რამდენიმე ათეული წლის წინ ორ მეგობართან ერთად, ლანჩხუთში, საფეხბურთო შეხვედრაზე დასასწრებად გავემგზავრე. მაშინ „გურია“ სსრკ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობდა და რიგის „დაუგავას“ ხვდებოდა. ის მატჩი ქართულმა გუნდმა ანგარიშით - 2:1 მოიგო. მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ვახტანგ კოპალეიშვილმა, თითქმის მოედნის ცენტრიდან გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ამ მოგების შემდეგ ლანჩხუთელები სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ და პირველობის დასასრულს, იმდროინდელი უმაღლესი ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.
იმ „გურული სტუმრობის“ შემდეგ „გურიას“ დღემდე ვგულშემატკივრობ. წინა კვირას ახლო მეგობარი, ბექა კვიციანი შემხვდა, რომელიც „გურიაში“ სატრანსფერო პოლიტიკას კურირებს. ბექას დიდი ხნის წინანდელი ჩემი „ლანჩხუთური თავგადასავალი“ მოვუყევი. საუბრის დროს ერთი საინტერესო წინადადება მითხრა - მე, სვანი ადამიანი, გურულებმა „გამაგიჟეს“ და ამჟამად კლუბი „გურიას“ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო.
შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე შევუთანხმდი. ბექასთან საუბარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ტრადიციული ინტერვიუს ჟანრის დარღვევა გადავწყვიტე და მის მონაყოლს ყოველგვარი კითხვა-პასუხის გარეშე, პირდაპირ შემოგთავაზებთ.
“გურია” საინტერესო ფენომენია, ხალხი წაგების მიუხედავად იხტიბარს არ იტეხს, ფეხბურთელებს ამხნევებს და ეს სვანი ადამიანი მოულოდნელად ერთი წლის წინ გურული გავხდი.
2006 წელს,“გურია“-ს მართლაც რომ პერსპექტიული ბავშვები ჰყავდა. იმ პერიოდში საქართველოს ფუტზალის ფედერაციაში ვმუშაობდი და ,,დიდი ავიაცია”, მითუმეტეს ევროპული ცოტა არ იყოს ძალიან რთული მეგონა. „გურიას“ ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელთან, ბატონ ედიშერ ჟორდანიასთან საკმაოდ ახლოს და კარგად ვიყავი. მთხოვა, იქნებ სადმე ახლომახლო „ბაღნებს“ ამხანაგური შეხვედრა გავუკეთოთო. კი გავიფიქრე ეგრევე იქნებ თურქეთი სჯობს-თქო და „რიზესპორს“ და „ტრაბზონსპორს“ დავუკავშირდი. თუ მეხსიერება არ მღალატობს ტრაბზონიდან პასუხი იმდენად მალე მოვიდა, რომ პატარა გურულებმაც მიაშურეს თურქეთს და დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრიდან პირველი მოიგეს და მეორე წააგეს. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და „გურიას“ ურთიერთობა.
ერთი წლის წინ უკვე კარგად შეღამებულ დროს, სახლის ტელეფონი აწკრიალდა. ბატონი ედიშერი მირეკავდა. მომიკითხა და მოულოდნელად შემომთავაზა კლუბში ტრანსფერ მენეჯერის თანამდებობა. სიმართლე გითხრათ, მანამდე შესაბამის თანამდებობაზე ოფიციალურად არ მქონდა ნამუშევარი, თუმცა ტრანსფერების გამოცდილება ფუტზალიდან საკმაოდ გამაჩნდა.
ვინც არ იცნობს „გურია“-ს, არ იცნობს ლანჩხუთს და პირიქით. ზოგადად საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაში რთულია, მითუმეტეს კი ამ პატარა ქალაქში მოღვაწეობა, რომელსაც წერტილი რუქაზე სსრკ–ს დროიდან „შეარქვეს“.
თავიდან ნეიტრალურ მოედანზე გვიწევდა საშინაო თამაშები. „ჩელე არენა“, სავსე იყო გურული სპორტის ქომაგით. არ დამავიწყდება მატჩი ზურაბ ბერიძეს ,,ვიტ ჯორჯიასთან“. დასაწყისშივე ვეტერინარები დაწინაურდნენ და რომ არა ის ერთსულოვნება ჩვენი მოთამაშეების, რაშიც უდიდესი წვლილი გულშემატკივარს მიუძღვის სამ ქულას ვერ ავიღებდით. კლუბის ხელმძღვანელობამ მოგების აღნიშვნა გადავწყვიტეთ რესტორან ,,ბაბუნა“-ში. სმენას არ ვუჩივივარ და კარგადაც შემიძლია სიმღერა. მოკლედ ერთი სამჯერ კარაოკეს თანხლებით შევასრულე „ივერიას“ პოპულარული სიმღერა ,,ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია“ და სვანი ადამიანი მთლად გავგურულდი. იმ საღამოს დუნია ნაღდად არ გადამირევია, მარა გურია კი გადავრიე.
