეპორტიორების“ საქმეზე, ანალოგიურად არც მაშინ არ აძლედნენ დაცვას საქმის მასალებს...
- გეთანხმებით, ეს პრაქტიკა დანერგილი იყო წინა ხელისუფლების დროს ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა უამრავ საქმეში, რაც სრულიად არასწორი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ ადვოკატს აუცილებლად უნდა მიეცეს მასალების გაცნობის და ასლების მიღების საშუალება. წინააღმდეგ შემთახვავეში, დაირღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სწორედ, ეს პრინციპი ირღვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც დაუშვებელია.
დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მოემზადოს სრულფასოვნად აღნიშნული პროცესისთვის, დაკითხოს მოწმეები, გაეცნოს საქმეში არსბეულ მტკიცებულებას და წარადგინოს თავისი მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ექსპერტიზა. დღეისათვის სრულად არის დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 5 მუხლის მე-4 პუნქტი და 83-ე მუხლის მოთხოვნები.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების ხელთ არსებული საქმის მასალებით არ დასტურდება დაკავებულთა ბრალეულობა. როგორ ფიქრობთ, ამით აიხსნება გამოძიების ქმედება?
- მე შევხვდი ყველა ბრალდებულს, ვესაუბრე მათ, ისინი უარყოფენ მათ შემხებლობას ამ დანაშაულის ჩადენასთან. ასაბუთებენ, რომ მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სარგებელი მოუტანეს ქვეყანას. ამბობენ, რომ ბრალდების ფორმულირებები არის მცდარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემდეგთან - პროკურატურას სურვილი აქვს, რომ ადვოკატი მივიდეს პროკურატურაში, თვალი გადაავლოს ამ საქმეს, მაგრამ ისე, რომ არ გააკეთოს არც ჩანაწერი, არც ასლი გადაიღოს და ეს სისხლის სამართლის საქმე ზეპირად დაიმახსოვროს. თან, არ უნდა გაასაჯაროვოს, განცხადება არ გააკეთოს და ა.შ. ასეთი სურათი გვაქვს ამ შემთხვევაში. ცხადია, რომ ფორმალურად გადაავლო თვალი ამ სისხლის სამართლის საქმეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება მხარეთა თანასწორობის პრინციპად.
მაგრამ, როგორ აპირებთ 11 დეკემბერს სასამართლო პროცესისთვის პოზიციის მომზადებას?
- ვეცდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების, მოწმეების და სხვა გარემოებების მეშევობით დავასაბუთოთ ჩვენი პოზიციის სისწორე. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვეცემა, წარმოუდგენელია განხორცილდეს ოდნავ მაინც სრულყოფილი დაცვა.
რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმეში ასევე არსებოს ექსპერტიზის დასკვნა. თქვენთვის თუ არის ამის შესახებ რამე ცნობილი, თუ გაეცანით ამ დასკვნას მაინც?
- ჩვენ არ ვიცნობთ ექსპერტიზის დასკვნას. არ გვაქვს საშუალება, რომ დავნიშნოთ ალტერნატიული ექსპერტიზა, რომ ჩვენი მტკიცებულებებით უარვყოთ ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია ბრალდების მხარეს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დაცვა სრულყოფილად ვერ განხორციელდება. ამ წუთების მდგომარეობით ირღვევა დაკავებულთა უფლებები სრული მოცულობით. უმჯობესია, სახელმწიფომ და, ამ შემთხვევაში, პროკურატურამ გამოასწოროს ეს მდგომარეობა, დაცვის მხარეს მისცეს მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას ამ ადამიანების მიმართ. მე ვუსმენდი პოლიტიკოსების და ასევე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები. ეს განცხადებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აღქმული, როგორც საზოგადოებისთვის მიწოდებული ნეიტრალური ინფორმაცია. ეს არის მიკერძოებული განცხადება, ეს არის ზემოქმედების მცდელობა საგამოძიებო ორგანოებზე და სასამართლოზე, ამას მიეცემა შესაბამისი შეფასება.
ამ დრომდე არ მომხდარა დაკავებულებისა და გამომძიებლის კონტაქტი. გამორიცხავთ, რომ მათზე მოხდეს ზეწოლა, როგორც ეს ხდებოდა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაკავებული ადამიანების შემთხვევაში?
- მე არავის ვურჩევ, რომ ამ ადამიანებზე განახორციელოს ზემოქმედება. მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ არის ეს საქმე. ჩვენ, სრული კონტროლის ქვეშ გვყავს დაკავებულები.
გაკეთდა შედარება კაბელებისა და ე.წ. ტრაქტორების საქმეებს შორის არსებულ მსგავსებაზე. რეალურად, რა მსგავსებაა ამ ორ სისხლის სამართლის საქმეებს შორის?
- მთავარი განსხვავება გახლავთ შემდეგი - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე გახლავთ გასაიდუმლოებული, ეს არის არსებითი განსხვავება. ე.წ ტრაქტორების საქმეში მტკიცებულების მიღება არ შეგვზღუდვია. მეორე განსხვავება გახლავთ ის რომ, პირველ შემთხვევაში, ხდებოდა უხეში ფორმებით დაკავებულებზე ზემოქმედება, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მსგავსი მცდელობა არ გვაქვს.
რაც შეეხება საქმის მსგავსებას, მთავარი მსგავსება არის პოზიციის დაუსაბუთებლობაში. ამ შემთხვევაში მუხლიც იგივე გახლავთ, რაც იყო წინა შემთხვევაში. კაბელების საქმე შინაარსობრივადაც წააგავს ტრაქტორების საქმეს. ყველას მოვუწოდებ, რომ შემოიფარგლონ სამართლებლივი საკითხებით. უაღრესად პოლიტიზირებულია ეს საქმე და ეს უნდა დასრულდეს. საქმე უნდა განვიხილოთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში.