რუსეთის იმპერია უკრაინას იპყრობს. მსოფლიო კი, როგორც აგვისტოს მოვლენების დროს, შეშფოთება-აღშფოთების იქით არ მიდის. რატომ? - ეს რიტორიკული შეკითხვაა, რომელიც უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასე, მაგალითად, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ გარკვეულ ძალებს აწყობთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთისადმი ანტაგონისტური განწყობა გაჩნდეს. ამასთან, ისიც დასაშვებია, რომ ძლევამოსილი რუსეთის, როგორც გამაღიზიანებლის მითი ცალკეულ სახელმწიფოებს სჭირდებათ, რათა პლანეტის მართვის სადავეები შეინარჩუნონ. ასეა თუ ისე, არსებობს ალბათობა, რომ უკრაინის ანექსიის შემდეგ, კრემლმა საქართველოსთვის ისევ მოიცალოს, თუმცა უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ხაზს უსვამს, რომ “ველიკო დერჟავა” საქართველოში ომს აღარ დაიწყებს და ევრაზიულ კავშირში შესვლას სხვა მეთოდებით გვაიძულებს. ეს “სხვა მეთოდი” კი, როგორც ფორჩხიძე განმარტავს, პოლიტიკური კრიზისი იქნება, რომელსაც ქვეყნის უმაღლეს უწყებებში დასაქმებული რუსული სპეცსამსახურების გავლენის აგენტები გამოიწვევენ. გავლენის აგენტებზე საუბრისას, ქართველი სპეცსამსახურელი, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვაში დიდი ხანი მუშაობდა, რამდენიმე წლისწინანდელ ამბავსაც იხსენებს, როცა ქართველმა გენერალმა რუსებთან ჩვენი სპეცსამსახურის მეკავშირეები “ჩაუშვა”... “სიტუაცია რომ არ გართულდეს, კონტრდაზვერვამ პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოსა და მერიის, ასევე, ძალოვანი უწყებების აპარატის თანამშრომლები და სხვა თანამდებობის პირები კარგად უნდა შეისწავლოს”, - აცხადებს კონსტანტინე ფორჩხიძე.
- ბატონო კოტე, უკრაინაში ვითარება თითქოს სტაბილურობისკენ მიდიოდა, მაგრამ რუსეთმა უცებ ჯარის შეყვანა გადაწყვიტა. ამას რითი ხსნით?
- თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, კრემლი არ გაჩერდება და უკრაინაში ჯარს შეიყვანს-მეთქი. რუსეთს უკრაინა საბაჟო კავშირის გარეთ ვერ წარმოუდგენია, რადგან უკრაინის გარეშე საბაჟო კავშირი, პრაქტიკულად, არაფერი იქნება და ამას ყაზახეთიც ხვდება და ბელორუსიც. მართალია, უკრაინის მრეწველობას დასავლეთ ევროპის ქვეყნებისას ვერ შევადარებთ, მაგრამ ყაზახეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე, უკრაინის მრეწველობის სხვადასხვა დარგი აშკარად განვითარებულია. მოკლედ, უკრაინა რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისი ანექსიის ერთ-ერთი მთავარი მოტივიც სწორედ ესაა.
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოფიციალური კიევი რუსული მონსტრის პირისპირ მარტოა. ყოველ შემთხვევაში ევროპა შეშფოთების იქით არ წასულა, ანუ მსოფლიოს უკრაინის რუსული ოკუპაცია არ აღელვებს?
- დასავლეთს ომი არ უნდა.
- თუ ომი არ უნდა, აბა, უკრაინას რატომ არ ეხმარება?
- რითი უნდა დაეხმაროს?
- ვთქვათ, აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება.
- ეს გამორიცხულია.
- რატომ? უკრაინის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის რიგი დადგეს და რუსეთმა გერმანიასაც შეუტიოს...
- ასე არ ხდება... ნატო-ს მთავარი მოთამაშეები დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი არიან. წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს უკრაინის მოვლენების ფართომასშტაბიან და დროში გაწელილ ომში გადაზრდით - ყველაფერმა ამან დასავლეთში, შეიძლება, დიდი კოლაფსი გამოიწვიოს.
