ბოლო დროს საზოგადოებაში თითქოს მიზანმიმართულად ვრცელდება ხმები, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში’‘ შიდადაპირისპირება დაიწყო და აშკარად შესამჩნევი გახდა ის მიზანმიმართული შავი პიარი, რომელიც პარტიის გამოკვეთილი ლიდერების წინააღმდეგაა მიმართული. ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ეს გუნდის შიგნიდან გორდება. ,,ვერსია’‘ ამ თემაზე ექსპერტ კახი კახიშვილს ესაუბრა.
ბატონო კახი, ,,ქართული ოცნების" სიძლიერე ერთად დგომასა და გუნდურ პრინციპში იყო, მაგრამ ეს ერთიანი გუნდი თითქოს თვალსა და ხელს შუა იშლება. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე უკვე ბევრი ღიად საუბრობს...
- გავითვალისწინოთ, რომ ,,ქართულ ოცნებაში’‘ შედის ბევრი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე არასოდეს ჰქონიათ საერთო პოლიტიკური ხედვა და იდეოლოგია. ისინი გაერთიანდნენ ერთი იდეის, ერთი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ კონკრეტული მიზნის მისაღწევად _ დამხობილიყო სააკაშვილის რეჟიმი. შესაბამისად, ერთი მონოლითური გუნდის პრინციპი თითქმის არასოდეს ყოფილა. რეალურად ეს არის ეკლექტური საზოგადოება. ვიყოთ რეალისტები _ ამ პოლიტიკოსების მიზანი რეჟიმის დამხობის მერე იყო ხელისუფლებაში მოსვლა. როცა მათ შეასრულეს პირველი ამოცანა, რის შემდეგაც ,,ქართული ოცნება’‘ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ხელისუფლებაში მოვიდა, ლოგიკურად გაჩნდა მეორე ამოცანა _ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში და გაიმყარონ პოზიციები. მათ ისიც იციან, რომ კოალიცია მუდმივი არ იქნება და ამიტომ იმაზეც ფიქრობენ, რომ, თუ ისევ ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, წარმომადგენლობითი ოპოზიციის ნიშა მაინც დაიკავონ და გახდნენ ნომერმეორე ოპოზიციური ძალა. დღეს ჩანს, რომ კოალიციის ლიდერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა არ არსებობს და კოალიციაში შემავალი პარტიების იმ ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნნენ, აქვთ საკუთარი ხედვა და ამბიცია. განსხვავებული პოლიტიკური მიზნები აქვს იგივე ,,ქართულ ოცნებას’‘ და ეს თვალშისაცემია. რა თქმა უნდა, იკვეთება ნაციონალური მოძრაობის მიზანიც. ამ პარტიას სურს, რაც შეიძლება მალე შეარყიოს კოალიცია ,,ქართული ოცნების’‘ ერთობა. თუნდაც ეს დროებითი ერთობა, რომელიც არსებობს, რადგან მიიჩნევენ, რომ დაშლილი კოალიციის მორევა უფრო ადვილია, ვიდრე თუნდაც სიმბოლურად ერთად მდგარი პოლიტიკური გაერთიანებისა.
- განსხვავებული პოლიტიკური ხედვა ახსენეთ და კონკრეტულად რომელი პარტიის ლიდერს გულისხმობთ?
- თუნდაც, ირაკლი ალასანიას... უფრო ზუსტად კი მის დამოუკიდებლად წამოწევის მცდელობას. ფორმირდება აზრი, რომ მას აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის პერსპექტივები. იგივე შეიძლება ითქვას მარგველაშვილზე, კალაძეზეც. ნაციონალური მოძრაობა არჩევს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც კოალიციაში არიან, ამავდროულად - აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და აქვთ მომავალი პოლიტიკური მიზნები. ხდება ფორსირება, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ ,,ქართული ოცნება’‘ და ეს კარგად ჯდება ნაციონალური მოძრაობის კონფიგურაციაში. ნაციონალებმა იციან, არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ აქვთ პრეტენზია, იყვნენ პირველი ოპოზიციური ძალა. საამისოდ მათ სჭირდებათ პარტნიორი ან პარტნიორები და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ღია თანამშრომლობა იქნება თუ ფარული გარიგება.
- ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები კახა კალაძის გარშემო. თითქოს იგი დაუპირისპირდა ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრობა სურს და ა.შ. არადა, კალაძე ყოველთვის გაიგივებული იყო ,,ქართული ოცნების’‘ ლიდერებთან და ცალკე თამაში არ უცდია...
