მაგიდის ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ნებისმიერ ქვეყანაში ე.წ. „პინგ-პონგი“, კალათბურთისა და ფეხბურთის მიმდევრებს როგორც მოთამაშეთა რაოდენობით, ასევე ხალხის სიყვარულითა და მასობრიობით ტოლს არ უდებს.
თავად 50 წელს ვუკაკუნებ და მახსოვს, იგივე „მუშტაიდის“ ბაღსა და მთაწმინდის პარკში განლაგებული მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები. იქ თამაში ნებისმიერ მსურველს, მართლაც რომ სიმბოლური თანხის გადახდის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. ალბათ გაიხსენებთ იმ დიდ რიგებსაც, რომელშიც თბილისელი სპორტის მოყვარულები იდგნენ და „სანუკვარ მაგიდაზე“ მოხვედრას ცდილობდნენ.
განვითარებისა და მასში ჩაბმული პიროვნებების რაოდენობის მიხედვით სპორტის სხადასხვა სახეობას შორის მაგიდის ჩოგბურთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
მეოთხე პოზიცია ვახსენე და საქართველოში, „პინგ-პონგი“ ანუ მაგიდის ჩოგბურთი თითქმის აღარ არსებობს. არ იფიქროთ, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენთან გამქრალა. არ არის გაუჩინარებული. დაგაწყნარებთ, მაგრამ მის მომავალ განვითარებას დიდი პრობლემები ახლავს.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: „რატომ გაუჩინარების?“. ყოველივე ამაზე პასუხს გაგცემთ. სამწუხაროდ საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი განადგურების პირასაა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში მდგომარეობა საქართველოში ვერ ან არ დალაგდა. რა ხდება ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახში? რატომ არის რომ სპორტის ამ სახეობის ფედერაციის ქართული „განყოფილება“ დღემდე რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთიანობას ვერ მიაღწია? რატომ არის რომ ჩვენს ქვეყანაში „პინგ-პონგი“ არავის აინტერესებს. ყოველივე ამის გასარკვევად, ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ წევრს, ბატონ ჯემალ მელაძეს ვესაუბრე.
ბატონო ჯემალ, რა ხდება? ვიცი, რომ მაგიდის ჩოგბურთის ქართულ ფედერაციაში დიდი განხეთქილებაა.
- მართალი ბრძანდებით. სპორტის ამ სახეობაში ბოლო ოთხი წელია დიდი პრობლემები შეგვექმნა.
რა არის ამისი მიზეზი?
- ნება მომეცით ამ დაპირისპირების ისტორია თავიდან გაგაცნოთ. 2010 წელს, „ნაციონალების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის დავით ბურჭულაძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში ჩვენი ფედერაციის ყრილობა გაიმართა. ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, ყრილობის ჩატარების უფლება არ მოგვცეს. რა იყო ამისი მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ყრილობა მაინც ჩავატარეთ და პრეზიდენტად ბატონი კახაბერ გუგეშაშვილი ავირჩიეთ. ეს ადამიანი დიდი და იმავდროულად იმედისმომცველი პროექტებით მოვიდა. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა.
რა მოხდა ბატონო ჯემალ?
- ბატონმა კახამ ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახის წევრების ნდობა იმით დაიმსახურა, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარების საკუთარი, საკმაოდ საინტერესო პროგრამა წარმოადგინა. სამწუხაროდ დანაპირები ვერ შეასრულა. სპორტის სამინისტრომ, 2013 წელს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ერთი თეთრიც კი არ გადაურიცხა. აღმოჩნდა რომ კახაბერ გუგეშაშვილი ჩვენი ფედერაციის თავკაცად სამინისტროს თანხების იმედად მოვიდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის დაფინანსებაზე უარი რატომ განაცხადა?
