იმის შესახებ, რომ აჭარაში მიწის მაფია მოქმედებს და მისი კვალი, პირდაპირ თუ ირიბად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძემდე მიდის, “ქართული სიტყვა” წინა ნომერში გაკვრით წერდა. დღეს კი, ამ თემაზე დეტალურად “მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის” წევრი, ქობულეთის მკვიდრი ჯეირან ფალავანდიშვილი ისაუბრებს, რომელიც აცხადებს, რომ 19 აჭარული ოჯახის ინტერესები შპს “აგრომეტს” ეწირება. მაშ ასე, რა კავშირი აქვს შპს “აგრომეტს” კახა ბენდუქიძესთან, როგორ აღმოჩნდა ჩაქვში მდებარე უნიკალური ისტორიული შენობა აზერბაიჯანელის ხელში და ვის დარჩება სადაო 5 მილიონი - მოსახლეობას თუ შპს “აგრომეტს”?
ჯეირან ფალავანდიშვილი: - ...ავიანციის ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, პროფესიით სამუშაო ვეღარ ვიშოვე და 1996 წელს მუშაობა მიწათმომწყობად დავიწყე. ამასობაში, ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” მოვიდა და, რეორგანიზაციის საბაბით, შინ გამიშვა. იძულებული გავხდი, საკუთარი მრავაპროფილიანი შპს “ციტროვიტა” შემქმნა. სხვათა შორის, მიკროსკოპსაც დავეუფლე...
2007 წლის დეკემბერში, 7 ნოემბრის ამბები უკვე მომხდარი იყო, ხელისუფლებამ მთელი აჭარის მიწათმომწყობებს დაგვიძახა.
- ხელისუფლება ფართო მცნებაა, კონკრეტულად, ვის გულისხმობთ?
- ამ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის მაშინდელი უფროსი, ჯაბა ებანოძიე ხელმძღვანელობდა, რომელიც ადრე “მიწის მესაკუთრეთა უფლბების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე იყო. ამ ასოციაციას ოფისი აჭარაშიც ჰქონდა.
- ისე, ბატონო ჯეირან, ამ ასოციაციის პირველი ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო მერაბიშვილი იყო...
- ეგ არ ვიცი, მაგრამ ჯაბა ებანოიძე ბათუმში იმ მოტივით ჩამოვიდა, რომ ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში მიწის რეფორმა ჩატარებული არ იყო და სასწრაფოდ მიწის ლეგალიზაცია უნდა მოგვეხდინა. მოკლედ, რუკები დაგვირიგეს, მე ჩემი სოფელი ხალა, ასე ვთქვათ, ჩამაბარეს და მიწის დაკანონების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. ყველაფერ ამას ქობულეთში ხელისუფლებიდან ჯემალ ინაიშვილი კურირებდა - მოიტანდა საბუთს და ხალხს “ტარჟესტვენნად” გადავცემდით, მაგრამ ყველაფერი ეს ცოტა ხანს გაგრძელდა...
- ბატონო ჯეირან, მომიტევეთ, მაგრამ “ნაციონალებს” ხალხისთვის მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირებიათ, ანუ კარგი საქმე გაუკეთებიათ და ვერ ვხვდები, რა პრეტენზიები გაქვთ?
- გეტყვით... ადრე ჩაქვში ქართველს იშვიათად ნახავდით - მოსახლეობის უმეტესობა ბერძენი, რუსი და სომეხი იყო, მაგრამ მერე, ცხოვრება რომ შეიცვალა, ხალხი მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლდა და ჩაქვში რუსი, ბერძენი და სომეხი თითზე ჩამოსათვლელიღაა.
მოკლედ, ჩაქვში მაღალმთიანი რაონებიდან ჩამოსახლებულ აჭარლებს აღიარების კომისიამ არენდით აღებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცა. მახსოვს, სულ 36 საკუთრების მოწმობა გაიცა.
