მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს. ასე ეხმაურება მეუფე თეოდორე ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მუსლიმან მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკების ფაქტს.

მეუფის განმარტებით, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში, 1595 წლის მიხედვით, აღნიშნული შენობა მოხსენიებულია, როგორც ეკლესია.

სწორედ ამის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია იგი მუსლიმანებს გადაეცეთ, რადგან შენობაში მუსლიმანების მიერ ღვთისმსახურება არასდროს აღვლენილა. უფრო მეტიც, მეუფე თეოდორე აცხადებს, რომ შენობაში არცერთი კონფესიის სალოცავი არ განთავსდება და მოსახლეობის სურვილები გათვალისწინებულ იქნება.

ამასთან, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივას ეთანხმება, რომელიც შენობის წარმომავლობას დაადგენს. ამის საპირისპიროდ, მუსლიმანები ირწმუნებიან, თითქოს აღნიშნული შენობა ოდესღაც მეჩეთი იყო და არ იზიარებენ მართლმადიდებლების ნათქვამს, რომ შენობა ეკლესიის ქვებითაა აგებული.

არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეუფე თეოდორეს პირადად იცნობს, ის სერიოზული კაცია და მეუფე ჰაერზე არაფერს იტყვის. მეტიც, ბონდო არველაძე განმარტავს, რომ მეუფის ნათქვამი სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნება და გურჯისტანის ვილაიეთის დავთარი აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ ჯერ კიდევ 1958 წელს გამოსცა, როგორც დოკუმენტი, რომელსაც უნდა ვენდოთ. გურჯისტანის ვილაიეთის დავთარი შედგენილია მაშინ, როცა ოსმალებმა დაიპყრეს ქართველები, აღწერეს ხალხი და ამ დავთარში გლეხების გვარებს კი არ წერდნენ, არამედ - სახელებს. ამდენად, აქ სახელების უმეტესობა ქართულია და არა მუსლიმანური.

„ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის, რომ ქართული ნატაძრალისგან მეჩეთი აეგოთ. მე-15-16 საუკუნეში ეგ მხარე, სამცხე-საათაბაგო თურქეთმა დედასაქართველოს მოწყვიტა და დაიწყო ქართული მოსახლეობის გამუსლიმანება. რა თქმა უნდა, ქრისტიანობას ასე ადვილად არ თმობდნენ გლეხები, ვინც მუსლიმანობას მიიღებდა, გარკვეულ შეღავათებს აძლევდნენ, გადასახადს უმცირებდნენ, ვინც არა, მათ მიმართ ძალადობას მიმართავდნენ. შესაბამისად, მეჩეთებიც მაშინ აშენდა. ასე მოხდა ახალციხის რაბათშიც, როცა ეკლესიის ნაცვლად, ააშენეს მეჩეთი. მანამდე კი, სანამ გამუსლიმანდებოდნენ, იქ ჯაყელების ეკლესია იყო. როცა სამცხე-საათაბაგო შეიერთეს რუსებმა და თათრები განდევნეს, ისევ ქართული ეკლესია აღდგა. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, სამხედრო ეკლესიას ეძახდნენ. ასეთი მაგალითები არსებობს და მანდ გასაკვირი არაფერია“, - აცხადებს ბონდო არველაძე და მიიჩნევს, რომ მუსლიმანების დასარწმუნებლად, კარგი იქნება, გათხარონ და ადგილზე ნახონ ნაეკლესიარი. მით უმეტეს, მუსლიმანებს ძალზე დიდი პრეტენზია გაუჩნდათ ამ ბოლო ხანებში. შესაძლოა, ეს პროცესები მეზობელი სახელმწიფოსგანაც იყოს მართული. ეს მაშინ, როცა თურქებს მეგობრებად ვაცხადებთ, ამ დროს კი ტაო-კლარჯეთში თურქები დაზიანებულ ქართულ ეკლესიებს არ გვაშენებინებენ და არც ქართველ ბერ-მონაზვნებს აძლევენ მოღვაწეობის საშუალებას.

პროფესორი თინა იველაშვილი For.ge-სთან საუბარში ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძის ნაშრომს იხსენებს, რომელმაც 1938-39 წლებში სპეციალური დავალებით იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში. გიორგი ბოჭორიძის ნაშრომში მოხის ეკლესიად არის მითითებული ეს ტერიტორია და იმდენად უტყუარად აღწერდა ბოჭორიძე ამ რეგიონის ტერიტორიებს, რომ იმ ადგილებზეც მიუთითებდა, სადაც მიზგითი იყო აგებული. თუმცა ეს სოფელ მოხეს არ შეეხებოდა.

ამ ნაშრომის მიხედვით, გიორგი ბოჭორიძე წერს, რომ „მოხეს ეკლესია, ანუ მოხეს ჯანიაურის ეკლესია, არის ეკლესიის ნანგრევი, იგი ერთნავიანი შენობა ყოფილა, ზომებით-6,5 X 3,5 მეტრზე. შემორჩენილია მარტო აღმოსავლეთის ნაწილი, მთელი სიმაღლით და დასავლეთის კედელი ერთ მეტრზე. იგი ცარიელი დუღაბია, კირის ქვები სულ მოცლილი აქვს“.