- პოლიტიკური თუ ეკონომიკური?
- ეკონომიკური, რადგან რუსეთში დიდი რაოდენობით გერმანული და ფრანგული კაპიტალია შესული. ამით კი, რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ამ ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაა წარმოშობილი. ამიტომ, ომი დასავლეთ ევროპის ინტერესებში არ შედის, რაც რუსეთმაც კარგად იცის და შესაბამისად, ხისტ პოლიტიკაზეა გადასული. კრემლმა ისიც იცის, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც შეიძლება, შეხვდეს, ეკონომიკური სანქციებია, თუმცა არ მგონია, ამით რუსეთი სერიოზულად დაზარალდეს.
საერთოდ, რუსეთს აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკა ისტორიულად მოსდევს. მეტიც, რუსული დიპლომატია საუკუნეებია, უცვლელია. დიახ, რუსებს “ველიკოდერჟავული” პოლიტიკა სისხლში აქვთ გამჯდარი. აქედან გამომდინარე, რუსეთი ლოიალური და მკვეთრად ლიბერალური ქვეყანა არასოდეს გახდება, რადგან ლიბერალიზმი საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული აგრესიული რუსული პოლიტიკის კრახი იქნება, რასაც რუსეთის დაშლა მოჰყვება. ზოგს ჰგონია, რომ რუსები პრაგმატულები არ არიან, მაგრამ ასე არაა - მათ ყველაფერი წინასწარ გათვალეს, თუ რა მოჰყვებოდა უკრაინის მოვლენებს. კრემლმა იცის, რომ უკრაინის სრულ ოკუპაციას ვერ შეძლებს, ამიტომაც, როგორც წინა ინტერვიუებში გითხარით, შეეცდება, კონფლიქტი გაყინოს და ამით უკრაინის ფედერალიზაცია მოახდინოს. ამის მაგალითი, აფხაზეთის სახით, უკვე არსებობს...
- ჯერჯერობით, კონფლიქტს გაყინვის პირი არ უჩანს... არსებობს მოსაზრება, რომ ორი - კეთილი და ბოროტი რუსეთი არსებობს. ბატონო კონსტანტინე, სპეცსამსახურში მრავალწლიანი მუშაობიდან გამომდინარე, ორი რუსეთის არსებობის თქვენც გჯერათ?
- არა! რუსეთი ერთი - იმპერიალისტურია და საუკუნეებია, საკუთარი საზღვრების გაფართოებასა და დამატებითი ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებას ცდილობს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუნებრივი რესურსებით რუსეთი მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიო პოლიტიკაშიც სწორედ ამით მანიპულირებს.
- მაშასადამე, უკრაინა რუსული ოკუპაციისთვის განწირულია?
- რა თქმა უნდა... თქვენ, რა, ფიქრობთ, რომ დასავლეთი შეშფოთება-აღშფოთებას გასცდება?
სხვათა შორის, უკრაინის ოკუპაციაში დამნაშავენი თავად უკრაინელები არიან.
- რატომ?
- იანუკევიჩის პრეზიდენტობა, პრაქტიკულად, ერთ წელიწადში იწურებოდა, ანუ ოპოზიციას შეეძლო, მოეცადა, ხელისუფლებაში არჩევნებით მოსულიყო და მეიდანი არ მოეწყო.
- საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში მეიდნის წყალობით მოვიდა, გარკვეულწილად რუსული პროექტია?
- ამას პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. ყოველ შემთხვევაში, მეიდნით ყველაზე დიდი შედეგი კრემლმა ნახა - სხვა თუ არაფერი, ყირიმი მთლიანად ჩაყლაპა...
- სხვათა შორის, იულია ტიმოშენკო, რომელმაც საპყრობილეს თავი მეიდნის აქციებით დააღწია, აღარსად ჩანს. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელო დეტალი არ უნდა იყოს...
- დიახ, ტიმოშენკო გაჩუმებულია...
