ქართული ვენდეტა - შურისძიებით ჩადენილი მკვლელობები

ქართული ვენდეტა - შურისძიებით ჩადენილი მკვლელობები

დაუჯერებელია, მაგრამ 21- საუკუნეში საქართველოში სისხლის აღება ისევ აქტუალურია, რასაც რამდენიმე დღის წინ, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაც მოწმობს: მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრები, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული მათი ღია წერილიდან ირკვევა, იმუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცავები დროულად არ ჩაერევიან და სავარაუდო მკვლელს, გიორგი ოქროპირიძეს არ დააკავებენ, კიდევ ერთი ადამიანი მოკვდება და ეს სწორედოქრიკაიქნება. ერთი სიტყვით, სახეზეა ქართული ვენდეტა.

ისე, ვენდეტა, ანუ სისხლის აღება წმინდა ქართული მოვლენა არაა. მსგავს “ტრადიციას” მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით... მაგალითად, იტალიაში, კორსიკაზე და ასე შემდეგ... ბოლო წლების კრიმინალურ ისტორიას არაერთი ფაქტი ახსოვს, როცა მკვლელობა სწორედ სისხლის აღების ნიადაგზე მოხდა. ისეთი მკვლელობის მოწმენიც გავმხდარვართ, როცა შურისძიებას ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული სვანეთია.

საქართველოში აფრასიძეების ისტორია ბევრმა იცის, მაგრამ შეიძლება, ცოტას სმენია უშხვანების გვართან მათ დაპირისპირებაზე. სვანეთში დღესაც ახსოვთ, თუ რა სისასტიკით გაუსწორდნენ აფრასიძეები უშხვანებს. არადა, ჯერ კიდევ პირველ მკვლელობამდე ომეხ აფრასიძე და კახა უშხვანი განუყრელ მეგობრებად და ძმადნაფიცებად ითვლებოდნენ.

ამ დაპირისპირებას უშხვანების მხრიდან ოთხი ადამიანი შეეწირა, რამდენიმე წარმომადგენელი მოუკლეს აფრასიძეებსაც. ყველაფერი კი, “ნივის” დაკარგვით დაიწყო: კახა უშხვანის აფრასიძეებთან სტუმრობისას “ნივა” გაქრა და მეორე დღეს, დილით, ბიძამისის ეზოში აღმოაჩინეს.

სვანეთში ყველამ იცის, რომ ეს უშხვანების გაკეთებული არ იყო და იმისთვის, რომ ორი ძლიერი გვარი ერთმანეთს გადაჰკიდებოდა, “ნივის” მოპარვის ინსცენირება სამართალდამცავებმა დადგეს.

საერთოდ, მკვლელობის მოტივების ძებნას აზრი არა აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენცია და სამართალდამცავების ადექვატური მოქმედებაა. ყველა თანხმდება, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო გამართლებული მკვლელის იზოლაციაა, რითიც მხოლოდ თვითონ კი არა, მისი ახლობლებიც გადარჩებიან... ასეთი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო, ორი სვანური გვარი ერთმანეთს, ალბათ, საშვილიშვილოდ არ გადაეკიდებოდა.

რამდენიმე წლის წინ, ქართული მედია აქტიურად აშუქებდა “ისტორიულ” მოვლენას, ანუ იმას, რომ ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირების შემდეგ, ჩართოლანები და ჯაფარიძეები შერიგდნენ, მაგრამ... ჯაფარიძემ ისევ მოკლა  ჩართოლანი.

რატომ?

ამ შეკითხვაზე პასუხი არავის გაუცია.

არადა, როგორც “ქართულ სიტყვას” უხსნიან, განახლებული დაპირისპირების საბაბი სამართალდამცავების უპასუხისმგებლობა გახდა. ეს თემა დღესაც აქტუალური და ნიშანდობლივია.

ჯაფარიძე-ჩართოლანების დაპირისპირების შესახებ “ქართული სიტყვა” ჩართოლანების ნათესავს, მოზარდმაყურებელთა თეატრის ადმინისტრატორს ეკა ფალიანს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ყველა ის უბედურება, რაც ვენდეტას მოაქვს.

 

ეკა ფალიანი: - სისხლის აღება მხოლოდ სვანეთის ტრადიცია და აქ გამოგონილი ამბავი არაა. ვენდეტა მთელ მსოფლიოშია და მიკვირს, რომ სისხლის აღება 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია. გაგახსენებთ რამდენიმე წლის წინ, რუსთაველზე მომხდარ მკვლელობას, როცა მამამ შვილის მკვლელი მოკლა. იმაში, რომ ასეთი ფაქტები კიდევ ხდება, დიდი წვლილი, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებასაც მიუძღვის. შემთხვევით, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მათ შორის, მკვლელობაც, მაგრამ ხალხი, იმის მაგივრად, რომ სიტუაცია დაამშვიდოს და დააწყნაროს, დამბეზღებელივით იქცევა... სვანეთში, ჯაფარიძეებსა და ჩართოლანებს შორის დაპირისპირება თითქმის საუკუნეა, გრძელდება. დედით ჩართოლანი ვარ და ყველაფერი კარგად ვიცი - ბევრი უსიამოვნო ფაქტი, პრაქტიკულად, ჩემს თვალწინ მოხდა.

