„შენი ჯერია მერია“,- თბილისის მერიის წინ ამ წარწერით გაფორმებული კარავი „პარტიზანმა მებაღეებმა“ მოაწყვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მეცხრე თვეა, ვაკის პარკში ამ კარავში მორიგეობენ და მომავალი ზამთრის გატარება კვლავ კარავში რომ არ მოუხდეთ, კონკრეტული პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს. კერძოდ, საუბარია ვაკის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე. საზოგადოების ერთი ჯგუფი ვაკის პარკში, თვეების წინ, სწორედ, ამ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით შეიკრიბა.
„პარტიზანი მებაღეები“, ამჯერად, მერიისგან მხოლოდ „ვაკის პარკთან“ დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას არ ითხოვენ, for.ge-სთან საუბრისას განმარტავენ, რომ ზოგადად, გამწვანებისა და ქალაქგეგმარების საკითხები აღელვებთ, ასევე, მოითხოვენ, დაკონკრეტდეს და შენარჩუნდეს თბილისის რუკის „წითელი ხაზები“.
„კარავი, ვაკის პარკში, პირველად, იანავარში გავშალეთ, ამ ზამთრის კვლავ კარავში გატარება არ გვინდა, მერიას აქტიურ პასიურობაში ვადანაშაულებთ“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„პარტიზან მებაღეებს“ მერიასთან სიმბოლურად მხოლოდ კარავი არ მოუტანიათ, მათი ნაწილი აქციაზე ხელოვნური სუნთქვის იმიტაციის მქონე მოწყობილობებით „აღჭურვილი“ მივიდა, ეცვათ სპეციალურად დამზადებული მაისურები და ეხურათ ხელით ნაქსოვი მწვანე ქუდები. აქციის ერთ-ერთი კომპონენტი ცოცხალი მუსიკა იყო.
„სუნთქვა რომ შევძლო, ზურგით დამაქვს სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული მცენარე, რომელიც ჟანგბადს წარმოქმნის. ქალაქში არ დარჩა გამწვანებული ზონა, რომელიც არ გადაჭრეს. მალე, სწორედ, ასე მოგვიწევს სიარული თუ არაფერი შეიცვალა“,- უთხრა for.ge-ს აქციის მონაწილე მარიამ ყანაჩაველმა და აღნიშნა, რომ თბილისის მცხოვრებლებს ეს პრობლემა ძალიან აწუხებთ და ამას ისიც ადასტურებს, რომ „პარტიზან მებაღეებს“ სოციალურ ქსელებში ათიათასობით აქტიური თანამოაზრე ჰყავს.
„ყველაფერი გადაიჩეხა. კორპუსები ისე ახლოს დგას, სამზარეულოებში მყოფი მეზობლები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან“,- ამბობს მარიამ ყანჩაველი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ასევე „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ თბილისის მერიამ გამწვანების საკითხთან ერთად ქალაქგეგმარების საკითხიც უნდა განიხილოს, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსგავს საკითხებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
„რამდენიმე თვეა, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა მერიაში, უკვე ზამთარიც მოვა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება კიდევ ერთი ზამთრის კარვებში გატარება. ქალაქის დაცვის გლობალური ხედვა უნდა შემუშავდეს, არა მხოლოდ გამწვანებაში, არამედ, ქალაქგეგმარებაში. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთზე გადაბმულია და ერთად უნდა გაინიხილონ. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რეკრეაციული ზონების შენარჩუნების საკითხია. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა მომზადებული პეტიცია - ვითხოვდით მორატორიუმს მწვანე საფარის გაჩეხვაზე, ვიდრე კანონი გასწორდებოდა. ახლაც იგივე ხდება - ისე გეგმავენ მშენებლობებს, რომ არ არის ერთიანი ხედვა შემუშავებული. სწორედ, ახალი მერიის გამოცხადებულია „პანორამა თბილისისა“ და „მირზაშაფის“ პროექტები,“- აცხადებს ნატა ფერაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ნანობაშვილი კი ყურადღებას მოქმედ კანონმდებლობაზე ამახვილებს და მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით მოქმედი ნორმების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.
