ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების გამო გლობალური ეკონომიკა კვლავ საფრთხეშია - რას ელოდებიან საქართველოში?

ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების გამო გლობალური ეკონომიკა კვლავ საფრთხეშია - რას ელოდებიან საქართველოში?

ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება და გადაზიდვა გაძვირდება, რაც საქონლის ფასზეც იმოქმედებს. სხვადასხვა ფორმის ზეგავლენას ვერ ასცდება საქართველოც, რომელსაც რეგიონული ომის შედეგები, ადრე თუ გვიან, რაღაც დოზით შეეხება.

ბოლო დღეებში ნავთობმა გეზი გაძვირებისკენ აიღო, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება ოქროც, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა.

ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა. ამჟამად 1 ბარელი ბრენტის ფასი 75 დოლარს აღწევს, ხოლო ამერიკული ლაითის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ისევ სარეკორდო ნიშნულზე ოქროს ფასი. ლონდნის ბირჟაზე 1 უნციის ფასი უკვე 3500 დოლარს მიუახლოვდა.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არ გამორიცხავს, რომ ნავთობის ფასმა კიდევ მოიმატოს. მოსალოდნელია გადაზისდვის ტარიფის ცვლილებაც, რაც ლოგისტიკას გააძვირებს.

სამხედრო დაპირისპირება თუ არ დარეგულირდა, შეიძლება მიგრანტთა ნაკადი დაიძრას კავკასიისკენ და საქართველოსკენ, არც ამას გამოვრიცხავ.

რაც შეეხება ბირჟებს, ვხედავთ დოლარის ინდექსი შესუსტებულია, ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. თუ მდგომარეობა გართულდება, აქციებზეც იმოქმედებს. ამასთან, საზღვაო არხი თუ გადაკეტა ირანმა და იმუქრება კიდეც, მაშინ საქონლის გადაზიდვების ტარიფები შეიცვლება, რაც ზოგადად ფასებზე იმოქმედებს და ინფლაციას გამოიწვევს. როგორც ვიცით, კონტეინერები ჩვენთან თურქეთიდან შემოდის, მაგრამ იქაც პრობლემა გაჩნდება. ვიმედოვნებთ, სიტუაცია ჩაწყნარდება და დრამატულ ხასიათს არ შეიძენს, - აღნიშნა შენგელიამ.

ბოლო რამდენიმე დღეა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, კვლავ გამწვავდა. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს ნომერი პირველი ვალუტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს. დოლარი შექმნილი ვითარების შედეგადაც კი არ გამყარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ბოლო პერიოდში დოლარი გაუფასურდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის სარგებლობდა უსაფრთხო აქტივის სტატუსით, როდესაც მსგავსი ესკალაცია ხდებოდა, დღესდღეობით კი ვხედავთ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, დოლარი არ გამყარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგავს უსაფრთხო აქტივის სტატუსს. ჩვენთვის კი, რადგან საერთაშორისო ვალი დოლარში გვაქვს, გამოდის, რომ ეს ვალი იზრდება, - განაცხადა ეკონომისტმა.

როგორც მან აღნიშნა, დოლარის გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება, ევრო კი გამყარდება.

ჩვენი შეფასებით, დოლარის გაუფასურების ალბათობა მომავალშიც ძალიან მაღალია. როცა ევრო დოლარზე იაფი ღირდა, ეს იყო დოლარის უფრო მეტად გაუფასურების არგუმენტი, ანუ როცა ევრო გამყარდა, აუცილებლად ვუშვებთ, რომ ევრო კიდევ გამყარდება. მომდევნო 5 ან მეტი წლის პროგნოზს თუ ავიღებთ, რაც განსაკუთრებით დიდი პროექტების დაფინანსებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ ჩვენი გზავნილია, რომ კვლავ ევრო გამყარდება, მაგრამ - უფრო ნაკლებად, ვიდრე აქამდე, - აღნიშნა პალიტრანიუსის ეთერში ოთარ ნადარაიამ.

ახლო აღმოსავლეთში ესკალაციამ საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითთან ერთად, შესაძლოა, გარკვეული დადებითი ეფექტიც იქონიოს. ასეთი შემთხვევა უკვე იყო რუსეთ-უკრაინის ომის პირველ თვეებში. ამჯერად ეს ეფექტი მცირე იქნება, მაგრამ გამოკვეთილი ნიშნების მატარებელი.

გალტ ენდ თაგარტში მიაჩნიათ, რომ წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არათუ კლება, არამედ ბაზრის შესაძლო ზრდაც კი ვიხილოთ. ეს კი გასაყიდ და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას დაასტიმულირებს.

ისრაელიდან წამოსული მოთხოვნა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საერთო გაყიდვებში 2024 წელს ახალ ბინებში მათი წილი თბილისსა და ბათუმში 10-10%-იანი იყო, რაც ნიშნავს, რომ დეველოპრებისთვის საკმაოდ საინტერესო მყიდველების სეგმენტია. იყო მოლოდინი, რომ 2023 წელის ბოლოს იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მოთხოვნა შემცირდებოდა, თუმცა, სინამდვილეში, საპირისპირო ტენდენცია დავინახეთ. მათ დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების ძიება საინვესტიციოდ და საქართველო სწორედ ასეთია მათთვის. ნაცნობი სექტორი და ქვეყანაა, კომფორტულად გრძნობენ თავს და ეს აქტივობა ამით იხსნება.

დღეს მიმდინარე მოვლენებისა და ზოგადი გეოპოლიტიკური როლის გათვალისწინებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზრდა შენარჩუნდეს და შესყიდვებში მაღალი წილი დაიჭიროს ამ ქვეყანამ, - განაცხადა გალტ ენდ თაგარტის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა.