“ნაცმოძრაობა”, რომლის მმართველობის დროსაც მკვლელობა ლამის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი - ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ცხრილავდნენ, წუხს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდაო, რასაც “ოცნება” კატეგორიულად უარყოფს და, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, სტატისტიკას იშველიებს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ამბობს, რომ სტატისტიკა სტატისტიკისთვის კი არა, ანალიზისთვისაა საჭირო, რათა შესაბამისმა უწყებებმა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები დასახონ. რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, ფორჩხიძის განმარტებით, დამნაშავეთა სამყარო ოპერატიული მეთვალყურეობის შესუსტებას გრძნობს და ამიტომაც გააქტიურდა... ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი “ქართულ სიტყვას” ერთ საინტერესო ინფორმაციას აწვდის, რომელიც უკრაინის შსს მინისტრის თბილისში საიდუმლო ვიზიტს ეხება. საგულისხმოა, რომ ამ საიდუმლო ვიზიტის პარალელურად, როგორც ფორჩხიძე ამბობს, საქართველოში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების გავლენიანი ფიგურებიც იმყოფებოდნენ. მოკლედ, რა საიდუმლო შეხვედრები გაიმართა, რატომ ახსენებს სასტუმრო “შერატონს” და რა შემოუთვალეს ე.წ. ბურჯანაძის შეფიცულებმა თადარიგის პოლკოვნიკს? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ბატონო კონსტანტინე, საუბარი კრიმინალით დავიწყოთ. თქვენი აზრით, კრიმინალური სამყარო ერთბაშად რატომ “გაგიჟდა” - ყველაფერი ეს, მართლაც, “ნაციონალებისგანაა” მართული?
- ეს უსუსური არგუმენტია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ შეიძლება, კრიმინალი მართო.
- შეიძლება, კრიმინალის მართვა გამორიცხულია, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები სისტემურ შთაბეჭდილებას ქმნის...
- ვერც ამას ვიტყვი... საერთოდ, საუბრის ამ კუთხით წაყვანა მაშინ შეიძლება, თუკი ყველა კრიმინალურ შემთხვევას გავაანალიზებთ...
- ასეა თუ ისე, იკვეთება, რომ დანაშაულთა უმეტესობა ამნისტირებულებზე მოდის...
- შეიძლება, მაგრამ ცალსახად თქმა, რომ ყველა, ვინც ბოლო დროს დანაშაული ჩაიდინა, ციხიდან “ოცნების” მიერაა გამოშვებული, არ შეიძლება, რადგან რაღაც კატეგორია მიხეილ სააკაშვილის მიერაა შეწყალებული. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტობის ბოლოს სააკაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის - მკვლელობის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და გაუპატიურებისთვის გასამართლებულები შეიწყალა, რასაც ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი.
საერთოდ, შეწყალება და, გნებავთ, ამნისტია ისეთებს არ უნდა შეეხოთ, ვისთვისაც დანაშაულის რეციდივი უკვე ერთგვარი მახასიათებელია.
- რამდენჯერმე ნასამართლევებს გულისხმობთ?
- დიახ, დიახ...
- მართალია, არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ყველაფერი მართულია, მაგრამ გარკვეული ძალები ჯერ კიდევ ზაფხულში აანონსებდნენ, რომ სექტემბრიდან სიტუაცია აირეოდა...
- დამნაშავეთა სამყარო სამართალდამცავების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების შესუსტებას ძალიან კარგად გრძნობს. ასეთი მოვლენები ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მახასიათებელია. მაგალითად, მახსოვს, კომუნისტების ჩანაცვლების დროს, დანაშაულის რიცხვი ძალიან გაიზარდა... ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა მუშაობის შეფასება დანაშაულის სტატისტიკით ხდება, მაგრამ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებს არ უნდა ეყრდნობოდეს, აი, ამდენი და ამდენი დანაშაული მოხდაო. ისე, ამ შემთხვევაში, სტატისტიკაზე მეტად ტენდენციაა მნიშვნელოვანი.
- რას გულისხმობთ?
- აგიხსნით. ქვეყანაში მომხდარი ყველა ყოველდღიური დანაშაული ძალოვან უწყებაში აკუმულირდება და თვის ბოლოს ამ მასალის დამუშავება ხდება, რითიც ტენდენცია იკვეთება, თუ რა მიმართულებითაა დანაშაულის მატება და რა მიმართულებით - კლება. ამიტომ, დღეს მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ რაღაც ციფრები არსებობს, რომლითაც დანაშაულის კლება ან მატება იკვეთება, არ შეიძლება. კლება-მატებაზე შესაბამისი ანალიზით უნდა ვიმსჯელოთ, სპეციალური ანალიზისთვის კი, შესაბამისი ინფორმაციაა საჭირო. მე თუ მკითხავთ, დანაშაულთა კრებსი საიდუმლო ინფორმაცია არაა და რომც მოინდომო, მაინც ვერ დამალავ, რადგან არსებობენ დაზარალებულები, მათი ახლობლები და ასე შემდეგ...
- თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება მიანიშნებს, რომ “ნაციონალები” დანაშაულის მიჩქმალვას ახერხებდნენ, ახლა კი, მედია ყველაფერს ასი პროცენტით აშუქებს...
- ეს სხვა თემაა...
- სხვა თემა რატომაა?
- ოპერატიული ცნობა იმის შესახებ, თუ რა ტენდენციებია დანაშაულის კუთხით, კვარტალში ერთხელ დგება და, როგორც ჩანს, სწორედ ამ სამუშაოს არ ექცევა ყურადღება. არადა, შსს-ს მუშაობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია.
- ეს სეგმენტი “ნაციონალებსაც” იგნორირებული ჰქონდათ?
- დიახ, რადგან მათთვის მთავარი ძალა იყო, ანუ დანაშაულს სამოხელეო დანაშაულს “ადებდნენ”, ესე იგი, საქმე ორმაგ დანაშაულთან გვქონდა და ამას აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ისტორიაც მოწმობს, რომელსაც ციხეში, თურმე, აწამებდნენ.
- ბატონო კოტე, ეგებ, ძლიერი ხელი გვჭირდება, რომ დანაშაული აღარ ჩავიდინოთ?
- ასე არაა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციას უნდა ანხორციელებდნენ. თუ სამართალდამცავები მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ დანაშაული ადვილად გაიხსნას, მაშინ საქმე, რბილად რომ ვთქვა, არასათანადო შეფასებასთან გვაქვს და კრიმინალის ზრდას ხელს სწორედ ესეც უწყობს...
- ზოგი იმასაც ეჭვობს, რომ ნატო-ს სამიტის წინ მკვლელობები მიზანმიმართულად გახშირდა და ყველაფერ ამის კვალი, შეიძლება, რუსულ სპეცსამსახურებამდე მივიდეს...
- ამასაც გამოვრიცხავ... მკვლელობის ძირითადი მოტივები რა არის? - შურისძიება და ოჯახური კონფლიქტი, ანუ ყველაფერი ეს საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიაა, რომლის პოლიტიკური ასპექტიც მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაზრდა გახლავთ.
ისე, სამართალდამცავ ორგანოებს პრევენციის ძალიან ბევრი ბერკეტი აქვთ, თუმცა მაგალითად, პირობითი მსჯავრი მოვალეობადაა გადაქცეული, ანუ პიროვნება, კვირაში ერთხელ, პრობაციის სამსახურში მიდის, რაღაცაზე თითს აჭერს და ყველაფერი ამით შემოიფარგლება. არადა, ამ ადამიანებთან, მინიმუმ, ფსიქოლოგიური საუბრები უნდა ტარდებოდეს, რაც თავისთავად, პრევენციაა. პრობაციის სამსახურმა რესოციალიზაციის პროგრამაც უნდა განახორციელოს, რადგან ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ისევ საშიშები არ გახდნენ და დანაშაულის ჩადენაზე აღარ იფიქრონ, მაგრამ სამართალდამცავების როლიც არ უნდა დაგვავიწყდეს. იცით, ადრე როგორ იყო? - ყველა ასეთი რისკ-ფაქტორის “ტიპი” მუდმივი ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, რაიონული კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფებმა იცოდნენ, მათი ოპერატიული მომსახურების არეალში რამდენი კრიმინალი ცხოვრობდა. დღეს სწორედ ეს მომენტია მოშლილი, რასაც კრიმინალური სამყარო კარგად გრძნობს.
- სწორედ ამიტომ, შსს-მ ე.წ. რეიდები დაიწყო...
- რეიდი გამოსავალი არაა.
- რატომ?
- რატომ და, - კი ბატონო, რეიდით, ერთ-ორ დანაშაულს აღკვეთ, მაგრამ რეიდი კი არა, ოპერატიულმა სამსახურებმა, პრევენციის სახით, ის ოპერატიული ღონისძიებები უნდა გაატარონ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. დიახ, სპეცსამსახურებმა ყველა საეჭვო ადამიანის ყოველდღიური ყოფის შესახებ დეტალები უნდა იცოდნენ - სად გადაადგილდება, ვის ხვდება, რას საქმიანობს და ასე შემდეგ...
