მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში ბრალდებულ სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
მიუხედავად იმისა, რომ დალხინებული ცხოვრება არასოდეს ჰქონია, იმდენი შვილი გააჩინა, რამდენიც უფალმა უბოძა: ოთხი - გოგო და ერთი - ბიჭი...
ყველა წვალებასა და გაჭირვებაში გაზარდა... მთავარი იყო, ერთისთვის, ანუ უფროსისათვის ეყიდა ტანსაცმელი და მომდევნო შვილები მის გამონაცვალში იზრდებოდნენ...
შრომობდა ფიზიკურად, არც თოხი ეთაკილებოდა და არც - ბარი...
ქმარი ისე უყვარდა, როგორც ნამდვილ ქართველ ქალს შეეფერება - ოჯახის არც დანგრევას იკადრებდა, გარეთ არც ქმრის აუგს იტყოდა და ეზო-ყურეში მამაკაცის საქმესაც თავად გააკეთებდა, რომ არავის ეთქვა, კაცი უსაქმურიაო...
მართალია, მისი ქმარი, დროის დიდ ნაწილს, ტელევიზორის ყურებასა და ძველი გაზეთის კითხვაში ატარებდა, მაგრამ რაც მთავარია, სოფელმა იცოდა, რომ ოჯახს კაცი ჰყავდა... ჰოდა, სოფლის შარაზე, ზურგზე თივისზვინმოგდებული რომ მოდიოდა, მაშინაც ამაყად იყურებოდა...
ვინ გაუბედავდა რამის თქმას, „ნოშრევანის” ცოლს - “სოფლის სიამაყის” თანამეცხედრეს...
დილა ასე იწყებოდა:
ბავშვები სახლს ალაგებდნენ, დედა ბაღჩაში წაკუზული მუშაობდა, თან ცეცხლზე შემომდგარ ლობიოზე ფიქრობდა, რომ არ გადმოსულიყო...
მერე, ბოსტნიდან რომ მობრუნდებოდა, ვიდრე ლობიოს შეკაზმავდა, უფროს გოგოს ცეცხლზე ტაფას აცხელებინებდა, შუათანას მჭადის ცომს აზელინებდა...
ამ დროს, ოჯახის “ბურჯი” მამა სოფლის „ბირჟაზე“ იდგა და “კურიერში” გადმოცემულ ახალ ამბებსა და გლობალურ პოლიტიკას განიხილავდა, სოფლის პატარა ბიჭები კი, ხითხითით უსმენდნენ, რადგან მისი თანატოლი ყველა მუშაობდა...
მზე ცის შუაგულისკენ რომ დაიწყებდა წასვლას, საათს დახედავდა, იტყოდა, მზე გადასულა, ჭამის დროაო და სახლისკენ წავიდოდა... ეზოში ცოლი და ხუთი მშიერი „ბაღანა” ოჯახის „მამამარჩენალს” ელოდებოდა...
აი, ასე გაზარდა შვილები...
მეზობლებთანაც არ დაუჩივლია...
მთავარი ხომ ოჯახის სიწმინდისა და პატიოსნების დაცვა იყო!
როცა უფროსი ორი გოგო გაუთხოვდა, ორი თუ სამი თვე ვერ მიაკითხა - უსაჩუქროდ მისვლა მოერიდა...
დედა იყო და სხვა თავმოყვარეობა აწუხებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა...
მერე, მომდევნო ორმა გოგომ სწავლა გადაწყვიტა...
ამბობდა:
- აიჩემეს... ყოფილიყვნენ სოფლად, მეზობელი სოფლის ბიჭები კი ეხელებოდნენ და გაყვებოდნენ ცოლად, ახლა ხომ უკვე ბოვშებიც ეყოლებოდათო...
ქალაქში ჩამოიყვანა, მაზლს მიაბარა...
- იქნებ ჩაირიცხონ, რაცხა ოუტეხიათ და მიმიხედეო...
ვერ ჩაირიცხნენ და 3 კვირაში უკან, სოფელში დაბრუნდნენ...
სოფელში ერთი დღის დაბრუნებულებს, პოლიცია და ბიძა დაადგათ...
არც მეტი, არც ნაკლები - ოქრო მომპარეს, ზედ ფულიც გამოაყოლესო...
ვერ დაიჯერეს ეს დედამ და მამამ.
- ჩვენი შვილები არ იკადრებდნენ, თუ არ გჯერათ, გაჩხრიკეთო...
და ვიდრე გაჩხრეკას დაიწყებდნენ, ერთმა თქვა, მე წამოვიღეო...
მეორემ დაუდასტურა, მართალია, მეც ვიცოდიო...
წაიყვანეს დები პოლიციაში...
გაყვათ დედა...
და რომ უთხრეს, უნდა დავაკაოთო, ადგა და გამოაცხადა:
- მილიციელო, მე დავავალე და ბავშვებმაც ის გააკეთეს, რაც ვუთხარიო...
არ დაუჯერა „მილიციამ”.
ურჩია, შინ წასულიყო, მაგრამ რად გინდა? - არ დანებდა დედა, არ დანებდა და 2 შვილით წამოვიდა ციხეში...
აი, ასე: დედაც და შვილებიც 4 წლით დააპატიმრეს...
როცა ვეკითხებოდით, შენ რატომ დაიბრალეო, მშვიდად გვპასუხობდა:
- გასათხოვარ გოგოებს ციხეში მარტო ვერ გამოუშვებდიო...
P.S. ასეა, ასე: დედა ყველგან და ყოველთვის გჭირდება...
ოთხი წლის მერე...
სოფელში დაბრუნებულ დედას და შვილებს ოჯახში ახალი ორი პატარძალი დახვდათ - ქმარიც დაქორწილდა და ბიჭიც...
დიდხანს იდგა თავისი სახლის წინ, ღობესთან...
დიდხანს უყურებდა თავის მონაგარს...
დიდხანს უყურებდა ქმარს, თუ როგორ კარგად ჩეხავდა შეშას.
- თურმე, სცოდნიაო, - გაიფიქრა...
ახლა, სადღაც, ვაგზალზე მუშაობს გამყიდველად, გოგოებიც თავისთან ჰყავს - ისინიც მუშაობენ... ექვსი თვის წინ შემხვდა და მითხრა, უკან უნდა ამათ დევნა, ვინმე ოხერტიალს არ გადაეყარონო...
დაბერებულიყო... მაგრამ, ყოფილ ქმარზე აუგი მაინც არ თქვა:
- აბა, რა უნდა ექნა? 4 წელი, კაცებს ქალი ხომ უნდოდათ სახლში, მომვლელი არ ჰყავდათო...
ასეა ეს ცხოვრება...