„კალაძე რომ მისი სახლიდან გამოვაგდო და „რაღაცა ფული“ მივცე, ბედნიერი იქნება?“

„კალაძე რომ მისი სახლიდან გამოვაგდო და „რაღაცა ფული“ მივცე, ბედნიერი იქნება?“

ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებზე ამბობს, რომ „კავკასუს ონლაინთან“ არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია და ბიზნესმენ მამია სანადირაძეს მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წამოწყებაში სდებს ბრალს. კალაძის თქმით, მან გაარკვია, რომ ბიზნესმენმა სასამართლო ყველა ინსტანციაში წააგო და როდესაც „კავკასუს ონლაინი“ შარანგიებს გადაუფორმა, მათგან გარკვეული თანხაც მიიღო.

კალაძის ბრალდებას გამოეხმაურა ბიზნესმენი, რომლის განცხადებით, მას არც ერთი სასამართლო პროცესი არ წაუგია. მეტიც, სანადირაძე ამბობს, რომ ის დაამტკიცებს როგორ მფარველობს კალაძე სააკაშვილის კარის ბიზნესმენს, ხვიჩა მაქაცარიას, რომელმაც სააკაშვილი-მერაბიშვილი-უგულავას დახმარებით მიისაკუთრა მისი კუთვნილი კომპანია „კავკასუს ონლაინი“.

for.ge მამია სანადირაძეს ესაუბრა.

ბინძური კამპანია წამოიყო სანადირაძემ ჩემს წინააღმდეგ“, - ასე უპასახა კახი კალაძემ თქვენს ადრინდელ ბრალდებებს და განმარტავს, რომ არანაირი შეხება მასკავკასუს ონლაინისსაქმესთან არ ჰქონია...

- მე ვსაუბრობ ფაქტებზე, რომელიც გამაჩნია. მან ჩაშალა „კავკასუს ონლაინის“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება ხვიჩა მაქაცარიასთან. პირადად შემხვდა კალაძე და ამ შეხვედრაზე იცავდა ხვიჩა მაქაცარიას ინტერესებს. ყურმოკრულ ინფორმაციას არ ვამბობ, ადამიანი შემხვდა და ხელი ჩამომართვა. აქვე ამბობს, რომ თითქოს, სასამართლო წავაგე, მე არაფერი არ წამიგია, არც ლონდონში და არც თბილისში. ლონდონში მიმდინარეობს სასამართლო, ამ სასამართლოს აუცილებლად მოვიგებ და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. დიახ პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ გაჩერებულია. ეჭვი მაქვს, რომ სწორედ კახი კალაძის მფარველობის გამო შეჩერებულია საქმის გამოძიება. ვსვამ კითხვას, რომ არა კალაძის მფარველობა, რატომ არ იკითხება საქმის მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ როგორ მემუქრებოდნენ მიშას „ჯიბის“ ბიზნესმენები სიცოცხლის ხელყოფით?

ამ ინტერვიუში კახი კალაძე საუბრობს მხოლოდ შარანგიებზე, ხოლო მაქაცარიაზე საერთოდ სიტყვას არ ამბობს...

- როცა ამბობს, რომ გავარკვიეო, საინტერესოა ვისთან გაარკვია? ეს არის ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაყრილი ჭორები, რომელსაც კახი კალაძის ინტერვიუ ეფუძნება, თითქოს, მე წავაგე სასამართლო, თუ წავაგე სადაა რამე მტკიცებულება? „რაღაცა ფული“, რაზეც კალაძე საუბრობს, სწორედ ხვიჩა მაქაცარიამ მომცა, ამ „რაღაცა ფულის“ მოცემას კი წინ უძღოდა ზეწოლა და ძალადობა ჩემს მიმართ, რისი მიზანიც იყო ჩემგან მიეღოთ საბუთებზე ხელმოწერა. „კავკასუს ონლაინი“ ღირდა 100 მილიონი დოლარი, „რაღაცა ფული“ რომ მომაჩეჩეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილი კომპანია კანონიერი გზით შეიძინეს და შესაბამისი თანხა გადაიხადეს.