ოჯახი სადაც ლანჩხუთში ვცხოვრობ მართლაც რომ საფეხბურთოა. ედიშერ ჟორდანია 90–იან წლებში ,,გურია“-ს პრეზიდენტი იყო. მისი მეუღლის, ქალბატონ ინდირას მამა, ბატონი ბეგი სიხარულიძე კი ქართული ფეხბურთის ლეგენდარული პიროვნებაა, რომელმაც 80-იან წლებში გუნდი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.
უსმენ ამ ბუმბერაზი პიროვნების მონათხრობს სსრკ-ის დროინდელ ,,გურიაზე“ და სინანულით ფიქრობ, დღეს ძალიან ბევრს გვავიწყდება ისტორია.
ეს არის 9 ათასიანი ქალაქის ისტორია არა მხოლოდ საკავშირო, არამედ ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში. სადმე გინახავთ ასეთი პატარა ქალაქის მიღწევა თანამედროვე სპორტში. თუკი არსებობს, თითებზე იქნება ჩამოსათვლელი. ბეგის შეეძლო შეენარჩუნებინა მთავარი მწვრთნელის პოსტი უმაღლეს ლიგაში, თუმცა უარი თქვა მასზე. დღეს ბევრი იტყვის რატომო? თუ ვინმეს პასუხი აინტერესებს, ვურჩევ ბატონ სიხარულიძეს ესტუმრონ ლანჩხუთში და მისგან მოისმინონ კითხვაზე პასუხი. თემა რომ ამოვწურო, მისი საქციელი დღეს ბევრისთვის მისაბაძი იქნება.
თავს უფლებას მივცემ და თამამად ვიტყვი: ლანჩხუთი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც ,,გურიას“ საშინაო თამაშებს ათასობით გულშემატკივარი ესწრება. აგებ თუ იგებ, ტაშით გაცილებენ და მორიგი თამაშისთვის გაგულიანებენ. ნებისმიერი გუნდის მოთამაშე თუ ხელმძღვანელი დამეთანხმება – ლანჩხუთში თამაში მათთვის მეტად რთულია.
ყველა მოთამაშესთან ახლოს ვიყავი და ვარ კიდეც. არ შემიძლია არ გამოვყო აწ გარდაცვლილი ნიკუშა კილაძე. ჩემთვის ის იყო როგორც პატარა მეგობარი, ასევე პატარა ძმაც, ერთგულების და პატიოსნების განსახიერება.
იმედია ის სითბო და სიყვარული რაც ლანჩხუთში სუფევს, მთლიანად საქართველოშია.
მეორე ჩემი უდროოდ გარდაცვლილი პატარა ძმა სერგი მირზაშვილი (კობა მირზაშვილის შვილი) ქალაქში ჩასვლისთანავე ყურადღებიანი იყო ჩემდამი. ოფისიდან ღამე ხშირად მიწევდა სახლში წასვლა და თუ შემხვდებოდა სერგი, „შანსი“ არ იყო რომ ბოლომდე არ მივეცილებინე ედიშერ ჟორდანიას სახლთან.
საინტერესო ამბავს მოვყვები. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებამდე, აზერბაიჯანიდან კლუბში ჩაირიცხა ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია. ბაქოდან ახლადჩამოსულ და დაღლილ ნუგოსთან ერთად დავადექით გურიის გზას. შებინდებული იყო, რომ ერთერთ მონაკვეთზე პატრულმა გაგვაჩერა, ფარი არ ანათებსო. ჯარიმის გამოწერამდე სტანდარტული კითხვები დაგვისვეს სამართალდამცავებმა და პირადობებიც მოითხოვეს. ყოველივე ამას ერთი კითხვა მოჰყვა, ვიყავით თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ. ვუხსნი: - კაცო, ფეხბურთელია და გუნდში მიმყავს, ახალი ჩამოსულია აზერბაიჯანიდან-თქო. ხოდა მაქედან რომაა ჩამოსული და საზღვარის ბეჭედი რომ ურტყია, იმიტომ გისვამთ მაგ კითხვასო. დღეს ფეხბურთელი კვირტია ტუნისურ ,“ზარზიში“ თამაშობს და ხშირად ვიგონებთ სიცილით ამ ამბავს.
ახალგაზრდა თაობა არ მინდა რომ უყურადღებოდ დავტოვო. დიახ, ლანჩხუთში არის ეს თაობა და გამოვყოფ დიდი ბუთა ჟორდანიას და ბეგი სიხარულიძეს შვილიშვილს სოსო ჟორდანიას.
