პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებას, თითქოს, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგობის გამო ჩაისლა, მთავრობის მხრიდან თითქმის ერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად საქართველოს პრეზიდენტსაც. რამდენად დროული იყო ასეთი ნიუანსების გამხელა პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მხრიდან, თუნდაც ასეთი იდეა პრეზიდენტის აპარატში მართლაც ყოფილიყო, ვის აწყობს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირების რეჟიმი, ან შეცვლიდა თუ არა რამეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ამ თემებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს დადანაშაულებასაც ჰგავდა, რომ აი, საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა და ამიტომ არ შედგა შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის... რამდენად ღირდა ასეთი განცხადების გაკეთება დღეს?
- მაჭავარიანის განცხადების მიხედვით ნამდვილად ასე ჩანს, რომ შეხვედრა მზადდებოდა და ამას ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობამ. იქ უფრო მკვეთრი ფრაზა არის შინაარსობრივად, რომ შეხვედრა არ იქნებოდა შეხვედრისთვის და რომ ამაში ჩართული იყვნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებიც კი, მათ შორის შეერთებული შტატების - განცხადების ტონიდან ისე ჩანს, თითქოს, ამ შეხვედრაზე თანახმა იყო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი.
შესაძლოა ეს საუბარი იყო კიდეც ოლიმპიადის წინ. მიჭირს სიღრმეში ჩასვლა, რადგან დეტალებზე არ არის საუბარი, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის თუ არ იქნებოდა, ისეთი რა მნიშვნელოვანი თემა უნდა ყოფილიყო განსახილველი? საინტერესოა, რა უნდა ყოფილიყო დღის წესრიგი, რა თემებს უნდა შეხებოდნენ და რისი იმედი ჰქონდათ, ამ მოლაპარაკებებით რისი მიღწევა შეიძლებოდა?
ეს წარსულია და დღევანდელობიდან თუ გავხედავთ რუსეთის პოლიტიკას, ძალიან ძნელია იფიქრო, რომ რაიმე პოზიტიური შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო მიღწეული ამ შეხვედრით.
ამის გარდა, მართლაც საკითხავია, ღირდა თუ არა დღეს ამ განცხადების გაკეთება, რადგან მაჭავარიანის განცხადება ფაქტობრივად, მთავრობის დადანაშაულებაა და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ განცხადების კონტექსტი ის არის, რომ ეს შეხვედრა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ის რაც აფხაზეთთან ხელშეკრულების სახით ფორმდება, არ მომხდარიყო და მთავრობამ აი, აქ დაუშვა შეცდომა.
ქვეტექსტი მთელი ამ განცხადებისა არის ეს, რაც, ვფიქრობ, არ არის სწორი და როგორი შეხვედრაც არ უნდა შემდგარიყო, ის ზეგავლენას ვერ მოახდენდა რუსეთის გადაწყვეტილებაზე.
თუ ისევ აფხაზეთის საკითხს შევეხებით, ყველაზე მთავარია, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით. არ მგონია ამან რაიმე გავლენა მოახდინოს დღეს, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის არის აუცილებელი.
არ მგონია, მაჭავრიანის ეს განცხადება იმის ტკივილით იყოს გამოწვეული, თუ რა ხდება აფხაზეთში, უფრო მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადებაა. რამდენადაც ვხვდები, მაჭავარიანი ნაწყენია ივანიშვილსა და შესაბამისად, ღრიბაშვილზეც.
საინტერესოა, როდესაც საკმაოდ რთული პერიოდია საქართველოსთვის საგარეო მიმართულებით, ვის შეიძლება აწყობდეს ისეთი სურათის გამძაფრება, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის კვლავ ჭიდილია და ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს?
- პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება, შეიქმნებოდა განწყობა, რომ ისევ არის დაპირისპირება ხელისუფლების შტოებს შორის, მაგრამ პრეზიდენტს ეს განცხადება არ გაუკეთებია. მაჭავარიანმა რატომაც გააკეთა, ეს გასაგებია.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ვის აწყობს? - თუ ვინმეს აწყობს, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოაჩენს, რომ დაპირისპირებაა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. ქვეყნის გარეთ კი, არ მგონია, თავს იკლავდნენ მაინც და მაინც ამ პრობლემის აქტუალიზაციით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანაში რეალურად არაფერს არ ცვლის. ქვეყნის შიგნით კი საკითხის ამგვარად წარმოჩენა უფრო ოპოზიციას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
თუმცა ზოგჯერ თავად ღარიბაშვილიც ყოფილა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შექმნილი „გაუგებრობების“ წარმოქმნის ინიციატორი...
