საქართველოში ქალების დაცვის საკითხზე მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება. უკვე ცნობილია თარიღიც - 25 ნოემბერი და, ცნობილია ისიც, რომ მანიფესტაცია ერთდროულად დაიწყება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
მართალია, მანამდე ოჯახური ძალადობის საკითხზე მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, პრემიერს უკვე ჰყავს ახალი თანაშემწე, სოფო ჯაფარიძე, რომელიც ადამიანის უფლებებზე და გენდერის საკითხებზე იმუშავებს, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე მუშაობენ კანონმდებლებიც. მაგრამ საზოგადოების ნაწილი, ფიქრობს, რომ მხოლოდ ხელისუფლების იმედად ყოფნა არ ღირს და ქალების დასაცავად ყველა უნდა გააქტიურდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ამ პროცესში ერთმანეთის ერთგვარ კონკურენტებადაც კი იქცნენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ქალთა მოძრაობა, მხოლოდ ქალებმა უნდა წამოიწყონ და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებები მამაკაცები არ უნდა იყვნენ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ საკითხის ასე დასმა უმართებულოა და ბრძოლა რომ შედეგიანი აღმოჩნდეს, ქალები და კაცები საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის დროსაც უნდა გაერთიანდნენ.
ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 25 ნოემბრის აქციის ორგანიზატორობა ერთმანეთთან სოციალური ქსელის მეშვეობით დაკავშირებულმა 100-ზე მეტმა ქალმა ითავა, რომლებიც რომელიმე ორგანიზაციას ან პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ.
„პირველი აქტივობა მიმართული იქნება ფემიციდზე. გვინდა, საზოგადოების მობილიზება მოვახდინოთ ყველა რეგიონის მასშტაბით, გარკვეული მოთხოვნები წავუყენოთ სახელმწიფოს და ამ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერება ავამაღლოთ. ეს არის სოციალურ ქსელების საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირებული ასზე მეტი ქალის გაერთიანება. ესენი არიან ცნობილი და აქტიური ქალები. თარიღზე შევთანხმდით, მაგრამ ახლა ვმუშაობთ ფორმაზე, სლოგანებზე, მოთხოვნაზე, რომელსაც ხელისუფლებას წავუყენებთ. მონახაზის შემუშავების შემდეგ ჯგუფი გაფართოვდება და აქციაში მოხალისეობრივ საწყისებზე ბევრი ადამიანი ჩაერთვება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში“, - აცხადებს ბაია პატარაია.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ 25 ნოემბრის აქციაში ნებისმიერი ადამიანის თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქალთა მოძრაობა წარმატებული მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როცა მისი ინიციატორები და ორგანიზატორები მხოლოდ ქალები არიან.
„არც პოლიტიკაში და არც არსად ქალების გადაწყვეტილებით დღის წესრიგი არ დგება - არც ხელისუფლებაში და არც კერძო ბიზნესში. აქციის ორგანიზება, ეს არის მცდელობა, რომ ქალებმა დამოუკიდებლად, თვითონ, გამოცდილების, საკუთარი მართვის მეთოდებით შექმნან დღის წესრიგი ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შემდეგ კამპანიაში ჩაერთვება ყველა, ვისაც სურვილი ექნება“,- განმარტავს ბაია პატარია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე მზად არის ორგანიზაციის სახელით ადამიანის უფლებების დასაცავად გამართულ ნებისმიერ აქციაში ჩაერთოს და ფიქრობს, რომ აქციის დაგეგმვაში ან თავად აქციაში მონაწილეობაზე რამე ტიპის შეზღუდვები არ უნდა იყოს.
„ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. რაც შეეხება იმას, აქცია ქალებმა უნდა დაიწყონ თუ არა, ამ საკითხში გამიჭირდებოდა დათანხმება. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აწუხებს სოციალური პრობლემა, უნდა ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება და და მისი გენდერი თუ სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს იმის უფლებას, ჩაერთოს თუ არა რამე აქტივობაში“,- განუცხადა for.ge-ს ირაკლი ვაჭარაძემ.
„იდენტობის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის და, კონკრეტულად, ქალებზე ძალადობის საკითხი ძალიან მწვავეა და კომპლექსურ მიდგომას, მაგრამ, ამავე დროს, მყისიერ გადაწყვეტას მოითხოვს. ორგანიზაციამ ხელისუფლებას უკვე შესათავაზა ეუთო-ს სპეციალურ პროგრამაში ჩართვა, რომელიც ამ კუთხით პოლიციელების მომზადებას ითვალისწინებს.
