ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემის წამყვანები, ჟურნალისტები და ოპერატორები ტოვებენ. დიანა ტრაპაიძემ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე დაადასტურა. სხვა ჟურნალისტებს სამსახურიდან წასვლის თაობაზე ჯერ განცხადებები არ დაუწერიათ, თუმცა, ვრცელედება ინფორმაცია, რომ „მაესტროზე“ მუშაობას აღარ გააგრძელებენ თეონა გეგელია, მაკა ცინცაძე, სოფო ზურბიანი, ნინო ჟიჟილაშვილი და რამდენიმე ოპერატორი. For.ge-სთვის კი ცნობილი გახდა, რომ უკვე დაფუძნდა ახალი კომპანია შპს „ტელეკომპანია მაესტრო“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა, იგი მოქმედ ტელეკომპანიაში კვლავ მუშაობს და ტექნიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
„თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უწესო, უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა "მაესტროში" მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან“,- წერს გადაცემა „სუბიექტური აზრის“ ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
გადაცემის პროდიუსერი ირაკლი აბსანძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის დეტალები, თუ რატომ გადაწყვიტეს ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „მაესტროს“ დატოვება, თუმცა, იცის ის რომ, ამ დროისთვის სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს და მან ეს განცხადება ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
„წუხელ ჰქონდა დიანას შეხვედრა კოტე გოგელიასთან და ამ შეხვედრის შემდეგ დაწერა განცხადება წასვლაზე. ჩვენ - მე და თეონას ჯერ არ დაგვიწერია განცხადებები, მაგრამ „სუბიექტური აზრი“ ფორმატშეცვლილი ეთერში ვერ გავა. დიანას გარეშე კი ფორმატი ირღვევა და ამ გადაცემას მის გარეშე ვერ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ირაკლი აბსანძემ.
For.ge-ს კითხვაზე კოტე გოგელიასთან დიანა ტრაპაიძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ამ გადაცემის შინაარსის ან ფორმატის შეცვლაზე, პროდიუსერი აცხადებს, რომ შეხვედრაზე გამართული საუბრის დეტალები არ იცის და არც ის იცის, კონკრეტულად, რას უკავშირდებოდა დიანა ტრაპაიძის გადაწყვეტილება.
For.ge-მ დიანა ტრაპაიძესთან და თეონა გეგელიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. იმავე მიზეზით ვერ მოვისმინეთ არხზე მიმდინარე პროცესებზე კომენტარი „მაესტროს“ დირექტორისგან, ბაია გაბადაძისგან.
ირაკლი აბსანძე განმარტავს, რომ კოლეგებთან დაკავშირების პრობლემა თავადაც აქვს და, შესაბამისად, მეტ ინფორმაციას არ ფლობს.
For.ge-ს ინფორმაციით, კი, არ არის გამორიცხული, „მაესტროზე“ მიმდინარე პროცესები ტელეარხის მფლობელის შეცვლას უკავშირდებოდეს.
კერძოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოფიციალურად, შესაძლოა, ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ მაკა ასათიანის ქმარი კოტე გოგელია „მაესტროს“ წილის მფლობელი აღარ იქნება. For.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით, გარიგება უკვე შედგა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და გოგელიას წილი, სწორედ, მან იყიდა.
„მაესტროში“ ვითარება, სავარაუდოდ, სწორედ, ამ პროცესის გამო აირია. დაახლოებით 10 დღის წინ ტელეკომპანიიდან თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს. შემცირება შეეხო როგორც ჟურნალისტებს, ისე ტექნიკურ პერსონალს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, შპს „სტუდია მაესტროს“ ჯერ კიდევ 6 მფლობელი ჰყავს. მამუკა ღლონტი 15%-ს ფლობს, ლევან ჩიკვაიძე -15%-ს, ეკატერინე ეკობია 5%-ს, გიორგი ებრალიძე -1 5%-ს, გიორგი გაჩეჩილაძე -25%-ს და ასევე 25%-ს ფლობს მაკა ასათიანი, რომლის მეუღლეც ბიზნესმენი კოტე გოგელიაა.
For.ge-ს ინფორმაციით, 11 დღის წინ, 17 ოქტომბერს, ოფიციალურად შეიქმნა ახალი კომპანია შპს „ტელეკომპანია მაესტრო“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა. ილია კიკაბიძე „შპს მაესტროში“, ანუ დღეს მოქმედ ტელეარხის მენეჯმენტშიც მუშაობს.
For.ge-სთან საუბრისას ილია კიკაბიძე „მაესტროს“ ჟურნალისტების მიერ ტელეკომპანიის დატოვებაზე კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ მას ტელევიზიაში მხოლოდ ტექნიკური საკითხები ეხება.
„დიდი სიამოვნებით მოგცემთ კომენტარს იმ საკითხებზე, რაც მე მეხება. ეს არის ტექნიკური საკითხები - ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი ვარ“,- განგვიცხადა ილია კიკაბიძემ.
ჩვენს კითხვაზე, რა მიზნით შექმნა მან 17 ოქტომბერს ახალი კომპანია „შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ , კიკაბიძე განმარტავს, რომ ახალი საკაბელო მაუწყებლის დაფუძნებას აპირებს.
„ეს „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება, უბრალოდ, დავარეგისტრირე. შესაძლებელია, ახალი საკაბელო მაუწყებლობა გავაკეთო. ჯერ დოკუმენტაციის დონეზე ვარ, ლიცენზირებების საკითხებზე ვმუშაობ“,- აცხადებს ილია კიკაბიძე.