კარცერიც არის, სამარტოო საკანიც და კანონის უზენაესობაც. თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, რომ უპატიებელი არავის ეპატიება. რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში სასჯელს 252 პატიმარი იხდის, ყველაზე უხუცესი ქალბატონი 69 წლის არის. აქ საკნის კარი ღიაა, პატიმარ ქალებს საერთო ტკივილი და საფიქრალი აქვთ - მალე დატოვონ საპატიმრო და საზოგადაოებას შეუერთდნენ. ქალთა დაწესებულებაში მუსლიმი პატიმრებიც იმყოფებიან, მათთვის დაწესებულებაში ცალკე სამლოცველოც არსებობს.
for.ge-მ ერთი დღე პატიმარ ქალბატონებთან ერთად გაატარა. გისოსებს მიღმა მყოფი ქალბატონები დროს უქმად არ კარგავენ. ყველა მათგანი სასურველი პროფესიით არის დაკავებული - ნაწილი სამკერვალო ქარხანაში მუშაობს, ნაწილი ქარგვით და თექაზე მუშაობით. ნაწილი ამჟამად გადის ჭრა-კერვისა და სტილისტის კურსებს. მომავალ პროფესიას ისინი უფასოდ ეუფლებიან. პატიმართა ასეთი სახით რეალიზება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სწორედ, წარმატებული სარეაბილიტაციო პროგრამების შედეგია ის, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა სამკერვალო საწარმო გახსნეს. საწარმოში 25 მსჯავრდებული დასაქმდა, რომელთაც ჭრა-კერვის პროფესიული კურსები გაიარეს და მკერავის პროფესიას დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა უმრავლესობა 260-ე მუხლით არის გასამართლებული, რაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას გულისხმობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი შვილის, მეუღლის თუ გარეშე პირის მკვლელობისთვის, ასევე სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის არიან გასამართლებულები. მიუხედავად დანაშაულისა, მათი უმრავლესობა არადეკვატური სასჯელის მსხვერპლი გახდნენ.
არადეკვატური სასჯელის მსხვერპლი გახდა ნინო ჭილაშვილი, რომელიც ერთადერთი პატიმარია „თეთრი საყელოს დანაშაულით“ ამ დაწესებულებაში. ყოფილი ხელისუფლების წყალობით მას 19 წელი, 4 თვე და 15 დღე მიუსაჯეს. თუმცა, საყოველთაო ამნისტიის შედეგად მას, ისევე როგორც პატიმართა დიდ ნაწილს, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმროს წელიწადსა და 7 თვეში დატოვებს. განთავისუფლების მოლოდინში მყოფმა კი ხელოვნების ენა აირჩია.
„ციხეში ვითარება გამოსწორებულია, მაგრამ ჩვენ თვითონ გაგვიჩნდა უმადურობის გრძობა, ჩვენც გვინდა გარეთ გასვლა. იმდენად არაადეკვატური წლები გვქონდა მისჯილი, რომ ერთი შეწყალების იმედი გვრჩება. ვცდილობთ, რომ დრო გავიყვანოთ და რაც შეიძლება მალე გავიდეთ. გვიშველეთ, გაგვიყვანეთ, მართლა ღირსები ვართ და ამას ყოველთვის ვამტკიცებთ. მოვინანიეთ დანაშაული, გვეყოფა, საკმარისია. ღირსები ვართ, რომ შევუერთდეთ საზოგადოებას, დადექით ჩვენს გვერდით, გვიშუამდგომლეთ ბატონო მინისტრო“, - ასე მიმართა ნინო ჭილაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს.
თითქმის მთელი დღე ბიბლიოთეკაშია, კითხულობს, წერს სცენარებს, რომელსაც შემდეგ პატიმრებთან ერთად დგამს. უცხო ენების სპეციალისტი, პროფესიით პიარ-მენეჯერი თამარ ბაშარაძე წამების მსხვერპლი გახდა. როგორც თავად ამბობს, ის უშუალოდ გოგა ონიანმა აწამა. სწორედ, მისი დაწერილი სცენარით დაიდგა სპექტაკლი „იტალიური ეზო“, რომელშიც მჯავრდებული ქალების უპრეცედენტო რაოდენობა იყო ჩართული.
„ეს იყო პატიმრების იდეა, დავწერე სცენარი, გვერდში დაგვიდგა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სამინისტრო, ჩვენი დაწესებულების დირექტორი და ასე შედგა პრემიერა. ეს არის ჩვენი მესიჯი ხელისუფლებას, რომ გვეყოფა, ქალები ვართ, შეგვიწყალეთ, გაგვიშვით ჩვენს ოჯახებში. 7 წელია სასჯელს ვიხდი. სააკაშვილის რეჟიმმა 15 წელი შემიფარდა, რადგან არ დავთმე ის, რაც მათ უნდოდათ. წამების მსხვერპლი ვარ, მაწამებდა უშუალოდ გოგა ონიანი“, - გვითხრა თამარ ბაშარაძემ.
შორენა აბულაძე-სიხარულიძე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც 260-ე მუხლით არის გასამართლებული. საერთო ჯამში, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასჯელი ამნისტიის შედეგად გაუნახევრდა. თუმცა, 3 წელი და 7 თვე მოუწევს შვილებისგან და ოჯახის წევრებისგან ცალკე ცხოვრება. როგორც ამბობს დანაშაული მოინანია. ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. თუმცა, სანამ ახალ ცხოვრებას დაიწყებს, მანამდე დაწესებულებაში ქარგვას აგრძელებს.