- ის, რომ უკრაინის რუსულ ოკუპაციაზე დასავლეთი მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, საქართველოს საზოგადოების ნაწილს ევროპის მიმართ ანტაგონისტურად ხომ არ განაწყობს?
- ანტაგონისტური განწყობა გაჩდება და ეს რუსებმაც მშვენივრად იციან... ისე, თუ ატყობთ, ყირიმი აღარავის ახსენდება და საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაზე მიდის.
- რატომ?
- რატომ და, - ზამთარი კარსაა მომდგარი. აღმოსავლეთ და შუა ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულნი. შესაბამისად, ამ ქვეყნებს რუსეთთან კონფრონტაცია არ აწყობთ, მით უმეტეს, ბაქო-ჯეიჰანი იმ მასშტაბის არაა, რომ ევროპის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს. ანგელა მერკელის ჩართულობა და შუამავლობაც, რომ მინსკში გამართულ შეხვედრას ქეთრინ ეშტონი დასწრებოდა, ამით აიხსნება. სხვათა შორის, მინსკის ეს შეხვედრა შეიძლება, სოჭის ხელშეკრულებას შევადაროთ, რასაც აფხაზეთის დაკარგვა და ასი ათასობით დევნილი მოჰყვა. რუსეთი ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინის, კერძოდ, დომბასის საზღვარზე არ დადგება და ყირიმამდე მთელ პერიმეტრს არ “გაჭრის”, არ გაჩერდება. ამის შემდეგ კი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს პროცესში სამშვიდობოების ჩართვას მოსთხოვს და ჯერ პროცესის კონსერვაციას, მერე კი, უკრაინის ამ ტერიტორიების მიერთება-ანექსიას დაიწყებს. ეს კი, პრატქიკულად, უკრაინის ორ ნაწილად გახლეჩვას ნიშნავს, ანუ ეს სწორედ ის სცენარია, რითიც რუსეთმა საქართველო გახლიჩა.
- ამ დღეებში, პუტინმა და ხაჯინბამ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლითაც აფხაზეთის, პრაქტიკულად, რუსეთთან მიერთება უნდა დაიწყოს...
- ვანო, თუ გახსოვთ, ამ თემაზეც ვისაუბრეთ. ერთ რამეს დავაკვირდი: აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ბეჭედს პასპორტში ურტყავდნენ და, ჩემი აზრით, ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ მერე, საბაბად გამოიყენონ.
- მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ...
- თუ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველს პასპორტში ე.წ. საარჩევნო ბეჭედი არ ექნება, ეს სეპარატისტებისთვის საბაბი გახდება, რომ ეს ქართველი სანდოდ არ ჩათვალონ, პასპორტი ჩამოართვან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოაგდონ. ეს ელემენტარული ეშმაკობაა...
- და ამ “ელემენტარულ ეშმაკობას” შესაძლოა, დევნილების ახალი ტალღა მოჰყვეს, არა?
- გააჩნია, მოვლენები როგორ განვითარდება. შესაძლოა, პროცესში რუსეთი ჩაერიოს და, პირველ ეტაპზე, გალის რაიონიდან 60 ათასი ქართველის გამოდევნას ხელი შეუშალოს.
- მიზანი?
- ამით საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებს, თუ ევროპისკენ სვლას გააგრძელებ, პრობლემებს შეგიქმნიო.
- ბატონო კონსტანტინე, თქვენი გათვლით, უკრაინის შემდეგ, ომი საქართველოშიც გარდაუვალია?
- ეს ნავთობისა და, საერთოდ, ენერგომატარებლების ომია! ნახეთ, დღეს მსოფლიოში ცხელი წერტილი იქაა, სადაც ნავთობია - ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ანუ ენერგომატარებლების ახალი გადანაწილება მიდის...
- ამ გადანაწილებაში, დღევანდელი სურათით, მგონი, რუსეთი ლიდერობს...
