„თავისუფალი თაობა“ 3-3 ლარს აგროვებს, „თავისუფალი ზონა“ ნერვიულობს

„თავისუფალი თაობა“ 3-3 ლარს აგროვებს, „თავისუფალი ზონა“ ნერვიულობს

ასეთი ორგანიზაციების შექმნას და არსებობას ზოგი მიესალმება, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში პოზიტიურ გავლენას ახდენს თავად პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია მოგონებები კომკავშირზე, ადამიანების უმეტესობა სკეპტიკურად არის განწყობილი. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა „თავისუფალი ზონა“, რომლის აქტივობამაც პოლიტიკურ ბაზარზე საპირწონის შექმნის საჭიროება გამოიწვია. ასეთ ორგანიზაციად ახლახანს „თავისუფალი თაობა“ მოგვევლინა, რომელმაც, მოასწრო და უკვე დაგვამახსოვრა თავი.

ნოემბერში დაანონსებული აქციების (7 ნოემბერი და 15 ნოემბერი) გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცემა-ტყეპით დაწყებული შემოდგომა ისევ ცემა-ტყეპით დასრულდება.

For.ge ორივე ორგანიზაციის ოფისს ესტუმრა და მათ წარმომადგენლებს ესაუბრა. პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებას ყველა უარყოფს, თუმცა „ზონელები“ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსთან მეგობრობას ახსენებენ, „თაობელები“ კი საკუთარი წევრების ბიზნესმენ მშობლებს ემადლიერებიან.

„თავისუფალ ზონას“ ბანაკი საბურთალოზე, პრესტიჟულ ბიზნეს-ცენტრში აქვს დაცემული, რომელშიც რამდენიმე ოთახს განკარგავს. ჩვენი იქ სტუმრობის მომენტში, ოფისში დაახლოებით ხუთი ადამიანი იმყოფებდა, რომლებიც ისხდნენ და ზოგად თემებზე საუბრობდნენ. For.ge-სთან საუბარი ლაშა ხუსკივაძემ ითავა. ინტერვიუს ჩაწერის მომენტში იგი შესამჩნევად ნერვიულობდა და ცდილობდა, შეკითხვებზე რაც შეიძლება მოკლედ ეპასუხა.

ლაშა ხუსკივაძე, „თავისუფალი ზონის აქტივისტი: ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა დაახლოებით ორი-ორწელიწადნახევრის წინ. ზუსტი თვე და რიცხვი არ მახსოვს.

და რა არის თქვენი ამოცანა, რა გსურთ?

- „თავისუფალი ზონა“ არის ინტერაქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური კლუბი. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანა 2012 წლამდე უფრო ვითარდებოდა ვიდრე 2012 წლის შემდეგ, ვებრძვით უსამრთლობას, ვებრძვით კოლაბორაციონისტ ადამიანებს, რა თქმა უნდა -პოლიტიკურ ჩარჩოებში.

2012 წლამდე სად იყავით?

- მე სად ვიყავი?

არა, თქვენი ორგანიზაცია, აქამდე რატომ არ ჩამოყალიბდა და მაინცდამაინც რატომ 2012 წელს? მანამდე ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო?

- მაგაზე რა უნდა გიპასუხოთ? 2012 წლის ბოლოს გაჩნდა იდეა და ჩამოვყალიბდით მაშინ.

და, ალბათ, დაფინანსებაც მაშინვე გაჩნდა...

- ჩვენ არანაირი დაფინანსება არ გვაქვს! ჩვენ ოფისიც კი არ გვაქვს ნაქირავები... ოფისი ჩვენს მეგობრებს აქვს ნაქირავები... ჯერჯერობით, აი როგორ გითხრათ... უბრალოდ, ჩვენი მეგობრები არიან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები და აქ სტუმრად მოვდივართ ხოლმე.

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული „თავისუფალი ზონის“ საქმიანობა?

- ანუ დაფინანსება გაინტერესებთ?

დიახ. შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ გაფინანსებთ? კონკრეტული პირები, სახელებს და გვარებს თუ გვეტყვით...

- ჩვენ? არა... არანაირი კონკრეტული პირები არ გვაფინანსებენ.

რამდენი წევრია თქვენს ორგანიზაციაში?

- საქართველოს მაშტაბით ძალიან ბევრნი ვართ, დაახლოებით 2000 წევრი.

თვითონ ორგანიზაციაში მაგდენი ხართ?

- გაწევრიანებული - კი.

და როგორ ხდება თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება?

- თავისუფალია, ნება-სურვილით ხდება.

ასაკს მნიშვნელობა აქვს?

- სრულწლოვნები.