კალაძე ამბობს, რომ ერთი თაღლითი, ორ თაღლითს ედავება და მტყუან-მართალი ერთმანეთში გაარკვიონო. გამოდის, რომ პასუხისმგებლობას იხსნის. პატივისა და ღირსების შელახვისათვის აპირებთ მიმართოთ სასამართლოს?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. კალაძემ მე ბინძურიც კი მიწოდა. ამ ადამიანს მე ვამხელ კორუფციულ გარიგებებში ხვიჩა მაქაციარიასთან და ეს იქნება ჩემი პასუხი. ის იყო და არის მაქაცარიას ბიზნესპარტნიორი „საქჰიდროენერგომშენში“. ერთ მხარეს არიან მაქაცარია-შარანგია, ხოლო მეორე მხარეს ნოღაიდელი-კალაძე. კალაძე ამ პროექტებს სთავაზობს ინვესტორებს და ჩქარი ფულის მოქაჩვით არის დაკავებული.

დავამტკიცებ, კალაძის კავშირებს ხვიჩა მაქაცარიასთან და მის მფარველობას ამ ბიზნესჯგუფებთან. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ კალაძე ჩაენაცვლა მფარველად მათ. ჩემი განცხადების შემდეგ, არ უნდა დაინტერესებულიყო პროკურატურა, რატომ შემხვდა კალაძე? რა შუაში იყო კალაძე „კავკასუს ონლაინთან“? მაგრამ, პროკურატურა ასეთი საკითხებით არ ინტერესდება. არცერთი გამოძიება, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხება ბოლომდე არ მიდის. შესაბამისად, ალბათ, პროკურატურა არ გამოიძიებს ჩემს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსაც.

შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა მაქაცარია ხელისუფლების კარზე მისაღები ბიზნესმენი გახდა?

- ხვიჩა მაქაცარია, ალბათ, იმიტომ არის მისაღები მთავრობისთვის, რომ მას შეუძლია ფული მოიპაროს და გაყოს. ამისთვის არის საჭირო. კალაძის მეშვეობით და მხარდაჭერით რუსთავის სამარშუტო ტაქსები ჩაანაცვლა თავისი ყვითელი ავტობუსებით, ასეთი მეთოდით მოქმედებს. ამ მეთოდებით მდიდრდებიან და ფულს უყოფენ მთავრობას, ამას ჰქვია სწორედ ოლიგარქია. ამ ოლიგარქიული კავშირებით ანგრევენ კონკურენციას, ძარცვავენ ხალხს და იყოფენ ფულს.

დარწმუნებული ვარ, რომ მოვა შემდეგი მთვარობა და კალაძის კრიმინალური მოღვაწეობა იქნება გამოძიებული და პასუხს აგებს იმაზე, რასაც აკეთებს „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ, დრო ფარდას ახდის ყველაფერს და ვნახავთ ვინ არის თაღლითი.

მე ლონდონში სასამართლოს აუცილებლად მოვიგებ. ლონდონში სასამართლოზე არავის უკვირს რაც მოხდა, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს და ვლადიმერ პუტინს მართვის ერთნაირი მეთოდები ჰქონდათ, კახი კალაძესაც უნდა ახლა მიშობა, მაგრამ არ გამოუვა.

მე არსად არ მეჩქარება, გაიძვერები აუცილებლად დაისჯებიან, ასე რომ, მე ჩემს დროს დაველოდები. მე ვარ მართალი ადამიანი, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ ლონდონშიც და საქართველოშიც. კალაძე რომ მისი სახლიდან გამოვაგდო და როგორც თვითონ იძახის, „რაღაცა ფული“ მივცე, ბედნიერი იქნება? რა თქმა უნდა - არა. ამიტომ, დაფიქრდეს რას ამბობს. ვპირდები ყველას, რომ ჩემი სიმართლით გავიმარჯვებ, მოყენებულ ზარალზე პასუხს ვაგებინებ კალაძეს, ლაშა ნაცვლიშვილს, პროკურატურის სხვა ჩინოვნიკებს, მათ ვინც ჩემი საქმის გამოძიება გააჩერა.