- “ნაციონალები” სწორედ ამას აკეთებდნენ და ერთ ამბავში ვიყავით, გვისმენენ, გვითვალთვალებენ და გვიღებენო...
- პროფესიონალი მაშინ ხარ, როცა ყველაფერ ამას ისე აკეთებ, მუდმივი ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს არ აგრძნობინებ, რომ უთვალთვალებ. “ნაციონალები” ე.წ. დაკვირვების ობიექტს ქეჩოში ხელს კიდებდნენ, პოლიციაში მიათრევდნენ და “ეკაჩავებოდნენ”. ფსიქოლოგიური მომენტია - როცა ე.წ. დავკა მიდის, ადამიანს შესაბამისი რეაქცია აქვს - ეს აგრესია სადღაც დაგროვდა და როგორც კი მარყუჟი მოეშვა, ამოხეთქა.
- მარყუჟის მოშვებაში დამაშავე ვინ, ან რა არის?
- რა და, - ის ძალმომრეობითი სისტემა, რომელიც ქვეყანაში ლამის ათი წელი არსებობდა...
- ბატონო კოტე, ჩემი აზრით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ ადრე თანამდებობის პირის ოჯახის წევრი კი არა, შორეული ნათესავიც ვერ გაბედავდა, ხელისუფლება გაეკრიტიკებინა. ახლა კი, თავდაცვის მინისტრის მეუღლემ, “ფეისბუქში” საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა...
- სწორედ ესაა დემოკრატია. “ნაცმოძრაობის” დროს ტოტალური ძალმომრეობა იყო, ძალა მაქვს, ესე იგი, იმას გავაკეთებ, რაც მინდაო.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა, ვიდრე ხელისუფლებაში “ოცნება” მოვიდოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ჩვენ ჯანსაღი კრიტიკა გვჭირდებაო და ჯანსაღი კრიტიკა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს... მართალია, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებსა თუ ექსპერტებთან, როცა ისინი თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს ეუბნებოდნენ, პოლემიკაში შედიოდა, მაგრამ ამ კრიტიკას ითვალისწინებდა. საერთოდ, ივანიშვილი მედიაზე არ მუშაობს და იმას, რასაც ფიქრობს, გულწრფელად ამბობს. ამას საზოგადოება შეიძლება, მედიაზე ზეგავლენად აღიქვამს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია. ხელისუფლებას კი, გულწრფელობა აკლია, ანუ უნდა თქვას, რომ იმას, რასაც ვერ ვაკეთებ, გამოვასწორებ და ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. ამის თქმა დანაშაული არაა! აღიარება, ანუ გულწრფელობა ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან უფრ მეტ პლუსს მოუტანს, ვიდრე იმის მტკიცება, რომ თეთრი, გინდა თუ არა, შავიაო. კრიტიკას მოაზროვნე ადამიანმა ადექვატურად უნდა უპასუხოს. ვთქვათ, მე რომ მთავრობის წარმომადგენელი ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, კი ბატონო, ასეთი ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ამის მიზეზი ეს და ესაა და შევეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ-მეთქი.
საერთოდ, სიტუაცია კომპლექსურად ისე უნდა გამოასწორო, რომ ადამიანის, მათ შორის, დამნაშავის უფლებებიც არ შელახო.
- ბატონო კოტე, ყველაფერმა, რაზეც ვსაუბრობთ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე გადაფარა და ისიც არ ვიცით, ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები რა ეტაპზეა...
- ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალმა სააკაშვილის თემა გადაფარა, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
- “ეფ-ბი-აი”-ს წარმომადგენლებზე ლაპარაკობთ?
- მხოლოდ “ეფ-ბი-აი”-ს კი არა, ცენტრალური და სამხედრო სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც, ჩემი ინფორმაციით, შსს-ში შეხვედრა იმ დანაშაულზე გამართეს, რომელიც ჩვენმა სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ გამოავლინეს და რომელიც სამ ტონამდე თხევადი ჰეროინის სკანდალს უკავშირდება, ანუ ამერიკული სპეცსამსახურის წარმომადგენლები არკვევენ, ამდენი ნარკოტიკის ამოღება როგორ ვითარებაში მოხდა. ამასთან, როგორც ვიცი, ამ საქმეზე ოპერატიული ინფორმაცია თავის დროზე ამერიკელებსაც ჰქონდათ და ქართველ კოლეგებთან აჯერებენ, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი დანაშაულის პრევენცია.