ანუ, სკოლის მოსწავლეები არ გყავთ?

- არა... სკოლის მოსწავლეები ნაკლებად, ისე შეიძლება მხარდამჭერი იყოს სკოლის მოსწავლე, გვყავს ხოლმე სტუმრები, შეიძლება სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩვენი სტუმრები. როგორც ასეთი, სკოლის მოსწავლეები არ გვყავს გაწევრიანებული ორგანიზაციაში.

ახლო მომავალში რამე აქციას თუ გეგმავთ?

- არ ვიცი, ამაზე ვიმსჯელებთ, ძალიან მალე ამაზე ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. თავისუფალი ზონა არის ინტერაქტიული არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური კლუბი, და პოლიტიკურ აქტივობებს ახორციელებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

ე.ი. ახლო მომავალში არაფერს გეგმავთ?

- არა, ჯერ რამე კონკრეტულს არა.

For.ge „თავისუფალი თაობის“ ოფისსაც ესტუმრა. ოფისი სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს და, „თავისუფალი ზონის“ მსგავსად ხალხმრავლობით არც ის გამოირჩევა, თუმცა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლის, ლაშა ხუსკივაძისგან განსხვავებით, „თაობის“ ლიდერი მრავალსიტყვაობით გამოირჩა და თუ რა და როგორ ილაპარაკა, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლადო სადღობელაშვილი: იყო ერთი მომენტი თბილისში მე დავიჭირე ეს ნიუანსი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადებითად უყურებდა „თავისუფალ ზონას“. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც თუნდაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა და ეს ნიღაბი ახლა სამუდამოდ ჩამოვხსენით „თავისუფალ ზონას“ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაცია არის ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი, უკვე ძალიან გაუჭირდათ მათ არსებობა და კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც ლოგოს შეეხება.

ზონის მსგავსი ლოგო სპეციალურად გვქონდა აღებული, იმიტომ, რომ მაქვს ჩემი შეხედულება. ესენი გამოდიან რაღაცა ტყუილი შეხედულებებით. მე არ ვიძახი, რომ ჩემი მაინცდამაინც მართალია. კი, თავიდან მქონდა ის... რომ, ჩვენი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო საპირწონე, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ისეთი უძლური ორგანიზაცია აღმოჩნდა და ადვილად შევძელით ამ ორგანიზაციასთან გამკლავება,  უკვე, ცოტა სხვა მოტივაცია, სხვა სურვილები გვაქვს და ამბიცია. გაზრდილები ვართ.

ლოგოსთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი ხომ არ ყოფილა ერთნაირი რომ გქონდათ?

- კი იყო და ამასთან დაკავშირებით საუბრობს მაგალითად გელა ვასაძე, ყავთ მათ ერთ-ერთი ზონის იდეოლოგი და ძალიან ბევრ კომენტარებს აკეთებდა, რომ, აი, ნახეთ, ლოგოც და ჩვენი სახელწოდებაც ერთნაირი აქვთო, ამიტომ მინდოდა მეთქვა, რომ ლოგოსთან დაკავშირებით, ვაღიარებ - იყო მცდელობა რაღაცა მიმსგავსებული ყოფილიყო. ამის ახსნაც მაქვს, რატომ მინდოდა მიმსგავსებული ყოფილიყო. ეს არის ერთგვარი, აი, როგორც იცით, რომ არსებობს შავი ფერი და ზოგს გონია, რომ ეს არის თეთრი. მე მინდოდა, აი, ამ თუნდაც ლოგოთი, აი, ამ შეფუთვით, ჩვენი ორგანიცაზია გამეკეთებინა, როგორი უნდა იყოს ის პატრიოტული, ის ახალგაზრდული სულისკვეთება, რაც რეალურად უნდა არსებობდეს და ის რაღაც წარმონაქმნი, რომელიც წარმოადგენს დღეს ნაციონალების ერთ-ერთ სატელიტს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ძალიან ადვილად შევძელით ამ ორგანიზაციასთან გამკლავება, იმიტომ, რომ ეს ის ბაზა არ ყოფილა, რომელიც იმსახურებდა ამდენ ყურადღებას.

უკეთესს გეტყვით - ჩვენი გამოჩენის შემდგომ პრაქტიკულად დაიშალა ზონა. დღეს რომ ზონელს კითხოთ, აი,  ჩვენ რომ ვიცით ზონელია, ისეთ ადამიანს რომ კითხოთ, რომ ზონელი ხარ? არა, - გეტყვის - მე ვარ პიკასოს კლუბელი. ანუ, ფერი იცვალეს. აი, მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია გამოჩნდა თუ არა, გირშელ ბართაია და სხვა ზონელები გამოეყვნენ ზონას და ოფიციალურად შექმნეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი თაობა“.

