„თუ დამიჯერებთ, ყველაზე მეტად ოპოზიციის აუტანლობა აქვთ ვაკელებს, მაგრამ ვაკელებმა თავი იგრძნეს მოტყუებულად, რადგან 12 წელია, ხელისუფლება ჰპირდება, რომ რეჟიმს გაასამართლებს, მაგრამ ჯერაც არ გაუსამართლებია. გარდა ამისა, „სვეცკობაა“ ის, რაზეც ვაკელები ძალიან მარტივად ეგებიან, ვაკელები იშიმშილებენ, მაგრამ „სვეცკობას“ ვერ დაანებებენ თავს, ნაცები ტყუილებს „ასვეცკებენ“, ესენი კი სიმართლესაც ვერ „ასვეცკებენ“, -აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
ცალკეულ ანალიტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა ხალხში პროტესტის ჩასაკლავად და ეს იყო პროტესტის იმიტაცია რადიკალების მხრიდან. სინამდვილეში, იყო კი პროტესტი ხალხში? რატომ ვერ აიყოლია ოპოზიციამ ხალხი და რატომ ხდებოდა ისე, რომ ოპოზიციურ აქციებს თავადვე არ ეწრებოდნენ ოპოზიციის ლიდერები?
- ეს არჩევნები, ისევე, როგორც წინამორბედი არჩევნები, იყო ისეთი, რომ საზოგადოება თავისი თვალით ხედავდა, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო უბნებთან და ხმის მიცემის პროცესის დროს. ასე რომ, აგიტაცია-პროპაგანდამ იმის შესახებ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ვერ მიიღო სერიოზული დამაჯერებლობა, მიუხედავად იმისა, რომ, მინიმუმ, ოთხი ტელევიზია ამას გაჰკიოდა ბოლო ხმაზე. ხალხმა თვითონვე ნახა, როგორც იყო ეს არჩევნები და მხოლოდ შეძახილით, რომ, გინდა თუ არა, გაყალბდაო, ძნელია, დაიჯერო ის, რაც შენი თვალით გაქვს ნანახი. საზოგადოებაში გაყალბების ფაქტორს არ გამოუწვევია არანაირი პროტესტი, იმიტომ რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია, ხალხს ეს არ უნახავს და, თუ რაიმე ისეთი მოხდა, რომელიც ხალხის თვალს მიღმა იყო, მაშინ ეს ოპოზიციას უნდა აეხსნა და ეთქვა, რომ თქვენ ვერ ხედავდით, მაგრამ იქ ფოკუსი კეთდებოდა. არც ამ ფოკუსის შესახებ სერიოზული არაფერი ჰქონდათ ნათქვამი, რომ საზოგადოებას ეს გაეზიარებინა. თავისთავად, არსებულმა ძახილმა იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ დადო შედეგი და ხალხი ვერ მოტყუვდა, რადგან არანაირი დამაჯერებლობა ამას არ ახლდა. ამის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. როდესაც თვითონ ოპოზიციის ლიდერებმაც იგრძნეს, რომ ამ ეტაპზე ვერ მოხდა ხალხის ტვინების გამორეცხვა, ხალხის გამოთაყვანება, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე, მიხვდნენ, რომ იქ დგომას აზრი არ ჰქონდა, ეს ვერ გადაიზარდებოდა მაიდანში, რევოლუციაში და მარტო უკმაყოფილების გამოსახატად იქ მისვლის სურვილი სულაც არ ჰქონდათ ამ ჩვენს ე.წ. ლიდერებს.
მიხვდნენ, თუ მიახვედრეს დასავლეთიდან? ასე უცებ პარლამენტთან სცენის კონსტრუქცია რატომ დაშალეს?
- ესენი ხომ თავიანთი ნებით არ მოქმედებენ?! ესენი არიან გაშიფრული აგენტები, მონები, მარიონეტები, რომლებიც იმართებიან გარედან, როგორც თოჯინები. რასაც შეუკვეთავდნენ ისინი, ამას განახორციელებდნენ. სავარაუდოდ, ესენი ეუბნებოდნენ, ჩვენ შევძლებთ საზოგადოების გამოყვანას ქუჩაში, მაგრამ, რადგან ეს ვერ შეძლეს, უკვე ზემოდანაც უთხრეს, გაანებეთ თავი სისულელეს, ნუ გაიმარგინალებთ თავს, თორემ თავიანთი ნებით ამათ ეს არ დაუწყიათ და თავიანთი ნებით არც შეწყვეტდნენ. ეს იყო გარედან მითითებით, მთავარი ის იყო, რომ ეს მითითება გარედან წამოვიდა იმის გამო, რომ გარეთ, ისევე, როგორც შიგნით, ხედავდნენ, რომ ამ ტყუილს ჰქონდა მოკლე ფეხები და დამაჯერებლობა ვერ შეიძინა.
ვაკელებმა ოპოზიციას ყველაზე მეტი ხმა მისცეს. არადა, საქართველოში ყოველთვის თბილისიდან, რუსთაველის გამზირიდან იწყებოდა პროტესტი და მერე მთელ საქართველოს გადაედებოდა. რა ხდება ვაკელების შემთხვევაში, მათ ვერ დაინახეს, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ამდენი პატიმრები, პრობაციობერები, დახოცილი ადამიანები? რატომ შეცდნენ ვაკელები?
