შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს აპროტესტებდა და კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ.

სამართალდამცველები შენობის პერიმეტრს შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იცავდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 პირი ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად).