„შტატებს ეჭვიანობის მიზეზი არ აქვს“

„შტატებს ეჭვიანობის მიზეზი არ აქვს“

„აშშ ყველა მხარეს მოუწოდებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე ყურადღება გაამახვილონ“,- ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა“, - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის პასუხის პასუხი, რომელიც მან დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო და დასძინა- „ეს არის მხოლოდ შიდა ცვლილებები, რომელიც ჩვენს საგარეო ურთიერთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს“.

როგორც ჩანს, ევროატლანტიკური კურსის ურყევობა კვლავაც დასამტკიცებელი გაგვიხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი კრიზისული ვითარების მიუხედავადაც, არ უნდა გაჩენილიყო კითხვები ჩვენი ევროატლანტიკური კურსის ურყევობასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება, ამ ეტაპზე, მას ვერ არწმუნებს ქვეყნის მიერ ორიენტაციის შეცვლაში, თუმცა იგი განმარტავს, რომ ვაშინგტონიდან მდგომარეობა ისე ჩანს, რომ ყოფილ პრემიერს ალასანიას გარიყვა დისკრედიტაციის მეშვეობით სურს.

რამდენად გვენდობიან დასავლელი პარტნიორები და რატომ უჩნდებათ მსგავსი ეჭვები მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არაერთგზის აფიქსირებს თავის ურყევ დასავლურ კურსს, რასაც ქართველი ერის ისტორიული არჩევანით ამართლებს.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ს უნდობლობას, პირველ რიგში, დასავლეთთან ჩვენი ხელისუფლების კომუნიკაციის პრობლემა განაპირობებს, რაც ირაკლი ალასანიას გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო გამოჩნდა. უბრალოდ, რესპუბლიკელებისა და ალასანიას გუნდის გარდა, დანარჩენს გამოცდილება არ აქვს, როგორ აწარმოოს მოლაპარაკება დასავლეთთან. ამ მხრივ გამონაკლისია თედო ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება. მეორე მიზეზი, თუ საიდან იღებს სათავეს ეს უნდობლობა, აიხსნება იმით, რომ კოალიცია თავიდანვე ძალზე ჭრელი იყო. იქ არიან გაერთიანებულნი როგორც პროდასავლური ძალები, ასევე, უკიდურესად ნაციონალისტური, ალაგ-ალაგ კი პრორუსული ჯგუფები. ეს სიჭრელე დასავლეთში ბადებს კითხვებს, რომ ამ არაერთგვაროვან კოალიციაში რეალურად რომელი ჯგუფი მართავს პროცესებს?

„ასევე, არ დაგვავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთს, მას მაინც ბოლომდე ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან მისი როლი ჯერ კიდევ გაუგებარია. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ის გადადგა და ყველამ იცის, რომ კულუარულად მაინც ზეგავლენას ახდენს და მართავს პროცესებს. დასავლეთში ეს მიუღებელია. ამ პრინციპებით თავისუფლად შეიძლება საგარეო ორიენტაციის შეცვლა, ანუ როცა ქვეყნის ორიენტაცია ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და არა -ინსტიტუტებზე, ეს საფრთხეს ქმნის. ეს რომ იყოს შემდგარი დემოკრატია, აქ უკვე ერთი ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მილიარდელი თუ მილიონერი, სიტუაციას ვერ შეცვლიდა, მაგრამ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის გამყარებული, ასეთ მომენტში, ადამიანს, რომლის შემოსავალიც თითქმის საქართველოს ბიუჯეტს უტოლდება, შეუძლია, შეცვალოს რაღაც-რაღაცები“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

აშშ-ის უნდობლობის მიღმა პოლიტოლოგი ნაციონალების გავლენასაც არ გამორიცხავს. მართალია, ნაციონალებს ეხერხებათ, დასავლეთს კიდევ უფრო გაუღრმავონ ეჭვები, მაგრამ ზემოხსენებული ფაქტები რომ არა, ნაციონალები ვერაფერს შეძლებდნენ. თავად ნაციონალებთან კი კითხვები ჩნდებოდა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმთან დაკავშირებით, მაგრამ კურსის ურყევობასთან დაკავშირებით კითხვა არ გაჩენილა.

თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სავარაუდო პოლიტიკური კრიზისის დროს მომავალშიც არ გაჩნდეს ეჭვი საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, კორნელი კაკაჩიას აზრით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას დასავლეთისთვის არაეთიკურ და გაუგებარ ფრაზებზე, რომელიც ბოლო დროს გვესმის ალასანიას მიმართ. ანუ, როცა პრემიერ-მინისტრი ლანძღავს ყოფილ თანამებრძოლს, ეს წელქვეშ დარტყმას უდრის და პოლიტიკაში გარკვეული კანონების იგნორირებას ნიშნავს. გარდა ამისა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ იცის, როგორ ესაუბროს საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს და როგორ მიიზიდოს ისინი. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა საქართველოში, რომელსაც უცხოეთში კონტაქტები აქვთ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლოდრონდელმა მოვლენებმა ზიანი მიაყენა ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ოფიციალური განცხადების საფუძველზე ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ პირდაპირ გამოხატა და მოუწოდა საზოგადოებას, მოხდეს საქართველოს ინტეგრაციის კურსის განმტკიცება.

„კითხვის ნიშნები უკვე გაჩენილია. თუ რა უნდა გაკეთდეს, განცხადებაშიც მითითებულია და ადრეც არაერთგზის ითქვა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რომ ძალზე გამჭვირვალე სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს, უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის მაქსიმალური თავისუფლების უზრუნველყოფა, ამასთან, აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის შემდგომი რეფორმირება შს სამინისტროში, პროკურატურაში, თავდაცვა კი ყველაზე რეფორმირებული სტრუქტურაა ეროვნული უსაფრთხოების სექტორში.

ჩვენ, ატლანტიკურმა საბჭომ, გავაკეთეთ ამაზე შესაბამისი რეპორტი, სადაც მკაფიო რეკომენდაციებია დემოკრატიული კონტროლის უზრუნველსაყოფად. არ უნდა გვყავდეს ისეთი სტრუქტურები, რომელშიც მთელი ძალაუფლებაა თავმოყრილი და არ უნდა იყოს იმის საშიშროება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ამას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.

სამწუხაროდ, მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პროცესის განმავლობაში, 90 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ეს ნეგატიური გამოცდილება ყველა დროს დავაგროვეთ“,-აცხადებს გიორგი მუჩაიძე.