- ორივე, ღარიბაშვილიც და მარგველაშვილიც ახალბედა პოლიტიკოსები არიან და ვთვლი, რომ ერთისთვისაც და მეორისთვისაც პოლიტიკში თვითდამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს. ასევე ლიდერობის - ამ მხრივ კონსტიტუციაში თეთრი ლაქები გვაქვს - ვინ არის რეალური ლიდერი და პირველი პირი ქვეყანაში. ამის გამოძახილია ის ჭიდილი ვინ სად წავა, ვინ ვის შეხვდება და ა.შ. ვის როგორი მედია ექნება და ა.შ. და არა რაიმე სერიოზული განხეთქილების.
არ მგონია, რომ მათ შორის მსოფლმხედველობრივი განსხვავება იყოს ძალიან დიდი, მათ შორის, არც კონცეპტუალურ საკითხებში. ვინ არის პირველი პირი, ამაზე მიდის ხელის გადაგრეხვა - ამის გამოძახილია ეს ყველაფერი, ამ დაპირისპირებისთვის რაიმე უფრო მნიშვნელოვანის მიბმა როგორც ჩანს, არ ღირს.
სახელისუფლებო შტოებს შორის კონკურენცია ყოველთვის კარგია დემოკრატიული პროცესისთვის, ამ შემთხვევაშიც შეიძლება იგივეს თქმა?
- ხელისუფლების შტოებს შორის კონკურენციაზე არ არის ლაპარაკი, როდესაც პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუტზეა ლაპარაკი, პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციით გარკვეულწილად აღმასრულებელ ფუნქციებსაც ითავსებს. პრემიერიც აღმასრულებელი ხელისუფლებაა, ამიტომ ერთი ხელისუფლების ფაქტობრივად, ორად გახლეჩა, მაინც და მაინც, დემოკრატიული პრინციპებისკენ გადადგმული ნაბიჯი არაა, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის.
დემოკრატიულ პროცესებს ეს ხელს ვერ შეუწყობს, მაგრამ ფატალური დასკვნების გაკეთება ამ წინააღმდეგობებიდან არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ რეალური ძალაუფლება კონსტიტუციით პრემიერის ხელშია. პრეზიდენტს რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება, უბრალოდ, არ გააჩნია. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური ჭიდილი, პოლიტიკური დაპირისპირება და ეს სახიფათო არ არის.
რაც შეეხება დემოკრატიულობას, ეს ნიშნავს იმ ბაზის მოწესრიგებას, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, აქ უნდა იყოს გადათამაშებული ძალაუფლება, ეს არის დემოკრატიის ბაზა და არა პრეზიდენტი და პრემიერი.
თუმცა ამ ამბებს მოჰყვა კიდეც გარკვეული მითქმა-მოთქმა და ვარაუდები, რომ შესაძლოა პრეზიენტი თავისი პოლიტიკური გუნდითაც მოგვევლინოს. აქვს ამ ვარაუდს საფუძველი?
- ერთ-ერთი მეც ვიყავი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მოინდომოს თავისი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. იმ აჟიოტაჟს, თუ ვინ არის პირველი პირი, შეუძლებელია სხვაგვარი ახსნა მოჰყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუხსნელი იყო, რატომ ცდილობდ პრეზიდენტი ასეთი კავშირების დამყარებას. მეც ჩავთვალე, რომ ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო მცდელობა საყრდენი პოლიტიკური ძალის შექმნისა. სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ პოლიტიკური ჭიდილის კონტექსტში შეიძლებოდა პრეზდენტს დღეს ან ხვალ ასეთი იდეა გასჩენოდა.
აწყობს ეს ვინმე თუ არ აწყობს, ეს უკვე სხვა საკითხია და თვითონ პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. როგორც ჩანს, ის ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამორიცხავთ ძალთა გადალაგებას?
- ჩვენს ქვეყნაში კი არა, მსოფლიოშია რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელი, ისეთი სიტუაციაა დღეს სქართველოში, მითუმეტეს, ოპოზიციურ ფრონტზე, პრეზიდენტს რომ სურვილი გაუჩნდეს ძლიერი პოლიტიკური გუნდი შექმნას, გასაკვირი არ არის - თუ ეს შესაძლებელია, უკვე რეალური ძალაუფლებისთვის იბრძოლოს, გადადგეს პრეზიდენტობიდან და იბრძოლოს პრემიერობისთვის ან დარჩეს პრეზიდენტად და მისმა გუნდა იბრძოლოს საპარლამენტო დასაყრდენის შექმნისათვის. ეს სრულიად რალურია, თუ მას აქვს ამისი ამბიცია. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ცუდი, თუკი მას ეს რესურსი გაჩნია.
ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მის გუნდში?
- ეს ცოტა რთული საკითხია და პრობლემატური სწორედ ესაა. შესაძლოა, მას სურვილი გააჩნდეს, მაგრამ რესურსი რამდენი აქვს, რომ ასეთი ცენტრი შექმნას, ეს სხვა საკითხია. ჩემი შეხედულებით, ასეთი რესურსი არ არის და არც საზოგადოებაშია ასეთი განწყობა. დაახლოებით ერთ წელიწადში, შესაძლოა, უფრო მეტად გამოიკვეთოს თუ რა შეიძლება მოხდეს.