პოლიციელს, შესაძლოა, ოჯახში მოძალადის დაკავების უფლებამოსილება მიენიჭოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის დანაშაულისთვის საპატიმრო სანქციის შემოღებას. თუ დღემდე ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე), ამას შესაძლოა, დაემატოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უფრო ეფექტური ქმედება იქნება.
ამასთან, სასჯელის ზომად შეიძლება განისაზღვროს, პირველ შემთხვევაში, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვა. ეს უკვე მოსამართლის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ფსიქოლოგების ნაწილი კანონის გამკაცრებაში გამოსავალს ვერ ხედავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პერსპექტივა უნდა გამოჩნდეს და ადამიანები ფსიქო-სოციალური ტოქსინების გავლენის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდნენ. საუბარია ისეთ მდგომარეობაზე, როცა ადამიანებს აშინებენ ხან კატასტროფების წელის დადგომით, ხან ეპიდემიებით, ხან საგანგაშო ინფორმაციებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ტოქსინი“ ბერძნული სიტყვაა და შხამს ნიშნავს, აშკარა ხდება, რომ ჩვენს საზოგადოებას ყოველი მხრიდან უარყოფით ემოციებს უგზავნიან. მათ შორის - ფსიქო-სოციალური ტოქსინები იგზავნება ტელევიზიებიდანაც. უარყოფითი ემოციები შეიძლება გამოიწვიოს იმანაც, რომ საინფორმაციო გამოშვებები ძალზე ხმაურიანი, სწრაფი და დაძაბული მუსიკით იწყება. ამიტომ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, იმისთვის, რომ ადამიანი არ გახდეს ფსიქო-სოციალური ტოქსინების მსხვერპლი, საჭიროა, საკუთარი თავი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს.
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პოლიციისა და უშუალოდ სახელმწიფოს ჩარევას მიესალმება, როცა საქმე გვაქვს შეურაცხად მამაკაცთან. For.ge-სთან საუბარში მამა თეოდორე აცხადებს, რომ მან პირადად იცის ისეთი შემთხვევები, როცა უკვე ქალების გადარჩენაზეა საქმე, ამ დროს პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვერ ეხმარება ქალს. ამიტომ კანონის სიმკაცრე კარგი იქნება, რადგან, თუ ქალი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, მიმართავს პოლიციას.
„წარმოიდგინეთ ქალი, რომელსაც ვერც ძმა იცავს, ვერც მამა, შეიძლება, არც ჰყავს ასეთი დამცველი. რა ვქნათ, მოვაკვლევინოთ აგრესიულ მეუღლეს? თუ კანონი ამას დაარეგულირებს, კარგი იქნება, მაგრამ მერე პოლიციის საშუალებით უკვე ქალებმა არ იძალადონ ქმრებზე. როდესაც ეკლესიას ადანაშაულებენ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და არ მოსწონთ, როცა ეკლესია ქადაგებს „ქმარი თავია ცოლისა“, ეს ნიშნავს კაცის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე, ოჯახის მიმართ და კაცის თავგანწირულ ერთგულებასა და სიყვარულს ცოლისადმი. ამ შემთხვევაში, ქმარი მართლაც თავია ცოლისა. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე თავია ეკლესიის, ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, ანუ ჩვენთვის, სისხლი დაღვარა, თავი გაწირა. აგრესიის ეკლესიისთვის გადაბრალება კი მაცხოვრისადმი სიძულვილია. ეს მათი არჩევანია. არცერთი კაცი, რომელიც ასე აგრესიულად იქცევა და ასეთ დღეში აგდებს ქალს, ქრისტიანი არ არის. რა ვქნათ ახლა, რამდენი არაქრისტიანი საშინელებას აკეთებს, ეკლესია რა შუაშია?! ეკლესია პასუხს აგებს ქრისტიანებზე. გვაჩვენონ, ქრისტიანული სწავლების დოქტრინალურ დონეზე სად ეგულებათ, რომ კაცის აგრესია ქალზე დაშვებული იყოს? სად არის ნაჩვენები, რომ ქალი ნაკლებია კაცზე? ასეთი რამ დოქტრინალურად არ არსებობს. ქალის მიმართ აგრესია მოიტანა უღმერთობამ. მე მღვდელი ვარ და მოკლე პაუხი შეიძლება გავცე ამას. რა თქმა უნდა, აქ მიზეზები საძიებელია სოციალურ გარემოშიც, ეკონომიკურ ფაქტორებშიც, დეპრესიული და აგრესიული ფონი აწეულია საქართველოში, მაგრამ მთავარია ქართველების უღმერთობა“, - აცხადებს მამა თეოდორე და განმარტავს, რომ ამ ადამიანების აგრესიულ ქმედებაში თავადაც არის „დამნაშავე“, რადგან, ეტყობა, ვერ მოახერხა, რომ ღვთის ცოცხალი სიტყვა მიეტანა ზოგიერთების ყურამდე.
