ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხის გადავადება, უმრავალესობაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. საუბარია ე.წ. გასაღების საკითხზე, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების საკითხი 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა გადაიწიოს. დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ორგანიზებით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება, სადაც კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუკი პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, კანონის გადავადებას დღეს მხარს არ დაუჭერს, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. რაც შეეხება ე.წ.გასაღებთან დაკავშირებულ საკითხს, შავგულიძე აცხადებს, რომ არ იცის რა შედეგს მივიღებთ. შეიძლება ეს იყოს ძალიან ცუდი შედეგი, იმიტომ, რომ ბოლომდე არ გვაქვს დანახული საფრთხე იმისა, რა მოჰყვება იმას, თუ მობილური კომპანიის ხელში გადავა ეს ე.წ.გასაღები.
„აბსოლუტურად დაურეგულირებელი დარჩება ინფორმაციის შენახვის საკითხი, თუ კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რა საჭიროებაც კანონმა ჩათვალა. გამოდის, რომ ჩვენ კომპანიებს დავავალდებულებთ შეასრულონ ის, რაზეც ოფიციალურად პარლამენტს მოსწერეს, რომ ვერ გააკეთებენ, რადგან ამისთვის საჭიროა ტექნიკური აღჭურვა და ფინანსები. წვრილი კომპანიები კი ამას საერთოდ ვერ შეძლებენ. ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს, რაც არასერიოზული იქნება და შეუძლებელს გახდის საგამოძიებო საქმიანობას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადავადდეს არა მარტო იმიტომ, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი დრო, არამედ იმიტომაც, რომ მნიშვნელოვანი იქნება ევროპის დონეზე გადაწყვეტილების ნახვაც.
რაც შეეხება ორი გასაღების იდეას, ხმალაძისთვის ეს მისაღებია, თუმცა ამბობს, რომ აქვე უნდა განისაზღვროს თუ ვის ხელში აღმოჩნდება ეს გასაღებები. თუმცა ამბობს, რომ ამ ორი გასაღებიდან ერთი უნდა იყოს იმ მოსამართლის ხელში, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ფარული მოსმენის კანონიერებისა და შესაძლებლობის შესახებ და მეორე გასაღები უნდა იყოს სახელმწიფო უწყების და არა უშუალოდ ინტერნეტ პროვაიდერის ხელში.
„საკითხი ძალიან რთულია და შეთანხმების გარეშე გართულდება გადაწყვეტილების მიღებაც. აქ მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომელმაც უნდა მოგვცეს პიროვნების უფლების დაცვისა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესების დაცვის მაქსიმალური გარანტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაველოდოთ, თუ როგორი იქნება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ვერსია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. ღარიბაშილის განცხადებით, ის პირადად ეწინააღმდეგება, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. ვინაიდან, მობილური ოპერატორები, სამივე შემთხვევაში, არიან უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.
მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს.
„კარგად დაფიქრდნენ, მესმის ეს იდეები, ძალიან კარგია, მაგრამ ამას სჭირდება ჩვენი რეალობის გააზრება და გაანალიზება, მითუმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ რთულ რეგიონში და ქვეყანას აქვს ძალიან რთული გამოწვევები. ამ შემთხვევაში მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, დეპუტატები დაფიქრდებიან.
მე, როგორც კოალიციის თავმჯდომარე, მივმართავ უმცირესობას და უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. არ შეიძლება გაუაზრებლად ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს კიდევ უფრო დიდ სიკეთეს, ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი. სახელმწიფოს ინტერესები და უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის და ასეთ საკითხებზე ზედაპირულად საუბარი არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ფარული მოსმენების საკითხზე მომუშავე მხარეებს მოუწოდებს, ემოციური განცხადებებით და რაიმე გაუაზრებელი ქმედებებით აქამდე მიღწეული წყალში არ ჩაყარონ. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ის თავადაც უკმაყოფილოა, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღების თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისი კანონის მისაღებად ვადის გადაწევა გახდა საჭირო.
„ახლა საჭიროა მუშაობის გაგრძელება, ნაბიჯის წინ გადადგმა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი 90 პროცენტი გაკეთდა, რაც მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის, შს სამინისტროს, დიპლომატიური მისიების და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. მინდა ყველას მივმართო, რომ რაიმე ემოციური განცხადებები და გაუაზრებელი ქმედებებით მიღწეული წყალში არ ჩავყაროთ და დარჩენილი საკითხები ბოლომდე მივიყვანოთ.
ძალიან ცუდია, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ვარ უკმაყოფილო, რომ საკითხები, რომელიც პირველ ნოემბრამდე უნდა დამუშავებულიყო, ვერ დამუშავდა, ვერ მოხერხდა საჭირო კონსენსუსის მიღწევა. მინდა ყველას შევახსენო, რომ პარლამენტში კანონის მიღებას არა ორი დეპუტატის, არამედ 76 კაცის მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ ისე არ არის, რომ რაკი ჩვენ ორს მოგვწონს, წავიდეთ და პროექტი შევიტანოთ. საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი თვლის, რომრამდენი გასაღებიც არ უნდა იყოს და ვის ხელშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.
„ჩვენ პოზიციას არ ვაფიქსირებთ და არ ვაფიქსირებთ შეგნებულად. იმიტომ, რომ რამდენი გასაღებიც არ უნდა იყოს და ვის ხელშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. როგორც იცით, კანონით ეს დაევალა ინსპექტორის აპარატს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა შესაძლო სქემის შემთხვევაში ეფექტური კონტროლის მოდელზე“, - აცხადებს თამარ ქალდანი, რომლიც აღნიშნულთან დაკავშირებით პირადად მის პოზიციას არ აფიქსირებს და განმარტავს, რომ მისი პოზიციის დაფიქირებისგან თავს შეგნებულად იკავებს.
ე.წ. გასაღების კერძო კომპანიების ხელშიც გადატანას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია.
„ჩვენ ვემხრობით იდეას, რომ გაგრძელდეს ჯგუფის მუშაობა, ოღონდ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადაში. საკითხის ექვსი თვით გადავადება არ უნდა მოხდეს. ვრჩებით იმავე პოზიციაზე, რომ მიუღებელია ე.წ. გასაღები არსებობდეს არა მხოლოდ შსს-ში, არამედ კერძო კომპანიების ხელში. ეს არის უფრო კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც რეკომენდაციას თავად საერთაშორისო ექსპერტები უწევენ“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.