21 წლის პაპუნა ვადაჭკორია კი ცალკე სალაპარაკო თემაა. ის კლუბს ყოველივე ანაზღაურების გარეშე ეხმარება. მახსოვს, „სიონს“ ვხვდებოდით, ლადო ბურდულთან ვისაუბრე შეხვედრის წინ, წარმატება ვუსურვე და ტრიბუნას მივაშურე. პაპუნა არ დამხვდა გვერდზე. სახეზე ფერი არ ედო. ვკითხე მშვიდობაა-თქო და კიო. თურმე რაც ვთხოვე „ბაღანას“ (გურულად ავლაპარაკდი სვანი კაცი) მთელი ღამე თეთრად გაუთენებია რომ კლუბის საქმე მოესწრო არადა საჩქაროც არ იყო.
გავაგრძელოთ ხუმრობა? კი ბატონო.
ისე მოხდა რომ ერთ დღეს საუზმეზე ნუგზარ კვირტია გვიან მოვიდა. მე და ცხონებულმა ნიკა კილაძემ მის მაგიდას ,“კონფისკაცია“ გავუკეთეთ და დავუტოვეთ მხოლოდ საჩვენებელი თითის ხელა ნამცხვარის ნახევარი, ხახვთან ერთად. არადა ნუგო რომ მიუჯდა მაგიდას გვკითხა: - კაცო სულ ეს არისო. სურათიც გადავიღეთ მისი მენიუსი და სოციალურ ქსელში დიდი მოწონებაც ჰპოვა.
თავის დროზე ჩემს ჩასვლას გურიაში ყინვები მოჰყვა. აუტანელმა სიცივემ დაიჭირა. მე და ჩემმა მასპინძელმა, ჟორდანიების ოჯახმა ბუხარი დავანთეთ. ამ დროს კარი გაიღო და ადგილობრივი სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი, ბატონი ნუგზარ ჩხაიძე შემოვიდა. - შერცხვენილი ვარ ამ ადამიანთანო, ერთი შეშა ვერ მომიტანიაო. გავხედე და სრული სერიოზულობით ვუთხარი: – ერთი საჟენი შეშა იქნებ გაახერხოთ-მეთქიო. ამ ამბავს ახლო წრეში დღემდე იხსენებენ ლანჩხუთში ირონიით.
ეხლა თქვენი ნებართვით ცოტა ფეხბურთის საქმეს მივუბრუნდები.
ნამდვილი ფეხბურთი არ სცოდნია მას, ვისაც გამარჯვების შემდეგ ფანკლუბთან ერთად ავტობუსით არ უმგზავრია სახლისკენ. ავტობუსი 40 კაცის მაგივრად 200 კაცით არის გადატენილი. მარჯვენა და მარცხენა მხარეს კლუბის დროშებია გადმოფენილი. სოფელ–სოფელ გაივლი და ხედავ გახარებულ გურულთა სახეებს რომლებიც ოვაციებით გეგებებიან. თვალწინ მიდგება ბესიკ ფრიდონაშვილის გოლი და “გურიას” ტრიუმფალური სვლა შინისკენ. ოზეროვის ხმა ცენტრალური ტელევიზიის ეკრანიდან, რომ პატარა ლანჩხუთი მომავალი სეზონიდან სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
აქვე ყოფილ ფეხბურთელზე და დღევანდელ პარლამენტარზე, ბატონ თემურ ჩხაიძეზე რომ არ ვთქვა არ შემიძლია. თავსხმა წვიმაა, ლანჩხუთის ცენტრიდან სახლში ვბრუნდები. გამიჩერა მანქანა და დანიშნულების ადგილზე მიმიყვანა. აი ასეთი ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს გურიაში. გსიამოვნებს იმ ოქროს პლეადასთან საუბარი და ბევრს სწავლობ. უბრალოდ ერთს ვნანობ, რომ არ მომიწია 80–იანი წლების “გურიაში“ მუშაობა.
ფანკლუბის გარჯა ვახსენე და მოთამაშეებთან გვერდზე დგომა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ პირადად მოედანზე რომ გავიდე და არაერთი შეცდომა დავუშვა, მაყურებელი მაინც ტაშით გამაცილებს. ფენომენი არაა ლანჩხუთი, თამაშს აგებდე და 4 000 კაცი ოვაციით გაცილებდეს მოედნიდან. მინდა თუ არა კლუბში მუშაობის გაგრძელება. დიახ მსურს. ის მიხარია, რომ ,,წერტილი რუქაზე” ქალაქისთვის რაღაც გამიკეთებია. სამომავლო გეგმები? მაქვს. ვთქვა? არ ვიტყვი...
გირჩევთ თავად ჩამოხვიდეთ ლანჩხუთში და თუნდაც ერთი კვირა გაატაროთ ამ ულამაზეს რაიონში. თუ გადაწყვეტთ აუცილებლად ,,გურიას“ მუზეუმს მიაშურეთ. ეს ჩემი კეთილი და რაც მთავარია უფასო რჩევაა... კიდევ გსურთ რჩევა? ითამაშეთ ფეხბურთი!!!
და ბოლოს: ლანჩხუთლებო თუ ვინმე გამომრჩით არ მიწყინოთ, ყველანი მიყვარხართ.