პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი განადგურებულია

პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი განადგურებულია

„ადამიანის სიკვდილის შემდეგ, გამოძიების გამყალბებლისთვის მისჯილი სასჯელი, რამდენიც არ უნდა იყოს იგი, რაიმე სახის კმაყოფილებას ვერ მოგგვრის, თუმცა ჩადენილი ქმედებისათვის დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. სამართლის უზენაესობის პრიციპის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ემორჩილებოდნენ სამართლის ნორმებს, ხოლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს შიგნით არსებობდეს ეფექტური მექანიზმები ადამიანის უფლებების დასაცავად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას იურისტი, დავით ჯანდიერი, რომელიც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში იცავდა. მისივე განცხადებით, დათა ახალიას როლი, საქმის არასწორად წარმათვაში, გამოძიების ფალსიფიკაციაში ძალიან მაღალია, რომ არაფერი ვთქვათ თავისუფლების უკანოდ აღკვეთის ორგანიზებაზე.

for.ge დავით ჯანდიერს ესაუბრა.

3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამდენად ადეკვატური სასჯელია იმ დანაშაულთან, რომელშიც სასამართლომ ბრალდებულდა სცნო ვანო მერაბიშვილი?

- თვითონ ის ფაქტი, რომ განაჩენი დადგა და განაჩენის მიხედვით დამნაშავედ იქნა ცნობილი ვანო მერაბიშვილი, ეს თვითონ არის პოზიტივი. მოცემულ შემთხვევაში მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალი, არ გულისხმობს ოქროყანის ეპიზოდს, ანუ იმ ვითარებას, როდესაც სანდრო გირგვლიანი იქნა ნაწამები და მოკლული. დადგენილი განაჩენით ვანო მებარაბიშვილის დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მან გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა და გააყალბა გამოძიებასთან დაკავშირებული მასალები. სისხლის სამსართლის კოდექსის 2006 წელს მოქმედი რედაქციის მიხედვით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, თავისუფლების აღკვეთა ისჯება 3-დან 5 წლამდე, ხოლო სამსახურეობრივი სიყალბისთვის 2-დან 4 წლამდე.

თუმცა, ფაქტია, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაში რეალაურად სასჯელის მაქსიმუმი არ გამოიყენა...

- დიახ ასეა, მაგრამ თვითონ ამ მუხლების მიხედვით სასჯელი განსაკუთრებულად მაღალი არ არის, რადგან ამნისტია შეეხო ამ მუხლებს და მივიღეთ ის სასჯელი, რაც შეეფარდა.

რაც შეეხება ოქროყანის ეპიზოდს, გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანის სასფლაოზე გია ალანიამ აიყვანა დათა ახალაიას დავალებით, ორივე გააშიშვლა და აწამა. სასჯელი არც ალანიას შემთხვევაში იყო ადეკვატური, ალანიას მიმართა სასამრთლოს განაჩენი არ იყო ლოიალური?

- ეს განაჩენი ოქროყანის ეპიზოდს არ ეხებოდა. როდესაც 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის როგორც „შარდენის“ სუფრის ეპიზოდი, ანუ ვისგან მოდიოდა ეს დავალება, ჰქონდა თუ არა ადგილი შეკამათებას, იყო თუ არა დაპირიპირება გირგვლიანსა და შსს-ს სუფრის წევრებს შორის, ეს იყო ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ეხებოდა სწორედ ოქროყანის ეპიზოდს. სტრასბურგის სასამართლოს მითითებული აქვს, რომ ოქროყანის ეპიზოდი არ იყო სწორად გამოძიებული, ნათელი არ იყო ბოლომდე მოფენილი და ის რამდენიმე გარემობაზე ამახვილებს ყურადღებას.

როდესაც 2012 წელს მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს მიერ იქნა გამოტანილი, ბუნებრივია, ეს საქმე კონვენციის მიხედვით გადაეგზავნა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს მთავრობას წარსადგენი ჰქონდა გეგმა, თუ რის განხორციელებას აპირებდა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო. ამ გეგმის მიხედვით მთავრობამ აიღო ვალდებულება, როგორც „შარდენის“ სუფრის ეპიზოდზე, ასევე ოქროყანის ეპიზოდზე, რომ ყოფილიყო გამოძიებული. დღეს რა ვითარებაში არის ოქროყანის ეპიზოდი, ჩვენთვის უცნობია.

რა გარემოებია ამ ეპიზოდებში, რაც უნდა იქნას დადგენილი გამოძიების მიერ?

- სასამართლომ მიუთითა, რომ არაა განსაზღვრული ის თუ რეალურად ვისი იარაღის გამოყენება მოხდა, არ არის დადგენილი ვის მიერ იყო გამოყენებული დანა და სასამართლო უთითებს, რომ შიდა ინსტანციებმა ავტომატურად გაიზიარეს განსასჯელების ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც სანდრო გირგვლიანმა არსებული დაზიანებები თითქოსდა მიიღო ეკალ-ბარდებზე გადაჩეხვის შედეგად. ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ამ გარემოებების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ გაირკვეს დანაშაულის კვალიფიკაცია. ის კვალიფაკაცია, რომლითაც მაშინ იყო საქმე წარმოებული, ბუნებრივია ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ შეესაბამება გირგვლიანის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებს. ამიტომ, ორქოყანის ეპიზოდი არის გაცილებით უფრო რთული.