- დიახ, რუსეთის უპირატესობა სახეზეა. თურქეთი, წესით, ჩუმად არ უნდა იყოს, რადგან მის საზღვართან, სირიასა და ერაყში არეულობაა, მაგრამ ყველაფერი ეს, როგორც ჩანს, თურქეთის ინტერესშიცაა და ხმას ამიტომაც არ იღებს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ირანმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ოფიციალური თეირანი მზადაა, ნაბუკო-ს კონსერვირებულ პროექტში ჩაერთოს. ეს კი, ირანისა და დასავლეთის დაახლოებას ნიშნავს, რაც ცხადია, რუსეთს არ მოეწონა და გაღიზიანდა. თუ დავაკვირდებით, უკრაინაში ესკალაცია სწორედ ირანის ზემოხსენებულ განცხადებას დაემთხვა - ყირიმისა და დონბასის ხელში ჩაგდებით რუსეთი შავ ზღვაზე თავის გავლენას გაზრდის. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ კრემლმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხიც გადაწყვიტოს.
- ეს “გადაწყვეტა” ომით მოხდება?
- არ ვიცი, შეიძლება, ყველაფერი არჩევნებით მოხდეს. ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას დაფიქრება და ყველა ნაბიჯის სერიოზული გათვლა მართებს, თუმცა გააჩნია, ნატო-ს სამიტზე, რომელიც მალე უნდა გაიმართოს, საქართველოსთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუკი, ვთქვათ, ამ სამიტზე ნატო-მ მაპი მოგვცა, რუსეთი ჩვენს მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდება, თუმცა რუსულ საფრთხეს არც მაპ-ის არმოცემა მოხსნის...
- კრემლმა საქართველოში თავის მიზანს არჩევნებით როგორ უნდა მიაღწიოს?
- პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ხელისუფლებაში თავისი ძალები მოიყვანოს.
- პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის ბერკეტი არსებობს?
- დიახ, მაგალითად, ქუჩის აქციების პროვოცირება. არც ისაა გამორიცხული, რომ სიტუაცია ხელოვნურად ჯავახეთშიც დაიძაბოს...
- ამ კონტექსტში, პოლიტიკურ მკვლელობებსაც ხომ არ უნდა ველოდოთ?
- არა, ვინმეს მოკვლა რადD უნდათ?
ზოგი ამბობს, უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლის და საამისოდ არც რესურსი აქვსო, მაგრამ აგერ, თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას და მეტი რაღა რესურსია საჭირო?
- ბატონო კონსტანტინე, ერთი სიტყვით, რუსული საფრთხე, როგორც ვხვდები, რეალურია და ამ ფონზე, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი სარფში გამოჩნდა, სადაც “ნაცმოძრაობის” ელიტას შეხვდა და, პრაქტიკულად, სამოქმედო გეგმა დასახა...
- მითქვამს და ვიმეორებ: სააკაშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია. შესაბამისად, მისი უკრაინული ვიზიტები იმას ემსახურება, რომ უკრაინელებს რუსებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდოს.
- მერე, ამაში ცუდი რა არის? - ოკუპანტს უნდა ებრძოლო, აბა, რა უნდა ქნა?
- უნდა ებრძოლო, მაგრამ ერთი რუსული გამოთქმაა, ჯოხი ორი ბოლოთიო, ანუ უკრაინელები იბრძოლებენ, ჯოხის ერთი ბოლო მოხვდებათ, არ იბრძოლებენ და მეორე. ამ ვითარებამდე უკრაინა გაუთვლელმა ნაბიჯებმა მიიყვანა.
- ეგებ, ყველაფერი გათვლილი იყო?
- შეიძლება, ასეც იყო, თუმცა ყველაფერს ისტორია გამოაჩენს... იმ ქმედებების დასკვნამდე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს, ასე ვთქვათ, ჩაიდინა, რამდენიმე წლის შემდეგ მივედით და უკრაინის დღევანდელი მოვლენების ახსნასაც, ალბათ, წლები დასჭირდება...