საერთოდ, ვთვლი, რომ 3 ტონამდე თხევადი “ჰეროინის” ამოღება წინგადადგმული ნაბიჯი იმიტომაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც იარაღის უკანონო ბიზნესისა და ნარკოტრაფიკის ტრანზიტის, იმიჯი გამოსწორდა!
სხვათა შორის, 3 ტონა “ჰეროინის” სკანდალი პირდაპირ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
- როგორ?
- როგორ და, - გადამზიდავი კომპანიები სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის გავლენის ქვეშ იყვნენ. ამ გადამზიდავი კომპანიების ნაწილი, როგორც წინა ინტერვიუებში გითხარით, ამერიკულ ბაზარზეც ოპერირებს და, როგორც ვიცი, შსს-ში გამართულ ზემოხსენებულ შეხვედრაზე საუბარი ამ თემასაც შეეხო. ამერიკელები, ასევე, დაინტერესდნენ, ამ სქემებში უკრაინაც ხომ არ მონაწილეობდა.
ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, საიდუმლო ვიზიტით უკრაინის შსს მინისტრიც იმყოფებოდა.
- ვის შეხვდა?
- ეს დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვიზიტი მედიით არ გაშუქებულა. არადა, უკრაინის შს მინისტრი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ ეს საიდუმლო ვიზიტი და ამერიკელი სპეცსამსახურების თბილისში ჩამოსვლა ერთმანეთს დაემთხვა.
- ანუ, უკრაინის შს მინისტრი და ამერიკელი ჩინოვნიკები ერთმანეთს შეხვდნენ?
- გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დიახ, შეხვდნენ.
- რაზე ისაუბრეს?
- დეტალები არ ვიცი... ისე, ამერიკული სპეცსამსახურის წარმომადგენლები პირდაპირ კიევში რომ ჩასულიყვნენ, ეს ძალიან იყვირებდა, რადგან იქ რუსები აქტიურად მუშაობენ. სხვათა შორის, ჩემი ეჭვი, რომ მაიდანი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი, გამართლდა - უკრაინის დედაქალაქში უკვე იმართება მიტინგები და ხალხი ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს. ეს მოთხოვნა ბუნებრივია, რადგან უკრაინაში ბევრი ისეთ რამ ხდება, რაც წყალს პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს და მოსახლეობა გენერლებისა და თავდაცვისა თუ შს სამინისტროების მაღალჩინოსანთა ლუსტრირებას ითხოვს. ეს პროცესი არ გაჩერდება...
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის შს მინისტრი ამერიკელებს არ შეხვედრია და საქართველოში სხვა მისიით ჩამოვიდა.
- ეს “სხვა მისია” რა შეიძლება იყოს?
- ვერ გეტყვით...
რაც შეეხება ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს გაძლიერებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს...
- სხვათა შორის, ე.წ. ოქროს ბარათს, რომელიც ნატო-მ მოგვცა, ზოგი დასცინის, ოქრომჭედელს გაასინჯონ, ყალბი არ იყოსო...
- “ნაცმოძრაობასთან” ასოცირებული ექსპერტები პოპულისტურ განცხადებებს აკთებენ, ხელისუფლებაში ისევ “ნაციონალები” რომ ყოფილიყვნენ, საქართველო მაპ-ს მიიღებდაო, მაგრამ ეს დემაგოგიაა, რადგან მაპ-ი რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება. ურთიერთობის გაძლიერებული პაკეტი კი, პრაქტიკულად, რუსეთისთვის გზავნილია - ეს პაკეტი იორდანიასთან, ფინეთთან, შვედეთსა და ავსტრალიასთან ერთად გადმოგვცეს. ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი არ აქვთ და მათთან ჩვენი დაჯგუფება ნატო-ს მხრიდან დიპლომატიური გზავნილია, საქართველოს წევრ კი არა, მოკავშირე ქვეყნად განვიხილავო. ეს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ ნატომ კარი მოგვიჯახუნა, მაგრამ ჩვენი ალიანსში მიღება დიდხანს გაიწელება და ნატო-ს საქართველოს დაცვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ზემოხსენებული პაკეტი ამიტომაც მოგვცა, ანუ ვაზიანში ნატო-ს ბაზის ორგანიზება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ორი მძლავრი ძალა - რუსეთი და ნატო ერთმანეთს ოფიციალურად დაუპირისპირდა.
- ეს ხომ ხალხს დაზაფრავს?