„მშვიდობიანი აქციით მერიას გვინდა შევახსენოთ, რომ არ შეიძლება თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, რაც ეხება მწვანე ნარგავებს, კორპუსების მშენებლობას და, ზოგადად, განაშენიანებას. ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად მიმართონ პროფესიონალ ქალაქმგეგმარებლებს და მათი დახმარებით მიიღონ გადაწყვეტილებები. ასევე, ვითხოვთ კანონმდებლობის შეცვლას, რადგან მოქმედი კანონი ხშირ შემთხვევაში უფლებების და ნებართვების გაცემის საშუალებას სამართლიანად არ იძლევა. გვინდა, მერიას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს საკითხი ბევრს გვაღელვებს, ქალაქი ჩვენია, ყველასია და ხელისუფლებამ საკუთარ ჯიბეზე კი არა, საკუთარ მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს“,- განუცხადა for.ge-ს მარიამ ნანობაშვილმა.
აქციის მონაწილე განმარტავს, რომ რაც მეტად დააგვიანებს მსგავს საკითხებზე მერია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას და წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას, მით მეტად დაზარალდება ქალაქი და დაზარალდებიან თბილისის მცხოვრებლები.
„დრო არ იცდის. მერიაში შეიძლება მუშაობენ, მაგრამ პარალელურად ბუდაპეშტის ქუჩაზე 80 ასწლოვანი ხე იჭრება რადგან იქ საცხოვრებელი სახლი შენდება. შესაძლოა, მერიაში მუშაობენ და ოდესღაც მივიდნენ დასკვნამდეც, მაგრამ, იმ ადგილზე უკვე იდგება 21-სართულიანი კორპუსი, დაბინძურდება გარემო. დრო ჩვენი ყველაზე დიდი მტერია ამ შემთხვევაში, მეცხრე თვეა, ვაკის პარკში გვაქვს ბანაკი, ჩვენ არ ვებრძვით მერიას, გვინდა მერიამაც ისე დაიცვას ქალაქი, როგორც ჩვენ ვიცავთ. ჩვენ ვართ „პარტიზანი მებაღეები“, რომლებსაც ქალაქის ბედი აწუხებთ“,- განმარტავს მარიამ ნანობაშვილი.
აქციის მონაწილეებს ოპერატიულად გამოეხმაურნენ თბილისის მერიიდან. თბილისის მერის პირველი მოადგილე ნინა ხატისკაცი აქციაზე პირადად მივიდა და აღნიშნა, რომ „პარტიზანი მებაღეების“ მოთხოვნებზე მერიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
„ჩვენც ზუსტად ის პრობლემები გვაწუხებს, რაც აქციის მონაწილეებს, სწორედ, იმ საკითხებზე ვმუშაობთ, რის გამოც ისინი მერიის წინ არიან მოსულები. ჩვენ გვინდა, რომ შენარჩუნდეს არსებული სარეკრეაციო ზონები, დიღმის ტყე-პარკს დაუბრუნდეს სტატუსი. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფიც შევქმენით. უკვე გამოყოფილია 5 საკითხი. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკის თემა, მეორე- ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობა, ასევე, კუს ტბის ასავლელთან შემოღობილი ტერიტორია. ეს საკითხები დღევანდელი მერიის დღის წესრიგშია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომავალში ნებართვის გაცემისას, უფრო შევიწროებული იყოს იმ ადამიანების დისკრეცია, ვინც დღეს ნებართვას გასცემენ და ჩარჩოები იმდენად მკაფიო, რომ გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტური არ იყოს“,- განუცხადა for.ge-ს ნინა ხატისკაცმა.
მერის პირველმა მოადგილემ ჩვენთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ მერიაში რამდენიმე კვირის წინ გამწვანების საკითხზეც გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საკმაოდ ბევრი დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია ესწრებოდა. მუშაობა ასევე მიმდინარეობს არქიტექტურის საკითხებზე და ამ მიზნით შექმნილ კომისიაში, სწორედ, სპეციალისტები არიან ჩართულები და სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში კოეფიციენტების ცვლაზე მუშაობენ.
„ჩვენ ჩაკეტილები ნამდვილად არ ვართ და ყველანაირ კომუნიკაციაზე მივდივართ. ვერავინ დაასახელებს პრეცენდენტს, როცა მცდელობა იყო და ჩვენთან კომუნიკაცია ვერ შედგა“,- აცხადებს ნინა ხატისკაცი.