„მამაკაცებმა იგრძნეს საფრთხე, თითქოს მათ ვიღაც ართმევს ძალაუფლებას“

„მამაკაცებმა იგრძნეს საფრთხე, თითქოს მათ ვიღაც ართმევს ძალაუფლებას“

ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის „სამკურნალოდ“ ბოლო დროს უამრავი რეკომენდაცია გაჩნდა. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ქალებს გონიერება მართებთ და მათ მამაკაცები არ უნდა გამოიყვანონ წყობიდან, რადგან მამაკაცის „წვალება“ არანაირად არ არის „მაგარი გოგოობა“ და წასვლასაც თავისი წესი აქვს, მით უფრო, ყველა მამაკაცს არ შეუძლია ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა.

ზოგიერთები მიჩნევენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად იხარჯებოდა ამდენი გრანტები და ეს პრობლემა საქართველოში კვლავაც არაცივილიზებულად წყდება.

ცალკეული ადამიანები ცდილობენ მამაკაცის საქციელს გამართლება მოუძებნონ და მომხდარში ისევ ქალი დაადანაშაულონ, რომელიც უღირსი ცხოვრებით იმსახურებდა ამგვარ მოპყრობას.

ძალადობის ფესვების ძიებისას ზოგიერთები ისე შორს წავიდნენ, რომ დაასკვნეს, ქალებს მოძალადე კაცები უფრო მოსწონთ, ამიტომაც არის ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის როლი დამცრობილი.

სხვათა შოროს, სტოკჰოლმის სინდრომის შესახებ არაერთი მეცნიერი წერდა. ეს არის სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. მოვლენამ თავისი სახელწოდება რეალურ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო, როცა შეიარაღებულმა დამნაშავეებმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარე ბანკის შენობაში მძევლები აიყვანეს, მათ საჭმელს არ აძლევდნენ და მოკვლითაც ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ერთ-ერთ ტყვე ქალბატონს შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა. გათავისუფლების შემდეგ კი უკლებლივ ყველა მძევალი ბოლომდე ცდილობდა დამნაშავეების დაცვას. მათ ციხეშიც კი მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

მოცემული მოვლენა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა და მას ფსიქოლოგები დაცვის მექანიზმად განიხილავენ, როცა აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს.

დღეს კი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მეუღლეებზე ძალადობის ფაქტები გადამდებია და ადამიანს აქვს მიმბაძველობის ინსტინქტი. ამიტომ ამ ფაქტების გაშუქებისას მედიას სიფრთხილე მართებს.

ფსიქიატრი მანანა შარაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღზრდის დროს ქართველ ვაჟებს თავს ახვევენ გარკვეულ სოციალურ როლს, რომ ის უნდა იყო ძლიერი, უნდა იყოს ოჯახში ძირითადი შემომტანი და მისი ტირილი, ან სისუსტე ძალზე დამამცირებელია. პარალელურად, გოგონებს ვზრდით ისე, რომ ისინი უნდა იყვნენ მორჩილები, ყველაფერი აიტანონ და ოჯახიდან ამბავი არ გაიტანონ. მეტიც, თუ ქმარი ცუდად იქცევა, თურმე ეს ქალის ბრალია. ყველაფერ ამას ემატება სოციალური ცვლილებები და 1990 წლიდან მოყოლებული, მთელი ჩვენი საზოგადოების სოციალური სტრესის ქვეშ ყოფნა. ამ დროს მამაკაცი, რომელსაც მოხვეული აქვს მაჩოს როლი, ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც მას დააკისრა საზოგადოებამ. ამას ჰქვია საზოგადოების სინდრომი და ეს არ არის მარტო საქართველოსთვის სპეციფიკური. ასეთი რამ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს ახასიათებს.