მოძღვარი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების კისერზე იქნება მომავალი აგრესიები, რომლებიც ეკლესიისკენ, ანუ ქრისტიანული სწავლებისკენ იშვერენ ხელს და ხელს უშლიან მოძღვრებს, ღვთის სიტყვა მიიტანონ ადამიანებამდე. მამა თეოდორე თვლის, რომ, თუ ადამიანი ბავშვობიდან არ აღიზარდა ზნეობრივად და სულიერად, შემდეგ უკვე ყალიბდება უღმერთოდ, ურწმუნოდ, აგრესიულად და დეპრესიულად.
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კანონის გამკაცრებაში გამოსავალს ვერ ხედავს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ, თუ პოლიციელს ოჯახში მოძალადის დაკავების უფლებამოსილება მიენიჭება, ამან, შესაძლოა უკუშედეგიც მოიტანოს, რადგან ქალების უმრავლესობა ძალადობის შესახებ აღარ განაცხადებს პოლიციაში. ამიტომ ნანა ჩაჩუა ოჯახური უსიამოვნებების დროს გამოსავალს ფსიქოლოგიური მომსახურების დამკვიდრებაში ხედავს. მით უფრო, როცა ადამიანების უმეტესობამ არც იცის და ვერც ფლობს ურთიერთობის მთელ ტექნიკას. ჩვენმა მოქალაქეებმა არც ის იციან, რომ შესაძლოა, ადამიანი იყოს გაბრაზებული, ნაწყენი, მაგრამ ეს წყენა და გაბრაზება ლმობიერებაში გადაიტანოს.
„ოჯახური კონფლიქტების შემდეგ შესაძლებელია, ადამიანში აღმოაჩინოთ ისეთი თვისებები, რომელიც კორექციას მოითხოვს. ამიტომ კონფლიქტის მართვის საჭიროება უნდა იცოდნენ ადამიანებმა. მართალია, პოლიციელის უფრო ეშინია მოძალადეს, მაგრამ ფსიქოლოგებსაც აქვთ ამის გამოცდილება და, ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგი არის საშუალება, რომ ადამიანებს გააგებინოს, თუ როგორ შეიძლება პრობლემების დაძლევა. ეს უნდა ხდებოდეს ტელევიზიით, გადაცემებით, ჩვენთან უკვე არის ამის კულტურა და ფსიქოლოგებს მიმართავენ უმეტესად ქალები, შემდეგ მოდიან მამაკაცებიც და ერთობლივად ხდება ამის მკურნალობა. საქართველოში მამაკაცები ცუდ დღეში არიან. როგორ ფიქრობთ, საქართველოს კაცები მარტო ტაქსის მძღოლებად ვარგიან და ელიავაზე სამუშაოს მოლოდინში უნდა ათენებდნენ? ჩვენთან მამაკაცი ყველაზე პატივაყრილია, მას არ აქვს სამუშაო. ქალები მაინც ძიძებად ახერხებენ მუშაობას, ან საზღვარგარეთ მიდიან და იქ მომვლელებად მუშაობენ. მამაკაცები თითქოს უფუნქციოდ არიან. ამბობენ, რომ ზოგჯერ ყოფილი პატიმრების ჩადენილია ეს დანაშაული, რომლებმაც წინა წლებში ციხეებში დამამცირებელი გარემო იწვნიეს. ესეც მართალია. მამაკაცი, რომელიც საკუთარი თავის ღირსებას ვერ განიცდის, აგრესიული ხდება. ყველას არ შეუძლია, აგრესიულობა შეცვალოს ლმობიერებით. ეკლესიას ბევრი პოზიტიური მხარე აქვს, ის, რომ მამაკაცი ოჯახის თავია, შეიძლება, ვინმემ არასწორად აღიქვას და გაიგოს. ამიტომ მთავარია, როგორ ინტერპრეტაციას გააკეთებს მრევლი. თვითონ ქრისტანული რელიგია ქალისა და კაცის ურთიერთობაში თანაბარ უფლებებზე ლაპარაკობს. პირიქით, ეკლესიისა და ტრადიციის მნიშვნელობა რომ შესუსტებულია, ამაზე დასავლეთში ბევრს ლაპარაკობენ და ეს ცუდია“, - აცხადებს ნანა ჩაჩუა.
რაც შეხება ემანსიპირებული ქალების თავისუფალ ქცევას, ფსიქოლოგი თვლის, რომ უზნეო საქციელი ადრეც ხდებოდა, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ოჯახური ურთიერთობა, სადაც მეუღლეები თავის პიროვნულ ზრდას უნდა ახერხებდნენ. სადაც ეს არ ხერხდება, მოღალატე ქალი თუ კაცი ამ ურთიერთობისთვის ზიანის მომტანი ხდება. ამიტომ ფსიქოლოგი თვლის, რომ ადამიანებმა უნდა შეძლონ, დაელაპარაკონ ერთმანეთს და გააგებინონ, რა უნდათ.
„ლაპარაკის უნარი დაკარგეს ადამიანებმა. ქორწინებები ხდება ისეთ პირობებში, რომ ერთმანეთს წესიერად არც იცნობენ. იქ, სადაც შრომის, განსწავლულობის პატივისცემა და პატიოსნების მნიშვნელობა დაკარგულია, მხოლოდ აგრესიას რჩება ადგილი“.