მთაწმინდის საბაგირო - ადგილი იგივე, ფორმა სხვაგვარი

მთაწმინდის საბაგირო - ადგილი იგივე, ფორმა სხვაგვარი

თბილისის ცენტრში კვერცხის ფორმის საბაგირო აღარ აშენდება, თუმცა მთაწმინდისკენ მიმავალი საჰაერო ტრანსპორტის სადგურის ადგილმდებარეობა კვლავ დავის საგანია. თბილისის მერიას წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროექტზე უარი არ უთქვამს, თუმცა, მისი განხორციელება შეცვლილი იერსახით გადაწყვიტა. დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ვარდების მოედნისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო სადგურების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. საბაგიროს იერსახე შეიცვალა, თუმცა, სადავო ისევ რჩება საბაგიროს ქვედა სადგურის მდებარეობა - სასტუმრო „რედისონის“ წინ მდებარე ტერიტორია. სპეციალისტების ნაწილი ამ ტერიტორიაზე საბაგიროს აშენებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.

კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ესკიზური პროექტების შესყიდვის ფასი 5 ათასი ლარია. საბუთების მიღებისა და რეგისტრაციის ვადა 9 ნოემბერს იწურება.

თბილისის ცენტრში საბაგიროს განახლების პროექტი წინა ხელისუფლების პირობებში იანვარში დაიწყო და 10 თვის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, საბაგიროს მაკეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი არამარტო პროექტის იერსახეს, არამედ მის მდებარეობასაც აპროტესტებდა. როგორც ჩანს, თბილისის ახალმა მერიამ შენიშვნათა ნაწილი გაითვალისწინა, ნაწილი კი არა. შედეგად, ქვედა სადგურის ადგილმდებარეობა იგივე დარჩა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, სპეციალისტების მოლოდინი იყო, რომ კონკურსი ადგილმდებარეობის შეცვლაზე გამოცხადდებოდა და არა არქიტექტურის ცვლილებაზე.

„ადგილი არ არის შესაფერისი, არ არის სწორი რუსთაველის პროსპექტის გადაკვეთა საბაგირო გზით“,- აცხადებს ბათიაშვილი.

არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი დავით აბულაძეც იმავე აზრზეა. მისი თქმით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საბაგიროს „რედისონის“ წინ მოწყობა არასწორია. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობა, რომლის ადგილიც დღეს არ არსებობს.

„სასტუმროს წინ არის პარკინგი, მაგრამ ეს „რედისონის“ რესურსია, საქართველოს ფოსტის შენობაშიც უკვე კეთდება ახალი სასტუმრო, რომელიც ასევე მოაწყობს პარკინგს, ამიტომ ახალი პარკინგის ადგილი აღარ რჩება. ქალაქგეგმარების ლოგიკით, ჩვენი, არქიტექტორების მიზანია, არ მოვახდინოთ ერთ ადგილზე ამდენი სატრანსპორტო საშუალების მობილიზება“, - აცხადებს აბულაძე და მიიჩნევს, რომ საბაგირო ძველ ადგილას, მეცნიერებათა აკადემიის უკან უნდა მოეწყოს.

„ტფილისის ჰამქარიც“ ე.წ. „ვარდების მოედანზე“ საბაგირო სადგურის ესკიზურ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის წინააღმდეგია.

„მიგვაჩნია, რომ სასტუმრო „რედისონის“ წინა მოედანი შეუფერებელი ადგილია ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისთვის. მიუღებელია საბაგირო ხაზის ერთ-ერთი საყრდენი სვეტის დამონტაჟება გრიბოედოვის ქუჩაზეც. უნდა აღინიშნოს, რომ წინა პროექტი არქიტექტურის სამსახურში არსებული საბჭოს გვერდის ავლით შეთანხმდა. დღემდე არ არის წარმოდგენილი კვლევა, რომელიც საბაგიროს „ვარდების მოედანზე“ განხორციელების აუცილებლობას დაასაბუთებდა. პრობლემური გახდება მოედნის ქვეშ მდებარე მეტროპოლიტენის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლის თავზეც იგეგმება აღნიშნული სადგურის აშენება.

ვფიქრობთ, მთაწმინდის საბაგიროს აღდგენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქისთვის, თუმცა ის უნდა აღდგეს მეცნიერებათა აკადემიის უკან მდგარი ძველი საბაგირო სადგურის რეკონსტრუქციის ხარჯზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ ძველი სადგური დღეს აღარ ეკუთვნის ქალაქს და კერძო საკუთრებაა, მაგრამ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლანდელ მეპატრონეს კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის გზით, თბილისის მერიამ შესთავაზოს ალტერნატიული ვარიანტები, რათა ერთი მხვრივ არ შეილახოს კერძო საკუთრების უფლება და მეორე მხრივ დაცული იყოს ქალაქისა და საზოგადოებრივი ინტერესი.

შესაბამისად, „ტფილისის ჰამქარი“ „ვარდების მოედანზე“ საბაგირო სადგურის ესკიზურ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის წინააღმდეგია. ვინაიდან, ამ შემთხვევაში „მიუღებელია არა ზოგადად კონკურსის წესი, არამედ - საპროექტო ობიექტის ადგილი“, - აცხადებენ „ტფილისის ჰამქარში“.