რამდენიმე დღეში წალკაში ვითარება კიდევ ერთხულ დაიძაბება. ოქტომბრის ბოლოსთვის საცხოვრებელ ადგილის დატოვებას დამატებით 100 ეკომიგრანტი აპირებს. როგორც აჭარიდან და სვანეთიდან ჩასახლებულებმა განმარტეს, მათთვის გამოყოფილი ბინების ძველი მეპატრონეები დაბრუდნენ, რომლებიც საქართველოში 45 წელი არ ყოფილან. ისინი სახლებიდან პოლიციის ძალით გამოიყვანეს.
ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ზამთარი კარსაა მომდგარი. ეკომიგრანტებს სასწრაფოდ თავშესაფარი სჭირდებათ. წალკაში, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა, კლიმატური პირობები ისედაც მკაცრია და ამინდის ნებისმიერი გაუარესება ზამთრის დადგომის მომასწავებელია.
აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ არჩილ ხაბაძემ კი მკაფიოდ განაცხადა, რომ წალკაში სახლების შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყოფა. საკითხის მოსაგვარებლად ცენტრალური მთავრობა მუშაობს და 2014 წლის ბიუჯეტში 30 სახლის შეძენაა გათვალისწინებული.
ხაბაძე აცხადებს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, დამატებით აჭარის მთავრობაც სწავლობს საკითხს.
„ცენტრალური მთავრობის ფუნქციებში შედის ეს საკითხი. როგორც ვიცი 30-მდე სახლის შეძენა უნდა მოხდეს 2014 წლის ბიუჯეტიდან. ღორჯომელაძეების ოჯახი გადასახლებული იყო 2000 წლიდან, ისინი ჩაწერილები არიან წალკაში. როგორც ვიცი, მახარაძეების ოჯახი ქობულეთშია ჩაწერილი, ანუ ისინი თვითნებურად იყვნენ წალკაში ჩასახლებული“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ჩასახლებული ორი ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი ოჯახის წევრმა, ასლან მახარაძემ განუცხადა, ბერძენი მეპატრონე დაბრუნდა და სახლის დაცლა მოსთხოვა. მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან წალკაში საცხოვრებლად 2005 წელს წავიდა.
„წალკის რაიონის სოფელ სამებაში ვცხოვრობდით 2005 წლიდან, ეროზიის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ წაგვიყვანა წალკაში და სახლების შესყიდვასაც გვპირდებოდნენ. გუშინ, მოვიდა ბერძენი და გვითხრა, უნდა დატოვოთ ჩემი სახლიო. რა გზა გვქონდა, ორმა ოჯახმა ვიქირავეთ მანქანა, შევკარით ბარგი, საქონელი, ქათმები და წამოვედით“, - აღნიშნა ასლან მახარაძემ.
მახარაძის ოჯახთან ერთად წალკიდან ღორჯომელაძეებიც წამოვიდნენ. სახლის ბერძენმა მეპატრონემ ღორჯომელაძეებსაც მოსთხოვა სახლის დაცლა. ოჯახები გვიან ღამით სოფელ კვირიკეში დაბრუნდნენ და ახლობლებს აფარებენ თავს.
რამდენიმე დღის წინ წალკაში ხმაურიანი აქცია იყო. რაიონის ცენტრში აჭარიდან, სვანეთიდან და გურიიდან ჩამოსული ეკომიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ეკომიგრანტები, რომლებიც 15 წლის წინათ ჩაასახლეს წალკაში, აცხადებენ, რომ მათ ბერძნები ასახლებენ და ამაში მათ ადგილობრივი მთავრობა ეხმარება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში 150 ეკომიგრანტს დაატოვებინეს წალკა და მისი ათამდე სოფელი, ბოლო დღეებში კი სამი ოჯახი გამოასახლეს. ამასთან ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ გამოსახლების მიზნით, მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს პირუტყვს ჰპარავენ.
„12 ძროხას რომ მოიპარავენ, წაიყვანენ და პოლიცია იმას ვერ ნახავს, ეს კეთდება 100 პროცენტით შეგნებულად. ისე, რომ ხალხი თითო-თითოდ გავიდეს, ისე რომ ვერ გაიგოს ვერავინ ვერაფერი და ასე გავიდა 150 ოჯახი აქედან. კიდევ მომზადებულია 600 ოჯახი წასასვლელად. მიხვალ გამგეობაში და - ჩვენი საქმე არ არის, იქ მიხვალ და - იქაც ჩვენი საქმე არ არის“, - აცხადებენ ადგილობრივები.
წალკის გამგებელი ილია საბაძე ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ ეკომიგრანტების პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.