- ვაკელები სპეციფიკური ხალხია. მე თვითონ ვაკეში დავიბადე და აგერ, ვაკეში დავბერდი, აქედან გამომდინარე, კარგად ვიცნობ მათ ფსიქოლოგიას. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ოპოზიციური ფრთა იყო ვაკეში.
თუნდაც ძმები გაჩეჩილაძეები და ა.შ.
- დიახ, პროტესტი ყოველთვის იყო ვაკეში და არც ახლა არ შენელებულა, მაგრამ, ერთი მხრივ, ვაკელებს გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე 12 წელია, ხელისუფლება ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ რეჟიმს გაასამართლებდა. რეჟიმის გასამართლება მოხდა კი არა, გვერდით დაიყენა ხელისუფლებამ და თანამდებობებზე უზის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ვაკემ აღიქვა ისე, რომ ხელისუფლება იტყუება. ვაკელების ურთიერთობები დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე, ერთგულებასა და ერთმანეთის გატანაზე. ვაკელებმა იგრძნეს, რომ ისინი დარჩნენ მოტყუებულნი, როცა არ დაიჭირეს ის დამნაშავე ადამიანები, რომელთა დაჭერასაც ჰპირდებოდა ხელისუფლება. ამან სერიოზული პროტესტი გამოიწვია ვაკეში. მეორეც, ვაკელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორ ტარდება ღონისძიებები. ოპოზიცია როცა ატარებს აქციებს, იქ უფრო მეტია პეწი, რასაც „სვეცკობას“ ეძახიან, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციებში. იქ, სადაც „სვეცკობას“ ვერ ხედავს ეს ხალხი, არ დადგება. ნაცები ტყუილებს „ასვეცკებენ“, ესენი კი სიმართლესაც ვერ „ასვეცკებენ“.
ყველაზე მეტად ახლა ვაკელებმა განიცადეს დაბინძურებული მელიქიშვილის გამზირი, ოპოზიციის ბინძური კარვები, დაზიანებული სკამები, იყო ქილიკიც, „აიტანეთ, ვაკელებო, ოპოზიციის მიტინგი შუაგულ ვაკეში, დაბინძურებული და გადაკეტილი გზები, თქვენ ეს დაიმსახურეთ მათთვის ხმის მიცემით“.
- თუ დამიჯერებთ, ყველაზე მეტად ოპოზიციის აუტანლობა აქვთ ვაკელებს. ყველაზე მეტი მიუღებლობა ოპოზიციის მიმართ ვაკელებს აქვთ, თანაც, გაუცნობიერებლად კი არა, გაცნობიერებული მიუღებლობა აქვთ ნაცმოძრაობის მიმართ, მაგრამ „სვეცკობაა“ ის, რაზეც ვაკელები ძალიან მარტივად ეგებიან. ვაკელები იშიმშილებენ, მაგრამ „სვეცკობას“ ვერ დაანებებენ თავს.
ამ ოპოზიციის შემხედვარე, ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გადაეწურა იმედი და ამბობს, რომ ახლა ახალგაზრდობა მოემზადოს მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად. ზურაბიშვილის შემდგომი მიმართულება პარიზის ბილეთის აღება იქნება? როგორ ხედავთ მის მომავალს?
- ზურაბიშვილი ისევე, როგორც ოპოზიცია, არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და ვერც აწმყოში, ვერც მომავალში თავის მოქმედებას ვერ გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რას დაუკვეთენ ზურაბიშვილს თავისი პატრონები, მაგრამ, როგორც თვითონ თქვა, რაც ამ ეტაპზე მისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ „მე ჩემი ნიშა ნაპოვნი მაქვსო“, ანუ ოპოზიციური ნიშაო და ის ფიქრობს, რომ მომავალშიც იქნება ოპოზიციის ლიდერი. მაგრამ ის დამოუკიდებლად, თავისი გადაწყვეტილებით კი არ იქნება ოპოზიციის ლიდერი, არამედ გარედან მიცემული ნებართვით. თუ მას გარედან არ მისცეს ვიზირება, ოპოზიციის ლიდერი კი არა, საკუთარ სახლში ვერ იქნება ლიდერი ვერასოდეს. მთავარია, ზურაბიშვილის მიერ მოწყობილი კამპანიები რამდენად ჩაითვალა სწორად, ადეკვატურად და კარგად ჩატარებულად, როგორ შეუფასებენ დასავლეთში ამას. შედეგიდან გამომდინარე, რომელიც დაიდო, ვეჭვობ, რომ ზურაბიშვილს მოუწონონ ნამოქმედარი და მოსთხოვონ გაგრძელება.
მით უმეტეს, რომ სააკაშვილი არ გამოუშვია ციხიდან, რაც ოპოზიციის მოთხოვნა იყო.
- სააკაშვილი ვერც გამოვიდოდა, ხელისუფლებას უამრავი ბერკეტი ჰქონდა სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ უკეთესი ლიდერი ეყოლა დასავლეთს საქართველოში პროცესების ასაგორებლად, მაშინ ზურაბიშვილს პენსიაზე გაუშვებენ.