თინა იველაშვილი ადასტურებს, რომ ამ სოფელში თავადაც იმყოფებოდა და დარწმუნდა, რომ გიორგი ბოჭორიძის მიერ აღწერილი ეკლესიის ზომები ემთხვეოდა ქართველების ნატაძრალის ზომას. სადავოდ ქცეული ნატაძრალი მაშინ დაინგრა, როცა გამუსლიმანდა ამ სოფლის მოსახლეობა-მე-17 საუკუნეში. ბოჭორიძე იმასაც აღწერს, ეკლესიის დანგრევის შემდეგ თუ რომელმა მუსლიმანებმა წაიღეს ქვები და სახლები ააშენეს იმ ქვებით.

მოგვიანებით, 1940 წელს ამ ეკლესიის ნანგრევებზე გაკეთდა კლუბი და ბიბლიოთეკა, მუსლიმანების მეჩეთი კი არასდროს აშენებულა, რადგან საბჭოთა პერიოდში მუსლიმანებს მეჩეთის აშენების უფლებას არავინ მისცემდა.

„ეს იყო კლუბი, რომელიც ეკლესიის ძველ კედლებზე იყო აგებული, დანარჩენი მიაშენეს. გიორგი ბოჭორიძე აღწერს რამდენიმე მიზგითს და, თუ ეს მუსლიმანების სალოცავი იყო, მოხეს ე.წ. მიზგითსაც ხომ მიზგითად ჩათვლიდა? მაგრამ ასე არ ყოფილა. ორად-ორი სამლოცველო ჰქონდათ მუსლიმანებს ამ რეგიონში და ახალციხის ფაშის ბრძანებით, იქ უნდა ელოცათ. უბრალოდ, მუსლიმანებს ახლა აწყობთ, ასე თქვან, მეჩეთი იყოო, რადგან ამ სოფელში 24 კომლი ქართველი მართლმადიდებელია და 90 ოჯახი 1989 წელს ჩამოსახლებული აჭარელი ეკომიგრანტია. სწორედ მათ აქვთ ძლიერი დაფინანსება თურქეთიდან. ზოგი ამბობს, რომ ამ მუსლიმანებს ნაციონალები იყენებენ, ზოგი ამბობს-თურქეთიო. თურქეთმა შესანიშნავად ისარგებლა იმ კანონით, რაც მიიღო სააკაშვილმა, ყველა კონფესია როცა გაუთანაბრა ქართულ ეკლესიას უფლებებით. ასევე, მოხდა მახლობლად მდებარე სოფელ ფხეროში, სადაც ქართული უკვე თითო-ოროლამ თუ იცის, ფხეროს მიზგითი აშენებულია სოფლის ზევით მდებარე ეკლესიის ნანგრევის ქვებით. რა უფლება ჰქონდა ბათუმიდან ჩამოსულ მუფტს, რომ მოხეში დაპირისპირებაში მონაწილეობდა? თუ ქართველ მღვდელს არ აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს და ამაზე მთელი პარლამენტი თავდაყირა დგას, მუფტი რომ პოლიციის შენობასთან დარბოდა მთელი დღე, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ? სოფელ ჭელას მეჩეთს მინარეთი რომ მოაცილეს, ხალხი დაწყნარდა - აჭარიდან ჩამოსული მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც მშვიდად იყვნენ, მერე ჩუმად აიტანეს მინარეთი და ამ პროცესში პარლამენტის ორი წევრი მიუძღოდათ, თანაც, 200 პოლიციელი წაიყვანეს. ეს პარლამენტარები ეხმარებოდნენ მუსლიმანებს, მათ ვინაობას არ დავაკონკრეტებ. არადა, მათი ჩარევით გამძაფრდა სიტუაცია, დადგეს მინარეთი და ახლა უკვე დინამიკებსაც აყენებენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ქრისტიანები რას განიცდიან, რომ მოლა უნდა გამოვიდეს და დაიწყოს კივილი“, - აცხადებს თინა იველაშვილი.

ამასთან, ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაც დგას, რადგან ამ მოვლენების დროს უამრავმა მუსლიმანმა მოიყარა თავი, ამდენი მუსლიმანი აჭარელი ეკომიგრანტი არც იმ კონკრეტულ სოფელში არ არის და არც-ადიგენის რაიონში. სავარაუდოდ, ამ დაპირისპირებაში თურქეთიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობნდნენ. ამას თინა იველაშვილი იმით ხსნის, რომ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის 1921 წელს დადებულ ყარსის ხელშეკრულებას უკვე ვადა გასდის. იმ ხელშეკრულებით, თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ამის ნაცვლად, ძირძველი ქართული ტერიტორიები - ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო. სავარაუდოდ, ამჟამად თურქული სპეცსამსახურები უნდა მუშაობდნენ იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს თურქეთი მეზობელი საქართველოს ტერიტორიებიდან.