„მამაკაცებმა დაკარგეს სამსახური, მათში ხშირია დეპრესია, თვითდესტრუქციული და დესტრუქციული ქცევა, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკომანია, სარისკო ქმედებები (მანქანის ძალზე სწრაფად ტარება). ქალები უფრო ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რადგან ქალს აქვს უფლება, იყოს ცუდად, იყოს სუსტი. მაგალითად, ჩინურ საზოგადოებაში იმდენად მიუღებელია მამაკაცს დეპრესია ჰქონდეს, რომ ჩინელი მამაკაცების დეპრესია გამოიხატება მუცლის ტკივილის სინდრომში. მამაკაცი ამბობს, რომ მას მუცელი ტკივა. კარგი დიაგნოსტირებაა საჭირო, რომ მიხვდე, ეს მართლა კუჭ-ნაწლავის პრობლემებია თუ დეპრესია. ეს არის შენიღბული დეპრესია, რომლის დემონსტრირებასაც მამაკაცი ვერ ახდენს. მამაკაცი ფიქრობს, რომ ის არის ოჯახის თავი და ამ დროს ვერ არჩენს ოჯახს (ანარჩენს ოჯახს, მაგრამ მაინც აქვს სტრესი), მისთვის ქალის ყოველი მოძრაობა თავისუფლებისკენ საშინლად გამაღიზიანებელია. ეს აგრესია გადააქვს ქალზე, გარეთ ხდება პროექცია, ანუ მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ ქალი არის საეჭვო რეპუტაციის. მამა აბრამის ბატკნები გახდნენ ქალები. სიყვარულზე აქ როგორ ვილაპარაკო, როცა მკვლელობაზეა საქმე. ის ჩემი საკუთრებაა, როგორ უნდა გაბედოს მან რამე?! ქალს საყვარელი ჰყავდა, თუ თავდაყირა დადიოდა, ეს არ ამართლებს კაცის საქციელს. ქალების ემანსიპაცია არის მათი გათავისუფლება მათი თავსმოხვეული როლისგან და მამაკაცებმა იგრძნეს საფრთხე, თითქოს მათ ვიღაც ართმევს ძალაუფლებას“, - აცხადებს მანანა შარაშიძე.

ამასთან, განმარტავს, რომ ჩვენთვის ორგანულია ის, რასაც ამბობდა შოთა რუსთაველი, რომ კაცი და ქალი თანაბარია_ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. ამიტომ ჩვენი საზოგადოება დღეს არაორგანულ მდგომარეობაშია და მანდილოსანთა კვლის შესაჩერებლად პოლიციას დიდი ძალისხმევა მართებს. ეს უნდა იყოს ხანგრძლივვადიანი გეგმა, რომ დავუბრუნდეთ იმას, რასაც ამბობდა შოთა რუსთაველი.

ამავე დროს, სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, რადგან ქალს შეუძლია უნივერსიტეტის პროფესორობის შემდეგ გახდეს ბავშვის აღმზრდელი, ძიძა, მაგრამ კაცის ღირსება ილახება, როცა ის პროფესორობიდან ტაქსის მძღოლი ხდება, ან უმუშევრად ზის სახლში.

„ამით არ მინდა ძალადობის გამართლება, მაგრამ ეს ძალადობის ფესვებია. საზოგადოებას სჭირდება განათლება, სოციალური ფონის გაუმჯობესება. ბევრ მამაკაცზე, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა, ამბობდნენ, რომ სულ თვრებოდა, წამალდამოკიდებული იყო. ხვალ კანცელარიასთან მოეწყობა აქცია, რომელიც ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის- მაკა წივწივაძის დაკრძალვის დღეს დაემთხვევა. აქციის მიზანია, სასწაფოდ შეწყდეს ქალთა მკვლელობები. მაკა წივწივაძე არ იყო ჩუმად, მან გააფრთხილა სამართალდამცავები, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ძალადობისგან მისი დაცვა. ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ შს სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, პარლამენტარ ბესელიას - ყველას, ვინც უმოქმედოდ იყო და არასწორი განცხადებებით მომავალში ძალადობას უწყობს ხელს. საპატრიარქოსგანაც ველით შესაბამის განცხადებას“, - აცხადებს ფსიქიატრი.

ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს გაპიარება ხდება ამ თემების, თორემ შესაძლოა, უფრო ადრეც ხდებოდა ქალთა მკვლელობები. ფსიქოლოგის აზრით, როდესაც ეს ფაქტები ასე ხშირად შუქდება და ჩვეულებრივ ხასიათს იღებს, რასაკვირველია, ჩვეულ მოვლენაში გადადის და მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. იმისთვის, რომ ეს რაღაცნაირად დაიძლიოს, ამ ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ისტერიული და საგანგაშო ხასიათი. პირიქით, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ დაისაჯა მოძალადე, რათა მოქალაქეებს გაუჩნდეთ დაცულობის გრძნობა. სხვანაირად, ეს ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰგავს ტელემაყურებლის მიმართ.

„შვილი რომ გვღალატობს და გვინდა, ჩვენთან დარჩეს, ამ დროს კი სხვაგან მიდის, სხვას ირჩევს, მას ხომ არ ვკლავთ? რძალ-დედამთილობის ინსტიტუტის პრობლემაც ხომ ეს არის? მაგრამ რატომ კლავენ მაინცდამაინც ქალებს? ეს არ არის სექსუალური პრობლემით გამოწვეული, ეს უამრავი მიზეზით აიხსნება. თუმცა სრულიად გაუმართლებელია ქალის დასჯის ასეთი ფორმა. ქალების მხრიდან გამაღიზიანებელი ან თავისუფალი ქცევა არაფერ შუაშია. პრობლემას უფრო სხვა ძირები აქვს. ეს არის სიტუაცია, სადაც მამაკაცებმა თავიანთი ფუნქცია ვერ შეასრულეს - ვერც სამშობლო დაიცვეს, ვერც ოჯახი და ეს ფრუსტრირებული მამაკაცები ჩადიან დანაშაულს. დამარცხებულობის სინდრომი ბადებს აგრესიას, მასში მატულობს მძვინვარება და განტევების ვაცად უახლოესი ადამიანი ჰყავთ მიჩნეული, ვისთანაც მუდმივად კონტაქტში არიან. ერთჯერადი მოვლენა არ არის ოჯახური ძალადობა, ის განმეორებადი და მრავალჯერადი პრობლემაა. ასე რომ, თუ ერთხელ გაუბედა პარტნიორს, შემდეგ იცის, რომ ამის ნება მას სულ აქვს. გარეთ ქუჩაში, სამსახურში ის სულ სხვაა. ამიტომ ქალმა, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოითმინოს ეს ფაქტები, მაშინვე უნდა გაახმაუროს, რაც ჩვენი კულტურისთვის მიუღებელია. ამასთან, მამაკაცებს თვითრეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეთ და სარეაბილიტაციო ცენტრების და ფსიქოლოგების მუშაობასაც სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს რუსუდან ფხაკაძე.

ამასთან, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომზეც საუბრობს, რომელიც ქალის ბუნების არასწორი გაგებაა, რადგან ქალი არ არის მაზოხისტი. სუსტი სქესის წარმომადგენელი უამრავი მიზეზის გამო არ ტოვებს თავის მოძალადეს. ეს არის ეკონომიკური დამოკიდებულება, იმედი, რომ ის გამოსწორდება, რადგან მოძალადე რაღაც მომენტში სულაც არ ძალადობს.

მისი თქმით, კონცლაგერებშიც უყვარდებოდათ თავიანთი მწვალებლები. საერთოდ, ტყვეობაში მყოფ ადამიანს თავისი ჯალათი ყველაზე ძლიერად და ერთპიროვნულად მიაჩნია, მაგრამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად რესურსები უნდა გამოიყოს და სერიოზული მეცნიერული დასაბუთებული ხაზები უნდა გაიხსნას ამ მიმართულებით.