„ეს გადაწყვეტილება არის თავის გადაზღვევის მეთოდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად წარედგინათ ისეთი პიროვნება, რომლისგანაც თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ მან „ქართულ ოცნებას“ ისეთი სიურპრიზები მოუწყოს, როგორიც მოუწყო მისმა ორმა წინამორბედმა პრეზიდნეტმა, მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება.
ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება და რა პოლიტიკური გათვლა ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას?
- ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, მათ შორის „ოცნების“ მომხრეებისთვის და ამ მომხრეებს შორისაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ყაველაშვილის წარდგენამ. ჩემთვისაც, ერთგვარად, მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რა მოტივი იდგა ამის უკან, ჩვენ ამას ალბათ, ვერ გავიგებთ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის თავის გადაზღვევის მეთოდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად წარედგინათ ისეთი პიროვნება, რომლისგანაც თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ მან „ქართულ ოცნებას“ ისეთი სიურპრიზები მოუწყოს, როგორიც მოუწყო მისმა ორმა წინამორბედმა პრეზიდნეტმა, მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორმაც იმუშავა.
გარდა ამისა, ყაველაშვილი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით და მენტალობით უფრო ახლოს დგას „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებლის იმ პოზიციებთან, რა პოზიციებიც მათ ბოლო პერიოდში დაიკავეს დასავლეთთან მიმართებაში და დღეს ვნახეთ ამ პოზიციების კიდევ ერთი დადასტურება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. აღნიშნულს როგორ შეაფასებდით?
- ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეაჩერა საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არავინ იცის როდის გაიხსნება ეს მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ აპირებს იმ კანონების უკან გაწვევას, რასაც ითხოვს ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ და იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირის გაფართოების ვადა დათქმულია 2030 წლამდე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ვარაუდობს, 2030 წლამდე ევროკავშირში თვითონ მოხდება გარკვეული ცვლილებები, შეიცვლება მიდგომები, პოლიტიკა და შესაბამისად, საქართველოს მიმართაც შეიცვლება ის მიდგომები, რაც ამჟამად არსებობს და ჩვენგან არ მოითხოვენ იმის შესრულებას, რისი შესრულებაც ამჟამინდელ მმართველ გუნდს არ სურს.
გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი ოფიციალური ბრიუსელისთვის. ხელისუფლება ელოდება რა რეაქცია ექნება ბრიუსელს. ალბათ, ბრიუსელში დაიწყება ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარკვევის პერიოდი, რა უნდა საქართველოს, საით მიდის და ა.შ. როდესაც კობახიძე ამბობს, რომ 2028 წლისთვის უკვე ექნებათ 90%-ზე მეტი შესრულებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირთან ხელახლა მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნის დროს ხელცარიელი კი არ მივა, არამედ უკვე შესრულებული მოთხოვნებით.
ევროპარლამეტმა მიიღო მკაცი და ჩემი აზრით, უსამართლო რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში. თუკი ევროკავშირი მაინც გადაწყვეტს, რომ საქართველოსთან პოლიტიკა გაამკაცროს, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, ან სხვა დამსჯელი ღონისძიებები მიიღოს, რაც საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ, მაშინაც შეიძლება საპროტესტო აქციები გაიმართოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ გრანდიოზული მასშტაბები მიიღოს, რადგან საპროტესტო აქციების გამართვას მხოლოდ ევროკავშირის გადაწყვეტილება არ სჭირდება, არამედ ძლიერი ლიდერები, ქარიზმატული წინამძღოლი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ამჟამინდელ ოპოზიციას არ გააჩნია - გასული კვირების აქციებმა ეს ჩვენ კარგად დაგვანახა.
როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური დასავლეთსგან?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა ძალიან დაძაბულია, იმ რთული გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ახლა არის ჩამოყალიბებული მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთვის არ არის მომგებიანი საქართველოს ხელი ჰკრას და მის მიმართ ზედმეტად ხისტი ღონისძიებები გაატაროს. ვფიქრობ, საქმე ურთიერთობების სრულ მოშლამდე არ მივა. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ევროკავშირი სანქციებს ადებს ქვეყნის პირველ პირებს - ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ხიდების დაწვას და არ მგონია, რომ ევროკავშირი ამაზე წავიდეს, რადგან ამან შეიძლება ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები გააღვივოს, ასევე რუსეთის წისქვილზე დაასხას წყალი.