თავდაპირველად, რუსეთი უკრაინაში პირდაპირ არ მოქმედებდა, რადგან იქ, იანუკოვიჩის სახით, თავისი კაცი ჰყავდა - მართალია, იანუკოვიჩი რუსულ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ვინაიდან მისი ხასიათი და ფუფუნებისკენ მიდრეკილება იცოდა, კრემლი ბოლომდე არ ენდობოდა და ამიტომ ახალი თამაში დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ მეიდანის სისხლისღვრაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ერია. საერთოდ, ეს რუსეთის ხელწერაა - ჯერ გავლენის აგენტურას იყენებს, რითიც ქვეყანა დესტრუქციამდე მიდის და შეიარაღებული ესკალაციისთვის ფონი იქმნება. გაიხსენეთ, მოვლენები როგორ ვითარდებოდა - დონეცკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც ზაპოროჟიეს ამბები მოჰყვა. ყველაფერი ეს სპეცსამსახურების გარეშე არ მოხდებოდა, ანუ ყველაფერს ოპრგანიზებას რუსული სპეცსამსახურების მიერ წინასწარ მომზადებული ჯგუფი უწევდა და ამაში ფინანსებიც იდებოდა.
საბოლოო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა დაძაბულობა შექმნეს, რასაც უკვე დიპლომატიური სვლები მოჰყვა. სხვათა შორის, რუსეთის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარება, გაერო-სა და სხვა გავლენიანი ორგანიზაციების თვალში, დიპლომატიური ნაბიჯი იყო, ანუ რუსეთი შეეცადა, მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ აგრესორი კი არა, მშვიდობისმყოფელია, მაგრამ გაჩნდა საშიშროება, რომ უკრაინას თავის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე სრული კონტროლი დაემყარებინა, რაც რუსეთის კრახი იქნებოდა. კრემლმა სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში ჯარი შეეყვანა...
- ბატონო კონსტატინე, რუსული სპეცსამსახურები თავიანთი გავლენის აგენტებს საქართველოშიც ამუშავებენ, რომ ჩვენთანაც უკრაინული სცენარი ამუშავდეს?
- კი არ ამუშავებენ, არამედ, რუსული გავლენის აგენტები პირდაპირ სტრუქტურებში არიან ჩანერგილები.
- მაინც, რომელ სტრუქტურებში?
- პირდაპირი დასახელება არ შეიძლება, მაგრამ მინიშნებას მაინც გავაკეთებ: კარგი იქნება, თუკი ჩვენი კონტრდაზვერვა პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოსა და ძალოვანი უწყებების აპარატით დაინტერესდება. მოიკითხონ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს რა სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. ბოლოს და ბოლოს, დროა, ლუსტრაციის კანონი ამოქმედდეს და ამ ხალხს, მინიმუმ, თანადებობების დაკავება აეკრძალოს, მაგრამ იმას, რასაც ვამბობ, ხელისუფლება “ორი ყურის” პრინციპით უდგება და ზომებს არ იღებს. ჩვენი შეიარაღებული ძალები თითქმის 23 წელს ითვლის და ხომ შეიძლებოდა, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული კადრები გაზრდილიყვნენ და თანამდებობაზე ისინი დანიშნულიყვნენ და არა - ყოფილი საბჭოთა ოფიცრები, თან რიგით კი არა, გავლენიან თანამდებობებზეა ლაპარაკი.
- მაგალითად?
- ვთქვათ, სახმელეთო ჯარების სარდალი, კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი... ბრალს არავის ვდებ, მაგრამ როცა ადამიანს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და თავის დროზე “ნაცმოძრაობასთანაც” იყო ჩახუტებული, გავლენიან თანამდებობაზე რატომ უნდა ინიშნებოდეს? ამ ხალხს ნასამართლეობაზე არ ამოწმებენ? - როცა ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნები, ნასამართლევი არ უნდა იყო, რადგან იურისპრუდენციაში დანაშაულის რეციდივის ცნება არსებობს. სხვათა შორის, როცა ადამიანს უმაღლეს თანამდებობაზე ნიშნავ, ყურადღება მის მორალურ პასუხისმგებლობასაც უნდა მიაქციო - ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევისგან დაცული არავინაა, მაგრამ როცა საჭესთან ნასვამი ზიხარ და ამის გამო ადამიანი შემოგაკვდება, ეს მორალური პასუსიხმგებლობა არაა?