„ყველა ჩვენთაგანი ვთხოვთ შეწყალების კომისიას, პრეზიდენტს, პარლამენტს, რომ დაგვიდნენ გვერდში. ჩვენ ისეთი პირობები გამოვიარეთ, რომ მისი გახსენებც კი გვზარავს. ვითარება რადიკალურად გამოსწორდა, მაგრამ ციხე მაინც ციხეა. 22 წლის და 16 წლის შვილები მყავს, დედაჩემთან და მეუღლესთან არიან... მინდა მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ გამიძლეს და მელოდებიან.
დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ სასჯელი არადეკვატური იყო. 17 წელი ქალისთვის ძალიან დიდი სასჯელია... მე დანაშაული მოვინანიე ბატონო პრეზიდენტო, გადმოგვხედე პატიმარ ქალებს, რომლებმაც 9 წლიანი რეჟიმი გამოვიარეთ. თუ გასაშვებად არ გემეტებით, გაგვინახევრე, შეგვიმსუბუქეთ სასჯელები, რომ „უდომდე“ მაინც მივაღწიოთ“, - ამბობს შორენა აბულაძე-სიხარულიძე.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ამ დაწესებულებაში მადლიერი პატიმრებიც არსებობენ. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი 69 წლისაა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით დააკავეს და 38 წელი შეუფარდეს, თუმცა ამნისტიის საფუძველზე 24 წელი და 6 თვე მოაკლდა. ზუსტად 5 თვეში, მისი ასაკიდან გამომდინარე, საპატიმროს დატოვებს.
„ერთ-ერთი ყველაზე მადლიერი პატიმარი ვარ. სააკაშვილის რეჟიმმა 38 წელი მომისაჯა, ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დამაკავეს. გაგიკვირდებათ და საზღვარზე არ ვყოფილვარ დაკავებული. 38 წელი იმიტომ მომისაჯეს, რომ საპროცესო მეტი გადამეხადა, რაც არ გავაკეთე. ყველაზე უხუცესი ვარ, ასაკიდან გამომდინარე გავდივარ აქედან, მაგრამ მენანება ყველა მათგანი, არადეკვატური სასჯელის მსხვერპლები არიან. მინდა ვთხოვო მინისტრს, რომ უშუამდგომლოს მათ, ისინი პირველ რიგში ქალები არიან, დედები, რომელებსაც საკუთარი შვილების სუნთქვა ენატრებათ“, - გვითხრა პატიმარმა ქალბატონმა.
სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხს.
„მე შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო პატიმრებს, მაგრამ ის, რომ ჩავერიო და ვინმეს განთავისუფლება მოვითხოვო, ამას ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
საქმის გადახედვას ითხოვს ფოთოლა ლაგვილავაც, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკური მოტივით მოხდა მისი დაკავება. „ჩემი მეუღლე იცავდა „ოქროს საწმისის“ მეანაბრეებს, ეს ხელს უშლიდა სააკაშილის რეჟიმს. გაგვაფრთხილეს, თუ თავს არ დაანებებთ დაგიჭერთო, დიასახლისი ვიყავი და არ მეშინოდა. უკანონო არაფერი ჩამიდენია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ სახლში ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. ნახევარი გრამი ჰეროინი ჩამიდეს, 11 წელი და 4 თვე მომისაჯეს. 4 წელია აქ ვიტანჯები. 2 წელია ვითხოვ საქმის გადახედვას, მაგრამ ჩემი საქმით არავინ არ დაინტერესებულა. ეკა ბესელია დამპირდა, მაგრამ უშედეგოდ. თუ ის ძველი პროკურორები და გამომძიებლები არ მოშორდებიან პროკურატურას, ჩვენი საშველი არ იქნება“, - ამბობს ფოთოლა ლაგვილავა.
რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში სასჯელს მეძუძური დედებიც იხდიან. ბავშვები 3 წლამდე დედასთან იზრდებიან, შემდეგ უკვე პატარა დედისგან მოშორებით ოჯახში იზრდება. სოციალური მუშაკის მიერ მოწმდება ოჯახი, რამდენად შეუძლია ამ ოჯახს ბავშვის აღზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დედის თანხმობით მზრუნველობა შეიძლება გადაეცეს ოჯახის ნათესავს.
დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი ამბობს, რომ რესოციალიზაციის მიზნით პატიმარი ქალების დასაქმებას ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს.
„როდესაც მჯავარდებული ტოვებს დაწესებულებას და იგი გადის საზოგადოებაში, აქვს იმის შიში, როგორ მიიღებს საზოგადოება. ასევე საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი შიში და ინტერესი, როგორი გამოვა ის დაწესებულებიდან. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიმკვიდრონ თავისი ადგილი საზოგადოებაში, არსებობს ძალიან ბევრი პროგრმა, რომელშიც ჩართული არიან, ეუფლებიან სხვადასხვა სპეციალობას.
ჩვენ მათ ვაყალიბებთ სპეციალისტებად, გადავცემთ სერთიფიკატებს, როდესაც ტოვებენ დაწესებულებას, ცდილობენ, რომ აქ ნასწავლი სპეციალობა განავითარონ. რესოციალიზაციის მიზნით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ბატონო, არიან დამნაშავეები და როგორც თვითონ ამბობენ არაადეკვატური სასჯელები შეეფარდათ და ეს მათი ტკივილია, მაგრამ ისინი ქალები არიან. ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ ის ქალურობა, დედობრივი გრძნობა, სილამაზე და სინაზე, რაც ამ ადამიანებს აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნესტან ვერულაშვილმა.