„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა. თუმცა, საქართველო სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად.
ევროპარლამენტმა კი რეზოლუცია შეიმუშავა, სადაც გააკეთა ჩანაწერი, რომ შეაჩეროს მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ოფიციალურმა თბილისმა აღნიშნულ რეზოლუციას ფარატინა ქაღალდი უწოდა, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს შეუთვალა, რომ საქართველო არ აპირებს ცალ ფეხზე დგომით ვინმეს მათხოვრად დაუდგეს და 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
„იმისათვის, რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე. კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს.
ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებიდან ძალიან მალე პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახელში განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის განცხადებით, დღეს დაესვა წერტილი მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს.
„ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე - ბოლომდე ვიდგები თქვენთან ერთად. მინდა მივმართო საქართველოს ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ „წინააღმდეგობას ყველა შესაძლო ფორმით“ რადიკალური ოპოზიცია სრულ მზაობას უცხადებს. „გახარია საქართველოსთვის“ ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული.
„ძალიან მძიმე დღეა ქვეყნის ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც 85%-ის არჩევანი არის ევროპული არჩევანი და არჩევნების გაყალბების შემდეგ დღეს უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და უარი თქვა ევროკავშირზე - ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია. რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
„ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ იქნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი და წინააღმდეგობას გაუწევენ რუსულ რეჟიმს.
„ოპოზიცია ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატზე შეთანხმდა. ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ქვეყნის ოკუპაციას. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაუფარავად თქვა, რომ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებით მოქმედებს და დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის საბოლოოდ რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება, ჩვენ ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს და რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ თუ იტყვიან, ხელისუფლება მზად არის უპასუხოს.
„ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის.
2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება.
ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პოლიტილოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ევროკავშირს 2030 წლამდე გამოცხადებული აქვს მორატორიუმი და გაუგებარია რა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
„საერთოდ, უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. რევოლუციას გვიწყობდნენ და მიტინგებზე გამოდიან ევროპარლამენტარები და თან თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად. რომელიმე ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო ვინც ჩამოვიდა? ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს? ვის გვიგზავნიდნენ არ ნახეთ? ეგეთი მონობა რომ გვდომებოდა, მაშინ რისთვის დაიხოცა ამდენი ქართველი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში?!
ამ მართლა ღვთისპირისგან გადავარდნილების ჭკუაზე ვიაროთ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გინდათ თუ არა, გახდით ლგბტქ+, შეიტკბეთ, რატომ არ გინდათო. აი, ასეთი ავადმყოფი გიჟები არიან. არ ხედავთ რა ხდება და ვის გვიფინანსებენ, რა გახადეს შესაძლებელი საქართველში და ვინ გამოგვიზარდეს, რა არსებები გამოგვიზარდეს თავისი ამ ბოლონიის და ავადმყოფური იდეების გადამკიდე!“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რეგიონალური სახელმწიფოების შეკავშირება მოხდება და მიაღწევენ იმას, რომ რეგიონიდან ამოუკვეთენ ფეხებს.
„ბრიკსიკენაც უნდა გავაკეთოთ განცხადება და ყველა რეგიონალური აქტორის მიმართ უნდა ვიყოთ მეგობრული. ყველაფერი კარგად იქნება, ვერაფერსაც ვერ იზამენ და არანაირი ეკონომიკის ჩამოშლა არ იქნება. იქნება ნაცების და ამათი აგენტურის ჟივჟივი და ღავ-ღავი. ბოლოსდაბოლოს თუ არ მოისვენებენ, აქ ცუდი პროცესები წავა და პირველ რიგში, ისინი დაზარალდებიან. გვარამიასგან განსხვავებით ბევრს არ აქვს საშუალება წავიდეს სტრასბურგში და იქიდან თავისი ფიზიონომია გვაყურებინოს ტვ.მთავარიდან.
ძალიან მძიმე შედეგი დადგება, რაც არ გვინდა და რა არის ამაში გაუგებარი, რომ საქართველოში მათი მოსვლა არის სამოქალაქო ომი, რაც არის დიდი სისხლი და საქართველოს დაქცევა და პირველ რიგში, მაგათი, რომლებიც ამოსული ყავს ყელში ხალხს და წარმოდგენა არ აქვთ რა ძალები გამოვა და რა მოუვათ. ისევ ჩვენი დასაცავი გახდებიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.