- აღიარების კომისიას ვინ ხელმძღვანელობდა?
- ადგილზე კომისიის თავმჯდომარე სულხან ტაკიძე იყო. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის მეორე ნახევარში, 36 ნახაზი, ანუ საკუთრების მოწმობა ერთდროულად გააუქმეს.
- რა მოტივით?
- ხომ იცით, მექოთნე ქოთანს ყურს იქით მოაბამს, საითაც უნდა.
- ერთი სიტყვით, ხალხს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცეს, წაართვეს. სწორად გავიგე, არა?
- დიახ და ამის მოტივი ის გახდა, რომ კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს თითქოს კანონი დაირღვა.
- მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს, რომ კერძო საკუთრება უნდა ჩამოერთმიათ?
- აჭარაში წინასწარ არავინ არავის აფრთხილებს და ადმაიანი უცებ იგებს, რომ ის, რაც თავისი ეგონა, მისი აღარაა.
- ასეთი რაღაცები დღესაც ხდება?
- დიახ, საუბედუროდ, დღესაც ხდება...
- მიწის ნაკვეთები, რომლებიც ხალხს ჩამოართვეს, ვის გადაეცა?
- არავის, სახელმწიფომ დაიბრუნა - როგორც ჩანს, რაღაცისთვის უნდოდა.
- მაინც, რისთვის?
- კარგი ადგილებია და, ალბათ, თბილისიდან ვიღაცას თვალი ჰქონდა დადგმული...
- ვინ “ვიღაცას”?
- კონკრეტულად არ ვიცი... ბატონო ვანო, იცით, მიწის რომელ ნავეთებზეა ლაპარაკი? - აი, იმაზე, ჩაქვიდან ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზაზე ციტრუსის ბაღები რომაა გაშენებული...
- ბატონო ჯეირან, ჩაქვში, ამ ტერიტორიაზე, ერთი კვადრატული მეტრი მიწა რა ღირს?
- ზღვის პირას - 100 დოლარი, იმ ტერიტორიაზე კი, რომელზეც გელაპარაკებით, - 10-დან 20 დოლარამდე, ანუ მაინცდმაინც ელიტური ადგილი არაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კერძო საკუთრებაში გადაეცათ, ზოგმა მიწის ნაკვეთი გაყიდა და ახალმა მეპატრონემ სახლი ააშენა. როგორც ამბობენ, ლევან ვარშალომიძემ სახლები რომ დაინახა, იკითხა, ეს რა ხდებაო და...
სხვათა შორის, აღიარების კომისიის თავმჯდომარე სულხან ტაკიძე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრადებით დაიჭირეს...
- ხალხმა კერძო საკუთრების წართმევა არ გააპროტესტა?
- ზოგმა იჩივლა და მიზანსაც მიაღწია. მაგალითად, შარშან, ერთ-ერთი მესაკუთრე მოვიდა და მითხრა, სასამართლო მოვიგე და იქნებ, საზღვრები დამადგენინოო...
თავის დროზე, როცა ავტობანის მშენებლობა გადაწყდა, “მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციამ” სავარაუდო პროექტი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ავტობანი ქაობულეთიდან, ჩაქვის გავლით, თურქეთის საზღვრამდე უნდა მივიდეს. სახლების ნახაზებსაც ვაკეთებ და ქობულეთის მიწის საკუთრების აღიარებით კომისიაში მთხოვეს, ხომ იცი, ავტობანმა სადაც უნდა გაიაროს და ამ ტერიტორიაზე სახლის ნახაზის გაკეთებას მოერიდეო. “მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაცია” მთავრობის დაკვეთითაც მუშაობს.
- “მთავრობით დაკვეთით მუშაობა” რას ნიშავს?
- მაგალითად, ტყის მასივის აზომვა, ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენს გარდა, უმარავი შპს არსებობს, რომელიც სახლის ნახაზებს აკეთებს და რომელსაც ამ საქმიანობას ვერავინ აუკრძალავს. ერთი სიტყვით, ნახაზები კეთდებოდა და კეთდებოდა. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა გელაპარაკებით, მიწის ნაკვეთი ჩემს ბიძაშვილსაც ჰქონდა, რომელიც გარდაიცვალა და მისმა შვილმა მთხოვა, ნაკვეთის ნახაზი გამიკეთეო. ავუხსენი, არ დაგიმტკცებე-მეთქი. დაიჟინა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, დამიმტკიცებენ თუ არა, ნახაზი გამიკეთეო.
- გაუკეთეთ?
- რა თქმა უნდა და ქობულეთის მიწის აღიარების კომისიაშიც გავყევი, სადაც გვითხრეს, გაფრთხილებულები ვართ, რომ ავტობანის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების დაკანონებას მოვერიდოთო.
- როგორც ვხვდები, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების დაკანონებისგან თავს იმ მოტივით იკავებდა, რომ კომპენსაცია არ გადაეხადა, არა?
- მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაკანონებული იყო თუ არა, სახემწფო კომპნსაციას მაინც იხდიდა.
- აბა, ვერ გავიგე, პრობლემა რატომღა გაჩნდა?
- აგიხსნით... როცა დაკანონებულია, მიწას სხვა ფასი აქვს - სახელმწიფო, კვადრატულ მეტრში, კომპენსაციის სახით, 23-დან 27 ლარამდე იხდის.
- ბატონო ჯეირან, თუ სახელმწიფო კომპენსაციას საკუთრების მოწმობის გარშეც იხდის, ნებისმიერი იტყოდა, რომ ამ ტერიტორიაზე ნაკვეთს ფლობდა...
- მხოლოდ თქმა არ იყო საჭირო, ეს მოწმეებსაც უნდა დაედასტურებინათ.
- ხომ იცით, საქართველოში ყველაფრის “მოკვარახჭინება” შეიძლება...
- კი ბატონო, მაგრამ ამის გამო ვიღაცები დაიჭირეს.
- ანუ?
- ვიღაცამ გაიგო, ქობულეთში ავტობანი გადის და მათ, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთს ფლობს, სახელმწიფო კომპენსაციას უხდისო. ერთ-ერთ ფირმას ნახაზები გააკეთებინა და მოწმებიც მოძებნა, მაგრამ მერე, მთელი ადგილობრივი მოსახლეობა ფეხზე დადგა, ამ კაცს არ ვიცნობთ, საიდან მოვიდაო.
მოკლედ, აღიარების კომისიამ ხალხს მიწის დაკანონებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ავტობანის ტერიტორია ბოლომდე არ იყო გამიჯნული. გამიჯვის შემდეგ კი, სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ ნაკვეთში კი არა, ამ ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მრავალწლიან ნარგავებშიც გადაიხდიდა.
- ისე, ბატონო ჯეირან, როგორც მიწის სპეციალისტი, რას ფიქრობთ, ავტობანი კარგია თუ ცუდი?
- ძალიან კარგია...
- საერთოდ, სახელმწიფოს მშენებლობა ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს - შეიძლება, არასწორი შედარებაა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, - დავით აღმაშენებელი ურჩ ფეოდალებს ძელზე სვამდა...
- გეთანხმებით, მაგრამ მსოფლიო ბანკსა თუ აზიის განვითარების ფონდს ის თანხა, რომელის გადმოცემაზეც ხელი სააკაშვილმა მოაწერა, არ უჩუქებია და მისი გადახდა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუწევთ.
- ანუ, თქვენს მიერ დასახელებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ავტობანის მშენებლობისთვის თანხა გრანტის სახით კი არ გამოყვეს, არამედ, გვასესხეს?
- არ ვიცი...