ამ ორ გვარს შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა, მერე, ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდა, ყველაფერი თითქოს დამთავრდა და სწორედ ამ დროს, ნოე ჩართოლანი გოგი ჯაფარიძემ მოკლა, რასაც ახალი დაპირისპირება და სისხლისღვრა მოჰყვა. ამ ამბავს ჯერ გოგი ჯაფარიძე შეეწირა, შემდეგ - ალეკო ჩართოლანი

- ანუ, დაპირისპირებას, რომელიც ორ გვარს შორის ღორის დაკოჭლების საბაბით დაიწყო, ოთხი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, არა?

- 15 წლის ბიჭი, ნოე ჩართოლანი ციხეში მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ მეზობელი ჯაფარიძეების ღორს ფეხი მოსტეხა. ნოემ ციხეში 28 წელი გაატარა. ციხიდან ისეთი კაცი დაბრუნდა, რომ მის სიტყვას პატივს მთელი სვანეთი სცემდა.  

- დაპირისპირება რის ნიადაგზე განახლდა?

- ახალი წელი იყო. ნოე თავისი გზით მიდიოდა, როცა ჯაფარიძეების ოჯახში  ჩხუბსEშეესწრო. დაამშვიდა გოგი ჯაფარიძე, პატივი ეცი შენს ოჯახს, დედას და მეუღლესო, უთხრა და იქაურობას გასცილდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ამბავს, საბოლოოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა -Gგოგი ჯაფარიძემ ნოეს ნაჯახი მოუქნია, ნოემ აიცილა, ლავიწის ძვალზე მოხვდა და სასიკვდილოდ არ დაიჭრა. შემდეგ, ნოემ გოგი ჯაფარიძე მუცელში დანით დაჭრა. ორივე გადარჩა და საქმე იქით წავიდა, რომ შერიგებულიყვნენ. შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ვიღაც გოგის შერიგების უფლებას არ აძლევდა და აქეზებდა, არ შეარჩინო და ყველა გვერდში დაგიდგებითო.

- ვინ აქეზებდა?

- ნათესავები, რომლებსაც ნოე იმიტომ არ უყვარდათ, რომ თავის დროზე მათ პასუხი სისხლითა და ჩხუბით კი არა, მახვშებთან, ანუ მედიატორებთან საუბრით აგებინა და გააჩუმა.

ვიდრე ნოე ციხეში იყო, ეს ადამიანები თანამდებობებზე მოხვდნენ. ვიღაცამ გოგი შეაგულიანა, ნოე მოეკლა და ცივი ნიავი არ მიეკარებოდა. ისიც ნოეს დახვდა და ესროლა... მოგვიანებით, გოგი ჯაფარიძე ალეკო ჩართოლანმა მოკლა... გავიდა ცოტა ხანი და ალეკო ჯაფარიძეებმა მოკლეს.

- ამ დაპირისპირებაში რატომ არავინ ჩაერია?

- როგორ არა, ხალხი ჩაერია, მათ შორის, - დედაჩემიც. ნოე ჩემი გამზრდელი ბიძა იყო. გოგი ახლობელი იყო - სიძედ მერგებოდა. ამიტომ, ჩემი ოჯახი შუაში იდგა და უხერხულ სიტუაციაში ვიყავით. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ამბავი უნდა გაჩერებულიყო. ყველა დარწმუნებული იყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნოეც ასე მოიქცეოდა, რადგან პრობლემის, საქმე თუნდაც მკვლელობასთან გვქონოდა, ყოველთვის ლაპარაკით მოგვარების მომხრე იყო.

მოკლედ, ეს ორი გვარი შერიგდა, რასაც ქართულმა მედიამ “საუკუნის შერიგება” უწოდა. შერიგება იმ პირობით მოხდა, რომ გოგი პასუხს კანონის წინაშე აგებდა და იმ პირობებსაც დაიცავდა, რაც მედიატორებმა დაუდგინეს - სასჯელს მოიხდიდა და რამდენიმე წელი რაიონში არ გამოჩნდებოდა. ნოეს მკვლელობის მერე, გოგი პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ როგორც ვიცი, დაკავებული ერთ წელზე მეტი არ ყოფილა. არც მესტიიდან წავიდა, არც პასუხი აგებინა ვინმემ... ჩვეულებრივად ცხოვრობდა - აშენებდა, ქეიფობდა, მღეროდა,  ცეკვავდა და დროს ატარებდა. ამის გამო ყველა და, მათ შორის, ჩართოლანებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. გოგის კანონის წინაშე პასუხი რომ ეგო, დღეს თვითონაც ცოცხალი იქნებოდა და ალეკოც. G

- სასჯელი ალეკო ჩართოლანის მკვლელმა მოიხადა?

- არავინ იცის, ალეკოს მკვლელი ვინაა. მკვლელობის ადგილზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა - ჯაფარიძე.

- ახლა რა ხდება?

- ამ ამბავს აღარავინ იხსენებს - ეკლესია ჩაერია, თან ისიც გაირკვა, რომ ალეკოს მკვლელობაში გოგის ოჯახი არ ჩარეულა. ეს შურისძიება არ იყო, თუმცა ვიღაცას აწყობდა და შურისძიებას მიაწერა. ეს მკვლელობა რაღაც სხვა ნიადაგზე მოხდა, მაგრამ ეს სხვა რა არის, არავინ იცის.