„რამდენადაც ვიცი, ეს პროგრამა უფასოა, უბრალოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიმართოს ეუთო-ს და ითხოვოს დახმარება. ისინი გაწვრთნიან პოლიცილებს - მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი პოლიციელთა გადამზადება. პროგრამის მიზანია, პოლიცილებს შეეძლოთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ამოცნობა, მასზე რეაგირება და გამოძიება. სწორედ, ეს სამი ფაქტორია ხოლმე მიზეზი, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევის დროს გამოძახებული პოლიციელი ან არ არის მგრძნობიარე, ან ვერ ხვდება, რაშია საქმე, ან, უბრალოდ, ინდიფერენტულია. არ აქვთ ცოდნა, რომ ოჯახური ძალადობა ოჯახური კონფლიქტისგან გაარჩიონ. ასეთი შემთხვევა ბევრი გვქონდა და ამის გამო მსხვერპლი იყო განუზომლად დიდი - ქალები კვდებოდნენ მაშინაც კი, როცა პოლიციას დასახმარებლად იძახებდნენ, რადგან პოლიცია არ იყო მზად, მათი წუხილი გაეზიარებინა“,- აცხადებს ვაჭარაძე და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხით სათანადოდ დაინტერესდება.
ბაია პატარაია კი უკვე გამოთქვამს პრეტენზიებს ხელისუფლების მისამართით. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ძალადობის საკითხებზე მუშაობა საკმაოდ გაუმჭვირვალედ დაიწყო და დარგის სპეციალისტებისა და არასამთავრობოების აზრი არ გაითვალისწინა.
„ვერ შევაფასებ დადებითად ამ პროცესს, რადგან დახურული იყო. სამომავლოდ თუ გაიხსნება, ჩვენ, არასამთავრობოები, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და უამრავი კვლევა თუ მოსაზრება გავუზიაროთ სახელმწიფოს. ოჯახის ძალადობის საკითხზე უწყებათაშორისი საბჭო ადრეც არსებობდა, უბრალოდ, ბოლო ორი წელი არ ფუნქციონირებდა, ვინაიდან ახალი შემადგენლობა მთავრობის ცვლილების შემდეგ არა და არ დამტკიცდა. სახელმწიფომ არ იცის, რა არსებობდა და რა გამოცდილება იყო, რაც არ არის სერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი“, - აცხადებს ბაია პატარაია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალებზე ძალადობის და ქმრების მიერ ქალების კვლის ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ და კონკრეტულ რიცხვსაც ასახელებენ - 2014 წლის განმავლობაში 23 ქალია მოკლული.
„რამდენადაც ვიცი, ფემიციდი ცალკე სტატისტიკად არ გროვდება, შესაბამისად, რომელიმე ორგანიზაციას, მათ შორის, არც სახელმწიფოს ექნება ასეთი სტატისტიკა. ავარიაში რომ დაიუპა ქალი, შესაძლოა, ამ ტიპის ფაქტები აქვთ აღრიცხული, მაგრამ ქალობა რომ გახდა მკვლელობის მიზეზი და სიძულვილით რომ იყო მოტივირებული, ეს მკვლელობა ასეთი სტატისტიკა არ გროვდება ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი პრობლემაა და ჩვენ ამაზე მუდმივად მივუთითებთ“,- აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.
ბაია პატარაია კი განმარტავს, რომ ჯერ კალენდარული წელი არ ამოწურულა და 20-ზე მეტი მკვლელობა გამოვლინდა, ხოლო, ქმრების მიერ ქალების მოკვლის შემთხვევები რომ გახშირდა, ფაქტია.
For.ge-მ ქალთა მკვლელობების ფაქტების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღრიცხული მონაცემები მოიპოვა. სტატისტიკა 2006 წლიდან მოყოლებული 2014 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებს მოიცავს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით არის აღრიცხული. მითითებული მუხლები კი განზარახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტებს ეხება.
2006 წელს განზრახ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას 30 ქალი ემსხვერპლა. 2007 წელს - 34. 2008 წელს - 42; 2009 წელს -32, 2010 წელს - 23; 2011 წელს -24; 2012 წელს - 20; 2013 წელს - 26, ხოლო, 2014 წლის იანვრიდან სექტემბრამდე - 23.