ყოფილი სს "ავტოგაზის" აქციონერები დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენელთან მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წილების წართმევაზე ფინანსურ პოლიციაში დაკითხეს.
ყოფილი სს "ავტოგაზის" ერთ-ერთი აქციონერის თენგიზ მაჭავარიანის განცხადებით, ბეჟუაშვილმა ორგანიზაცია საკუთარ ფირმაზე სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით გადაიფორმა. მისივე თქმით, 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და განუცხადეს, რომ დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი სს "ავტოგაზს" ეხება.
„2006 წელს შეთითხნილი ბრალდებებით დაიჭირეს ჩვენი ორგანიზაციის ყოფილი სს "ავტოგაზის" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ისინი სამი თვის განმავლობაში იჯდნენ ციხეში. ამ პერიოდში ჩვენთან ფინანსური პოლიცია შემოვიდა და მილიონობით ლარის ოდენობის ჯარიმები დაგვაკისრა. ეს თანხა დავით ბეჟუაშვილმა გადაიხადა და ამის სანაცვლოდ იძულებით დაგვათმობინეს 50% წილი. ამ თანხის გადახდის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა სახელმწიფო ტერორი. კეზერაშვილმა პირადად მე დამიბარა და მითხრა, რომ შექმნილი აქვთ სამართალდამცავი სტურქტურების დახმარების ფონდი და ყოველ თვე 20 ათასი ლარი უნდა გადაგვეხადა. იძულებული ვიყავით დავთანხმებულიყავით და ამ თანხას წელიწადზე მეტ ხანს ვიხდიდით. ძალდატანებით გვაფინანსებინებდნენ სპორტსმენებს, კრივის ფედერაციას. ჩვენ ისედაც ვეწეოდით ქველმოქმედებას, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალდატანებით. მეორე 50% კი ძალიან დიდი დავა და ზეწოლები იყო. მიდიოდა მიზანმიმართულად ორგანიზაციის გაკოტრება. საბოლოოდ დარჩენილი წილიც მიზერულ თანხად, სს "ავტოგაზის" საბაზრო ღირებულების დაახლოებით 15%, 3 მილიონ 750 ათას დოლარად გადაიფორმეს. ჩვენ მივმართეთ ღია წერილით პრემიერ-მინისტრს და ველოდებით, რომ სამართლიანობა აღდგება და ამაზე რაღაც რეაგირებას მოახდენს. ჩვენ ფინანსურ პოლიციაში 2012 წლის ბოლოს დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ბეჟუაშვილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ერთ-ერთი ეპიზოდი არის ჩვენი და აქციონერება მივეცით ჩვენებები. ამის შემდეგ გავიდა თითქმის ორი წელი და იქიდან არანაირი პასუხი არაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ყოფილი სს "ავტოგაზის" გენერალური დირექტორის გია ღოღობერიძის თქმით, ბეჟუაშვილის სახელით მათთან მოლაპარაკებებს გიგი ქოიავა მართავდა, რომელიც იმ კომპანიის დამფუძნებელია, რომელზეც პირველი 50% წილი გადაფორმდა.
„წელიწადნახევრის წინ გვქონდა შეხვედრა ქოიავასთან, თავისთავად ამ თემაზე იყო ლაპარაკი. ურთიერთობა მანამდეც ქოიავასთან გვქონდა. 2003 წლამდე ის ჩვენთანაც მუშაობდა, ბიზნესურთიერთობაც გვქონდა, ინგოროყვამდე გაზის მომწოდებელ კომპანიაში მუშაობდა. ჩემი აზრით, სწორედ მისი და ბეჟუაშვილის ურთიერთობის მერე დაიწყო ასეთი ინტერესი იმიტომ, რომ ქოიავა იცნობდა და ახლოს იყო ჩვენს საქმესთან. როდესაც შევხვდით ვუთხარით, რომ მას უნდა მოეგვარებინა ყველაფერი ბეჟუაშვილთან, რადგან მაშინაც ის შუამავლობდა. ვუთხარით, რომ უნდა მიხვიდე და უთხრა, რომ რაღაც ან კომპენსაციის, ან უკან დაბრუნების სახით მომხდარიყო ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი ნაშრომის სანაცვლოდ რაღაც უნდა მივიღოთ. ქოიავამ კი გვითხრა, რომ უკვე დავაგვიანეთ, იქ ამბები მოგვარებულია და ჯერ ერთი აღარც დაელაპარაკება ბეჟუაშვილი ამ თემაზე და რომც დაელაპარაკოს, ბეჟუაშვილს ეს ამბები ახალ მთავრობასთან დალაგებული აქვსო“, - განაცხადა გია ღოღობერიძემ.