- რა ამის პასუხია, ბატონო კოტე და, “ოცნების” ხელისუფლება კორუფციას ებრძვის, ასე, მაგალითად, ამას წინათ, დამკრძალავი ბიურო “ჰერმესის” საქმიანობით დაინტერესდა, ერთ-ერთ წინა ინტერვიუში, მახსოვს, მიანიშნეთ, რომ თბილისის დამკრძალავი ბიუროები სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არიან... მოდით, ეს თემა გაშალეთ...
- თავის დროზე სწორედ “ჰერმესი” დავასახელე და ხელისუფლებას მისი შემოწმებისკენ მოვუწოდე, რადგან დღესაც გაუგებარია, “ნაციონალებს” სასაფლაოების დირექტორებად ყოფილი ძალოვანები რისთვის სჭირდებოდათ. რა, ყოფილი ძალოვანი მიცვალებულს სხვაზე უკეთესად მარხავს? ეტყობა, ამაში რაღაც იყო ჩადებული... მოკლედ, სასაფლაოების ხელმძღვანელები ძალიან კომპრომეტირებული პიროვნებები იყვნენ. მაგალითად, ვინმე “შახზე” ვსაუბრობდი... “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, უამრავი ადამიანი უკვალოდ გაქრა და შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი, რომ სასაფლაოების ხელმძღვანელები რაღაც შავ საქმეებს ფარავდნენ, რადგან თვითონაც კომპრომეტირებულნი იყვნენ და კუდ-ი თუ სოდ-ი ადვილად მართავდათ. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს. “ჰერმესის” ფინანსური საქმიანობის შესწავლამ შეიძლება, “ნაცმოძრაობის” ზოგ მაღალჩინოსანს უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას...
ვანო, იცით, რა მიკვირს? - “ნაცმოძრაობა” გაიძახოდა, პროდასავლური კურსი მაქვსო და ამ დროს კონტრდაზვერვა იმ სამი ადამიანის ხელში იყო, რომელთაგან ერთ-ერთი რუშაილოს მეგობარია - “ვარდების რევოლუციამდე” რუშაილო საქართველოში რომ ჩამოდიოდა, პირველად ამ ადამიანს კითხულობდა, ჩემი ძმა როგორ არისო.
ზემოხსენებული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთმა კი, სხვათა შორის, გენერალია და 90-იან წლებში იგორ გიორგაძის მოადგილე იყო, მოსკოვში ჩვენი წყარო, არტურ დავიდოვი, რომელიც “გე-რე-ვე-ზე”-დან - რუსეთის ამიერკავკასიის ჯარების სარდლობიდან ინფორმაციას გვაწვდიდა, “ჩაუშვა”. მეკავშირე კი, რობერტ მირზოევი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მე-8 განყოფილების თანამშრომელი იყო, საკუთარ სახლში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა - მომიტევეთ და, ნარწყევმა დაახრჩო... გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, მირზოევი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სასტიკად სცემეს და, როგორც თვითონ ამბობდა, თავდამსხმელებმა მიაძახეს, შენი მოკვლა არ უბრძანებიათო.
- ესე იგი, ბატონო კოტე, ამტკიცებთ, რომ ქართველი გენერალი, რომელმაც ჩვენი სპეცსამსახურების აგენტი და მეკავშირე რუსებთან “ჩაუშვა”, “ნაცმოძრაობის” დროს კონტრდაზვერვაში მუშაობდა?
- დიახ...
- იქნებ, “ნაციონალებმა” ამ ადამიანის წარსული არ იცოდნენ?
- რატომ არ იცოდნენ? რა, ვინმე მოვიდა, რამე მკითხა და არ ვუთხარი?
- თქვენთვის რატომ უნდა ეკითხათ?
- ბოლოს და ბოლოს, სამხედრო კონტრდაზვერვაში 1992 წლიდან ვმუშაობდი და ყველას გვარ-სახელი ვიცი. სხვათა შორის, “ენვერს” სწორედ ზემოხსენებული სამი პიროვნება ხელმძღვანელობდა და რა გამოვიდა - რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსული სპეცსამსახურები გამოავლინეს და დაიჭირეს? ეს ხომ ცინიზმია და მეტი არაფერი!
