არასავალდებულო რეზოლუცია - ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენული რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.
გარდა ამისა, ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც რეზილუციაშია ასახული, „ქართული ოცნების“ საპატიო თამჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. რეზოლუციის თანახმად, სანქციები უნდა გავრცელდეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე.
„ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესდეს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობების გამო“, - აღნიშნულია არასავალდებულო რეზოლუციის ტქსტში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი და შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერიოზულად ვერ დაკავდება ამ დოკუმენტის შეფასებით.
„რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა 4 რეზოლუციას. ეს არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, ასევე მოწოდებაა სააკაშვილის შეწყალებაზე.
„დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას აკარგვინებს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია: „ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია - ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს. მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით; არჩევნების გამოძიება; სანქციები: ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“, - წერს ნიკა გვარამია.
ბოკუჩავა-გვარამიასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ რეზოლუციას მიესალმა უკრაინის რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებასთან დაკავშირებით.
„ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები. საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, - წერს ოლექსი გონჩარენკო.
ანალიტიკოს დავით ჩიხლაძის განცხადებით, ევროპარლამენტმა მორიგი არაფრისმომცემი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია რამდენიმე პუნქტისგან შედგება და რეზოლუციის ავტორიები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქიციები.
„საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; ევროკავშირმა მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან; ასევე აპირებენ უკვე შეჩერებული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ შეჩერებას. დაჟინებით მოითხოვენ ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
სააკაშვილის საკითხის რეზოლუციაში ასახვა, ზუსტად ასახავს აღნიშნული რეზოლუციის სულისკვეთებას და მოტივაციას, სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არის ადამიანთა არც თუ მცირე ჯგუფი, რომელიც, ერთი მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობას გვიწუნებს (უსაფუძვლოდ), მეორე მხრივ კი ქვეყნის შიდა საქმეებში და მათ შორის სასამართლოს საქმეებში ერევა.
საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის, ჩვენ გვყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების ნაცვლად ეროვნულ ინტერესებს ატარებს და ცალ ფეხზე არასდროს დადგება. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ის როგორც წესი, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს არის მორგებული, ხშირ შემთხვევაში დიდი ფულის სანაცვლოდ.
შორს რომ არ წავიდეთ, 2023 წელს ხუთ ევროპარლამენტარი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენს, ის ისეთივე ფურცლების გროვად დარჩება, როგორც ეს გასულ თვეებში მიღებული რეზოლუციების დროს მოხდა“, - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.