ევროპის სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს ოქროყანის ეპიზოდის გამოძიებას, რადგან საქმის ობიექტურობისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რამდენად გაუჭირდება პროკურატურას ოქროყანის ეპიზოდის გამოძიება, დადგენა ვის ეკუთვნოდა იარაღი, ვინ მიაყენა ტანზე დანით ამდენი ჭრილობა?

- როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოქროყანის ეპიზოდზე, ჩემთვის ნამდვილად რთული არის პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებების შეფასება. მე უბრალოდ, მათ არ ვიცნობ. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ძიება უნდა წარმოებდეს, რადგან საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება. რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს პროკურატურა ოქროყანის ეპიზოდის გარემოებების დადგენას, ამის თქმა მიჭირს. იმიტომ, რომ გასულია გარკვეული პერიოდი და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც 2006 წელს დაიწყო ძიება, ის მტკიცებულებები რომელთა მოპოვება შესაძებელი იყო და რომელთა ნაწილი მოპოვებული იყო გამოძიების დაწყების ეტაპზე, არ არსებობს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ეს არის რამდენი ადამიანი და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ოქროყანის ეპიზოდში, ანუ სანდროს წამებასა და მკვლელობაში, გარდა იმ პირებისა, რომლებიც რეალურად იყვნენ მსჯავრდებულნი.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახლთან იყო დამონტაჟებული, რომელიც შს სამინისტრომ, როდესაც ის უკანონოდ იძებდა ამ საქმეს, ამოიღო, თუმცა გამქრალია.

სტრასბურგის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ჩანაწერები საქართველოს მთავრობამ ვერ წარადგინა. ამ ეტაპზე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში გარდა ახალაიასი, მერაბიშვილთან და მელნიკოვთან დაკავშირებით საქმე ბოლომდეა მისული, მაგრამ პროკურატურა და საქართველოს მთავრობა დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომ დაადგინოს რა მოხდა ოქროყანაში.

ამ საქმის მთავარ ფიგურანტად სახელდებოდა დათა ახალაია, მას უდასტურდება დანაშაული, მაგრამ საბერძნეთის სასამართლომ მის ექსტრადირებაზე უარი თქვა, რა პრესპექტივა არსებობს იმისა, რომ ახალაია აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე?

- საბერძნეთის სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ახალაია არის თუ არა დამნაშავე. სასამართლომ იმსჯელა მისი ექსტრადირების საქმეზე. ფაქტია, რომ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც საბერძნეთის მოსამრთლემ გამოიტანა, მისი განხილვის თემა არ ყოფილა ახალაიას ბრალეულობის საკითხი, მისი განხილვის თემა იყო მხოლოდ საქართველოსთვის გადმოცემა და რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი უფლებები დაცული ისე, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენცია.

მაგრამ ახალაიას ნაწილში რა ბედი ელის ამ საქმეს, საქმეში არსებობს .. „საიდუმლოწერილი, რომელიც მერაბიშვილთან ერთად შექმნა ახალაიამ, რომლის მთავარი მიზანი იყო დათა ახალაიას დანაშაულის დაფარვა. გარდა ამ წერილისა, არსებობს სხვა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ ახალაიას დანაშაულზე, რას ელოდებით ახალაიას ნაწილში?

- მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ის „საიდუმლო“ წერილი, რომელიც შედგენილია 2006 წლის 24 თებერვალს, ამ პატაკის მიხედვით ის არის გრიფით „საიდუმლო“, დათა ახალაია აცნობს ვანო მერაბიშვილს, რომ მე ვიძიებ ამ საქმესო და მერაბიშვილი უდასტურებს, რომ მან გამოიძიოს ეს საქმე. ეს კანონთან შეუსაბამო იყო, ვინაიდან შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ ამ საქმის ჩადენაში. რაც შეეხება ახალიას პროცესს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება გადმოცემული, ალბათ, ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი გაიმართოს ახალაიას მონაწილეობის გარეშე.

თანმდებობრივი დანაშაულის ნაწილში გამოკვეთილი და დადასტურებულია, ვანო მერაბიშვილის და დათა ახალაიას პასუხისმგებლობი საკითხი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა გამოძიებაში მაშინ, როდესაც ამ საქმეს იძიებდა შსს. ის პატაკი, რომელზეც ვისაუბრეთ, არის მტკიცებულება, რომელიც არსებობს. დათა ახალიას როლი, საქმის არასწორად წარმათვაში, გამოძიების ფალსიფიკაციაში ძალიან მაღალია, რომ არაფერი ვთქვათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებაზე.

ამიტომ, ახალაიას ნაწილში განაჩენის დადგენა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, ნათელი მოეფინოს საქმეს - თუ რა იყო დანაშაულის ფაბულა, რატომ მოხდა დანაშაულის ჩადენა, რატომ მოხდა სანდრო გირგვლიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთა და შემდგომში უკვე ძიების ეტაპზე, რატომ იყო მთლიანად გამოძიების პროცესი გაყალბებული, როტომ შეუშალეს ხელი დადგენილიყო ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, ისევე როგორც ევროპულ სასამართლოს აქვს მითითებული თავის განაჩენში.