"ალიას" ესაუბრება "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე:
- "ალიაში" გეწერათ, რომ განათლების მინისტრი სანიკიძე ერთპიროვნულ მმართველობასა და დიქტატს ამყარებს, რასაც სკოლებში გარკვეული ჯგუფი უკვე შეეწინააღმდეგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მან ეს ქმედება კვლავ გააგრძელა და სკოლების უმრავლესობაში დირექტორებად გვევლინებიან ის ადამიანები, რომლებიც სურთ სანიკიძესა და მის დამქაშებს და, გამოდის, საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან და სერიოზულ ჩაწყობებთან, სადაც ჩართულია არაერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობს სანიკიძე. ამ შემთხვევაში დოკუმენტებზე დაყრდნობით მინდა სანიკიძის ერთ-ერთ მოადგილეზე მოგიყვეთ, ესაა ლიკა გიგაური, რომელიც, საგანმანათლებლო სკოლების სექტორს კურირებს და სწორედ გიგაური გახლავთ სერიოზული ფიგურა ამ ნეპოტისტურ სივრცეში. მხედველობაში მაქვს 39-ე საჯარო სკოლა, რომელიც არჩეული ჰქონდა დირექტორობის 13 კანდიდატს, ამ სერტიფიცირებული კანდიდატებიდან არც ერთი არ წარადგინა სამინისტრომ და ბოლოს რეალურად სკოლაში წარადგინეს მხოლოდ ორი კანდიდატი, აქედან ერთს, თავიდანვე ჩანდა, რომ არავინ აირჩევდა, ეს გახლდათ ლარისა მელაძე. მეორეს რაც შეეხება, ეს გახლდათ გიგაურის ფავორიტი ლილია გეონჯიანი.
- რა კავშირში არიან გიგაური და ეს კანდიდატი ერთმანეთთან?
- ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს, როცა "ნაციონალებისთვის" ასევე ძალზე ახლობელი გიგაური 165-ე სკოლის დირექტორი გახლდათ, იქ გეონჯიანი იყო ბუღალტერი. ამ სკოლაში ისევ ნაციონალების დროს შევიდა განათლების სამინისტროს აუდიტი, რომელსაც შიდა აუდიტი ჰქვია, და ამ სკოლის ინსპექტირების შედეგად უამრავი დარღვევა იქნა აღმოჩენილი. მაგალითად, 2009-10 წლების მანძილზე პედაგოგების ხელფასები ანგარიშდებოდა და გაიცემოდა არასწორად. არსებობს ტარიფიკაციის დოკუმენტი, სადაც გაწერილია, ვის რამდენი სტაჟი აქვს მუშაობის, ვის რა გამოცდილება აქვს, ამის მიხედვით დგება კოეფიციენტი და იწერება ფული. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს კოეფიციენტები იყო არასწორად მითითებული და მთელი ქაოსი იყო მასწავლებლების ხელფასების გაცემისას. აუდიტმა მიიღო დასკვნა და მიმართა სამეურვეო საბჭოს, რომ გიგაური განთავისუფლებულიყო და განთავისუფლდა კიდეც, მაგრამ ეს აუდიტის ცნობა არ იქნა ბათილად ცნობილი ახალი ხელისუფლების პირობებში. ლია გიგაურს, რომელიც კანონდარღვევაში იქნა ეჭვმიტანილი, აწინაურებენ და გადაჰყავთ განათლების სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარედ და ეს ხდება მარგველაშვილის მინისტრობის დროს. ხოლო, როგორც კი სანიკიძე ხდება მინისტრი, გიგაური მის მოადგილედ გადაჰყავს. ანუ, რაც მოხდა, ეს დაჰბრალდათ მაშინდელ ნაცებს, მაგრამ, ვინც იმ პერიოდში ამ მოკვლევას აწარმოებდა, წამალაშვილები და სხვები, რატომღაც დატოვა სანიკიძემ სამსახურში და კითხვა მაქვს, რატომ? თუკი ისინი დევნას ახორცილებდნენ მისი მოადგილის მიმართ?
- და რატომ მოხდა ასე?
- იმიტომ, რომ დღეს სანიკიძე და გიგაური რომელ სკოლასაც დაადებენ ხელს, თავის გადარჩენის მიზნით ეს ადამიანები შედიან ამ სკოლებში და უკირკიტებენ იქ და წერენ შესაბამის დასკვნებს. სანიკიძემ და გიგაურმა რა დროიდან მოძებნეს ერთმანეთი, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მეგობრები არიან, საერთოდ, სამინისტროში ნეპოტიზმის ნიშნით უამრავი დაასაქმა მინისტრმა.
- მოდით, თემას დავუბრუნდეთ.