„თავისუფალ ზონაში“ ხაბაზის და გელა ვასაძის გარდა ვინ არის დარჩენილი, მე არ ვიცი. აი, სალი მახარაშვილი რომ არის თუ მახარაძე, ეს გოგონა იძახის, რომ მე „პიკასოს კლუბელი“ ვარო, არადა ყველამ ვიცოდით, რომ ზონელი იყო მსგავსად გირშელ ბართაიასი. ამაზეა საუბარი, თითქოს, გამარგინალდა ორგანიზაცია. ჟარგონულად - უტყდებათ იქ ყოფნა რა, ვერ გაქაჩა ამ ორგანიზაციამ, ანუ  რესურსი ამოწურა და პრაქტიკულად იმიტომ ვიძახი, რომ დაშლის პირას არის და ზოგი ნაციონალური პარტიის ეგიდით გამოდის და საუბრობს ზოგი - „სამართლიანი თაობით“. იმის თქმა მინდა, რომ მორალურად და ფიზიკურადაც ჩვენ ეს ორგანიზაცია გავანადგურეთ, აღარ არსებობს ეს ორგანიზაცია.

თქვენი ორგანიზაციაციის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ფინანსებზეც იქნება დამოკიდებული...

- რაც  შეხება ხარჯებს, გეუბნებით, რომ ამ ორგანიზაციას აქვს ერთ-ერთი მსხვილი ხარჯები. ეს არის ოფისის ღირებულება. ოფისის ღირებულება კი არა, უფრო ზუსტად გეტყვით: ოფისთან მიმართებით ხარჯები, ოფისს ემატება კომუნალურები, შესაბამისად ეს შეადგენს დახლოებით 1000 ლარს, შეიძლება ზოგჯერ იყოს 900. კომუნალურები იცით რომ სხვადასხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით 1000 ლარს ვაგროვებთ რაღაცნაირად ოფისში.

მოგახსენეთ და ახლაც გაგიმეორებთ, რომ გვყავს ისეთი წევრები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან შეძლებული ოჯახი აქვთ და ურჩევნიათ, ვიდრე იგივე, სადმე კაფეში დახარჯონ 300, 200, რეალურად აქ საქმეს მოახმარონ. ასე ხდება რეალურად ფულის შეგროვება - ვისაც რამდენი შეგვიძლია. მეტი ფინანსები მე არ მჭირდება. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით პლაკატების შესახებ აუცილებელი ფაქტია, ჩვენი ორგანიზაცია არც რაღაც ინვენტარით გამოირჩევა, არც პლაკატები გვაქვს ისეთი, რომ  თვალსაჩინო იყოს, ქაღალდის ფორმატებზე ჩვენი ხელით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. სტამბებში არ მივდივართ და არ ვუკვეთავთ ვინმეს, რომ აი, გამიკეთე რა, და ამაში ფულს არ ვიხდით. მივდივართ, ვყიდულობთ სამ ფორმატს და ფოტოებს ფერად ქსეროქსზე ვბეჭდავთ და წარწერებს ხელით, ფლომასტერებით ვ აკეთებთ, ჩვეულებრივ, როგორც ეს ახალგაზრდულ ორგანიზაციას უნდა ეკადრებოდეს და არა ისეთი ფუფუნებით, სხვა არასამთავროები რომ  სარგებლობენ.

რამდენი წევრი გყავთ?

- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აქტიური წევრი ვართ 300 ახალგაზრდა, სტუდენტი, სკოლის მოსწავლეებიც, ხოლო უფროს თაობას, რეალურად, უფროს თაობას კი არა, ადამიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ მოდიან, მათ არააქტიურ წევრად მივიჩნევთ. პირველად რომ გამოჩნდა „თავისუფალი თაობა“,  მაშინ მქონდა რესურსი 100 კაცი. დღეს-დღეობით ვართ 300-მდე. თვენახევარია, რაც ორგანიზაცია არსებობს, უკვე მოზრდილი ორგანიზაცია ვართ, არა მარტო ხალხით ვართ მოზრდილი, არამედ ამბიციებიც დიდია. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ ერთ-ერთი დიდი პრობლემა თუნდაც "ნაციონალური მოძრაობისთვის". გვქონდა სხვა ამბიცია, გაგვიჩნდა სხვა ამბიცია... დრომ მოიტანა, შეხედულებამ მოიტანა და ჩვენმა განვითარებამ.

გეგმები?

- არავითარი უფლება არ აქვთ ნაციონალებს ჩაატარონ აქცია 15 ნოემბერს ან საერთოდ, სხვა თვეებში და რიცხვებშიც, მაგრამ ნუ - კარგი, ჩვენ გვინდა ევროპა, დასავლური ორიენტაცია გვაქვს აღებული და ყველა სახის უმცირესობასაც კი, რეალურად, ეს იქნება რელიგიური თუ სხვადასხვა შეხედულებების უმცირესობა, აქვთ არსებობის, პროტესტის გამოხატვის უფლება, შესაბამისად 15 ნოემბერს „თავისუფალი თაობა“ ამას აცხადებს და ამას გეუბნებით თქვენც, 15 ნოემბერს ჩვენ არავითარ აქციას არ გავმართავთ, ამ შემთხვევაში დღეს-დღეობით არავითარი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. რა იქნება ხვალ და ზეგ ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა ასე ვართ ჩამოყალიბებული, თუმცა არსებობს თარიღები, თუნდაც 6 ნოემბერი, არსებობს 7 ნოემბერი. ახლა 6 ნოემბერზე, რატომ ვამახვილებ ყურადღებას, მინდა თქვენც გააჟღეროთ თქვენი მედიასაშუალებით - ბატონი რეზო ამაშუკელი მართავს შეხვედრას თეატრში დიდ დარბაზში, სადაც ტიპიურად ქართულ იდეოლოგიაზეა საუბარი, რელიგიაზე თუნდაც იგივე პატრიარქთან მიმართებაში, კულტურულ და ტრადიციულ რელიგიურ რაღაცა მიმართულებებზე გვექნება საუბარი. ხოლო, ყველამ კარგად ვიცით, 7 ნოემბერს რა თარიღიც არის, ამ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" თავის მოსახლეობას გაუსწორდა ფიზიკურად და შესაბამისად ჩვენც „თავისუფალი თაობა“, იქ, სხვა არასამთავროებთან ერთად, ვგეგმავთ რაღაცა მდუმარე ღონისძიების ჩატარებას, მდუმარე აქციის პროტესტის ჩატარებას, ჩვენც, ასე ვთქვათ, გვინდა, რომ ჩვენც დავაფიქსიროთ აზრი ჩვენს არსებობასთან მიმართებაში.

ვგეგმავთ აქციას 7 ნოემბერს, ანუ იმას გეუბნებით, რაც იქნება უეჭველი, ცოტა იქით და აქეთ რა იქნება და როგორ იქნება განვითარება, ამაზე ვერ გეტყვით, თუმცა გეგმის ნაწილი, რაც ცნობილია და რაც ვიცით - ეს არის, ხოლო რატომ დავიწყე ახლა ამაზე ლაპარაკი... ერთს გეტყვით, უბრალოდ, რომ ყველამ დაიმახსოვროს, ეს ერთგვარი სანაგვე (ძალიან გთხოვთ ამ სიტყვებით მოიხსენიეთ), რომელიც აპირებს 15 ნოემბერს განლაგდეს პარლამენტის შენობის წინ, 15 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელებს რაიმე სახის აქტიურობას, თვითონვე აანონსებენ, ეს ერთგვარი პერმანენტული აქციის სახეს მიიღებსო, ჯაჭვური პოლიტიკური დღეები გველის წინო და ეს ყველაფერი ვიცი - 23 რიცხვს უმიზნებს, 23-სთვის კულმინაცია უნდა იყოს მიღწეული.

მე, რიგითი თბილისის მცხოვრები, მით უფრო, რომ ვცხოვრობ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფისიც მაქვს იმ ადგილთან ძალიან ახლოს, სადაც ისინი აპირებენ რაღაცას, ვერ მოვითმენ თავხედურ საქციელს და თუ ხელისუფლება ვერ აიღებს იმის პასუხისმგებლობას, თუნდაც ჩვენ „თავისუფალი თაობა“  რაღაცა დოზით ამ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ავიღებთ უკვე. წინასწარ ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მე პირადად გეუბნებით - ეს აზრი ფუნქციონირებს ჩვენს ორგანიზაციაში, აი ამათ პარპაშს და ამათ თავხედურ საქციელს, თუნდ ამათ გამო, რომ ერთი საათით მაინც სადმე გადაიკეტოს ქუჩა, ამას ჩვენ ვერ ავიტანთ, აი ეს არის და ეს, და კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მე, როგორც ლადო სადღობელაშვილს, რეალურად მეზღუდება ყველანაირად ჩემი უფლება, იზღუდება მშვიდობიანი გადაადგილების უფლება. არა?! ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში რომ მშვიდობიანად გადავაადგილდეთ აი, ეს უფლება მეზღუდება მე მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაცია განლაგდება იქ.

რედაქციისგან: მასალა მომზადებულია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.