- თუ არ იცით, მაშინ შვილებისა და შვილიშვილების მიერ გადასახდელ ვალზე საუბარი, ვფიქრობ, უხერხულია... მოკლედ, ბატონო ჯეირან, მგონი, იმის თქმას ცდილობთ, რომ აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში, ე.წ. მიწის მაფია “ოპერირებს”, არა?
- დიახ, დიახ...
ერთი სიტყვით, მაგისტრალის საბოლოო პროექტი დამტკიცდა და გზებს დეპარტამენტმა მიწის აზომვა დაიწყო და იმ ტერიტორიასაც მოადგა, რომელიც 19 ადამიანს ეკუთვნის. ამზომველებმა თქვეს, ეს მიწა მოსახლეობის კი არა, შპს “აგრომეტის” საკუთრებააო.
- ეს როდის მოხდა?
- 2014 წლის მარტსა თუ აპრილში. ბათუმში ვიყავი, ხალხმა დამირეკა და სასწრაფოდ ჩაქვში ჩასვლა მთხოვა. ჩავედი და მოსახლეობამ მკითხა, “აგრომეტი” ვისი შპს-აო. მანამდე ამ ფირმაზე არაფერი მსმენოდა. ინტერნეტში ქექვა დავიწყე და აღმოჩნდა, რომ შპს “აგრომეტის” დირექტორი კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ვინმე გოგიჩაიშვილია, შპს-ს იურიდიულ მისამართად კი, თბილისი, აღმაშენებლის მე-12 კილომენტრი აქვს მითითებული. როგორც გავარკვიე, 2012 წლის 18 ოქტომბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა, პრეზიდენტისა და ლევან ვარშალომიძის განკარგულებით, მიწის ეს სადაო ტერტორია შპს “აგრომეტს”, მის საკუთრებაში არსებული, ჩავქში მდებარე ნაკვეთების ჩაბარების სანაცვლოდ გადასცეს...
- ამ დროს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებბი უკვე “ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ?
- არა, ეს გარდამავალ პერიოდი გახლდათ და მთავრობა დაკომპლექტებული არ იყო... როცა ჩვენმა ყოფილმა “უჭკვიანესმა” პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულება გააფრომა, რომ საქართველოში ავტობანი უნდა გავიდეს, მაგიდაზე ხომ უკვე ედო იმ ტერიტორიის რუკა, სადაც ავტობანს უნდა გაეარა?
- წესით, რუკა ნანახი უნდა ჰქონოდა...
- ჰოდა, მიუხედავად ამისა, ეს მიწა შპს “აგრომეტს” მაინც გადასცა, რადგან აქ 5 მილიონის ამბავია.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ კომპენსაციის სახით, სულ 5 მილიონი უნდა გაიცეს. შესაბამისად, სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს თანხა, მოსახლეობის ნაცვლად, შპს “აგრომეტს” აეღო, რომლის უკანაც აგრარული უნივერისტეტი დგას.
- ამას რითი ამტკიცებთ?
- არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ამ შპს დამფუძნებელი მთლიანად სახელმწიფო იყო, შემდეგ კი, აგრარულ უნივერსიტეტს გადაეცა... როგორც ცნობილია, ეს უნივერისტეტი კახა ბენდუქიძისაა, ესე იგი, საქმე ბენდუქიძის მაფიასთან გვაქვს. სხვათა შორის, ბენდუქიძე თავის დროზე ეკონომიკის მინისტრად საქართველოს ასაყვავებლად კი არა, სწორედ ასეთი რაღეცებისთვის დაინიშნა.
- ბატონო ჯეირან, მიწის სულ რა ფართობზეა ლაპარაკი?
- როგორც ვიცი, ბენდუქიძე მთელ საქართველოში 1285 ჰექტარ მიწას ფლობს. აქედან 137 ჰექტარი არასასოფლოა. საერთოდ, არასასოფლო მიწა უფრო ძვირია.