- მოკლედ, დეპარტამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში გიგაურმა უმუშევრად დარჩენილი გეონჯიანი ჯერ გადმოაყვანინა ისანი-სამგორის რესურსცენტრის ბუღალტრად და პარალელურად, კიდევ მოუნახა ახალი ადგილი, ესაა 53-ე სკოლის ბუღალტრობა შეთავსებით. ანუ, გამოდის, რომ გიგაურისა და სანიკიძის დუეტი უკვე მერამდენედ არღვევენ კანონს, რომლის მიხედვითაც ეკრძალება ჩინოვნიკს, ერთდროულად ორ საჯარო სამსახურში იყოს დასაქმებული. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია 39-ე სკოლიდან, რომ გიგაური და სამინისტროს მაღალჩინოსნები ახორციელებენ ზარებს 39-ე სკოლის დირექციაში, რომ არ შეუშალოთ ხელი გეონჯიანის არჩევას, ყველა ღონე იხმარეთ, რომ ეს ადამიანი აირჩიოს სამეურვეო საბჭომ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო ისევე, როგორც სხვა სკოლებში, აქაც გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და მაინც გეონჯიანს დანიშნავს დირექტორად და მერე უკვე თქვენზე გადატყდება ჯოხიო. ამ სკოლამ ვერ გაუძლო ზეწოლას და სამეურვეო საბჭომ აირჩია სკოლის დირექტორად ეს ყოფილი ბუღალტერი. სანიკიძე ყველაფრის ავანჩავანი და დამგეგმავია, ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მას უნდა, ლია გიგაური თავისით ამას ვერ გააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვლაპარაკობთ და ამდენი იწერება პრესაში, ეს ქალი შეუპოვრად აგრძელებს თავისას. სანიკიძე პრესასთან ურთიერთობაზე არ გამოდის, ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უკვე ხმამაღლა ვამბობ, მისი მინისტრობის დღეები დათვლილია, რადგანაც შეუძლებელია, ნეპოტიზმმა ამ დონეს მიაღწიოს და უსასრულოდ იყოს, უბრალოდ, მისი გადაყენება დროის ამბავია. ვიცი, რომ პარლამენტიდან განათლების კომიტეტმაც მიმართა სანიკიძეს და მოსთხოვა, რომ მინისტრმა წარმოადგინოს არგუმენტირებული ინფორმაცია, ესა თუ ის დირექტორი რა ნიშნით დაიწუნეს, რატომ დანიშნეს კონკრეტული დირექტორი და საინტერესოა, რა არგუმენტი ექნება მინისტრს ამასთან დაკავშირებით? მოკლედ, პარლამენტი ჩაერთო ამ საკითხში და ვნახოთ, რა იქნება.
კომენტარისთვის დავუკავშირდით განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნატა ასათიანს:
- რაც შეეხება ნეპოტიზმს, რა თქმა უნდა, მსგავსი დირექტივა არ ყოფილა და არავის არც ერთ სკოლაში რა დაურეკავს, მით უმეტეს მინისტრსა და მის რომელიმე მოადგილეს. ყველა ეტაპზე გასაუბრებაში ჩართულები იყვნენ კვალიფიციური გარე ექსპერტები, რომლებსაც შეგვიძლია მოვკითხოთ, თუკი სადმე დაირღვა კანონი და სადმე ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი, ეს ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია. გიგაური და სანიკიძე მუშაობენ ერთ უწყებაში და მათი აზრი შესაძლოა, ბევრ საკითხში ერთმანეთს დაემთხვეს და, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ კომისიამ დაჩაგრა, ვთხოვ გაასაჯაროონ საკუთარი გასაუბრების ვიდეოჩანაწერი.
დიდი ძიების შემდეგ მივაგენით ლარისა მელაძეს:
- სკოლაში არჩევნებზე წასვლისას დილით ჩემთან შემოვიდა ანონიმური ზარი, ირონიით მახარეს და მომილოცეს, რომ მე მივიღებდი ერთ ხმას.
- რა ნომრიდან იყო ზარი?
- დაფარული ნომრიდან და ასეთი მილოცვით გამაცილეს, ასეც მოხდა - მივიღე მხოლოდ ერთი ხმა. არადა, ორჯერ შევხვდი მანამდე კოლექტივს და ძალიან დადებითად მიმიღეს, მაგრამ არჩევნებზე მოხდა ასე. ალბათ, წინასწარი სამუშაო ჩატარებული იყო.
- რას გულისხმობთ?
- რას და ამ ქალბატონმა საერთოდ არ იცოდა სკოლის მუშაობა, ეკონომისტად არის ნამუშევარი. მართალია, სკოლის დირექტორი მენეჯერი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს სასწავლო პროცესი უნდა მართოს და რამდენადაც ვიცი, პრიორიტეტულად არ მიაჩნია სასწავლო პროცესის მართვა და კითხვები გამიჩნდა, რადგანაც ეჭვით ვუყურებ ამ ყველაფერს.