რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ექსპერტები და აფხაზეთში სისხლისღვრის დაწყებას არ გამორიცხავენ.
ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთში საყოველთაო რეფერენდუმი დაიწყოს და რუსეთის ხელისუფლება შეეცადოს, სწორედ ამ რეფერენდუმის საშუალებით საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. თუმცა, რეფერენდუმის ჩატარებისას აფხაზ საზოგადოებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბება და შესაძლოა, საქმე სისხლისღვრამდეც მივიდეს.
ზოგადად, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს მძაფრი ხასიათი უჩანს. საქმე მარტო პროაფხაზურად განწყობილი ე.წ. ნაციონალისტებით არ შემოიფარგლება. მთლიანობაში, აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვთან დაახლოებას ეწინააღმდეგება. ამდენად, საინტერესოა, რამდენად რეალურია ვერსია აფხაზეთში შიდა დაპირისპირების შესაძლო დაწყების შესახებ.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ეჭვობს, აფხაზეთში სისხლისღვრა დაიწყოს. For.ge-სთან საუბარში პარალელებს წარსულთან ავლებს - როცა გაგრის ზონის მიერთების შესახებ ხელშეკრულება გამოაქვეყნეს რუსებმა, მაშინაც ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ის ხელშეკრულება რუსებმა მაშინ უკან წაიღეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ პერიოდში აფხაზებს მხარს უმაგრებდა იმდროინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ბაღაფში, ასევე, პრინციპულობას იჩენდა ანქვაბი და ამიტომაც აფხაზების საერთო განწყობაზე რეაგირება ვერ მოახდინა რუსეთმა. მას შემდეგ კი, რაც ანქვაბი მოიშორეს, იქ წინააღმდეგობის გამწევი არავინაა და რუსებმაც გამოაქვეყნეს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულება. ცხადია, რუსები გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ რეალურად მასში არაფერი შეიცვლება.
„დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი აფხაზეთში ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაძლებელია, მოსკოვი წავიდეს დათმობაზე, სახეცვლილება განიცადოს ამ პროექტმა, მაგრამ მეორე მხრივ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ მოსკოვმა აფხაზების გარეშე წარადგინა ეს პროექტი და არ ჩათვალა საჭიროდ მათი მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვმა თავისი ზრახვები ღიად გამოაცხადა, რომ ის აპირებს აფხაზეთის სრულ ანექსიას. ასე რომ, რაც არ უნდა იძახონ აფხაზებმა და რა ცვლილებები არ უნდა შეიტანონ ამ ე.წ. ხელშეკრულების პროექტში, მოსკოვის ზრახვა სრულიად ნათელია. ზუსტად ამას შიშობენ აფხაზები დღეს. არც რეფერენდუმს არ ექნება აზრი, რადგან აქ მთავარია რუსის განზრახვა.
ბოლო ხანს ჩვენი პოლიტიკოსების, ექსპერტების, არასამთავრობოების განცხადებები მოვისმინე, მათგან ბევრმა არ იცის, სინამდვილეში რა ხდება აფხაზეთში. რადგან აფხაზურ საზოგადოებაში ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ პროექტმა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, ერთად დარაზმვა და აფხაზებთან ერთად ამ პრობლემის გასაღების ძებნა“, - აცხადებს ლევან კიკნაძე და მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, უნდა აღვადგინოთ ნდობა აფხაზებთან, ბევრი საკითხი კულუარულად შეიძლება გადაწყდეს, თუმცა ბევრი რამ არ უნდა მოხდეს სპონტანურად, არამედ ეს უნდა მოხდეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ დამუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია, ამის საშუალება არც არის, რადგან რუსეთს ჯარის შეყვანა არ სჭირდება. ფაქტიურად, იქ ჯარი უკვე განლაგებულია და ყველანაირად აკონტროლებს აფხაზეთს. ამიტომ აფხაზების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა, გამოხატოს უკმაყოფილება, მაგრამ ამას რუსეთის ხელისუფლება, მეტ-ნაკლებად, მოუვლის.
„გარკვეული დაპირისპირება იქნება, მაგრამ ეს დაპირისპირება სისხლისღვრაში არ გადაიზრდება. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების შემდეგ აფხაზებს გამოსავალი არ რჩებათ. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში ყირიმთან დაკავშირებით. იმ სოციალური პაკეტით, რომელიც ხელშეკრულებაშია გაწერილი, ფაქტობრივად, რუსებმა მოქრთამეს ადგილობრივი მოსახლეობა. ამიტომ აფხაზურ საზოგადოებაში ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ამ ყველაფერზე უარს იტყვის და აფხაზეთის სუვერენიტეტის იდეას წინა პლანზე დააყენებს, ბევრი არ იქნება. მცირეოდენი საზოგადოების უკმაყოფილება კი ვერ შეცვლის ვერაფერს“,- აცხადებს კორნელი კაკაჩია.
რაც შეეხება გამოსავალს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ქართულმა მხარემ უნდა შეიმუშავოს ახალი დოკუმენტი, სადაც გამოჩნდება ახალი ხელისუფლების ხედვა. ჯერჯერობით, იგი ფიქრობს, რომ ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთთან მიმართებით უფრო ინერციით მიექანება. ამიტომ აუცილებელია კონცეფტუალური ხედვის დადება. ახალი დოკუმენტების საჭიროება რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებამ მოიტანა, ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატის გადახედვის საკითხიც უნდა გახდეს საზოგადოების განსჯის საგანი.