- არა, პირიქით, ეს ბაზა რუსეთისთვის შეიძლება, შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. საერთოდ, ამ ეტაპზე კრემლის მთავარი მიზანი დღევანდელი ხელისუფლების ისეთი ძალით ჩანაცვლებაა, რომელიც მისი პოლიტიკის სრული გამტარებელი იქნება. ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ამ გეგმას უკავშირდება.
გაძლიერებული პაკეტის ერთ-ერთი პუნქტი იარაღით მომარაგებაა და სწორედ იარაღის უკანონო ვაჭრობას ებმის.
- როგორ?
- როგორ და, - ეს, ჯერ ერთი, პრევენციაა, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობა აღიკვეთოს, მეორეც, საქართველო იარაღის ძებნას პოსტსაბჭოურ ბაზარზე აღარ დაიწყებს, რადგან კავშირი ნატო-ს იმ ქვეყნებთან ექნება, რომლებიც იარაღს აწარმოებენ.
- ნატო-ს წევრებთან შავი გარიგებები გამორიცხულია?
- რა თქმა უნდა...
მოკლედ, ნატო-ში სწრაფი გაწევრიანების კი არა, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. ესაა სიმართლე, რომელზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო-ს წევრი, მინიმუმ, 20 წლის შემდეგ გავხდებით...
სხვათა შორის, წინა ინტერვიუს გამო თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა.
- ანუ?
- მოკლედ, ნინო ბურჯანაძის ე.წ. შეფიცულები გახსოვთ?
- დიახ, “შეფიცულებს”, რომელიც 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიამდე შეიქმნა, მგონი, გენერალი უჩავა ხელმძღვანელობდა...
- “შეფიცულების” წარმომადგენლები დღეს თავდაცვის სამინისტროში არიან და გაღიზიანდნენ, რუსებზე რატომ ვლაპარაკობ.
- რუსების აუგი მათ რატომ აღიზიანებთ?
- იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ინტერვიუში დავასახელე, ნათესაობა აკავშირებთ, - ერთმანეთის ნათელ-მირონები არიან. ამის გამო, ბევრი შეკითხვა გამიჩნდა და მინდა, თავდაცვის მინისტრმა გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი, თავისი კონტაქტებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გარკვეულ საფრთხეს ქმნის. ნუთუ, 37 ათას ადამიანში ისეთი არავინაა, რომ მაგალითად, სამხედრო პოლიციას ვარდიკო ნადიბაიძის ყოფილმა თანაშემწემ და კადრმა, არსენ ცუხიშვილმა კი არა, მან უხელმძღვანელოს, რომელსაც სამხედრო სასწავლებელი დასავლეთში, ან თურქეთში აქვს დამთავრებული. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობამ” უამრავი ოფიცერი, რომელიც დასავლეთისა და აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში იყო მომზადებული, ქუჩაში გაყარა. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან, მოძებნონ და სისტემაში დააბრუნონ!
ერთ-ერთი მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნის დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფი, აგვისტოს ომის დროს, სენაკში დაიბომბა და იცით, რატომ? - შუაღამისას, რეზერვისტები აეროპორტში მიიყვანეს და, ტანსაცმელი რომ გამოეცვალათ, იქაურობა ავტომანქანების ე.წ. ფარებით გაანათეს.
- ტანსაცმლის გამოცვლა სიბნელეში არ შეიძლებოდა?
- მეც ამ შეკითხვას ვსვამ... ამასობაში, რუსული საჰაერო აპარატი გამოჩნდა, სენაკის აეროპორტი დაბომბა და 7 ადამიანი დაიღუპა, 67 კი დაიჭრა.
- ამ ნაწილს ვინ მეთაურობდა?
- სახმელეთო ჯარების დღევანდელი სარდალი, რომელიც მაშინ ხონისა და სენაკის გაერთიანებული ბრიგადის ხელმძღვანელი იყო.
მოკლედ, ყველაფერს კადრები წყვეტენ: თუ არაპროფესიონალი კადრები გყავს, დაღუპული ხარ, მაგრამ ის უფრო დიდი უბედურებაა, თუკი კადრები პროფესიონალები არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ.
- ბატონო კოტე, არ გეწყინოთ და, ხანდახან მგონია, რომ ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული ხართ...
- გაბრაზება რა შუაშია? ფაქტებზე ვლაპარაკობ, პირს ვერავინ დამიხურავს და, სხვათა შორის, მაშინაც, როცა ვმუშაობდი, იგივეს ვამბობდი, რომ ის, რაც 2003 წელს მოხდა, რევოლუცია კი არა, რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო!