„კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს“

„კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს“

გუშინ, სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და მომავალშიც იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შენობის პერიმეტრს პოლიცია იცავდა. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია მუსლიმანთა თემის 14-მდე წარმომადგენელი. მათ შორის, 11 პირი -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით.

მოხეში განვითარებულ მოვლენებს ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, დასაგმობი და მიუღებელია, რაც გუშინ მოხდა. ამიტომ იგი კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, ყოველგვარი რელიგიური აღმსარებლობის გარეშე.

პრემიერი აცხადებს, რომ უშუალოდ გაერკვა ამ საკითხში და შეიტყო, რომ ოდესღაც ამ ადგილას ეკლესია იყო აშენებული, შემდეგ იგი დაანგრიეს და მეჩეთი ააშენეს, რაც მოგვიანებით საბჭოთა კულტურის სახლმა ჩაანაცვლა.

„ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს. სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით ააშენეს მუსლიმანების სამლოცველო - მეჩეთი. შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის პერიოდში ის იყო კულტურის სახლი და დღემდე იყო უსარგებლო შენობა, ნანგრევები, რომლისთვისაც ყურდაღება არ მიუქცევიათ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმანები და მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა მსგავსი საკითხი ჯერ რელიგიის საკითხთა სააგენტომ უნდა შეისწავლოს, რომელიც შემდგომში მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.

პარალელურად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობა, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა, მეჩეთი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, ეს შენობა წლების განმავლობაში გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო და გამგეობამ მისი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა სამუშაოები. აკაკი მაჭუტაძე ადასტურებს, რომ მოგვიანებით შეხვდა სამცხე-ჯავახეთის მუფტს - მამუკა ვაშაყმაძეს, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე. კონსტრუქციული საუბრის შემდეგ მხარეები ბიბლიოთეკის გახსნაზე შეთანხმდნენ, რადგან მუსლიმანებმა ინტერნეტბიბლიოთეკის მოწყობა არ ისურვეს.

ამასთან, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმანებს სამუფთო რეზიდენციის მოწყობას ჰპირდება და აცხადებს, რომ პირობა, რაც მან მუსლიმანებთან შეხვედრის დროს დადო, ძალაში რჩება.

„მუფთებთან და მუსლიმან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მათი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულიყო სამუფთო რეზიდენცია. მე შევთავაზე, რომ იმავე სოფელში, მათ სალოცავ ჯამეში, სახელმწიფო ხარჯებით კეთილმოვუწყობდით სამუფთო რეზიდენციას. ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია და მათგან ველოდები ამ თემაზე საუბარს“,-აცხადებს აკაკი მაჭუტაძე.

For.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს - ზაქარია ენდელაძეს ესაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ მუსლიმანების პროტესტი ვინმესგან იყოს პროვოცირებული, რადგან პირადად შეხვდა და გასაგებად აუხსნა ქრისტიანებსაც და მუსლიმანებსაც, რომ ქონება, რომელიც არ არის მათი საკუთრება, აუცილებლად არის სხვისი საკუთრება. ზემოხსენებული ქონებაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და არ შეიძლება, სხვის საკუთრებაში ვინმე შევიდეს და ხელი შეუშალოს ბიბლიოთეკის გახსნას.

ზაქარია ენდელაძის თქმით, პოლიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალადობა აღკვეთა. გამგებელი დარწმუნებულია, რომ ადიგენში ვითარება აღარ დაიძაბება.

„მართალი იყო პრემიერი, როცა თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ აქვს მნიშვნელობა, მუსლიმანი შეუშლის ხელს ბიბლიოთეკის გახსნას, თუ ქრისტიანი, ყველა დაისჯება. ძალიან კარგად გაიგეს ეს მუსლიმანებმა, სამართლებრივად ჩავახედე მდგომარეობაში და დამეთანხმნენ, რომ სხვის ქონებაში შეჭრა არ შეიძლებოდა. ჩვენ ვართ ძმები, ვართ ქართველები და დარწმუნებული ვარ, ყველანი მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. მე გახლავართ სახელმწიფო თანამდებობის პირი და ვმოქმედებ კანონის ფარგლებში. რაც შეეხება ამ ობიექტს, ეს მუნიციპალიტეტის ქონებაა და მისი იურიდიული სტატუსია „კლუბი“. მისი იურდიული სტატუსიდან გამომდინარე, მივიღე კლუბის მშენებლობის გადაწყვეტილება, სადაც ბიბლიოთეკა განთავსდება. ალბათ, მომავალში დადგინდება, აქ ოდესღაც იყო თუ არა ეკლესია იყო, ამაზე აქ აზრთა სხვადასხვაობაა და ზუსტად ეს აზრთა სხვადასხვაობა იწვევს უკმაყოფილებას. დრო გვიჩვენებს, რა გაკეთდება. ამ დროისთვის ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას. რა თქმა უნდა, მუსლიმანებს ადიგენის რაიონში უამრავი მეჩეთი აქვთ, მათ შორის, დერცელში, ნამინაურში, ჭეჭლაში, მათ მინარეთიც აქვთ და უამრავი სამლოცველოც“, - აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

აქვე განმარტავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო, ვიზუალურად დანგრეული შენობა დახურულიყო და ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილიყო. ამიტომ მან, როგორც მუნიციპალური ქონების მეპატრონემ, გადაწყვიტა, მოსახლეობის თხოვნა გაეთვალისწინებინა. გამოსავალიც მონახა, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ დაეჭირა და არც - მეორის და აქ ბიბლიოთეკა გაეხსნა, რადგან წიგნს მუსლიმანიც კითხულობს და ქრისტიანიც. ამიტომ ზაქარია ენდელაძე თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

ადიგენის რაიონის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გურამ ბოჩიკაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2007 წელს ადიგენის გამგეობას აღნიშნული ქონება გადაეცა და ეს ქონება უკვე ადიგენის რაიონის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ბალანსზეა. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ეს არის კლუბის შენობა, თავისი ფართითა და დანიშნულებით.