გასული კვირა საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ღია დაპირისპირების კვირად იქცა, რისი მიზეზიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გამგზავრების საკითხი იყო. მთავრობა საპრეზიდენტო დელეგაციის გამგზავრების წინააღმდეგ წავიდა. ამავე კვირაში აჭარაში ქართველ მუსლიმთა შევიწროების კიდევ ერთი ხმაურიანი ფაქტი მოხდა: ქობულეთში ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტა და შენობის კარზე ღორის მოკვეთილი თავი დაამაგრა.
გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ლატვიელი ევროპარლამენტარი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრეი მამიკინსკი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დელეგაციამ უნდა მოამზადოს საგანგებო ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის. 8-9 სექტემბერს დელეგაცია შეხვდა თბილისსა თუ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, მესამე სექტორის წარმომადგენლებს. ევროპარლამენტის ანგარიშის პირველადი ვარიანტი ოქტომბრის დასაწყისისთვის, ხოლო საბოლოო ვარიანტი ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად. მანამდე კი ანდრეი მამიკინსკიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ევროპარლამენტში რატიფიცირების პროცესი შეძლებისდაგვარად უნდა დაჩქარდეს:
”საქართველო, მართლაც, ევროპული სახელმწიფოა. საუკუნეების მანძილზე ის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტი წლის ბოლომდე მოახდენს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად”.
მთელი კვირა გაგრძელდა იმის გარკვევა, თუ ვინ გაემგზავრებოდა აშშ-ში გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თუ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. და თუმცა მარგველაშვილი 23 სექტემბერს, მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გეგმავდა სიტყვით გამოსვლას, კვირის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე გადაცხადა, რომ მას „ჩაუშალეს ვიზიტი გაეროში“.
”ეს არის, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი - ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, გამომდინარე არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებიდან... რეალურად, თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზედენტი თუ სხვა, ჩემი აზრით, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაეროს სამიტზე წასვლა-არწასვლასთან მიმართებით გამძაფრდა. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ, სპეციალური მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტი ნიუ-იორკში არ უნდა წასულიყო და რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტშიც პრემიერ-მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოვიდეს.
მთავრობა თვლის, რომ ორი დელეგაცია უხერხულობას შექმნის და შელახავს ქვეყნის იმიჯს, ხოლო, როგორც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ნიუ-იორკში წასვლა ცალსახად ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და, ამასთან, დღევანდელ საქართველოს ორი დელეგაციის ფუფუნება არა აქვს, მაგრამ ამის გაგება არ უნდა პრეზიდენტს:
”იმდენად მარტივია საანალიზოდ... სად არის მედია? სად არის ჟურნალისტიკა? სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ უძახიან საკუთარ თავს? რა უნდა ამის დალაგებას? სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდან არის მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არ არის, ვინ წავა? რომ პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო?.. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა ქვეყნიდან, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში? მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. იმას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია”.
გასულ კვირაში საქართველოს მედიის ყურადღება ქობულეთისაკენ იყო მიპყრობილი. 10 სექტემბერს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს და შენობის კარზე ღორის მოკვეთილი თავი დაამაგრეს, რამაც ადგილობრივი მუსლიმებისა და მესამე სექტორის აღშფოთება გამოიწვია. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეების სათანადო დასჯისკენ მოუწოდა.
თავად ინციდენტის მონაწილეები არ მალავენ ვინაობას, თავს ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ და ლერმონტოვის ქუჩის 13 ნომერში მუსლიმთა პანსიონის გახსნის ინიციატორებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„შესაძლებელია ღორების ფერმა გავუშვათ ამ სახლში! თუ ისინი არ მოიშლიან თავისას, ჩვენ შევაგროვებთ ფულს და ვიყიდით იმდენ ღორს, რომ მათი ჭყავილი აიღებს მთელ ქუჩას“, თქვა აქციის მონაწილე ქალმა. ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებმა მამაკაცმა კი თქვა, რომ ქუჩაზე ცხოვრობენ ქრისტიანები, ამ სასწავლებელ-პანსიონში დაიწყება მუსლიმანური აღმსარებლობა, რაც მათთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.
დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. მისი თქმით, მოხდა სამარცხვინო ფაქტი, რომელიც, დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად, ხელს ვერ შეუშლის მუსლიმების რელიგიური და სულიერი მოთხოვნილებების რეალიზებას. ამავე აზრს იმეორებს რამაზ კაკალაძეც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“, რომელსაც ერთი წლით აქვს დაქირავებული ქობულეთში, ლერმონტოვის 13 ნომერში, შენობა:
„ჩვენ მთავრობის იმედი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ უკვე იმედები გვიცრუვდება. რატომ? ინციდენტი მოხდება თუ არა, დამნაშავე მაშინვე უნდა იქნეს დაკავებული! ეს მარტო ჩვენი შეურაცხყოფა კი არაა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს - ქართველს, აზერბაიჯანელს. ყველა მირეკავს და მეუბნება, მუსლიმები შეურაცხყოფილები ვართ და თქვენ გვერდში ვართო“.
ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ასევე განაცხადა:
"რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და, მით უმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს".
ქობულეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ სხვა ავტორიტეტული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მუსლიმთა სასწავლებელთან გამართულ აქციაზე დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაკავებულებმა აღიარეს, რომ აქციაზე ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ჯარიმის შეფარდების შემდეგ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამ კვირაში განსჯის საგნად იქცა დაუგეგმავი შემოწმება, ე.წ. რეიდი, რომელსაც პოლიცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებს საქართველოში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ კი პოლიციის ეროვნულ აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, არის სპეციალური საპოლიციო კონტროლიო:
„ეს არის სრულიად ახალი, კერძოდ, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ყველანაირ ევროპულ სტანდარტს - ეს წერია პოლიციის შესახებ კანონში და ეს ემსახურება, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს, ანუ მიმართულია იქითკენ, რომ მოქალაქეთა დაცვის მიზნით თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა“.
ამ სიახლეს კრიტიკით უპასუხეს “ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის, განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გასაუმჯობესებლად ე.წ. რეიდები არ არის საკმარისი და ბევრად მეტი ოპერატიული სამძებრო ღონისძიების გატარებაა საჭირო:
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით კი, ქვეყანას აქვს სამწუხარო გამოციდილება, რომ ე.წ. რეიდებით არ სწორდება კრიმინალური ვითარება, არამედ მყარდება აზრი პოლიციის უსამართლობის შესახებ. ვითარების რეალურად შესაცვლელად კი, ელენე ხოშტარიას თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ დანაშაულის თაობაზე რეალური სტატისტიკა გამოაქვეყნოს და ასევე საჭიროა სპეციალური გეგმა, რომლის შემუშავებაშიც ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო სექტორიც იქნება ჩართული.
გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ნუსხას, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 800-მდე მედიკამენტი დაემატა. პრეპარატების შეძენას მომხმარებლები ორშაბათიდან, 15 სექტემბრიდან, შეძლებენ.
ამავე კვირაში ცნობილი გახდა, რომ იცვლება საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ადმინისტრაციული წესით დაისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ.
კვირის ბოლოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მარი ჰარფიმ გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლისსამართლებრივი დევნით, „ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, რომლის საფუძველიც პოლიტიკური პლურალიზმი და ღია დებატების პატივისცემაა“.