საერთოდ, კადრებიდან ყველაზე კარგად ჩანს, ვინ ვისი დავალების შემსრულებელია. თუ ჩინოვნიკის წარსული სუფთა არაა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანები კონტრდაზვერვაში მუშაობენ, რომელიც ქვეყნის ხერხემალია. არც ამ ადამიანის ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ “ნაცმოძრაობის” კონტრდაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ის იყო, ვისაც საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვში, ე.წ. ვიშკა აქვს დამთავრებული. შენ, მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციის მუზეუმს მიხსნი და თან კონტრდაზვერვას “კა-გე-ბე”-ს უმაღლეს სკოლადამთავრებულს კონტრდაზვერვას აბარებ, ეს რას ნიშნავს? დავიჯერო, ევროპელებსა დ ამერიკელებს ეს შეკითხვები არ უჩნდებოდათ? შეიძლება, უჩნდებოდათ, მაგრამ სიტუაციას სრულად ვერ ფლობდნენ, ან მმართველობა ხელიდან გაუშვეს. სხვათა შორის, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თავდაპირველად, ყველა სამსახურში ამერიკელი კურატორი იჯდა და ამაზე მინიშნებას ვანო მერაბიშვილიც აკეთებდა, 7 ნოემბრის მერეც თქვა, “ფე-ბე-ერ”-მა გვითხრა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდაო, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა რუსეთის იყო და ამერიკელებმა, როგორც ჩანს, მართვა ამიტომაც დაკარგეს, თან ყველა ზემოხსენებული “ტიპის” გავლენიან თანამდებობაზე დანიშვნა აგვისტოს ომის წინ მოხდა...
- ბატონო კოტე, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე მუშაობს, უკრაინის მოვლენების გამო, თუნდაც ჰააგის ტრიბუნალი ჩვენი ექსპრეზიდენტისთვს, ალბათ, ვეღარ მოიცლის, არა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე იარაღის საერთაშორისო სინდიკატის საქმიანობის გამოძიებამდე მაინც მივა, მით უმეტეს, რომ “უკრსპეცექსპორტის” ყველა ბაზა და ქარხანა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში, ანუ იქაა განთავსებული, სადაც დღეს ბრძოლები მიმდინარეობს. ესე გი, რუსეთმა ამ ომით სამხედრო წარმოება მოსპო - რუსეთს იარაღით ვაჭრობის ძველი სქემები აღარ სჭირდება... ეტყობა, აშშ-საც აწყობს, რომ რუსეთის სახით, გამაღიზიანებელი ქვეყანა ჰყავდეს...
- კოტე ბატონო, გკითხეთ და არ მიპასუხეთ, ამიტომ ხელმეორედ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, საქართველოში ომი ისევ იქნება?
- არა! რუსეთი საქართველოში სხვა ხერხს გამოიყენებს. დღეს “ენ-დი-აი” ლევან ვასაძის რეიტინგის გაზრდაზე ლაპარაკობს. ამ ორგანიზაციისა და “ნაციონალების” ინტერესები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ამ ფონზე, საინტერესოა, ვასაძის გაზრდილი რეიტინგი რას ემსახურება? აშშ-ის სპეცსამსახურის თანაშრომელი რომ ვიყო, “ენ-დი-აი”-ს ვკითხავდი, ადამიანს, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა, საზოგადოების თვალში ისე რატომ წარმოაჩენ, რომ თითქოს მზარდი რეიტინგი აქვს-მეთქი. მოკლედ, ვასაძის რეიტინგის გაზრდა “ენ-დი-აი”-ს მიზანია, თუმცა ვერ გავიგე, ამ კვლევებში რა ნიშნით მოხვდა - არც პოლიტიკური ლიდერია და არც - რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
- ვასაძე სამოქალაქო საზოგადოების წევრია...
- თუ ასეა, მაშინ პოლიტიკურ კვლევებში სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც რატომ არ შეჰყავს?
- ამ შეკითხვას არსებობის უფლება, ცხადია, აქვს...