- მოდი, ასე ვთქვათ, კახა არ ზის ,,ქართული ოცნების’‘ ნომენკლატურაში და ახლახან დაინიშნა პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობაზე. ამასთან ერთად, კალაძე მუდმივად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ამით კვეთს ლიდერის პოზიციას. ბუნებრივია, ეს ბევრისთვის გამაღიზიანებელია. საუბარი იმაზე, რომ დღეს კალაძესა და ღარიბაშვილს შორის არის დაპირისპირება, შესაძლოა აბსურდია, მაგრამ ეს საუბარი დღეს ძალიან ბევრს აწყობს. აწყობს როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ. ამ თემის გაღრმავება ბევრის პოლიტიკურ ინტერესშია და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. როცა ხედავ, იკვეთება ლიდერი, მაშინვე იწყება რაღაცების დაბრალება. განიხილება თუ არა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრად, არ ვიცი, მაგრამ ესეც ვიღაცებს აწყობს. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, საერთოდ არ განიხილებოდა კახი კახიშვილი კონკრეტულ თანამდებობაზე, მაგრამ ამ თემაზე აქტიურად საუბრობდნენ. არადა, რეალურად ხსენებაც კი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ღიად, აქტიურად საუბრობდნენ, რადგან ეს აწყობდათ. იგივე ხდება კალაძის შემთხვევაშიც. როცა ვინმეს ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება, მასზე თავდასხმა ხშირდება და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ისტორიულადაც ასე იყო – ვინც იკვეთება, იმის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ისე, შინაგან საქმეთა მინისტრს ეყრდნობოდა და ძალოვნების იმედად იყო ზვიად გამსახურდია და ინანა. იგივე გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ და ესეც შეცდომა იყო. იმავე გზა გაიარა ნაციონალურმა მოძრაობამ. იგივეს აკეთებს ,,ქართული ოცნებაც’‘ და ეს შეცდომა მგონია. შესაბამისად, შსს-ს მინისტრობას აქვს ხიბლი, მაგრამ გუნდმა უნდა იცოდეს, რომ ვინც უნდა დანიშნონ, პასუხისმგებლები თავად არიან. ისე რომ, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს და ნურც გამოვრიცხავთ, რომ კალაძის თემა შეიძლება არც კი განიხილება, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ განიხილება შსს-ს მინისტრის შეცვლა.
- და რამდენად იჯერებს ამომრჩეველი იმას, რასაც ხშირად უბრალოდ აბსურდის სუნი უდის... ისევ მოქმედებს მოსახლეობაზე ე.წ. შავი პიარი?
- ფაქტია, მოქმედებს. ამას გარდა, თავად ეს თემა ვისაც ეხება, ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანია და დამანგრეველიც შეიძლება იყოს. გააჩნია, რას გაბრალებენ. შეიძლება ახლა სასაცილო იყოს ავტოგოლების თემა, მაგრამ შესაძლებელია ადამიანს ისეთი რამ მოუგონო, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდეს. ეს პოლიტიკის თანმდევია, მაგრამ ამ წესებს არ ვეთანხმები. ამიტომაც მქონდა მუდმივად სურვილი, პოლიტიკისგან შორს ვყოფილიყავი.
- დასასრულ, ბატონო კახი, გაერო-ში პრემიერი უნდა წავიდეს თუ პრეზიდენტი?
- არ შემიძლია ამ კონკრეტული თემის განხილვით შემოვიფარგლო. დღეს განვიხილავთ გაერო-ს ვიზიტს, ხვალ სხვა იქნება, მერე კიდევ სხვა... თემას გლობალურად უნდა შევხედოთ. ორივე ინსტიტუცია ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ყოველდღიურად ამაზე მსჯელობა რომ არ დავიწყოთ, ვინ, სად და რას უნდა მოაწეროს ხელი, ყველაზე კარგი იქნება, შეიქმნას ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის წარმომადგენლები და პოსტ-ფაქტუმ კი არა, წინასწარ შეათანხმებენ ყველა დეტალსა და ყველა ვიზიტს. რეალობა ისაა, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელი ახლახან ამოქმედდა, ჯერ ყველა შეგუების პროცესშია და როცა ეს დალაგდება, თავისთავად გაირკვევა, ვინ სად უნდა იფრინოს.