შრიოდერის დოქტრინის დასასრული

შრიოდერის დოქტრინის დასასრული

პუტინთან მეგობრული ურთიერთობები საკმარისი აღარ არის – ევროკავშირმა აღმოსავლეთ - ევროპის მიმართ ახლებური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს

აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გეოპოლიტიკური, ისტორიული და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზე იყო კონცენტრირებული. ბოლო ოცი წლის განმავლობაში გერმანიამ შესძლო ბერლინს და მოსკოვს შორის მანამდე არსებული შედარებით კარგი ურთიერთობების გაუმჯობესება, რაშიც არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ფედერალური მთავრობის წევრების მჭიდრო პირად კონტაქტებს ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ლიდერებთან. დიდი ხნის განმავლობაში ეს წარმატებული სტრატეგია იყო და 40-ზე მეტი წლის განმავლობაში გერმანიის ევროპისგან გამიჯვნის გადალახვის გასაღები მოსკოვში ინახებოდა, ამის შემდეგ კი კრემლი ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი პოსტ-საბჭოთა სივრცის სტაბილიზაციის მთავარ ცენტრად იქცა.

თუმცა ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, აღმოსავლეთ - ევროპის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ნორმატიული საფუძვლები ნელ-ნელა დაინგრა. ისეთმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან ჯორჯ ბუში, ჟაკ შირაკი, სილვიო ბერლუსკონი და პირველ რიგში ყოფილი ფედერალური კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო პირადი ურთიერთობები დაამყარეს. ამავდროულად ახალგაზრდა რუსეთის ფედერაციაში სულ უფრო აშკარად იდგმებოდა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკური ინსტიტუტების (ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, პარლამენტი, სასამართლო, რეგიონალური მთავრობები და პარტიები) დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სულ უფრო ვლინდებოდა ახალი შიდა პოლიტიკური დინამიკა, რომელიც რუსეთის მხრიდან თავად რუსეთის საზღვრებს მიღმა ავტორიტარული ტენდენციების მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. თვალშისაცემ მოვლენად იქცა 2002 წელს 1996 წელს შექმნილი არაფორმალური „შანჰაის ხუთეულის“ გადაქცევა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სრულყოფილ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციად, რომელიც დიქტატორების ერთგვარი პოსტ-კომუნისტური კლუბი და ევრაზიული ანტი-ნატო გახდა.

მართალია რუსეთ-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირები პუტინის დროს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, თუმცა ფორმულამ „ცვლილებები ვაჭრობის გზით“, რომელსაც ეკონომისტები ხშირად ახსენებდნენ არ იმუშავა. გარკვეული თვალსაზრისით ჩამოყალიბდა დინამიკა, რომელიც ამ ლოზუნგის ინტენციებს ეწინააღმდეგება. რუსეთის ხელახალ აღორძინებაში შეტანილმა დასავლეთის წვლილმა ხელი ვერ შეუშალა ავტორიტარიზმს ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე და რაღაც თვალსაზრისით მის სტაბილიზაციასაც კი შეუწყო ხელი და მართალია რუსულ-დასავლური ურთიერთობები უმაღლეს დონეზე წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა დასავლური და რუსული დიპლომატიის მიზნები მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში (ახლო- აღმოსავლეთიდან ლათინურ-ამერიკამდე) მუდმივად უპირისპირდებოდა ერთმანეთს.

პუტინის მმართველობის დროს ასეთი დაშორება ილუზიებსა და რეალობას შორის ახალი რუსულ-დასავლური ურთიერთობების სფეროში განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მომავლისადმი განსხვავებულ მიდგომებში. 1999 წელს სტამბულში გამართულ ეუთო-ს სამიტზე რუსეთმა დაადასტურა მოლდავეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ მის მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს აღებული ვალდებულება. დასავლეთმა ჯარების ეს გაყვანა ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებზე შეთანხმების რატიფიკაციის პირობად აქცია, თუმცა რუსეთს დღესაც ჰყავს დნესტრისპირეთში სამხედრო კონტიგენტი, რომლის რიცხოვნებაც 1000 ადამიანს აჭარბებს და ამით საეჭვო კვაზი-სახელმწიფოს არსებობას მთავარ პირობებს უქმნის. დასავლეთის ქვეყნების უარზე ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რუსეთის ხელისუფლებამ იმით მოახდინა რეაგირება, რომ თავადაც შეაჩერა ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება.

კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. 2008 წლის მარტში, პირველ რიგში გერმანიამ და საფრანგეთმა (და აქ არც თუ უმნიშვნელო ფაქტორი რუსეთის პოზიციის გათვალისწინება იყო) შეუშალეს ხელი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას („მაპი“), რომლის მიზანი ამ ორი ქვეყნის ალიანსის წევრობისთვის მომზადება იყო. სანაცვლოდ მომავალში ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება დადასტურდა აღნიშნული შეხვედრის შემაჯამებელ დეკლარაციაში. ნატო-ს ამ სამიტის შემდეგ, აშკარად ამ დეკლარაციაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საგრძნობლად გაამწვავა რიტორიკა და პოლიტიკა უკრიანის და განსაკუთრებით თბილისის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე რუსეთის მხრიდან კონტროლის მოპოვების მცოცავ მცდელობებს იმით უპასუხა, რომ ძალიან სადავო სამხედრო ავანტიურაში ჩააბა. რუსეთმა როგორც ცნობილია არათანაზომადი ძალა გამოიყენა და სამხრეთ-ოსეთის ქალაქ ცხინვალზე ქართული თავდასხმა მოიგერია. ისარგებლა რა არსებული შესაძლებლობით, მან საკუთარი არმია გაცილებით მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში – აფხაზეთში განათავსა, სადაც სამხედრო ესკალაციამდე საქმე არც კი მისულა. მოსკოვი თავისი გახანგრძლივებული სამხედრო წარმომადგენლობით და შეზღუდული საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებით დღესაც არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გაფორმდა. რუსეთმა ორივე აჯანყებული რეგიონის „დამოუკიდებლობა“ დე-იურე აღიარა, თუმცა ფაქტობრივად მან ეს ტერიტორიები რუსულ პროტექტორატებად აქცია.

და მაინც რუსეთის ნეოიმპერიული ხასიათის ძალისმიერმა პოლიტიკამ ბოლო დროს დიდწილად თავის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა ბელორუსიიდან საქართველოს და უკრაინის სივრცემდე საკუთარი გავლენა შეინარჩუნა ან აღადგინა. ის რომ კრემლი კვლავ კმაყოფილია მის სამეზობლოში შექმნილი მდგომარეობით, მნიშვნელოვანი (თუ არა მთავარი) და განმსაზღვრელი ფაქტორია, რაც ხელს უწყობს მოსკოვის ურთიერობების განმუხტვას ვაშინგტონთან, ბრიუსელთან და ვარშავასთანაც. როგორც დეკემბერში მინსკის არეულობები გვიჩვენებს, პოლიტიკური სიტუაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში სტაბილურობისგან შორსაა. საშუალოვადიან პერსპექტივაში თითქოს შესაძლებელია შიდა ცვლილებები, განსაკუთრებით ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებში. რთული არ არის იმის ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან ეს გაართულებს პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოების ურთიერთობებს რუსეთთან. უარეს შემთხევევაში ასევე შესაძლებელია დღევანდელი „დათბობის“ დასრულება ევროპა-რუსეთის ურთიერთობებში.

ამ ფონზე დიდი ხანია სიტუაცია იმისთვის მომწიფდა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ-ევროპის მიმართ საკუთარი პოლიტიკა გადააფასოს. რუსეთი, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ პოსტ-საბჭოთა სივრცეში კვლავ საკვანძო სახელმწიფოა. რუსეთს და ევროპას შორის სტაბილური დაახლოვება მოითხოვს სხვა სტრატეგიას იმ სტრატეგიის ნაცვლად, რომელიც გულისხმობს ნაკლებად წარმატებულ მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკის წარმომადგენლებთან. დასავლელ და რუს პოლიტიკოსებს შორის მჭიდრო პოლიტიკურმა კავშირებმა უდაოდ შეიტანა საკუთარი წვლილი პოსტ-საბჭოთა სივრცეში შესაძლო დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში და ეს ეხება ნატო-ს ჯარების მიერ სერბეთის დაბომბვას, 2004 წლის ”ნარინჯისფერ რევოლუციას” და საქართველოს ომს, მაგრამ მან ამის გამო ვერ შესძლო რუსეთს, ევროკავშირს და აშშ-ს შორის წარმოქმნილი პოლიტიკური კონფრონტაციის პრევენცია. დასავლეთის მიზანი უნდა იყოს ღირებულებებზე ორიენტირებული სტაბილური ალიანსი მოსკოვთან, რომელიც რუსეთის დემოკრატიზაციას დაეფუძნება. ამ მხრივ „შრიოდერის დოქტრინამ“ აშკარად ცხადყო მისი უსუსურობა.

აღმოსავლეთ-ევროპასთან მიმართებაში დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის შესაფერისი ალტერნატივა ცხადია: ეს უნდა იყოს რუსეთთან თანამშრომლობაში აქცენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიულად განწყობილ მედია-საშუალებებთან და კვლევით დაწესებულებებთან მუშაობა. გარდა ამისა, აშკარად აუცილებელია დასავლეთის ახალი გეოპოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრა. დასავლეთის აღმოსავლეთ-ევროპულ პოლიტიკაში გეოგრაფიულმა აქცენტმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ისეთი ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფოებისკენ უნდა გადაინაცვლოს როგორებიცაა უკრაინა, მოლდავეთი და რუსეთი. ბოლო წლებში შესაბამისი სტრატეგიები შემუშავდა, თუმცა როგორც სჩანს ისინი დასავლელი პოლიტიკოსების ცნობიერებაში მხოლოდ შეზღუდული დოზით არსებობს. არავინ აღიარებს იმას, რომ ძველი მიდგომები ბევრი თვალსაზრისით უსუსური აღმოჩნდა. დადგა დრო გერმანიის და ასევე ევროკავშირის ახალი „აღმოსავლური პოლიტიკისა“.

foreingpress.ge