„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ალიაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ეხმაურება.
„მინდა სრულიად შეგნებულად აღიარებითი ჩვენება მივცე ჭიკაიძეს, მართლაც ამას ვამზადებთ, რაზეც ის საუბრობს და ამაზე ბევრად მეტს ვაპირებთ, ოღონდ ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის“, - განაცხადა ბოკერიამ.
ამ საკითხზე კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი რეალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. რეალური ძალაუფლება, ეს არის ძალოვანი უწყების კონტროლი და სასამართლოების კონტროლი. ჩვენ ვნახეთ, რას აკეთებენ ისინი, სადისტური მოპყრობით დაწყებული, ციხეში სექსუალური ძალმომრეობით დამთავრებული, მაგრამ დღეს მათ კარგად იციან, რომ ამის გაკეთების დრო არ არის. არ მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით შავი სამყარო განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს, აუთოებს ბავშვებს, მოხუცებს და აწამებს ქალებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ ვიცით, რაც ბოლოს სააკაშვილმა ჩაიდინა, მისი პრეზიდენტობის ბოლო ვადაში. 700-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის დომინირებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სააკაშვილის ეს დანაშაულებრივი ნაბიჯი საზოგადოებისთვის წარმოეჩინა და დაენახვებინა, რა ჩაიდინა ამით სააკაშვილმა და რა საშიშროების წინაშე დააყენა საზოგადოება. განა საზოგადოებას დაავიწყდა, რა ხდებოდა „ნაციონალების“ დროს?!. „ნაციონალებმა“ ციხეებთან თავისი ხელით გააპარეს "კანონიერი ქურდები" ზოგი კიევში, ზოგი მოსკოვში და ზოგი სად... მაგრამ გახსენდებათ, მათი ციხეებიდან გაყვანა ასე სკანდალურად დასრულებულიყო, როგორც „რემენას“ შემთხვევაში მოხდა. ასე რომ, „ნაციონალები“ სიტუაციას აკონტროლებენ, რაც, რა თქმა უნდა, უფრო შემზარავია, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება, ვინაიდან დღეს მასმედია უფრო თავისუფალია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფალი მედია გააკონტროლებს იმ ადამიანებს ხელისუფლებაში, ვინც ნამდვილად საჭიროებს გაკონტროლებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აპოკალიფსს, არ ველი იმას, რომ „ნაციონალები“ მოახერხებენ ორგანიზებული ბოევიკების საქართველოში შემოყვანას, გამოიყენებენ იარაღს და ამით მოახდენენ დესტაბილიზაციას. ეს ავანტიურა მათთვის კრახით დასრულდება. სამაგიეროდ, თუკი ხალხი სპონტანურად დაიწყებს ქუჩაში გამოსვლას და ამას მიეცემა მასობრივი სახე და თუკი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას დაიწყებს, მაშინ „ნაციონალები“ ღიად თუ ფარულად შეუერთდებიან ხალხს და ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, არ გამოვრიცხავ იარაღიდან გასროლასაც მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბნეულობაა, ისინი არ ელოდნენ, რომ მათი გეგმები გაიშიფრებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც დაუმტკიცდათ, რომ სააკაშვილი ამზადებს, ან მომავალში მომზადდება სახელმწიფო გადატრიალებას, რა თქმა უნდა, ეს მის ბრალს დიდად დაამძიმებს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, ეს არის იმ დანაშაულის ტოლფასი, რაც სააკაშვილს უკვე ჩადენი აქვს 2008 წელს, სააკაშვილმა რამდენიმეწლიანი თავისი კონტრპროდუქტიული, ავანტიურისტული მოქმედება როგორც კონფლიქტური რეგიონების, ასევე რუსეთის მიმართ სამხედრო პოლიტიკური ავანტიურით „დააგვირგვინა“, რომელიც იყო ნამდვილი სამშობლოს ღალატი და პუტინს ლანგარზე მიართვა თავისი სახელით ის, რაც პუტინს უნდოდა“, - აცხადებს მამრაძე „ალიასთან“ საუბრისას.