ჩაქვში ერთი, 1896 წელს აშენებული ისტორიული ძეგლია, სადაც თავის დროზე საუფლისწულო მამულთა კანტორა ფუნქციონირებდა. ეს უნიკალური ორსართულიანი შენობა ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, მაგრამ ზემოხსენებული დოკუმეტის საფუძველზე, სააკაშვილმა ბენდუქიძეს გადასცა, საიდანაც ეკონმიკის ყოფილმა მინისტრმა ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილალის თანამშრომლები გამოყარა და ისტორიული შენობა ვიღაც აზერბაიჯანელს ნახევარმილიონ დოლარად მიჰყიდა.
- ეს საიდან იცით?
- რახან ვამბობ, ესე იგი, ვიცი.
- შპს “აგრომეტი” მოსახლეობას ედავება?
- არა...
საქმის კურსში თითქმის ყველა უწყება ჩავაყენეთ. საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ერთი წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გამოუგზავნა, მეორე კი, - ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ყველაფერი დადგენილებების მიხედვითაა გაკეთებულიო...
ორი დღის წინ, ამ სადაო ტერიტორიაზე ტექნიკა შევიდა, მაგრამ მოსახლეობამ მუშაობის საშუალება არ მისცა. ტრაქტორისტმა აღიარა, გამაფრთხილეს, რომ აქ არ უნდა შემოვსულიყავი, მაგრამ ჩინელმა მითხრა, შედიო.
- ჩინელი რაღა შუაშია?
- ავტობანს ჩინური კომპანია აშენებს.
- ბატონო ჯეირან, თქვენი ინფორმაციით, შპს “აგრომეტმა” სახელმწიფოსგან, კომპენსაციის სახით, 5 მილიონი უკვე მიიღო?
- არა, არ მიუღია...
- აბა, “აგრომეტი” ჩინელებს მუშაობის საშუალებას რატომ აძლევს?
- არ ვიცი... შეიძლება, მოვლენებს ჩამოვრჩით და “აგრომეტმა” კომპენსაცია უკვე აიღო, მაგრამ ის ხალხი, ვინც გზების დეპარტამენტთანაა დაახლოებული, გვეუბნება, რომ 5 მილიონი არ გაცემულა და ვიდრე ყველაფერ არ გაირკვევა, არც გაიცემა...
- ბატონო ჯეირან, თუკი აღმოჩნდება, რომ ყველაფერი კანონის დაცვითაა გაკეთებული, რა გზას დაადგებით?
- არ ვიცი...
- სასამართლოს რატომ არ მიმართავთ?
- სასამართლოში თანხაა შესატანი - 19 მომჩივანს 57 ათას ლარამდე გადახდა უწევს...
- ესე იგი, დაზარალებული სულ 19 ოჯახია, არა?
- დიახ... ამ 19-დან ხუთ ოჯახს ქობულეთის აღარების კომისიამ მიწის საკუთრება თავის დროზე უღიარა, მერე კი გაუუქმა, თუმცა გაუქმებამდე ამ ოჯახებმა საკუთრების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოასწრეს. ეს ხალხი სასამრთლოში წავიდა, სასამართლომ ქობულეთის რაიონის აღიარების კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება გააუქმა და მიწის ნაკვეთები მეპატრონებს დაუბრუნა. ამასთან, სასამართოლომ აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთების ხელახალი აღიარება დაავალა, მაგრამ 2008-დან 2014 წლამდე კომისიამ ამ საკითხის განხილვა ვერ მაოხერხა.
- ამ სადაო ტერიტორიაზე საცოხვრფებელი სახლებიც დგას?
- კი, სამი სახლია და გამორიცხული არაა, ხალხი, დღეს თუ ხვალ. ქუჩაში დარჩეს. ამასთან, ამ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავებიცაა... ჩემი აზრით, “აგრომეტს” ეს მიწა არაფერში სჭირდება, კომპენსაციას აიღებს და ყველაფერი ამით დამთავრდება!