- ალბათ გახსოვთ რომ 2012 წლის დეკემბრამდე ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი დავით ბურჭულაძე, გენერალური მდივანი კი ქალბატონი ხათუნა ფირცხალავა გახლდნენ. ამ „დუეტმა“ ფედერაციის საფინანსო მდგომარეობა განადგურებამდე მიიყვანა. იმ წელს ფედერაციამ რამდენიმე შეჯიბრი კი ჩაატარა, მაგრამ დახარჯული თანხების ოფიციალური დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. 2013 წელს, სამინისტრომ ფედერაციის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ბურჭულაძე-ფირცხალავას, დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესახებ ოფიციალური საბუთები უნდა წარმოედგინათ. „დუეტმა“ ეს დღემდე ვერ შეძლო. ვფიქრობ რომ სპორტის სამინისტროს პოზიცია სწორი გახლდათ. ასე და ამგვარად ქართული მაგიდის ჩოგბურთი ე.წ. „კონკიას“ როლში აღმოჩნდა.
ბატონო ჯემალ. მოვლენები შემდეგ როგორ წარიმართა?
- კახაბერ გუგეშაშვილს რამდენიმე ოპონენტი ჰყავდა. მათ შორის ფედერაციის ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი გია მელაძე გამოირჩეოდა. ამ ადამიანმა მალე ალტერნატიული ყრილობა ჩაატარა და ფედერაციის ახალარჩეულ ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ შეაჩერა საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაში გატარებული ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობა 2012 წლის დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობდა. საინტერესოა, რომ ყველა მათგანი ყრილობის ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით იყო ინფორმირებული. გეტყვით იმასაც, რომ ბატონი გია მელაძე თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავკაცად დაინიშნა ყოველგვარი ყრილობის ჩაუტარებლად.
სპორტის თქვენი სახეობის ფედერაციის თავკაცად დავით სილაგავა მოგევლინათ. ვინ არის ეს ადამიანი?
- სილაგავა ახალგაზრდა ადამიანია. ის სპორტკომპლექს „არენაში“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. ამავე სპორტულ სარბიელზე გია მელაძეს რამდენიმე სპორტული ჯგუფი ჰყავდა. არ ვიცი რა ხერხებით, მაგრამ მელაძემ სილაგავა „შეაბა“ და ფედერაციის პირველი კაცის თანამდებობაზე დაითანხმა.
ამის შემდეგ მოვლენები როგორ წარიმართა?
- ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ საკუთარი სახსრებით ვერაფერი გააწყო.
შემიძლია რამდენიმე ფაქტი მოგაწოდოთ. მიმდინარე წლის დასაწყისში, თურქეთში საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა. ფედერაციამ ამ შეჯიბრებაზე ორი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. საუბარია ლევან პავლიაშვილზე და ლაშა ლომიაზე. ამ ბავშვებმა თურქეთის ტურნირის წინ ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე (ისევე, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ტურნირზე) სამ ასაკობრივ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს. და მაინც ფედერაციის მაღალჩინოსნებმა თურქეთში მათ ნაცვლად სხვები გაუშვა.
მეორე ფაქტსაც მოგახსენებთ. ევროპის პირველობის დაწყებამდე ჩვენი ნაკრების წევრების უკეთ მოსამზადებლად, ე.წ. სპარინგებისთვის ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი, რუსეთის ნაკრების წევრი მოვიწვიეთ.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ ამ ადამიანის თბილისში შრომის ანაზღაურებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
უფრო მეტსაც გეტყვით. ევროპის პირველობა მიმდინარე წლის ივლისში, იტალიაში გაიმართა. ფედერაციას მხოლოდ და მხოლოდ 3 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. ეს თანხა ვერ მოიძია და მე იძულებული გავხდი პროცენტიანი ვალი ამეღო. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ბატონ დავით სილაგავას ერთ ღვაწლს ნამდვილად ვერ დავუკარგავ.
იტალიის საელჩოში, ვიზების თანხა, დაახლოებით 600 ლარი იყო გადასახადი და პრეზიდენტმა ეს თანხა დაფარა. თუმცა იტალიაში გაფრენის წინ, სპორტსმენების ეკიპირების შეძენა ვერ ან არ შეძლო.
იტალიაში ჩავედით, ტურნირში მონაწილეობაც მივიღეთ, შეჯიბრი ათი დღე მიმდინარეობდა. ოთხი დღის განმავლობაში გუნდურ პირველობაში (სამი ვაჟი და სამი გოგონა, მათ შორის სამი ბათუმელი სპორტსმენი) კი ვიასპარეზეთ, მაგრამ პირად პირველობაზე ვეღარ გამოვედით. ამისი მიზეზი ფინანსური სიდუხჭირე აღმოჩნდა.
ვალი გაისტუმრეთ?
- ამ თანხის გადახდაში ბატონი ალექსანდრე ალბინი დაგვეხმარა. ვისარგებლებ შემთხვევით და მას დიდ მადლობას მოვუხდი. ეს ადამიანი მაგიდის ჩოგბურთით არის გატაცებული. იგი საქართველოში წლების განმავლობაში „რომპეტროლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ძირითადად ყაზახეთში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს დიდი სიყვარულის გამო თბილისში ბინა უკვე შეიძინა და მალე ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დასახლდება. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში იგი სტუდენტური სპორტის არაერთ სახეობას აფინანსებდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ალექსანდრე ალბინი, საქართველოში ყოფნა-არყოფნის მიუხედავად უანგაროდ აფინანსებს ათამდე პერსპექტიულ მოზარდ მაგიდის ჩოგბურთელს.
დავით სილაგავა რას აპირებს?
- მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის აღმასკომის ერთ-ერთი წევრი, ბატონი რობერტ კუდაშვილი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში ფედერაციის უფროსობა ვალდებული იყო რომ რიგგარეშე ყრილობა დაენიშნა. სამწუხაროდ ეს დღემდე არ განხორციელებულა. აქვე გთავაზობთ იმ განცხადებას, რომელიც ბატონმა დავით სილაგავამ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დაწერა, სადაც ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომლის მთავარი საკითხი ახალი პრეზიდენტის არჩევა უნდა ყოფილიყო.
ყრილობა არ ჩატარდა და ალბათ უახლოეს მომავალშიც არ გაიმართება. წინა კვირას, ბატონ სილაგავასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ამ უკანასკნელმა პირდაპირ მითხრა რომ პრეზიდენტობა აღარ სურს, მაგრამ რატომღაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა აღმასკომის ოთხი წევრის შეკრება.
თავად მაგიდის ჩოგბურთის ოჯახის წევრები რას ფიქრობენ?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობის გაუგებარი გადაწყვეტილებით, ორ გამოცდილ მწვრთნელს, ნანა გოზალიშვილსა და ხათუნა აივაზოვას თბილისის მერიის დახმარება მოეხსნა. ამ პრობლემას სულ მალე სასამართლო განიხილავს. აქვე აღვნიშნავ რომ ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორებას ითხოვს.
სპორტის სამინისტროს პოზიცია როგორი გახლავთ?
- ცოტა ხნის წინ ბატონ ლევან ყიფიანს პირადად ვესაუბრე. მან ყურადღებით მომისმინა, შემდეგ კი მირჩია რომ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრებმა ურთიერთობა თავად უნდა მოვაწესრიგოთ.
ფედერაციის არჩევნები ალბათ მაინც გაიმართება. თუ გყავთ საპრეზიდენტო კანდიდატი?
- თავდაპირველად იმას მოგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნულის გარდა კიდევ არაერთი პრობლემა გაგვაჩნია. თბილისსა და რეგიონებში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ინვენტარის (მაგიდები, ჩოგნები, ბარიერები, ბურთები) მიწოდება. არ არიან დანიშნული ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, არ გაგვაჩნია ნაკრების წევრების მოსამზადებლად ერთი ნორმალური დარბაზი მაინც. ასევე ნაკრების წევრებისთვის არ ტარდება მოსამზადებელი შეკრებები. აჭარის გარდა თითქმის ყველა რეგიონში მაგიდის ჩოგბურთი სულს ღაფავს. ჩვენს ფედერაციას მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიმართ საწევრო დავალიანება დაუგროვდა.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს. ბატონი ალექსანდრე ალბინი ის ადამიანია, რომლის დიდი დახმარებითაც ქართული მაგიდის ჩოგბურთი ჯერ კიდევ არსებობს. მან თანხმობა განაცხადა ჩვენს ფედერაციას უხელმძღვანელოს და ქართული მაგიდის ჩოგბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.